ჩაის პლანტაციების არსებული ფართობით საქართველო პოტენციურად ჩაის მწარმოებელ ქვეყნად რჩება
ქართული მეჩაიეობა უახლოეს წარსულში ქვეყნის აგრარული სექტორის ერთ-ერთ უმთავრეს დარგს წარმოადგენდა. შედარებით ხანმოკლე პერიოდში, ქართველი მეცნიერების ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა, ყველაზე ჩრდილო სუბტროპიკებში, ჩაის კულტურის მაღალი და სტაბილური მოსავლის მიღება და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარება. ქართული ჩაი გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი განსხვავებული საგემოვნო თვისებებით.
ჩაის მომზადება და გამოყენება ადამიანმა უხსოვარი დროიდან დაიწყო. ჩინეთში მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იყენებდნენ. სასიამოვნო მწკლარტე გემომ, ნაზმა, მიმზიდველმა არომატმა, მასტიმულირებელმა და სამკურნალო თვისებებმა განაპირობეს ჩაის ფართო გავრცელება მსოფლიოს ხალხებს შორის, დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაის მომხმარებელია.
„ჩაი“ რამდენიმე მნიშვნელობით იხმარება. პირველ რიგში ეს არის მარადმწვანე მცენარე, უმეტესად ბუჩქი ან მოზრდილი ხე, ჩაი არის მწვანე ფოთლების გადამუშავებით მიღებული პროდუქტი და აგრეთვე სასმელი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. ჩაის მცენარის გაშენების ძირითადი მიზანია ნაზი ყლორტების – დუყების მიღება, რომლისგანაც სხვადასხვა გარეგნული სახის და საგემოვნო თვისებების მატარებელი პროდუქტი გამომუშავდება.
მზა ჩაის მრავალფეროვნება დამოკიდებულია ნედლეულის ხარისხზე და მისი გადამუშავების მეთოდებზე. მზა პროდუქციის კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ ბიოტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მიხედვით – ფერმენტირებულად და არაფერმენტირებულად. ფერმენტირებულს მიეკუთვნება: შავი, ყვითელი, წითელი და შავი ფილა ჩაი. არაფერმენტირებულს – მწვანე ჩაი და აგურა მწვანე ჩაი. კლასიფიკაცია შესაძლებელია აგრეთვე გარეგანი სახის და კონსისტენციის მიხედვით: ფხვიერი და გრანულირებული (შავი, მწვანე, ყვითელი და წითელი), წნეხილი (შავი ფილა და მწვანე აგურა ჩაი), კონცენტრატები – ჩაის ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებული პროდუქტები (თხევადი, მშრალი).
ჩაის მსოფლიო წარმოებამ 6 მილონ ტონას გადააჭარბა და ძირითადი პროდუცენტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: ჩინეთი – 2,70 მლ. ტ, ინდოეთი – 1,39 მლ. ტ, კენია – 459 ათასი ტ, შრი ლანკა – 300 ათასი ტ, თურქეთი – 253 ათასი ტ, ვიეტნამი – 158 ათასი ტ., ინდონეზია – 128 ათასი ტ; იაპონია – 82 ათასი შემდეგ მოდის აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სულ ჯამში – 43 სახელმწიფო.
ჩაის მსოფლიო წარმოების თითქმის 85%-ი შემდეგ 5 ქვეყანაზე მოდის: ჩინეთი – 45%, ინდოეთი – 23%, კენია – 7.6%, შრი ლანკა – 5%, თურქეთი– 4.2%.
წარმოებული ჩაის 31.4% ექსპორტზე გადის. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: კენია – 497 ათასი ტ, ჩინეთი – 380 ათასი ტ, შრი ლანკა – 290 ათასი ტ, ინდოეთი 248 ათასი ტ.
ჩაის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები:
რუსეთი – 144 ათასი ტ, აშშ -177 ათასი ტ, დიდი ბრიტანეთი – 104 ათასი ტ, პაკისტანი – 205 ათასი ტ, ეგვიპტე – 98 ათასი ტ, ირანი – 79 ათასი ტ.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ჩინეთი რჩებოდა ერთადერთ ჩაის პროდუცენტ ქვეყნად. ინდური ჩაის ინდუსტრიის ჩამოყალიბება უკავშირდება ინგლისელების გადაწყვეტილებას, ჩინეთისაგან დამოუკიდებლად ჩაის წარმოების შესახებ. ინდოეთის ასამის პროვინციის ჯუნგლებში ველურად გავრცელებული ჩაის ხეების გამოკვლევის შედეგად დაიწყო პლანტაციების გაშენება ადგილობრივი კულტურის გამოყენებით. ინგლისელებმა პირველებმა შექმნეს ჩაის ფოთლის გადამუშავების ტექნიკური საშუალებები და საფუძველი დაუდეს ჩაის სამრეწველო წარმოებას.
2013 წელს მსოფლიოს ჩაის მწარმოებელმა 6 ქვეყანამ – ინდოეთმა, შრი ლანკამ. კენიამ, ინდონეზიამ, მალავიმ და რუანდამ, რომელთა წილი მსოფლოიში წარმოებული ჩაის 50%-ს აღემატება, შექმნეს „საერთაშორისო ჩაის მწარმოებელთა ფორუმი” (Internacional Tea Producents Forum), რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია კოლომბოში. ამ ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზანს ჩაის მწარმოებელ დანარჩენ ქვეყნებთან კონკურენცია წამოადგენს.
ჩაის პლანტაციების არსებული ფართობით საქართველო პოტენციურად რჩება ჩაის მწარმოებელ ქვეყნად. მეჩაიეობის ეროვნული სტრატეგია მიმართულია დარგის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების და ეტაპობრივი რეაბილიტაციისკენ, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ შიდა და საერთაშორისო ბაზარზე იზრდება მოთხოვნა მაღალი ღირებულების სამომხმარებლო პროდუქციაზე.
დარგის რეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებიდან მნიშვნელოვანია:
პირველი, – ეკოლოგიურად სუფთა ორგანული („ბიო”) ჩაის წარმოებაზე ეტაპობრივი გადასვლა ბუნებრივი და ტექნოლოგიური პოტენციალის ოპტიმალური გამოყენების საფუძველზე, კერძოდ, აგრო-ეკოლოგიური ფაქტორი, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებების გამოყენებას; ქვეყანაში ბუნებრივი სასუქების და აგრომადნების არსებობა, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ნიადაგის ნაყოფიერების მკვეთრი ამაღლება;
მეორე, – მაღალხარისხოვანი, გამორჩეული მახასიათებლების მქონე, სპეციალიზებული ჩაის წარმოების ათვისება;
მესამე, – ფერმერული მეურნეობების და მათი ნებაყოფლობითი გაერთიანებების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით და სტანდარტული მოწყობილობებით, მაღალხარისხოვანი პროდუქციის გამოსამუშავებლად;
მეოთხე, – ნედლეულის კომპლექსური, მაღალტექნოლოგიური გადამუშავება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ჩაის, ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტების, კონცენტრატების და ბიოპრეპარატების წარმოებას;
მეხუთე, – ჩაის და ადგილობრივი საკვებ-სამკურნალო მცენარეული ნედლეულის გამოყენებით ახალი სახის ფუნქციონალური დანიშნულების სასმელების წარმოების განვითარება.
ჩაის ნაყენის სასარგებლო თვისებები და ბილოგიური აქტივობა
ჩაი წარმოადგენს საგემოვნო პროდუქტს, რომელიც გარკვეული კვებითი ღირებულებით და ბიოლოგიური აქტივობით ხასიათდება.
აყოველთაოდ ცნობილია ჩაის მასტიმულირებელი და გამახალისებელი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. იგი სხვა სასმელებზე უკეთესად აკმაყოფილებს წყურვილს, ორგანიზმს უნარჩუნებს ხალისიან და შრომისუნარიან განწყობას.
ჩაიში ისეთი ძვირფასი ნივთიერებების არსებობა, როგორიცაა კოფეინი, პოლიფენოლები, ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, ორგანული მჟავები, მინერალური ნივთიერებები და სხვ. განაპირობებენ მის უმნიშვნელოვანეს ბიოლოგიურ აქტოვობას. ჩაის ფართო გამოყენება უკავშირდება აგრეთვე მის დაბალკალორიულობას.
ჩაის ნაყენს ადამიანი ძირითადად იყენებს ალკალოიდების – კოფეინის, თეოფილინისა და თეობრომინის შემცველობის გამო, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ძლიერი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევიან. კოფეინი მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კუნთებზე, მათ შორის გულის კუნთზე და თირკმელებზე.
ადამიანის ორგანიზმის აღგზნება შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელებით, მაგრამ მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ალკოჰოლით აღგზნების შემდეგ იგი განიცდის დეპრესიას. გარდა ამისა სპირტული პროდუქტები გროვდება ადამიანის ორგანიზმში და უარყოფითად მოქმედებს მასზე. კოფეინი არ გროვდება ორგანიზმში, რაც უნდა ჭარბი რაოდენობით მოხდეს მისი მიღება. ჩაი არ მიეკუთვნება ნარკოტიკების კატეგორიას, ამიტომ ადამიანს მასზე არ უმუშავდება პირობითი რეფლექსი.
ჩაის უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური აქტივობის განმსაზღვრელია პოლიფენოლები. ჩაის კატეხინები P ვიტამინური, ანტიოქსიდანტური და ბაქტერიოციდული აქტივობით, ძლიერი ანტისხივური მოქმედებით ხასიათდებიან. ჩინელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებით ექსპერიმენტულად დადასტურებულია ამ ნივთიერებების ანტიკაცეროგენული და ანტიმუტაგენური ეფექტი. დადგენილია პოლიფენოლების უნარი შეარბილოს გულ-სისხლძარღვთა, ათეროსკლეროზული და ჰიპერტონული დაავადებები, შეამციროს ორგანიზმში ქოლესტერინის მავნე დონე.
ჩაის პოლიფენოლები აფერხებენ რიგი პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რომლებიც საკვები პროდუქტების მოწამვლას, დეზინტერიას და სხვა დაავადებებს იწვევენ.
ჩაის კატეხინები კაპილარგამაგრილებელი P ვიტამინური აქტივობით აღემატებიან ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ციტრინი, რუთინი, ესკულინი და ხელს უწყობს ორგანიზმში ასკორბინის მჟავას დაგროვებას. დადგენილია, რომ ჩაის კატეხინები თითქმის მთლიანად სპობენ ცოცხალ ორგანიზმზე სტრონციუმ-90-ის მავნე რადიაქტიურ მოქმედებას. ჩაის ნაყენის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი ღებულობს ფტორის ფიზიოლოგიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია კბილების დასაცავად კარიესისაგან. მაშასადამე, ჩაი არა მარტო საგემოვნო, არამედ ძლიერ ფარმაკოლოგიურ საშუალებასა და ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მწვანე ჩაი.
თემურ რევიშვილი,
თამაზ მიქაძე
„ჩაის ქიმია, ტექნოლოგია, დეგუსტაცია
და მოწყობილობა“