დარგებიმემცენარეობასტატიები

ჩაის კულტურის გავრცელება და წარმოება საქართველოში

ჩაის სასმელი საქართველოში მე-18 საუკუნიდან არის ცნობილი. ისტორიული წყაროებით 1770 წ. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინემ მეფე ერეკლეს საჩუქრად გამოუგზავნა „სამოვარი“ და ჩაის ჭურჭელი, რაც იმის დამადასტურებელი უნდა იყოს, რომ მეფის სასახლეში კარგად იცნობდნენ ამ სასმელს.

საქართველოში ჩაის მცენარის შემოტანის სავარაუდო თარიღად უნდა ჩაითვალოს 1847 – 1848 წ., როდესაც ჩინური ჩაის თესლიდან ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში (ყირიმი, უკრაინა) მიღებული მცენარეები პირველად დაირგო აფხაზეთში – სოხუმში ახლადშექმნილ ბოტანიკურ ბაღში. ამავე პერიოდში ჩაის მცენარე გავრცელდა ზუგდიდში – სამეგრელოს მთავრის დადიანის მამულში და გურიაში, ოზურგეთში, მცენარეთა სააკლიმატიზაციო სადგურში, საიდანაც 1857 წ. გადატანილ იქნა გორაბერეჟოულში. აქ პირველად გააშენდა ჩაის სამრეწველო პლანტაცია და 1861 წ. კუსტარული წესით დაამზადა პირველი ქართული ჩაის მზა პროდუქცია. უკვე 1864 წ. ქართული ჩაი წარდგენილ იქნა პეტერბურგში სრულიად რუსეთის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

1882 წ. ჩინეთიდან ხანკოუს პროვინციიდან შემოტანილი ჩაის თესლითა და ნერგებით პირველი მცირეკონტურიანი პლანტაციები გაშენდა სოხუმსა და ბათუმში. 1883 – 1884 წ.წ. დაბა ჩაქვში გაშენდა ჩაის პლანტაცია, რომლისაგანაც მიღებულ ჩაის პროდუქციას ოქროს მედალი მიენიჭა 1893 წ. ქ. თბილისში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე. ამ ფაქტმა ათქმევინა ქვეყნის დუხჭირ ცხოვრებაზე დაფიქრებულ ერის წინამძღოლს ილია ჭავჭავაძეს ცნობილი სიტყვები, რომლებიც მოყვანილია ნაშრომის დასაწყისში. ამავე პლანტაციებიდან დამზადებულმა ჩაიმ პირველი ადგილი დაკავა პარიზში გამართულ გამოფენაზე. ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ საქართველოს ზღვისპირა რეგიონების კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელი იყო ჩაის კულტივირებისათვის.

ამ პერიოდში მოეწყო პირველი მასშტაბური ექსპედიცია ჩინეთში, იაპონიასა და ინდოეთში. ექსპედიციიდან ჩამოტანილი ჩაის ნერგითა და თესლით  ჩაქვსა და სალიბაურში 15 ჰექტარზე პლანტაციები გაშენდა.

1895 წ. საუფლისწულო მამულების უწყებამ ექსპედიცია მოაწყო ჩაის საქმის გასაცნობად და სათეს-სარგავი მასალის ჩამოსატანად ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიასა და ცეილონზე. ექსპედიცია 1897 წ. წელს დაბრუნდა მდიდარი სელექციური მასალით. ჩამოტანილი რამოდენიმე ათასი ჩაის ბუჩქით, ნერგით და თესლით პლანტაციები გაშენდა ჩაქვში. 1916 წლისათვის მხოლოდ ჩაქვში ჩაის პლანტაციების ფართობმა 550 ჰა შეადგინა. 1998 წ. ინგლისური წარმოების მანქანა-დანადგარების გამოყენებით ჩაის ფაბრიკა ამოქმედდა სალიბაურში, ხოლო 1899 წელს ჩაქვში _ საუფლისწულო მამულის ჩაის საწარმო.

ამავე პერიოდში გურიაში, ოზურგეთის რაიონში, სოფელ შრომაში გაშენდა სიდიდით მესამე ჩაის მეურნეობა და 1908 წ. აიგო ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. 1914 წ. ოზურგეთში ამუშავდა ზვანის ჩაის ფაბრიკა. დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციის ფართობმა 1914 წლისათვის 900 ჰა-ს მიაღწია.

საქართველოში ჩაის მრეწველობის ინტენსიური განვითარება იწყება 1925 წლიდან სააქციო საზოგადოება `საქართველოს ჩაის~ დაარსების შემდეგ. მოგვიანებით სააქციო საზოგადოება ჩაის ტრესტად გადაკეთდა. ამ სტრუქტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეჩაიეობის დარგის განვითარებაში. 1926 წლიდან იწყება მიზანმიმართული სამეცნიერო საქმიანობა. აღდგენული იქნა ოზურგეთის საცდელი სადგური და ამავე წელს ჩაის საცდელი სადგური მოეწყო ჩაქვში. 1928 წ. ზუგდიდში მუშაობას იწყებს ჩაის საცდელი სადგური. 1930 წ. ოზურგეთში, ანასეულში შეიქმნა ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც 1937 წ. ფილიალის სახით შეუერთდა სოხუმის ტენიანი სუბტროპიკების სრულიად საკავშირო ინსტიტუტი, ხოლო 1941 წ. კოლხეთის მელიორაციული სადგური და ჩამოყალიბდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც უაღრესად დიდი როლი ითამაშა სუბტროპიკული მემცენარეობის, მათ შორის მეჩაიეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაში.

1928 წლისათვის ჩაის პლანტაციების საერთო ფართობმა 3138 ჰა შეადგინა, ხოლო შემდგომ პერიოდში წლების მიხედვით: 1931 წ. – 41654 ჰა, 1941 წ. – 51552 ჰა, ხოლო 1955 წ. – 52000 ჰა. 1985 წ. ჩაის პლანტაციების ფართობებმა 65000 ჰა-ს მიაღწია. შემდგომ პერიოდში ახალი პლანტაციები პრაქტიკულად აღარ გაშენებულა.

საქართველოში მზა ჩაის წარმოება წლების მიხედვით (ათასი ტ) ასეთია:
1940 წ. – 12,3; 1945 წ. – 5,08; 1950 წ. – 21,0; 1955 წ. – 29,4; 1960 წ. – 39,2; 1965 წ. – 46,5; 1970 წ. – 64,7; 1975 წ. – 83,7; 1980 წ. – 125,5; 1985 წ. – 145,4; 1990 წ. – 128,8; 1995 წ. – 10,8; 1998 წ. – 47,5; 1999 წ. – 60,5, 2000 წ. – 22,0; 2001 წ. – 21,8; 2002 წ. – 22,2; 2003 წ. – 23; 2004 წ. – 20,0; 2005 წ. – 22,1; 2006 წ. – 8,1; 2007 წ. – 8,7; 2008 წ. – 7,5; 2009 წ. – 7,6; 2010 წ. – 7,4; 2015 წ. – 2,1, 2011 წ. – 2,9; 2012 წ. – 2,6; 2013 წ. – 3,3; 2014 წ. – 1,8; 2015 წ. – 2,1; 2018 წ. – 3,0; 2019 წ. – 3,0.

არასრული მონაცემებით დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაის პლანტაციების საერთო ფართობი 7 ათასი ჰა-მდე, მთ შორის, მხოლოდ 3 ათასი ჰა ექსპლოატაცია ხორციელდება.

„ჩაის ქიმია, ტექნოლოგია, დეგუსტაცია და მოწყობილობა“,

თემურ რევიშვილი,
თამაზ მიქაძე