ჩინელმა სელექციონერებმა ვარდის არომატის მქონე „იდეალური“ ვაშლი გამოიყვანეს
ჩინეთში ვაშლის სელექციის მასშტაბური პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანი მაღალხარისხიანი, დაავადებებისადმი გამძლე და ხანგრძლივად შენახვის უნარის მქონე ადგილობრივი ჯიშების შექმნაა.
ჩინეთი ვაშლის წარმოებით მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა და გლობალური წარმოების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთის მეხილეობა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული უცხოურ ჯიშებზე, განსაკუთრებით კი ფართოდ გავრცელებულ „ფუჯიზე“.
იმპორტირებულ გენეტიკურ მასალაზე დამოკიდებულების შემცირებისა და ვაშლის ბაღების კლიმატურ გამოწვევებთან უკეთ ადაპტაციის მიზნით, ჩინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სელექციური პროგრამა ხორციელდება.
ვაშლის სელექციის ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში ამჟამად 401 ათასზე მეტი უნიკალური ჰიბრიდული ნერგია ჩართული სელექციურ პროცებში. სწორედ მათგან არჩევენ მეცნიერები პერსპექტიულ გენოტიპებს, რომლებიც მომავალში შეიძლება „იდეალური ვაშლის“მიღების საფუძველი გახდეს.
ჩინელი მეცნიერების თვალსაზრისით, ახალი ჯიში ეკონომიკურ, სამომხმარებლო და კლიმატურ მოთხოვნებს ერთდროულად უნდა პასუხობდეს.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხანგრძლივი შენახვის უნარია. მოსავლის აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ნაყოფის რბილობი უნდა ინარჩუნებდეს სიმკვრივეს, ხრაშუნა კონსისტენციას, წვნიანობასა და კვებით ღირებულებას, მათ შორის ვიტამინებსა და დაგროვილ შაქრებს.
ახალი ჯიშები ასევე უნდა გამოირჩეოდნენ:
- ზამთრის მკაცრი პირობებისადმი გამძლეობით;
- გვალვაგამძლეობით;
- ძირითადი დაავადებების, მათ შორის ქეცის, მიმართ მაღალი გამძლეობით;
- რთულ კლიმატურ პირობებში ადაპტაციის უნარით;
- მაღალი მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხის სტაბილურობით.
ასეთი თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან და შედარებით მშრალ რეგიონებში ვაშლის წარმოებისთვის და ხელს უწყობს მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შემცირებას.
ჩინეთში „ფუჯის“ ნაყოფის დაავადებების და მავნებლებისგან დასაცავად ფართოდ გამოიყენება ნაყოფების ინდივიდუალურად ქაღალდის პარკებში მოთავსება. ეს ტექნოლოგია ეფექტურია, თუმცა დიდი რაოდენობით ხელით შრომას მოითხოვს.
სელექციონერების ერთ-ერთი ამოცანაა ისეთი ჯიშების შექმნა, რომელთა ნაყოფსაც ეს დამატებითი ოპერაცია აღარ დასჭირდება.
ამისთვის შეირჩევა გენეტიკურად გამძლე, გლუვი და ძლიერი კანის მქონე ფორმები, რომლებიც ნაკლებად ზიანდება მზის დამწვრობითა და ჟანგარით გამოწვეული ზედაპირული დაზიანებებით.
მოსავლიანობასა და გამძლეობასთან ერთად, თანამედროვე სელექციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ნაყოფის ორგანოლეპტიკურ თვისებებს ენიჭება.
პერსპექტიულ ჯიშებში სასურველია:
- რბილობის მაღალი სიმკვრივე – 10 კგ/სმ²-ზე მეტი;
- ხსნადი მშრალი ნივთიერებების მაღალი შემცველობა;
- დაახლოებით 15–17% შაქრიანობა;
- დაბალანსებული სიტკბო და მჟავიანობა;
- მდიდარი და გამორჩეული არომატი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ისეთი ნაყოფები, რომელთა არომატშიც ვარდის ან ატმის ნოტები იგრძნობა. სწორედ ასეთი არომატული პროფილი შეიძლება გახდეს ახალი პრემიუმ-სეგმენტის ვაშლის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო უპირატესობა.
ახალი ჯიშების შექმნის პროცესის დასაჩქარებლად ჩინელი მეცნიერები ტრადიციულ სელექციურ მეთოდებს თანამედროვე ბიოტექნოლოგიურ მიდგომებთან აერთიანებენ.
მიზანმიმართული შეჯვარებისას გამოიყენება ჩინეთის ადგილობრივი, გამძლე ველური ვაშლის ფორმები, რომლებიც კომერციულად წარმატებულ ჯიშებთან, მათ შორის „ფუჯისთან“, „ჰანი კრისპთან“ და „გოლდენ დელიშესთან“, ჯვარედინდება.
ამ გზით მეცნიერები ცდილობენ ერთ გენოტიპში გააერთიანონ ადგილობრივი გენეტიკური გამძლეობა და მსოფლიო ჯიშების მაღალი სამომხმარებლო ღირებულება.
მარკერით სელექცია
სელექციის პროცესში გამოიყენება ე.წ. მარკერით სელექცია (MAS – Marker-Assisted Selection).
მოლეკულური მარკერების საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ ნერგის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზევე, პირველი ფოთლების გამოჩენისთანავე, შეამოწმონ მისი დნმ და დაადგინონ, აქვს თუ არა მას სასურველი გენები — მაგალითად, მაღალი შაქრიანობისა და დაავადებებისადმი გამძლეობის განმაპირობებელი გენეტიკური ნიშნები.
ეს მიდგომა საშუალებას იძლევა სელექციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და არასასურველი ნერგების ხანგრძლივი გამოცდის საჭიროება შემცირდეს. მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ასეთი მიდგომით სელექციის პერიოდი დაახლოებით 30%-ით მცირდება.
ერთიანი ეროვნული სელექციური სისტემა
ჩინეთში ვაშლის სელექციისა და კვლევის სისტემური განვითარება 2007 წლიდან კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ქვეყანაში მოქმედება დაიწყო CARS-Apple-ის – ჩინეთის სოფლის მეურნეობის კვლევის სისტემის შესაბამისმა პროგრამამ.
მის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტი ერთმანეთში ცვლის გენეტიკურ რესურსებს და ახალი ჯიშების გამოცდას სხვადასხვა კლიმატურ ზონაში ახორციელებს.
ასეთი მრავალლოკაციური გამოცდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის რეგიონებს შორის კლიმატური განსხვავება ძალიან დიდია — ზღვისპირა შანდუნიდან მშრალ შაანსიმდე.
სამი პერსპექტიული ჩინური ჯიში
ჩინელმა სელექციონერებმა უკვე შექმნეს რამდენიმე ახალი ფორმა, რომლებმაც კომერციული პოტენციალი და უცხოურ ჯიშებთან კონკურენციის შესაძლებლობა აჩვენეს.
„ცინ ცუი“ (Qin Cui)
საშუალო-საგვიანო სიმწიფის ჯიში მიღებულია „ჩანფუ №2“-ისა და „ჰანი კრიპსის“ შეჯვარებით.
„ფუჯისთან“ შედარებით დაახლოებით ორი კვირით ადრე მწიფდება. გამოირჩევა მკვრივი, ხრაშუნა და წვნიანი რბილობით, მაღალი სიტკბოთი და არახელსაყრელი პირობებისადმი კარგი გამძლეობით.
„ჟუი სუე“ (Rui Xue)
გვიანმსხმოიარე ჯიშია, რომლის ნაყოფს მოყვითალო-მომწვანო ან კრემისფერი კანი აქვს.
მისი რბილობის სიმკვრივე დაახლოებით 10,66 კგ/სმ²-ს აღწევს, ხოლო შაქრიანობა 17,4%-ზე მეტია. ნაყოფს ახასიათებს მსუბუქი, დახვეწილი ვარდის არომატი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ხანგრძლივი შენახვის უნარია – შესაბამის ცივ პირობებში ნაყოფი თვეების განმავლობაში ინარჩუნებს ტენიანობას, მასას, ტექსტურასა და გემოვნურ თვისებებს.
„ლუ ლი“ (Lu Li)
ადრემწიფადი ჯიშია, რომელიც ჩინეთის ბაზარზე ძველ საადრეო ჯიშებს თანდათან ანაცვლებს.
მას ახასიათებს პრიალა წითელი კანი, შედარებით მარტივი მოვლა და ადრეული მოსავლის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, ფერმერს შეუძლია ხარისხიანი პროდუქცია ბაზარზე შემოდგომის ძირითადი სეზონის დაწყებამდე გაიტანოს.
სელექციიდან კომერციულ წარმოებამდე
სამივე ჯიშმა სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა, მიიღო საპატენტო დაცვა და კომერციული გავრცელების ეტაპზე გადავიდა.
ახალი ჯიშების გამრავლების უფლებებზე მოთხოვნა მაღალია. მაგალითად, „ცინ ცუის“ გავრცელების ერთ-ერთი ლიცენზია ჩინურმა აგროჰოლდინგმა დაახლოებით 12 მილიონ იუანად შეიძინა.
ახალი ჯიშების ფართობები იზრდება, ხოლო მათი ნაყოფი ჩინეთის სუპერმარკეტებში უკვე პრემიუმ-პროდუქტის სტატუსით იყიდება. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაცია წონით კი არა, ცალობით ხდება, რაც მაღალი ხარისხისა და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის მცდელობაზე მიუთითებს.
ჩინეთის ვაშლის სელექციის მთავარი სამეცნიერო ცენტრები
ჩრდილო–დასავლეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტი (NWAFU)
შაანსის პროვინციაში მდებარე უნივერსიტეტი ჩინეთში ვაშლის ახალი ჯიშების შექმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად ითვლება.
აქ მოქმედი სამეცნიერო ჯგუფების მიერ შეიქმნა „ცინ ცუისა“ და „ჟუი სუეს“ ჯიშები. უნივერსიტეტს ასევე აქვს სპეციალიზებული საცდელი სადგურები, მათ შორის ბაიშიუსა და ლოჩუანის სადგურები.
შანდუნის სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი ცნობილია ვაშლის სელექციის მიმართულებით ჩატარებული კვლევებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წითელრბილობიან ვაშლებს, რომლებიც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური ნაერთების, მათ შორის ფლავონოიდების, გაზრდილი შემცველობით.
ჟენჯოუს მეხილეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი
იგი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის (CAAS) სისტემაში შემავალი მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია და ქვეყანაში ხეხილოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოლექციას ფლობს.
CAAS-ის პომოლოგიის ინსტიტუტი, ლიაონინი
ეს ცენტრი ისტორიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულებაა თესლოვანი ხეხილოვანი კულტურების კვლევის მიმართულებით. იგი განსაკუთრებით მუშაობს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებისთვის ადაპტირებული ვაშლის ჯიშების სელექციაზე, სადაც კლიმატური პირობები შედარებით რთულია.
რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ ჩინეთის გამოცდილებიდან?
ჩინეთის მაგალითი აჩვენებს, რომ თანამედროვე მეხილეობის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ ახალი ჯიშების შექმნას არ გულისხმობს. წარმატებული სელექციური პროგრამა აერთიანებს ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებს, თანამედროვე ბიოტექნოლოგიას, მრავალწლოვან საველე გამოცდებს, კლიმატურ ადაპტაციას და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას.
საქართველოსთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კლიმატური პირობები — დაბლობიდან მაღალმთიან ზონებამდე — ქმნის შესაძლებლობას ადგილობრივი გენეტიკური რესურსების საფუძველზე შეიქმნას ისეთი ჯიშები, რომლებიც ერთდროულად იქნება გამძლე, მაღალხარისხიანი, ხანგრძლივი შენახვის უნარის მქონე და კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
ჩინეთში მიმდინარე ვაშლის სელექციის მასშტაბური პროგრამა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე მეხილეობაში ჯიში თავად ხდება ტექნოლოგიური უპირატესობის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი.
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე, ნაკლებად შრომატევადი, ხანგრძლივად შესანახი და გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე ვაშლი ფერმერს არა მხოლოდ მოსავლიანობის გაზრდის, არამედ წარმოების ხარჯების შემცირებისა და უფრო მაღალი საბაზრო ღირებულების პროდუქციის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ჩინეთის გამოცდილება განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსთვისაც, სადაც ადგილობრივი ვაშლის გენეტიკური რესურსების თანამედროვე სელექციურ პროგრამებთან დაკავშირებამ შესაძლოა მომავალში ახალი, ადგილობრივ პირობებზე მორგებული და საექსპორტო პოტენციალის მქონე ჯიშების შექმნას შეუწყოს ხელი.

