ჩაის ბუჩქების გასხვლისა და ფორმირების ტექნოლოგიები
საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების მოსავლიანობის და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩაის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური ღონისძიებების სრულფასოვან ჩატარებას. განსაკუთრებით საყურადღებოა ბუჩქების გასხვლის და ფორმირების ტექნოლოგიური პროცესის შესრულება.
პლანტაციის გაშენებიდან, მე-2-3 წელს იწყებენ ჩაის მცენარის გასხვლა-ფორმირებას. თესლით გაშენებულ პლანტაციაში, პირველ გასხვლას ატარებენ ფესვის ყელიდან 10-15 სმ. სიმაღლეზე. ხოლო, ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგებით გაშენებულ პლანტაციაში პირველი გასხვლა ტარდება 20-22 სმ. სიმაღლეზე.(იხ.ნახ.1).
ნახ.1 ჩაის ახალი პლანტაციების გასხვლის ტექნოლოგიური სქემები.
ა) თესლით გაშენებულ პლანტაციებში; ბ) ვეგეტატიურად გაშენებულ პლანტაციებში.
მომდევნო წელს, მეორე გასხვლის მიზანია ბუჩქის ვარჯის შემდგომი გაგანიერება და გახშირება. გასხვლა ტარდება 30-35 სმ-ის სიმაღლეზე. მეორე გასხვლის შემდეგ ძლიერად განვითარებული მცენარეები იძლევიან მაღალ ყლორტებს და ბუჩქისებრ ფორმას იღებენ. ვეგეტატიურად გამრავლებულ პლანტაციებში მეორე გასხვლა ტარდება 40-45 სმ. სიმაღლეზე. ყოველი ახალი გასხვლის დროს ჩაის ბუჩქები სიმაღლეში 5-10 სმ-ით იმატებს, გაშენებიდან მე 8-9 წელს 80-85 სმ. აღწევენ. 10 და მეტი წლის ასაკის მქონე ჩაის პლანტაციების სრულმოსავლიანად ითვლებიან. ჩაის პლანტაციების საამორტიზაციო ვადა 45-50 წელია თუმცა ჩაის ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია პლანტაციების 70-80 წლამდე ექსპლუატაცია.
ჩაის პლანტაციების გასხვლა-ფორმირების დროულად და ხარისხიანად ჩატარება მაღალხარისხოვანი ნედლეულის მიღებისა და ჩაის ბუჩქების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების ძირითადი გარანტიაა.
სრულასაკოვან ჩაის პლანტაციებში ყოველწლიურად ტარდება შპალერული გასხვლა, რომელიც გულისხმობს წინა წლის ნაზარდის მოცილებას ნეკზე 2-3 კვირტის დატოვებით. შპალერული გასხვლის მიზანია ყლორტწარმოქმნის უნარიანობის გადიდება. (ნახ2).
ნახ.2. ჩაის ბუჩქის გასხვლის სახეები
1.მძიმე გასხვლა ფესვის ყელზე; (გაახალგაზრდავება), 2-მძიმე გასხვლა; 3-ნახევრად მძიმე გასხვლა; 4-შპალერული გასხვლა.
პერიოდულად ხანდაზმული ბუჩქების სიცოცხლის უნარიანობის გადიდებისთვის აუცილებელია ჩაის პლანტაციებში მძიმე (15-18 სმ. სიმაღლეზე) ნახევრადმძიმე (40-45 სმ. სიმაღლეზე) და ფესვის ყელზე ბუჩქების გასხვლა-გაახალგაზრდავება. ჩაის ბუჩქების ღრმა გასხვლები ხელს უწყობენ ახალგაზრდა ნაზარდების წარმოქმნას, ბუჩქების სტადიურ გაახალგაზრდავებას, მოსავლიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე გასხვლის შემდეგ ჩაის პლანტაცია ნორმალურ სრულმოსავლიანობას აღწევს 3-4, ხოლო პლანტაციის განახლებისას ხელახალი გაშენების გზით-მხოლოდ 8-9 წელიწადში. ჩაის ფოთლის პირველი მსუბუქი კრეფა ტარდება შესაბამისად 2 და 4-5 წლის შემდეგ.
ჩაის ბუჩქის გასხვლის ვადები და ხარისხი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფოთლის საკრეფად შემოსვლის ინტენსიურობას, მოსავლიანობას და ჩაის პლანტაციის პროდუქტიულობის სხვა ძირითად მაჩვენებლებს.
შესაბამისად ჩაის სასხლავ აპარატებს გადიდებულ მოთხოვნებს უყენებენ, განსაკუთრებით მუშაობის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით. თხოულობენ ჭრის მაღალ სისუფთავეს, მაშინ, როცა აპარატებს მუშაობა უხდებათ გადასაჭრელი ღეროების მაღალი წინაღობის პირობებში (განსაკუთრებით ღრმა, ნახევრად მძიმე და მძიმე გასხვლების დროს).
გასხვლის სახეებიდან განსაკუთრებით შრომატევადია ნახევრად მძიმე გასხვლა. ასე, მაგალითად, თითოეული ჰექტარი ჩაის პლანტაციის ყოველწლიური ხელით შპალერული გასხვლისთვის საჭიროა 45 კაც.დღემდე, მძიმე და ნახევრად მძიმე გასხვლისთვის კი შესაბამისად -80 და 120 კაც. დღემდე. მეორე მხრივ, მეჩაიეობის რაიონები მწვავედ განიცდიან მუშახელის ნაკლებობას.
ზემოაღნიშნულიდან ცხადია, თუ რარიგ აქტუალურია მძიმე გასხვლის სახეების ჩასატარებელი აპარატების დამუშავება და დანერგვა შესაბამისად მეცნიერების წინაშე დაისახა ამოცანა, დამუშავებულიყო ჩაის ბუჩქის ნახევრად მძიმედ, მძიმედ და გამაახალგაზრდავებელი სასხლავი და ამავე დროს ნასხლავი მასის დამქუცმაცებელი აპარატები.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, აკადემიკოს შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით, დამუშავდა ჩაის ბუჩქების, მძიმედ, ნახევრად მძიმედ და შპალერული გასხვლის სხვადასხვა სიმძლავრის რკალური (ცილინდრული) ფორმის აპარატები და მანქანები, რომლებიც დღემდე გამოიყენება ჩაის მწარმოებელ სახელმწიფო და კერძო მეურნეობებში.
2021-2022 წლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ, ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ჩაის ბუჩქების ზედაპირის ცილინდრული ფორმის სახით გასხვლის, შესაბამისად სასხლავი და საკრეფი აპარატების მუშაობის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები; კერძოდ: გართულებულია სასხლავი და საკრეფი აპარატების კონსტრუქციები,მაღალია მათი დამზადების ღირებულება. დაბალია რკალური აპარატების ხანგამძლეობა, რაც გამოწვეულია შედარებით მაღალი ინერციის ძალების, ხახუნის ძალების და რეაქტიული მომენტების ზემოქმედების შედეგად; შესაბამისად ხშირია მოთხოვნილება მიმდინარე და კაპიტალურ რემონტებზე. მაღალია შრომისა და საწვავის დანახარჯები. აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, ჩვენს მიერ დამუშავებულია ჩაის ბუჩქების ბრტყლად (ე.ი ნიადაგის ზედაპირის პარალელურად) გასხვლის ტექნოლოგიური სქემა. შემოთავაზებული ტექნოლოგიური სქემა ითვალისწინებს ბუჩქის სიგანის ზრდას – დან -მდე, ხოლო ბუჩქის სიმაღლის ზრდას h – დან H- მდე, რაც ხორციელდება ბუჩქის პერიფერიული ტოტების ამაღლების შედეგად.(იხ.ნახ. 3).
ბუჩქების ბრტყლად გასხვლის შემთხვევაში იზრდება ბუჩქის ფოთოლსაკრეფი ზედაპირი, რაც საბოლოო ჯამში ზრდის ბუჩქის მოსავლიანობას, ცილინდრული ფორმის მქონე ბუჩქებთან შედარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გამარტივებულია ფოთლის კრეფის პროცესი, როგორც ხელით კრეფის, ასევე მანქანური კრეფის დროს.
ნახ.3. ჩაის ბუჩქის ცილინდრული ფორმის ზედაპირის,
ბრტყელ ზედაპირად ფორმირების ტექნოლოგიური სქემა.
ჩაის ბუჩქის ზედაპირის ბრტყელ ზედაპირად ფორმირება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რომ ადგილი არ ჰქონდეს ბუჩქის მოსავლიანობის და ვეგეტაციის უნარიანობის შემცირებას. პირველი გასხვლა, ლაო ჩაის აღება, სასურველია ჩატარდეს ივლის-სექტემბერში, ხარისხოვანი ფოთლის კრეფის შემდეგ; მეორე გასხვლა უნდა ჩატარდეს ოქტომბერ-ნოემბერში,ხოლო მესამე გასხვლა და ბუჩქის საბოლოო ფორმირება, გვერდითი ტოტების გასხვლით, სასურველია ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე თებერვალ-მარტში. ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა, მაღალკლირენსიან თვითმავალ შასზე საკიდი ბრტყლად სასხლავი აპარატის კინემატიკური სქემა. (იხ.ნახ.4).
შერჩეულ იქნა მჭრელი აპარატი (1) სეგმენტებიანი ორმაგი ქმედების დანებით,რომელთა აძვრა ხდება კონუსური რედუქტორიდან (2) გადაცემის რიცხვი რედუქტორის აძვრა ხდება ჯაჭვური გადაცემის (3) საშუალებით,რომელიც თავის მხრივ ძრაობას იღებს თვითმავალი შასის ძალამრთველი ლილვიდან (5), კარდანული გადაცემის (4) საშუალებით.
ნასხლავი მასის რიგთაშორისებში გადატანის მიზნით, სასხლავი აპარატი აღჭურვილია მოჭრილი უხეში დუყების და წვრილი ტოტების გადამაადგილებელი პნევმატიკური მოწყობილობით, რომელიც თავის მხრივ შესდგება, ვენტილატორისაგან (6), რომლის ბრუნთა რიცხხვი ბრ/წთ, საბერველებისაგან (7), ნასხლავი მასის მიმმართველი ფარებისგან (8); ვენტილატორის აძვრა ხდება თვითმავალი შასის ძალამრთმევი ლილვისაგან (5) კარდანული გადაცემის (4) და ღვედური გადაცემის (9) საშუალებით.
ნახ.4. ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი
აპარატის კინემატიკური სქემა
აღნიშნული კინემატიკური სქემის გათვალისწინებით, დამუშადა მანქანის ძირითადი კვანძების ესკიზური ნახაზები და დამზადდა მანქანის საცდელი ნიმუში.
მანქანა გამოიცადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ანასეულში, მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები.
ლიტერატურა:
- გაბრიჩიძე ზ, „ჩაის გადაზრდილ-გატყევებული პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნოლოგია და ახალი პლანტაციების გაშენება“.თბილისი.2015 წ;
- გაბუნია ნ. და სხვ. „ტრაქტორები, მანქანები და იარაღები“ თბილისი, 2012 წ;
- ებანოიძე ნ. გაბრიჩიძე ზ,“ჩაის პლანტაციების აღდგენა რეაბილიტაციის ტექნოლოგია.თბილისი.2021 წ.
ნუგზარ ებანოიძე,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,
აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი,
ტ.მ.დ დოქტორი, პროფესორი