აგროტექნოლოგიებიმექანიზაციარუბრიკები

ჩაის მწვანე ფოთლის უტარო გადაზიდვისა და დახარისხების ტექნოლოგია

ჩაის პროდუქციის წარმოების უწყვეტ ნაკადურ ტექნოლოგიაში, ერთ-ერთ შრომატევად პროცესს ჩაის მწვანე ფოთლის კრეფა, უდანაკარგოდ გადაზიდვა ფაბრიკამდე და პირველადი დახარისხება წარმოადგენს
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, საქართველოში არსებულ ჩაის მეურნეობებში, ჩაის ფოთოლი ძირითადად ხელით, ნაწილობრივ ხელის აპარატებით და ჩაის საკრეფი სპეციალური მანქანებით (ჩსნ „საქართველო“, ჩა-900,პბკ-1 და სხვ.) იკრიფებოდა. 

მანქანით და ხელის აპარატებით ნაკრეფი ჩაის ფოთლები, უმეტეს შემთხვევაში მოითხოვს პირველად დახარისხებას, ვინაიდან მოკრეფილი ჩაის მასა, ყველა შემთხვევაში შეიცავს, როგორც ხარისხოვან, ასევე უხეშ გადაზრდილ დუყებს. 

საქართველოში არსებული, ტრადიციული ტექნოლოგიით მოკრეფილი ჩაის მწვანე მასა იყრებოდა ცალკე ყუთებში, იტვირთებოდა ტრანსპორტზე და გადაიზიდებოდა ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკებში. აღნიშნულ ოპერაციას გააჩნდა მთელი რიგი სირთულეები; უპირველესად მოითხოვდა სპეციალურ ყუთებს, დამტვირთავ და ჩამომტვირთავ მუშა ხელს, სატრანსპორტო საშუალებას. ამას გარდა, ჩაის დიდი რაოდენობით გადაზიდვის მიზნით, ყუთებში ხდებოდა მათი დაპრესვა შემჭიდროება; ხოლო ფაბრიკაში ჩაის გადამუშავება ხდებოდა დაგვიანებით, რაც იწვევდა ჩაის ნედლეულის გადახურებას ყუთებში და გაფუჭებას.

ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, გასული საუკუნის 70-80 წლებში დაინერგა ჩაის უტარო გადაზიდვის ტექნოლოგია. ხელით ან მანქანით ნაკრეფი ჩაის ფოთლები იყრებოდა სპეციალურად მომზადებულ მოედნებზე, საიდანაც ჩაი ტრანსპორტიორით იტვირთებოდა ამაღლებული ძარის მქონე ავტომობილებზე ან სატრაქტორო მისაბმელებზე. ძარაზე თავისუფლად დაყრილი ჩაის მასა დაუყოვნებლივ გადაიზიდებოდა ჩაის ფაბრიკაში, სადაც ხდებოდა მისი დახარისხება და დროული გადამუშავება. უტარო გადაზიდვის დანერგვით, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩაის გადაზიდვის ხარჯები, გაუმჯობესდა ჩაის პროდუქციის ხარისხი, ვინაიდან არ ხდებოდა ჩაის მწვანე მასის ყუთებში გადახურება და მექანიკური დაზიანება. ფაბრიკაში მოტანილი ჩაის მწვანე ფოთლების (დუყების) დახარისხება ხდებოდა ხელით, ან სპეციალური ცხაურებიანი, ვიბრაციული დანადგარით. ჩაის ხელით დახარისხება მნიშვნელოვან შრომატევად ოპერაციას წარმოადგენს; ხოლო, რაც შეეხება ცხაურებიან-ბადისებურ ვიბრაციულ დანადგარს, მისი მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკლს წარმოადგენს, ჩაის ნაზი დუყების მექანიკური დაზიანება, რაც იწვევს ჩაის საბოლოო პროდუქციის ხარისხის დაცემას.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენს მიერ დამუშავებულია ჩაის პლანტაციაში მოკრეფილი ფოთლების უტარო გადაზიდვისა და დახარისხების უწყვეტი ნაკადურ ტექნოლოგია. რეკომენდებული ტექნოლოგიით, პლანტაციაში მოკრეფილი ჩაის მწვანე ფოთლები, იყრება ტრანსპორტის ძარაზე, იფარება ბრეზენტით  გადაიზიდება ფაბრიკაში, სადაც ხდება მისი დახარისხება სპეციალურ აეროდინამიკურ დანადგარში. შემდგომ დახარისხებული ფოთლების გადამუშავება ხდება შესაბამისი ტექნოლოგიური რეჟიმით, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას (იხ.ნახ.1).

ნახაზი 1111111111111111111111

ნახ.1. ჩაის მწვანე ფოთლის უტარო გადაზიდვისა და დახარისხების

ტექნოლოგიური სქემა

ჩაის მწვანე ფოთლების დახარისხება აეროდინამიკურ დანადგარში ხორციელდება შემდეგნაირად: მანქანით ან ყუთებით მოტანილი ჩაის მწვანე მასა იყრება აეროდინამიკური  დანადგარის ბუნკერში 1, რომლის ფსკერზე ელექტროამძრავის 2 საშუალებით, გარკვეული სიჩქარით V მოძრაობს ტრანსპორტიორი 3, რომლის ზედა კალთა, ვიბრატორის 4 საშუალებით განიცდის რხევას, ვერტიკალური რხევის შედეგად ჩაის დუყები შორდება ტრანსპორტიორის ზედაპირს, გადადის ფარფატის მდგომარეობაში და ადვილად აიტაცებს ჰაერის ნაკადი. აეროდინამიკური დანადგარი შეიცავს სამ კამერას, რომლებშიც განთავსებულია სხვადასხვა  სიმძლავრის მქონე სპეციალური შემწოვი ვენტილატორები. შემწოვი ვენტილატორები 6, მილის 5 საშუალებით აიტაცებენ სხვადასხვა წონის მქონე ჩაის დუყებს და გადაიტანენ ყუთებში 7. I სექციაში ხდება შედარებით მსუბუქი ჩაის დუყების ატაცება და გადატანა ყუთში, II სექციაში შედარებით მძიმე დუყების ატაცება, III სექციაში ხდება მძიმე და უხეში დუყების ატაცება, ხოლო ტრანსპორტიორზე დარჩენილი მექანიკური და სხვა სახის მინარევები გადადის დამხარისხებელი დანადგარის გარეთ.

ნახაზი 2222222222222222222222222222222

ნახ. 2. ჩაის ფოთლების შემწოვი ორბორბლიანი ვენტილიატორის სქემა

რეკომენდებული დანადგარის, ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ მექანიზმს წარმოადგენს, სპეციალური ორბორბლიანი ვენტილატორი, რომლის დანიშნულებაა ჩაის დუყების შეწოვა და მათი გადატანა ყუთებში, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. (იხ.ნახ.2). ვენტილატორი მუშაობს შემდეგნაირად: ვენტილატორის 1 შემწოვ მილტუჩში 2, სარკისებურად განლაგებული ბორბლების 3 და 4 საშუალებით, რომელთა აძვრა ხდება ღვედური გადაცემებით 5 და 6, წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც შეიწოვს ჩაის დუყებს და გამტარი მილტუჩიდან 7 გადაიტანს სპეციალურ ყუთებში ან მიაწოდებს, შემდგომ ეტაპზე, ჩაის მწვანე ფოთლების გადამამუშავებელ ტექნოლოგიურ ხაზს.

ამგვარად სპეციალური ორბორბლიანი ვენტილატორი შეიწოვს და გაატარებს ჩაის დუყებს, სარკისებურად განლაგებულ ბორბლებს შორის, ყოველგვარი დაზიანების გარეშე; ბორბლებს შორის დამატებით დაყენებულია, დუყების დამცავი, ამრეკლი ბადეები 8 და 9, რომლებიც იცავენ დუყებს ვენტილატორის ფრთებში მოხვედრისაგან.

დასკვნა

ჩაის მწვანე ფოთლის უტარო გადაზიდვისა და დახარისხების, ჩვენს მიერ რეკომენდებული ტექნოლოგიური ხაზი, განაპირობებს ხელის აპარატებით ან ჩაის საკრეფი მანქანებით მოკრეფილი ჩაის ფოთლების გადატანას ავტომობილით ან სატრაქტორო მისაბმელით, პლანტაციიდან ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკამდე, ყუთების (ტარის) გარეშე, შემდგომ მათ დახარისხებას სპეციალურ აეროდინამიკურ დანადგარში, ყოველგვარი მექანიკური და სხვა სახის დაზიანების გარეშე.

რეკომენდებული ტექნოლოგიური ხაზი, მნიშვნელოვნად ამცირებს, ჩაის ფოთლის კრეფის, გადაზიდვის და პირველადი დახარისხების შრომით და ფინანსურ დანახარჯებს შესაბამისად უზრუნველყოფს ჩაის მაღალხარისხოვანი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღებას.

ნუგზარ ებანოიძე,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, 

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

თამაზ ცანავა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

მარიტა მაჭარაშვილი, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტი