დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჩინური

საქართველოს ისტორიული ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში.

 თავისი ბოტანიკურ_ბიოლოგიური ნიშან_თვისებით ჩინური ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს განეკუთვნება და ამ მხარის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის, როგორც ძირითად სტანდარტულ ასორტიმენტს სამართლიანად უჭირავს წამყვანი ადგილი.

ქართლის მოსახლეობაში ჩინურის დამატებით სახელებად ცნობილი „კასპური“ და „კასპური თეთრი“ (კასპის რ_ნი). ამავე სახელებს ვხვდებით აგრეთვე მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაშიაც (7, 18).

თუ როდის წარმოიშვა ჩინური ქართლის ტერიტორიაზე ან როგორი ევოლუცია განიცადა მან საუკუნეთა მანძილზე, ამის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება.

ჩვენი ღრმა რწმენით იგი მსგავსად საქართველოს სხვა მრავალ აბორიგენულ ჯიშებისა წარმოშობილია ველური ვაზის ფორმათა ნაირსახეობიდან ბუნებრივი გამრავლების გზით, ხოლო შემდგომ პერიოდში მევენახეობის განვითარების შესაბამისად ადამიანის უშუალო ჩარევით მოხდა შერჩევის საშუალებით ჯიშის საბოლოო გაკულტურება და ლოკალიზება ქართლის ზონაში. ამაზე მიგვითითებს, პირველ ყოვლისა, მისი მორფოლოგიურ_ ბიოლოგიური  ნიშან-თვისებები როგორიცაა: ყლორტის აღნაგობა, ფოთლის ფორმა და მოყვანილობა, ყვავილის ტიპი და მტვრიანების რაოდენობა (ხუთზე მეტი), მტევნის აღნაგობა, მარცვლის ფორმა, ფერი და კონსისტენცია, წიპწების რაოდენობა მარცვალში და აღნაგობა. აგრეთვე ვაზის ზრდის სიძლიერე, ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა, სავეგეტაციო პერიოდის  ხანგრძიობა და ყურძნის დაგვიანებით დამწიფება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ქართლური ვაზის ჯიშებისათვის.

ჩინურის აბორიგენობის დამადასტურებელია აგრეთვე მისი წმინდა ქართული სახელწოდება „ჩინური“.

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით „მისი სახელი ყურძნის ამ ჯიშის მარცვლების ფერის მაუწყებელი უნდა იყოს“ და მართლაც, სრული მწიფობის პერიოდში ჩინურის ყურძენი იღებს რა მომწვანო_მოქარვისფრო ლამაზ შეფერვას, იგი ამ ფერით წააგავს „ზეთის ხილის ფოთლის ფერს“, რომელიც ძველ ქართლში „ჩინის“ სახელწოდებით იყო ცნობილი, ამრიგად, ქართველმა მევენახემ საქართველოს წიაღში წარმოქმნილ მკვიდრ ჩინურს მსგავსად სხვა ადგილობრივი ჯიშებისა, რომელთაც ფერის მაუწყებელი სახელები აქვთ შერქმეული (შავყურძენა და წითლანი _ გურიაში; ფერადი _ ქართლში, ფეროვანი _ რაჭაში, ჭითაშე _ სამეგრელოში და სხვ.), უეჭველია, მისი მარცვლის ფერის აღმნიშვნელი სახელი „ჩინი“ დაუდო საფუძვლად და აქედან მიაკუთვნა მას სახელი ჩინური.

ქართლის მოსახლეობა მას „ჩინებულსაც“ უწოდებს, რადგან დასახელებულ ჯიშს ახასიათებს მთელი რიგი დადებითი ნიშნები (ძლიერი ზრდა, უხვი მოსავალი, ლამაზი აღნაგობის მტევანი და მარცვალი, ყურძნის შენახვის კარგი უნარი და ტრანსპორტაბელობა), სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ საკმაო გამძლეობა, ხოლო მისგან დამზადებულ ღვინოს კი მაღალი ხარისხი. ყველა ამ თვისებათა გამო შეარქვეს მას როგორც ჩინებულ ჯიშს _ ჩინური.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ჩინური ფართო მასივების სახით იყო წარმოდგენილი შუა ქართლში, ძირითადად კი გორისა და კასპის რაიონებში.

როგორც გადმოგვცემენ, მისი პროდუქცია განკუთვნილი იყო როგორც ყურძნად მოსახმარად, ისე მაღალხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასაყენებლად, რომელიც იმ დროს ცნობილი იყო ე.წ. „ატენური ღვინის“ სახელწოდებით.

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მოქმედებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საერთოდ ქართლის ვენახების ფართობი, რის შედეგადაც ჩინურის გავრცელების არეალიც მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, იგი უფრო მეტი რაოდენობითაა შემორჩენილი საკუთარ ძირზე ქართლის მევენახეობის რაიონებში, რაც უეჭველია გამოწვეულია ამ ჯიშის შედარებით გამძლეობით სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ.

დასახელებულ რაიონებში ჩინური ძირითადად დაბლარადაა წარმოდგენილი, ხოლო ზოგიერთ მიკროუბნებში _ ხეივნებად.

ქართლის რაიონებში საკარმიდამო ნაკვეთებზე და ნაწილობრივ საკოლმეურნეო ფართობებზედაც ჩინური უმთავრესად საკუთარ ძირზეა გაშენებული.

ბოტანიკური აღწერა

ჩინური აღწერილია გორის რაიონის სოფ. ხიდისთავში, სკრის საცდელი სადგურის ხიდისთავის ექსპერიმენტულ ბაზაზე და შესადარებლად სოფ. წედისში ვ. ბესტავაშვილის ნაკვეთზე.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ღია მწვანეა და ოდნავ შებუსვილია მოთეთრო_მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. პირველი და მისი მომდევნო მეორე ახლადგაშლილი ფოთოლი როგორც ზედა, ისე ქვედა მხრიდან, უმთავრესად ძარღვებს შორის არეებში მცირედ არის შებუსვილი ზედა მხრიდან. ეს ფოთლები ღია მწვანეა მოწითალო ან მოყავისფრო ელფერით. ფოთლის ნაპირები კბილებით შიშველია და ბრჭყვიალა და როგორც ზედა, ისე ქვედა მხრიდან გადაჰკრავს მოწითალო მოვარდისფრო ელფერი.

მეორე ფოთოლზე ეს შეფერვა უფრო ძლიერ არის გამოსახული.

სწორედ ამ ნორჩი ფოთლების სისხლისებრ_მოწითალო და მოყავისფრო_ბრინჯაოსებრი შეფერვით განსხვავდება ჩინური სხვა დანარჩენი ადგილობრივი ჯიშებისაგან.

ასეთივე შეფერვა ახასიათებს მეორე ფოთოლს, რომელიც მხოლოდ ქვედა მხრიდან ძარღვებს შორის არეებშია ოდნავ შებუსვილი, ზედა მხრიდან კი შიშველია.

მომდევნო ფოთლების შეფერვა ღია მწვანეა და შებუსვაც ზედა მხრიდან სრულიად არ ემჩნევა, ქვედა მხრიდან კი ეს შებუსვა უმნიშვნელოა და ისიც ძარღვების გასწვრივ.

ნორჩი ყლორტის ფოთლების ყუნწი და პწკლების ქვედა ნაწილიც მცირედ არის შებუსვილი, რაც თანდათანობით მცირდება ფუძის მიმართულებით. ფოთლის ყუნწს ცალი მხრიდან ხშირად მოწითალო-ბრინჯაოსებრი ელფერი გადაჰკრავს.

ახალგაზრდა ყლორტი (13-15 სმ) მრგვალია და მზის მხრიდან ღია მომწვანოა. მცირედ შებუსვილია მოთეთრო_ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით. ყლორტის ფუძისაკენ ეს შებუსვა თანდათან ქრება.

ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია, მომრგვალო მოყვანილობისაა და სრული მწიფობის პერიოდში ღია მოყავისფროა ან მუქი მიხაკისფერი. რქას მუქი, საკმაოდ ბრტყელი ზოლები ახლავს. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისის სიგრძე 6_13,5 სმ აღწევს. საშუალოდ იგი 7-9 სმ უდრის.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული მომრგვალო ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. მისი საშუალო სიგრძე 16,5-17,8 სმ, სიგანე 16,4-17,5 სმ აღწევს.

სრული განვითარების პერიოდში ფოთოლს ღია მწვანე-მოყვითალო შეფერვა ახასიათებს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და უფრო ხშირად თაღისებრია კვადრატული ფუძით; იშვიათად კი _ ჩანგისებრია მიახლოებული ნაპირებითა და მომრგვალო ფუძით. ფუძეზე ზოგჯერ განვითარებულია ერთი უბრალო კბილი; იშვიათ შემთხვევაში ამონაკვეთი დახურულია და კვერცხისებრი მოყვანილობისაა.

ზედა ამონაკვეთი საკმაოდ ღრმად ჩაჭრილია ან შეჭრილ კუთხესა ქმნის, ზოგჯერ იგი დახურულია და ელიფსური ან კვერცხისებრი მოყვანილობისაა, რომლის ფუძე ხშირად მახვილია.

ქვედა ამონაკვეთი უფრო ზეზეურია და ხშირად მცირედ ჩაჭრილია. იშვიათად იგი საკმაოდ ღრმად არის ჩაჭრილი.

ფოთოლი მასობრივად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანიც გვხვდება. წვერის ნაკვთი ხშირად ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად _ სწორს. ნაკვთების წვერის კბილები განიერი სამკუთხედისებრია, ზოგჯერ ჩვეულებრივი სამკუთხედისებრი, ამოზნექილი გვერდებით და მომრგვალო წვერით. მეორადი კბილები უფრო ვიწროა და სამკუთხედისებრია, ხშირად მომრგვალებული წვერი აქვს. ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ღარისებრია ან ძაბრმაგვარ-ღარისებრი, ზემოთ აწეული ნაპირებით. მისი ზედა მხარე შიშველი და გლუვია, ზოგჯერ ბადისებრ არის დანაოჭებული. ქვედა მხრიდან, განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივ, მოკლე ბეწვებიანი ბუსუსითაა დაფარული. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,9-1,0 უდრის, მოწითალო-ოვარდისფროა, ხოლო ფუძესთან მოწითალო-ვარდისფერია. ყუნწი ოდნავ შებუსვილია მოკლე ბეწვებიანი ბუსუსით.

 ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. მტვრიანები ხშირად ბუტკოზე გრძელი ან მისი ტოლია და გაშლისას იგი ბუტკოდან საკმაოდ იხრება. ყვავილში მასობრივად 5-6 მტვრიანაა. ზოგჯერ გვხვდება აგრეთვე 7 მტვრიანაც. ყვავილედში ყვავილების რიცხვი საშუალოდ 200-350-მდე აღწევს. მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3-5,5 სმ აღწევს, რომელიც ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის მუხლის შუამდე გახევებულია; დანარჩენი ნაწილი კლერტით ღია მომწვანო-მოყვითალოა.

მტევანი უფრო ხშირად ცილინდრულია; ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური და ფრთიანი მტევანიც გვხვდება. ფრთა ხშირად აღწევს მტევნის სიგრძის ნახევრამდე. ჯიშს ახასიათებს საშუალო სიკუმსის მტევნები, ხოლო ზოგჯერ კუმსი და თხელი აღნაგობის მტევნებიც გვხვდება. მისი სიგრძე 14,2-დან 23 სმ- მდე აღწევს. საშუალოდ იგი 17-18 სმ უდრის, სიგანე 6,5-დან 13,5 სმ-მდე მერყეობს, საშუალოდ კი 9-10 სმ უდრის.

 მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 4,5-9,5 მმ აღწევს, იგი მწვანეა, საჯდომი ბალიში უხვად დაფარულია მეჭეჭებით და ფორმით განიერი კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაო მტკიცედ არის მიმაგრებული.

სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი მომწვანო_მოყვითალო ან ღია ქარვისფერია. მზის მხრიდან კი კანზე დამწვრის-ფერი წვრილი ლაქები უვითარდება. იგი საშუალო სიდიდისაა და ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. საშუალოდ მისი სიგრძე 14-18 მმ, სიგანე 13-17,5 მმ აღწევს. მსხვილი მარცვლის სიგრძე 20 მმ, ხოლო სიგანე 18,5 მმ შეადგენს. კანი რბილობს ადვილად ცილდება. მარცვალი ხორციანია და საკმაოდ წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი საკმაოდ უხვადაა დაფარული ცვილით.

 წიპწა. მარცვალში 1_4 წიპწაა, უფრო ხშირად გვხვდება 2 და 3 წიპწა. წიპწის სიგრძე საშუალო 5,87 მმ, ხოლო სიგანე 4,7_5,2 მმ უდრის და ღია ყავისფერია ოდნავ მოწითალო ელფერით. მუცლის მხრიდან ღარებში კი მოყვითალოა. ქალაძა ოდნავ ოვალური და მცირედ ამობურცულია, რომელიც მოთავსებულია ზურგის მხარეს შუა ნაწილში ან ოდნავ ზემოთ. ზურგის მხარე გლუვია, ქალაძასთან კი ოდნავ დანაოჭება ახასიათებს.

ნისკარტი ბაცი_მოყვაითალო ფერისაა, რომლის სიგრძე 2 მმ- მდე აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება გორის რაიონის სოფ. ხიდისთავისა და წედისის ზონაში ჩინურის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე შეადგენს 185-188 დღეს, ხოლო დოც. ნ. ჩახნაშვილის მიხედვით (18) სოფ. ატენში 191 დღეს არ აღემატება, დიღმის ზონაში კი (თბილისის გარეუბანი) ეს ხანგრძლიობა 180-182 დღით განისაზღვრება.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ტანას ხეობაში ჩინურის კვირტების განვითარება აპრილის შუა რიცხვებში მიმდინარეობს; ყვავილობა ხშირ შემთხვევაში ივნისის პირველ დეკადაში და მასობრივად მწიფობას იწყებს ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

შემოდგომის თბილი ამინდის პირობებში ფოთოლცვენა ჩვეულებრივ 20-25.XI-თვის მთავრდება. მაგრამ ზოგიერთ წლებში შემოდგომის ნაადრევი ყინვების მოქმედების შედეგად ფოთლები ვადამდე ადრე ცვივა (ზოგჯერ რთველის წინ ან რთველის პერიოდში), რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ყურძნის ღირსებაზე, ისე ვაზის მომავალ ზრდა-განვითარებაზე და როგორც სუფრის ღვინის, ისე საშამპანურე ღვინომასალა უმეტეს შემთხვევაში სრულიად უხარისხო გამოდის. როგორც წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, დიღმის მევენახეობის ზონაში ჩინურის ბიოლოგიური ფაზების დაწყება-დამთავრება რამდენიმე დღით ადრე ხდება, ვიდრე გორის რაიონში. გარდა ამისა შემოდგომის ყინვების მოქმედება ვაზზე უმნიშვნელოა, რის გამოც ჩინური ამ ზონაში ნორმალურად ამთავრებს ვეგეტაციის ნოემბრის მესამე დეკადაში.

ჩინურის კვირტის გაშლა, ყვავილობა და ყურძნის შეთვალება შიდა ქართლსა და კახეთში თითქმის ერთდროულად იწყება. მაგრამ ყურძნის სრულ სიმწიფეს ჩინური ქართლში მხოლოდ 15-20 ოქტომბრისათვის აღწევს, ხოლო კახეთში იგი 27-30 სექტემბერს აღარ სცილდება. ასეთი განსხვავება გამოწვეულია ქართლში ყურძნის რეპროდუქციის პერიოდში სითბოს მკვეთრი დაცემით, ხოლო კახეთში ამავე პერიოდში სითბოს თითქმის უცვლელობით.

 ვაზის ზრდა და რქის მომწიფება. ჩინურის ზრდის სიძლიერე საშუალოა, ხოლო სათანადო მოვლის პირობებში ძლიერი ზრდის უნარს ამჟღავნებს. ტანას ხეობაში (ხიდისთავი, ატენი) სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის მისი ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 2-2,5 მ აღწევს, რის გამოც მას ზოგჯერ ხეივნადაც აფორმებენ. თითქმის ასეთივე ზრდას ამჟღავნებს იგი მუხრანისა (მცხეთის რ-ნი) და დიღმის (თბილისის გარეუბანი) მევენახეობის ზონებშიაც ყურძნის მწიფობის პერიოდისათვის რქების 80-85% აღწევს სრულ სიმწიფეს, ხოლო ვეგეტაციის დასასრულისათვის 100%-ით მწიფდება.

მოსავლიანობა. სათანადო მოვლისას და ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში ჩინური უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.

მოსავლის პირველ ნიშანს ჩინური იძლევა დარგვიდან მეორე და უფრო ხშირად მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე_მეხუთე წლიდან. რქაზე ხშირად 2 მტევანი ვითარდება, იშვიათად გვხვდება ერთი და სამი მტევანიც. ერთი ძირი ვაზის მოსავალი 24_30 კვირტით დატვირთვისას საშუალოდ 2,5_4,0 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით (ჰექტარზე 3300 ძირი) შეადგენს 80_130 ცენტნერ ყურძენს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5 უდრის.

შემცვლელი კვირტებიდან განვითარებული ყლორტები საშუალოზე მცირე ზრდით ხასიათდება. მათი მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,1 აღწევს.

მიძინებული კვირტებიდან წარმოქმნილი ყლორტები ძლიერ ვითარდება, მაგრამ უმოსავლოა. ნამხრევი მცირე მოსავლიანია. დოც. ნ. ჩახნაშვილის ცნობით გორისა და კასპის რაიონებში ჩინურის მოსავლიანობა ჰა-ზე 60-70 ცენტნერს უდრიდა, ხოლო მუხრანის სასწავლო მეურნეობაში 40-55 ცენტნერს. თელავის საცდელი სადგურის ხუთი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით (1945-1949 წ.) თელავის ექსპერიმენტულ ბაზაზე ჩინურის მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,19, ხოლო ერთი ძირი ვაზის მოსავალი 3186 გ უდრის.

ქართლის ზოგიერთ რაიონში (თბილისის, მცხეთის) ჩინურს აფორმებენ ხეივნად. ამ შემთხვევაში მკვეთრად დიდდება მისი მოსავალი; ვაზი ამ წესით ფორმირებისას იტვირთება 5-6 სამამულე-სანაყოფით 45-60 კვირტის დატოვებით.

ამგვარი დატვირთვის მიუხედავად სათანადო მოვლის პირობებში იგი მძლავრად ვითარდება და უხვ მოსავალს იძლევა; ერთი ძირის მოსავალი საშუალოდ 10_12 კგ აღწევს.

ოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ გამძლეობა. ქართლის რაიონებში ჩინური სოკოვან ავადმყოფობათა და განსაკუთრებით ნაცრის მიმართ საკმაო გამძლეობას იჩენს; მთელ რიგ რაიონებში თბილისის გარეუბანი (მცხეთა, კასპი), სადაც კი ჩინური საკუთარ ძირზეა წარმოდგენილი, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებზე, მოსახლეობა გოგირდს ნაკლებად იყენებს. მიუხედავად ამისა ეს ავადმყოფობა ვაზებზე თითქმის შეუმჩნეველია. ჭრაქის მიმართ იგი უფრო მგრძნობიარეა – განსაკუთრებით დაბლობ და ტენიან ადგილებში, რის გამოც ბორდოს ხსნარით ვენახების 4-5-ჯერ შეწამლა სავალდებულო აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული. ქართული ვაზის ჯიშებს შორის ჩინური უფრო მეტ გამძლეობას იჩენს ფილოქსერის მიმართ. ამას ადასტურებს ზოგიერთ ადგილებში (მცხეთა, კასპი, გორი) საკუთარ ძირზე დღემდე არსებული ვაზის ნარგაობა. მაგრამ ამით მაინც არ შეიძლება საბოლოოდ დადგინდეს, ყველა ეკოლოგიურ პირობებში, ჩინურის საკუთარ ძირზე წარმოების შესაძლებლობა, რადგან როგორც სამართლიანად აღნიშნავს პროფ. ს. ჩოლოყაშვილი ეს ჯიშიც საბოლოოდ ვერ უმკლავდება ფილოქსერის დამღუპველ გავლენას. ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა წარმოებდეს ჩინურის საკუთარ ძირზე გავრცელება.

არემო პირობებისადმი დამოკიდებულება. ეკოლოგიური პირობებისადმი ჩინური არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას. იგი წარმატებით ვითარდება როგორც დავაკებულ და ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობებსა და ქვა-ღორღიან ადგილებზე. ჩინური მნიშვნელოვან განვითარებას და უხვ მოსავალს იძლევა, როგორც მძიმე თიხნარ, ისე თიხნარ-ქვიშიან და კალციუმის კარბონატების შემცველ ნიადაგებზე, მაგრამ მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა მდინარეთა ხეობების სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ადგილებზე, რომელთა ქვედა ჰორიზონტში კალციუმის კარბონატები და წვრილი ქვები (ღორღი) საკმაო რაოდენობითაა წარმოდგენილი.

ჩინურის აფინიტეტის შესასწავლად ასპ. რ. კიკაჩეიშვილის მიერ ჩატარებული იქნა ცდები შეხორცების ინტენსივობაზე. გამოირკვა, რომ ჩინური როგორც აგროტექნიკური, ისე ანატომიური ნიშნებით შეხორცების კარგ მაჩვენებელს იძლევა ბერლანდიერიXრიპარია 5ბბ და რიპარიაXრუპესტრის 3309_თან. ჯიში ადვილად ეგუება როგორც გრძელ, ისე მოკლე სხვლას, აგრეთვე მცირე და დიდი დატვირთვის ფორმებს. ამრიგად, ჩინური წარმატებით შეიძლება გაფორმდეს როგორც დაბლარად შპალერზე, ისე ხეივნად. გასხვლის უკეთესი წესისა და ფორმირების საკითხის შესასწავლად კვლევითი მუშაობა ჩაატარა რ. კიკაჩეიშვილმა დიღმის მეურნეობაში. ამ მიზნით გასხვლა წარმოებდა რქაზე 2-3, 5-6, 8-9, 11-12 და 13-14 კვირტის დატოვებით. თითოეული ვაზის საერთო დატვირთვა შეადგენდა 16 კვირტს. როგორც მიღებული მონაცემებით მტკიცდება დასახელებულ ვარიანტებიდან უკეთეს შედეგს იძლევა ვაზის სანაყოფის 8-9 კვირტზე გასხვლა, რაც 2-3 კვირტზე გასხვლულთან შედარებით 36-37%-ით, ხოლო 13-14 კვირტზე გასხულთან 15%- მდე ადიდებს მოსავალს. 8-9 კვირტზე გასხლულ სანაყოფის მტევნის საშუალო წონა, მსხმოიარობის კოეფიციენტი, ვაზის საერთო მოსავალი და სხვა მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ამიტომ ვაზის დატვირთვისას მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული სანაყოფეთა რაოდენობის გაზრდა და თითოეული მათგანის 8-9 კვირტზე გასხვლა. აღნიშნული წესი შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე ყველა იმ ჯიშზე, რომელთაც ჩინურის მსგავსი ზრდა-განვითარება ახასიათებს.

გასხვლის ფორმებიდან გამოიცადა ცალმხრივი და ორმხრივი შპალერი, ორმხრივი კორდონი 4 და 6 სანაყოფით და მრავალსაკავებლიანი ფორმა 4-8 სანაყოფე რგოლით.

ვაზების დატვირთვა მერყეობს ფორმირების შესაბამისად 12-დან 70 კვირტამდე. როგორც დადასტურდა, მცირედ დატვირთული ვაზების დიდ დატვირთვის ფორმებზე გადაყვანით დიდდება მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა და სამაგიეროდ მცირდება განვითარებული და მოსავლიანი ყლორტები.

განსაკუთრებით ეს მკვეთრად ჩანს ვაზის გადატვირთვის შემთხვევაში. დატვირთვის გადიდებით დიდდება აგრეთვე ერთმტევნიანი და, სამაგიეროდ მცირდება ორმტევნიანი ყლორტების რაოდენობა. ვაზის 36-0 კვირტამდე დატვირთვით დიდდება მტევნების რიცხვი, მსხმოიარობის კოეფიციენტი, მტევნის საშუალო წონა, ანასხლავის წონა და სხვა მაჩვენებლები. დატვირთვის შემდგომი მატებით მცირდება საერთო მოსავალი, დაბალი ხარისხის პროდუქცია მიიღება და ვაზი კნინდება. აღნიშნულ ვარიანტებიდან ჩინურისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მრავალსაკავებლიანი ფორმა 36-40 კვირტების დატოვებით და ორმხრივი შპალერი 20-24 კვირტით.

როგორც წესი დიდი დატვირთვის ფორმებს საფუძვლად უნდა დაედოს აგროღონისძიებათა მთელი კომელექსის დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება. საკარმიდამო ნაკვეთებზე  გაშენების შემთხვევაში ჩინურისათვის წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ხეივნური ფორმა, რაც ისტორიულად უკვე გამოცდილია და დანერგილი წარმოებაში.

ამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულების მიხედვით ჩინურის პროდუქცია განკუთვნილია ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასაყენებლად და საკუპეჟე მასალად ქართული შამპანური ღვინის დასამზადებლად. ჩინური გამოიყენება აგრეთვე სასუფრე ყურძნად.

ამრიგად ქართლის თეთრყურძნიან ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის მას სამართლიანად უჭირავს წამყვანი ადგილი.

ტანას ხეობაში და განსაკუთრებით წედისის ზონაში გავრცელებულია, ე.წ. ყვითელი ჩინური. იგი ჩინურის ნარგაობაში მინარევის სახითაა წარმოდგენილი. მას ახასიათებს უფრო ძლიერი ზრდა, მსხვილი ბარაქიანი მტევანი, მომსხო, მოყვითალო ხორციანი მარცვლებით. გარეგნული შეხედულებით და გემური თვისებებით ყვითელი ჩინური სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი მცირემოსავლიანია. ჯიშის საბოლოო შეფასება და დარაიონება. ჩინურის პროდუქციის მრავალი წლის შესწავლით დადასტურებულია, რომ მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება, როგორც სუფრის ღვინის დასაყენებლად, ისე შამპანურ წარმოშობაში. მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის დასაყენებლად ჩინურის რთველი უნდა ჩატარდეს ქართლის ცენტრალურ რაიონებში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან (15-20.X); ამ დროს ყურძნის შაქრიანობა ნორმალურია 21-22%, ხოლო საერთო მჟავიანობა კი 8-9‰ უდრის. საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად რთველი ოქტომბრის პირველ დეკადაში (შაქარი 18%, მჟავიანობა 9-10‰) უნდა ჩატარდეს.

ჩინურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სუფრის ყურძნადაც. ამაზე მიგვითითებს მტევნის გარეგნული სილამაზე, მარცვლის ფერი, სიმსხო, სუფრის ყურძნისათვის დამახასიათებელი კონსისტენცია და საკმაოდ მაღალი გემური თვისებები, მისი შენახვის უნარი და საკმაოდ კარგი ტრანსპორტაბელობა.

გასხვლის ფორმებიდან, საწარმოო ვენახებში, ჩინურისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ქართული ორმხრივი შპალერი და მრავალსაკავებლიანი ფორმა. საკარმიდამო ნაკვთებსა და გზებზე ჩინური წარმატებით შეიძლება ფორმირებული იქნეს ხეივნად, რაც სილამაზის გარდა მნიშვნელოვნად მეტ მოსავალს მოგვცემს, ვიდრე დაბლარად გაშენებული ვენახი. ჩინურის შემდგომი გავრცელება ქართლის რაიონებში მისი პროდუქციის გამოყენების მიხედვით უნდა იქნეს წარმოებული.

შიდა ქართლის ძირითად ხეობებში (ტანას, მეჯუდის, ლეხურას, ლიახვის, ქსნის, არაგვის) მისი გავრცელება უნდა წარმოებდეს ხარისხოვანი სუფრის ღვინის მისაღებად. ამავე ხეობათა მთისპირა ტერასებზე და უფრო მაღალმთიან ზონებში (ხაშურის, ქარელის), აგრეთვე მესხეთის რაიონებში (ახალციხე, ასპინძა) ძირითადად საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე,

„საქართველოს ამპილოგრაფია“