ჩაის ფოთლის კრეფა და დახარისხება
ჩაის დუყები მცენარეზე უწესრიგოდაა განლაგებული და მათი ერთ დონეზე აღება შეუძლებელია, ამიტომ ჩაის კულტურაზე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დუყწთარმოქმნის პროცესის მოწესრიგებაა, ამის გამო ჩაის კულტურას ადამიანმა მისცა ბუჩქოვანი ფორმა და უმეტესწილად გააშენა, გარკვეული ზომის უწყვეტი შპალერების სახით, რითაც გაადვილა, როგორც მისი მანქანური მოვლა-მოყვანა, ისე ფოთლის კრეფა.
დუყთწარმოქმნის პროცესის სტიმულირების, მოწესრიგებისა და ფოთლის კრეფისათვის სასურველი აგროფონის შესაქმნელად მიმართავენ ჩაის ბუჩქების გასხვლების სხვადასხვა სახეებს. მათ შორის გასხვლის სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუჩქის დამყალიბებელი, ფორმის მიმცემი, შპალერული გასხვლის სახეებს.
გასხვლის შედეგად, მიზანდასახულად, ხელოვნურად მცირდება მისი მიწისზედა, მწვანე ნაწილი, ირღვევა წონასწორობა მცენარის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებს შორის. ამის საპასუხოდ მცენარე, ცდილობს აღადგინოს დარღვეული წონასწორობა და იწყებს დუყების ინტენსიურ წარმოქმნას, რაც არის კიდევაც მისი მოვლა-მოყვანის ძირითადი მიზანი.
მოსაკრეფად ვარგისი დუყების განლაგების სიზუსტე და შესაბამისად მოკრეფილი ფოთლის ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული ბუჩქის ზედაპირის ფორმირების, ანუ გასხვლის სიზუსტისაგან.
იდეალურ შემთხვევაში ჩაის დუყის მოწყვეტა უნდა მოხდეს მისი ნაზი ნაწილის მოუხეშოში გადასვლის ადგილას, ისე რომ დუყის აღებულ ნაზ ნაწილს არ გაყვეს მოუხეშო ღეროც. ამის გამო დუყთწარმოქმნის პროცესის შემდგომი ინტენსიფიკაცია მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ჩაის ფოთლის კრეფის წესზე. ამ უკანასკნელზეა აგრეთვე დამოკიდებული მოკრეფილი ნედლეულის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომლებიც მნიშვნელოვნად იცვლება მცენარის ჯიშის, ასაკისა და ვეგეტაციის პერიოდის მიხედვით.
ნახ.1 საკრეფად ვარგისი ჩაის დუყები: ა-სამფოთლიანი ნორმალური; ბ–ორფოთლიანი ნორმალური და გ–ორფოთლიანი ყრუ
საქართველოში ჩაის ფოთლის კრეფის სეზონი კლიმატური პირობებისაგან დამოკიდებულებით 5-6 თვეს გრძელდება, აპრილიდან სექტემბრამდე. ცალკეულ შემთხვევაში ფოთლის კრეფა ოქტომბერშიც გრძელდება. ჩაის ფოთლის კრეფის წესი იცვლება სეზონის თვეების მიხედვითაც.
აგროწესების მიხედვით სრულმოსავლიან პლანტაციებში აპრილსა და მაისში დუყები იკრიფება 4-5 ფოთლიანი ნორმალური ნაყარისაგან, ისე რომ ნეკზე რჩება ორი ნორმალური და თევზა ფოთოლი. შესაბამისად 5 ფოთლიანი ნაყარისაგან იღებენ 3 ფოთლიან ნორმალურ დუყს, ხოლო 4 ფოთლიანისაგან -2ფოთლიანს. ივნისის თვეში ტექნიკურად მომწიფებულად ითვლება 3-4 ფოთლიანი ნაყარი, კრეფის დროს ნეკზე რჩება ერთი ნორმალური და თევზა ფოთოლი. ივლისიდან სეზონის ბოლომდე ნეკზე ტოვებენ მხოლოდ თევზა ფოთოლს (ნახ 1).
ხელით შრომის შემთხვევაში, ჩაის ნედლეულის მოყვანაზე გაწეული შრომით დანახარჯების 2 / 3 -ზე მეტი კრეფის პროცესზე მოდის. ჩაის ფოთოლი უნდა მოიკრიფოს ტექნიკური სიმწიფის სტადიაში. საკრეფად შემოუსვლელი ფოთლების კრეფისას, მართალია მაღალი ხარისხის ჩაი მიიღება, მაგრამ ეცემა მოსავლიანობა, ხოლო გაუხეშებული ფოთლების კრეფისას, მკვეთრად მცირდება პროდუქციის ხარისხი და ფერხდება მცენარის შემდგომი ვეგეტაცია, რაც თავის მხრივ მოსავლიანობის შემცირებას იწვევს. ამდენად, კრეფა უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ და შემჭიდროებულ ვადებში. გასათვალისწინებელია, რომ ბუჩქზე არსებული ნაზი ყლორტებიდან ერთდროულად მხოლოდ 10% იმყოფება ტექნიკური სიმწიფის სტადიაში, ამის გამო ფოთლის კრეფა უნდა ჩატარდეს შერჩევით და თანაც ნებისმიერ ამინდში.
გასათვალისწინებელია მუშახელის დეფიციტის საკითხიც.
ზემოთაღნიშნული გარემოებები შეადგენენ იმ ფაქტორების არასრულყოფილ ნუსხას, რომელთაც დღის წესრიგში მწვავედ დააყენეს ჩაის ფოთლის კრეფის მექანიზაციის პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობა საქართველოში.
ქართველი სპეციალისტების სასახელოდ უნდა ითქვას რომ, მათი მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დამთავრდა და აკადემიკოს შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა და წარმოებაში დაინერგა მსოფლიოში პირველი ჩაის ფოთლის საკრეფი მანქანა „საქართველო“, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით ემსახურებოდა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობას.
აქვე შეიქმნა და წარმატებით მუშაობდა აგრონომ ნიკოლოზ კოსტავას კონსტრუქციის მცირეგაბარიტიანი თვითმავალი მანქანა ჩა– 900/650 საცვლელი მუშა ორგანოებით ჩაის ფოთლის კრეფის, ბუჩქების გასხვლების, მწკრივთშორისების კულტივაციისა და მინერალური სასუქების შეტანის ჩასატარებლად. ეს მანქანაც მრავალი წლების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს მეჩაიეებს.
მანქანით ნაკრეფი ჩაის ფოთლის სამრეწველო გადამუშავების ყველა ტექნოლოგიური ვარიანტი იმთავითვე ემყარებოდა ნედლეულის წინასწარ დიფერენციაციას სტაციონარული დამხარისხებელი მანქანების გამოყენებით და მიღებული ერთგვაროვანი ფრაქციების პარალელურ გადამუშავებას ოპტიმალურ სარეჟიმო პირობებში. აღნიშნული მეთოდის ტექნოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობა უდავოა. მაგრამ მასაც ახასიათებს გარკვეული უარყოფითი ელემენტები: ძვირადღირებული და დიდი გაბარიტების მქონე სტაციონარული დამხარისხებელი მანქანების გამოყენება იწვევს ჩაის ფაბრიკის მიმღები მოედნის ფართის გაზრდას, 1.5-2 საათით ზრდის გადამუშავების ტექნოლოგიური ციკლის ხანგრძლივობას, ადიდებს პროდუქციის ენერგოტევადობას, მოითხოვს დამატებით მუშახელს და სხვა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას.
ჩაის ნედლეულის ბიოტექნოლოგიური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით რეკომენდებულ ღონისძიებათა შორის, ყურადღებას იმსახურებს ჩაის ფოთლის დიფერენცირებული (ეტაპობრივი) კრეფა, რომელიც გულისხმობს ნედლეულის პარალელურ კრეფას ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე იკრიფება შედარებით ნაზი ნაწილები- ორ, სამფოთლიანი დუყები, ხოლო შემდეგ, დუყი მეოთხე, მეხუთე და ზოგჯერ მეექვსე ფოთლებით. მაშასადამე ეტაპობრივი კრეფა წარმოადგენს არაერთგვაროვანი ნედლეულის ერთგვაროვან ფრაქციებად დაყოფას უშუალოდ კრეფის პროცესში.
ქართველმა მეცნიერებმა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაამუშავეს ჩაის ფოთლის დიფერენცირებული, ეტაპობრივი კრეფის ტექნოლოგიური სქემები (ნახ.2). ორი, მიმდევრობით განლაგებული ჩაის ფოთლის შერჩევით კრეფის, აპარატის შემთხვევაში (ნახ.2.ა) ხდება შერჩევისა და ნაზი დუყების კრეფის ზონის გაფართოება.
ნახ.2 ჩაის ფოთლის ეტაპობრივი, დიფერენცირებული აღების ტექნოლოგიური სქემები სხვადასხვა მუშა ორგანოების შეთანაწყობით: ა-შერჩევითი ტეხვის; ბ-შერჩევითი ტეხვისა და შერჩევითი ჭრის; გ-მთლიანი და შერჩევით ჭრის
ასევე შერჩევითი ჭრის მუშა ორგანო, რომელიც საშუალებას იძლევა ჭრის პროცესს ავარიდოთ და ბუჩქზე დავტოვოთ იღლიური კვირტები, რომლებიც დააჩქარებენ შემდგომ ვეგეტაციას. აღნიშნული ორგანოები ჩართულია შერჩევითი ტეხვისა და შემდგომი შერჩევითი ჭრის მუშა ორგანოების შეთანწყობილი მუშაობის ვარიანტში (სურ.2.ბ). შერჩევითი ჭრის ორგანოები ჩართულია მესამე ვარიანტშიც (სურ.2.გ.), რომელშიც მასალის აღება ხდება მთლიანი და შერჩევითი ჭრის მუშა ორგანოების მიმდევრობითი შეთანაწყობით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის ფოთლის შერჩევითი ტეხვის მუშა ორგანოების-(თითებიანი სავარცხელას) და საცვლელი მჭრელი რკალის ერთი და იგივე აპარატზე ცალ-ცალკე მუშაობის დროს ნაკრეფი ზედაპირის მოსწორების ხარისხზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ჩაის საკრეფი აპარატის მოთვალთვალე სისტემის მუშაობის ხარისხი და სიზუსტე, რომელმაც, როგორც ყველა რეალურმა სისტემამ, შეუძლებელია არ განიცადოს გარკვეული გადახრები.
გარდა ამისა, გასულ საუკუნეში საქართველოში შექმნილი ჩაის საკრეფი მანქანები ხასიათდებოდნენ კონსტრუქციის სირთულით, დაბალი მწარმოებლობით და ხანგამძლეობით. ვინაიდან, შერჩევითი და დიფერენცირებული კრეფის რკალური სამუშაო ორგანოები, მუშაობის პროცესში ავითარებდნენ გაუწონასწორებელ ინერციის ძალებს, ხახუნის ძალებს და მომენტებს, რომელთა მოქმედების შედეგად მცირდებოდა მათი ხანგამძლეობა და რემონტთა შორის ვადები. გარდა ამისა, რკალურ აპარატებზე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში. ნიადაგის რელიეფის მიერ გამოწვეული რხევები მნიშვნელოვნად ამცირებდნენ ფოთლების კრეფის ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურში დამუშავებულ იქნა ჩაის ბუჩქების ბრტყლად გასხვლის ტექნოლოგია და შესაბამისი მობილური მანქანა, რომლის მუშაობის საკითხები განხილულ იქნა ჟურნალში „ახალი აგრარული საქართველო“ N11 2024, ამჯერად გთავაზობთ, ბრტყლად გასხლული ჩაის ბუჩქიდან, ფოთლის საკრეფი, მარტივი კონსტრუქციის მანქანის ტექნოლოგიურ სქემებს, რომელიც წარდგენილია საქპატენტში და მიმდინარეობს მუშაობა საცდელი ნიმუშის კონსტრუქციის შექმნაზე (იხ.ნახ.3).
თვითმავალ შასზე (1) დააგრეგატებული ჩაის ფოთლის საკრეფი კომბინირებული მანქანა მუშაობს შემდეგნაირად: მანქანა შედის ჩაის პლანტაციის რიგთშორისებში და ფრონტალურად დგება ბუჩქებთან. ოპერატორი პარალელოგრამული მექანიზმის (2) და ჰიდროცილინდრის (3) საშუალებით ფოთლის ამღებ მოწყობილობას გადაიყვანს სამუშაო მდგომარეობაში და მოარგებს ჩაის ბუჩქს (15). შემდეგ თვითმავალი შასის ძალამრთმევი ლილვიდან კარდანული, ჯაჭვური და ღვედური გადაცემების საშუალებით (ნახაზზე არ არის ნაჩვენები) მოძრაობაში მოიყვანს ფოთოლსაკრეფი მოწყობილობის მჭრელ აპარატს (5) და ვენტილატორს (6), როცა სისტემა გადავა დამყარებულ მდგომარეობაში ოპერატორი გადაადგილებს თვითმავალ შასს და იწყება ფოთლის (დუყების) ჭრის პროცესი, მოჭრილი ფოთლები ვენტილატორიდან გამომავალი ჰაერის ნაკადის ზემოქმედებით, მიმმართველ ღარის (7) და გოფრირებული მილის (8) გავლით გადადიან ბუნკერის 9ზედა ნაწილში (10), რომელშიც ფოთლების არაერთგვაროვანი მასა მათი წონისა და აფრიანობის მიხედვით ნაწილდებიან გამყოფი ტიხრების (11) საშუალებით ბუნკერის I, II, III სექციაში, ბუნკერის შევსების შემდეგ ოპერატორი აჩერებს მანქანას, ხსნიან ბუნკერის პირამიდული ნაწილის (12) ფსკერს (13) და ჩაის ფოთლები გადააქვთ ჩაის ფოთლების გადასაზიდ სპეციალურ ყუთებში.
ნახ.3 ჩაის ფოთლების საკრეფ-დამხარისხებელი მანქანის ტექნოლოგიური სქემა
შემოთავაზებული, ჩაის ფოთლების საკრეფი კომბინირებული მანქანა, მნიშვნელოვნად ამაღლებს ბრტყელი ზედაპირის მქონე ჩაის ბუჩქებიდან, ფოთლის აღების ტექნოლოგიური პროცესის შესრულების ხარისხს, რაც გამოიხატება საკრეფი ფოთლების სუფთა ჭრაში, ჰაერის ნაკადის საშუალებით, ყოველგვარი დაზიანების გარეშე მათ ბუნკერში განთავსებაში და მოჭრილი არაერთგვაროვანი ფოთლების დახარისხებაში.
2025 წელს გათვალისწინებულია რეკომენდებული ტექნოლოგიები სქემის მიხედვით, ბრტყელ ზედაპირიანი შპალერიდან, ჩაის ფოთლის საკრეფ დამხარისხებელი მანქანის საცდელი ნიმუშის დამზადება და გამოცდა საწარმოო პირობებში.
ლიტერატურა
-
-
- ნ.ებანოიძე, ნ.გაბუნია, ზ.ჩანჩიბაძე. „ჩაის ფოთლის კრეფის მექანიზაცია და გადამუშავება“. ქუთაისი 2025 წ;
- ნ.ებანოიძე, თ.ცარციძე, ა.ბეკოშვილი, ნ.კეკენაძე, მ.მაჭარაშვილი, „ჩაის ფოთლის საკრეფი კომბინირებული მანქანა“ განაცხადი საქპატენტში, AP. 2024. 16636/1.
-
ნუგზარ ებანოიძე,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი