მე და ჩემი სოფელიმედიაფერმერი ფერმერს

ჩურჩხელის დამზადების ტრადიციული ხერხი და ორიოდე რჩევა ჩურჩხელის მოყვარულთათვის

ჩურჩხელა გარდა იმისა, რომ გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი ნუგბარია, სასარგებლოცაა. თათარა კალიუმით მდიდარია და გულის კუნთის მუშაობას უწყობს ხელს, კაკალი კი დადებითად მოქმედებს ძვლის ტვინსა და ელენთაზე. კაკალი ტვინის საუკეთესო მკვებავიც არის, ამიტომ გვირჩევდნენ ბებიები, გამოცდების წინ ჯიბეში ჩურჩხელა ყოველთვის უნდა გედოთო.

ყურძნის ნახარში ტბილისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.

მასალა:

მაგალითად: 4 ლიტრ ბადაგს სჭირდება 1 კგ ფქვილი, 700 გრამი ნიგოზი ან თხილი

დამზადება:

ნიგვზის ლებნები მეოთხედებად დავყოთ და ზურგით ზევით ავასხათ ორმაგად გაკვანძულ მსხვილ ბამბის ძაფზე.

ბადაგის ნახევარი ავადუღოთ, მეორე ნახევარში მიქსერის ან სათქვეფის საშუალებით კარგად გავხსნათ ფქვილი და ჩავუმატოთ ცხელ-ცხელ ბადაგს, თან ვურიოთ.

თათარას მუდმივად ვურევთ ხის კოვზით, სანამ  მასა შეიკვრება, შემდეგ დაბალ  ცეცხლზე დავდგათ და ხანდახან ამოვურიოთ.

დაახლოებით 40 წუთში თათარა შემოსული იქნება. გემო გავუსინჯოთ, მზად არის თუ არა

თათარას ფქვილის გემო არ უნდა ჰქონდეს.

თითოეული ნიგვზის აცმა უნდა ჩავდოთ თათარიან ქვაბში, ზემოდან ხის კოვზით დავაწვეთ და სწრაფი მოძრაობით ამოვავლოთ  ჩურჩხელები თათარაში.

ჩურჩხელები უნდა გავკიდოთ ხის ძელზე და დაახლოებით 9-10 დღის განმავლობაში გავაჩეროთ ისეთ მშრალ ადგილზე, რომელიც კარგად ნიავდება, გაშრობის შემდეგ შევინახოთ.

სასარგებლო რჩევა ჩურჩხელის მოყვარულებს

ჩურჩხელის მოსამზადებლად ჩვენი წინაპრები წყლის წისქვილზე დაფქულ რუხ ფქვილს იყენებდნენ, რაც ჩურჩხელის სირბილეს უზრუნველყოფდა და დიდხანს ინახავდა.

ამ ნუგბარის მომზადების მეორე აუცილებელ პირობას ბადაგი წარმოადგენს – ამისთვის  ყურძნის ტკბილი იმდენ ხანს უნდა ვადუღოთ, სანამ, სულ მცირე, არ განახევრდება. კიდევ უკეთესია 1/3-ზე დადუღებული ბადაგის გამოყენება.

აქვე დავურთავ რამდენიმე საინტერესო რჩევას,  რომელიც ჩვენს მკითხველს კარგი ჩურჩხელის არჩევისთვის გამოადგება.

1. კარგი ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თვითონ გამოყოფს გლუკოზას და იფარება თეთრი ფენით, რომელიც ფქვილისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ჰაეროვანი სტრუქტურა აქვს.

2. კარგი ჩურჩხელა ადვილად უნდა ტყდებოდეს. კარგად დააკვირდით, თუ მას სიგრძეზე აქვს ბზარი, ესე იგი ბადაგი ნაკლებადაა ნახარში და ჩურჩხელაც აუცილებლად გამაგრდება, ხოლო თუ სიგანეზე აქა-იქა გადატეხილია – მაშასადამე, ხარშვა გადამეტებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩურჩხელის პრობლემა მხოლოდ მის შესახედაობაში მდგომარეობს.

3. ჩურჩხელა დიდხანს რომ არ გამაგრდეს, უნდა გავახვიოთ ბამბის ქსოვილში, შემდეგ ცელოფანში და მშრალსა და გრილ ადგილას შევინახოთ. ახალი ჩურჩხელა რამდენიმეჯერ უნდა ამოვიღოთ,  გავანიავოთ და კვლავ შევინახოთ. ასე თავს დავიზღვევთ მისი დაობებისაგან.

წყარო: ჟურნალი „გემრიელი”