დაფნის წარმოება საქართველოში
სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობაში, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების შემდეგ, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაფნის კულტურას უჭირავს, რომელსაც მრავალმხრივი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
მედაფნეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. დაფნის ძირითად სასაქონლო პროდუქციას წარმოადგენს მშრალი ფოთოლი, რომელსაც სურნელოვანი ეთეროვანი ზეთის შემცველობის გამო ფართოდ იყენებენ: კვების მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში და სხვა დარგებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ დაფნის ფოთოლში არის სასიამოვნო სურნელოვანი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ცინეოლი, პინენი, ლიმონენი, კომფენი, ფელანდრენი, საბინენი, მირცენი და სხვა.
შავი ზღვის სანაპირო ზოლში, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიულ ზონაში შემორჩენილია დაფნის ბუნებრივი ტყეები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ იგი საქართველოს აბორიგენული კულტურაა. ამ ტერიტორიებზე არის დაფნის წარმოებისათვის საუკეთესო ნიადაგობრივი პირობები. ამით იყო გამოწვეული, რომ 1950-1965 წლებში დაფნის პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალს, რომლის ძირითადი მომხმარებლები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყო, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ეკონომიკის ძლიერებაში, მაგრამ საბჭოთა კავშირის იმ პერიოდის ზოგიერთ ხელმძღვანელთა ეკონომიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილების შედეგად, დაფნის საზღვარგარეთიდან შემოტანით, ქართული წარმოების დაფნა გასაღების ბაზრის გარეშე დარჩა, რის გამოც შემდგომ პერიოდში საქართველოში დაიწყო მედაფნეობის რენტაბელობის დაქვეითება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედაფნეობისადმი ყურადღების შესუსტებამ გამოიწვია მისი ძირითადი პროდუქციის — მშრალი ფოთლის ხარისხის დაცემა და მისი თვითღირებულების გაზრდა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენთან დაფნის წარმოების კონკურენტუნარიანობას, აფერხებს საზღვარგარეთ გატანილი პროდუქციის რეალიზაციას და ადაბლებს მედაფნეობის რენტაბელობას საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიოში დაფნის მშრალი ფოთოლის და ეთეროვანი ზეთის წარმოება საგრძნობლად ჩამორჩება მასზე მოთხოვნებს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებში უნდა იყოს გათვალისწინებული.
დღეისათვის, როდესაც საქართველოში ძირფესვიანად შეიცვალა აგრარული პოლიტიკა, საჭიროა მეურნეობრიობის პროგრესული ფორმების შერჩევა-დანერგვა, პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, ბაზრის კონიუნქტურის სწორად განსაზღვრა და სხვა.
ზემოთაღნიშნული მიმართულებების შესაბამისად საჭიროა მედაფნეობაშიც მოხდეს შესაბამისი ცვლილებები, რაც განვითარების დიალექტიკის თვალსაზრისით ობიექტური მოვლენაა. მედაფნეობის შემდგომი განვითარებისა და რენტაბელობის ამაღლების მიზნით საჭიროა შემდგომი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება.
— დაფნის კულტურის მაღალმოსავლიანი, ადვილადმექანიზებადი და მაღალეთერზეთოვანი ჯიშების წარმოებაში დანერგვა;
— დაფნის ძირითადი პროდუქციის — მშრალი ფოთლის წარმოების რაციონალური ენერგორესურსდამზოგი ტექნოლოგიის დამუშავება და წარმოებაში დანერგვა;
— ტექნოლოგიური ოპერაციების ოპტიმალური აგროტექნიკის და რეჟიმების შერჩევა;
— მძიმე შრომატევადი ოპერაციების მექანიზაცია და ავტომატიზაცია.
აღნიშნული ღონისძიებების კომპლექსური გადაწყვეტა და მათი პრაქტიკული განხორციელება საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ დაფნის პროდუქციის თვითღირებულება და მედაფნეობა კვლავ გავხადოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მაღალრენტაბელურ დარგად.
ცნობილია, რომ დაფნის ფოთოლში ეთერზეთების შემცველობა 0.08%-დან 2,00%-მდე მერყეობს, რითაც მეწარმეს ეძლევა შესაძლებლობა, დაფნის პლანტაციის გასაშენებლად მაღალი რაოდენობით ეთერზეთების შემცველი ფორმები გამოარჩიოს. სამეცნიერო და ლიტერატურული წყაროებიდან ირკვევა, რომ საქართველოში გვხვდება კეთილშობილი დაფნის როგორც ველურად გავრცელებული ფორმები, ასევე კულტურული ნარგავები, რომლებიც მრავალფეროვანი ფორმებით ხასიათდება.
სუბტროპიკულ რაიონებში გამოვლენილია დაფნის მცენარის 10 სხვადასხვა ფორმა, რომლებიც ხასიათდებიან შემდეგი თავისებურებით:
- Lancifolia, რომელიც ხასიათდება ვიწრო ფოთლებით, კიდეები ტალღისებური, სიგრძე 8-10 სმ, სიგანე 2,5 სმ-მდე, წვერო წაგრძელებული, მახვილბოლოიანი, ყუნწის სიგრძე 0,8-1 სმ-მდე. აქვს მუქი მწვანე ფერი. ბუჩქი კომპაქტურია. ყვავილობა უხვი. ნედლი ფოთლის საშუალო მასა 0,7 გ. გამოირჩევა მაღალი არომატით. ნაყოფი წვრილია, კონუსური, მწიფდება ნაადრევად ოქტომბრის თვეში. დაფნის ასეთი ფორმა გავრცელებულია სოჭის, ადლერის და დაგომისის რაიონებში.
- Latifolia, ფოთლები ფართო და გრძელი, მკვრივი, გვერდები მსუბუქად დატალღული, მახვილი წვერით, ფოთლის ფერი მუქი მწვანე. ყუნწის სიგრძე 0,8 სმ-მდე. ბუჩქი ხშირფოთლოვანი სუსტად გაშლილი. ფოთლის საშუალო მასა 0,83 გ.
- Undulata, ფოთლები გრძელი ლანცეტისებრი,სიგრძით 10-12 სმ-ია, სიგანით 3-3,5 სმ. ყუნწის სიგრძე 0,8 სმ. ფოთლის კიდეები ძლიერ ტალღისებური, წვერო წაგრძელებული და მახვილი, მცენარე კომპაქტურია, ხშირფოთლიანი, ნედლი ფოთლის მასა 0,85 გ. ეს ფორმა გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით სოჭის მიდამოებში.
- Mikropphulla. ფოთლები შედარებით პატარა, სიგრძით 5-7 სმ-მდე, სიგანით 2-3 სმ. ყუნწის სიგრძე 0,8 სმ. ფოთლის ფერი ღია მწვანე. ფოთლის ფორმა ლანცეტისებრია, კიდეები ბრტყელი. ფოთლის საშუალო მასა 0,35 გ. ბუჩქის ვარჯი კომპაქტურია, ყვავილობა უხვი, ასეთი ფორმა იშვიათად გვხვდება.
- Ovalifolia. ფოთლები გრძელი ოვალისებრია, ზოგჯერ მომრგვალებული, მახვილი წვერით. დაფნის ეს ფორმა აღწერილია გ. ვოლოშინის მიერ ჯერ კიდევ 1959 წელს, ფართოდ გავრცელებულია ყირიმში და წოდებულია მრავალფოთლოვან ფორმად. ფოთლის სიგრძე 10-13 სმ-ია, სიგანე 6-7 სმ; ფოთლის კიდეები ოდნავ ტალღისებური, წვერო ოდნავ წამახვილებული. ფოთლის ფერი მუქი მწვანეა. ყუნწის სიგრძე 1,3-1,5 სმ. ნედლი ფოთლის მასა 1 გ. ვარჯი გაშლილია, ნათელია. ყვავილები განლაგებულია ამონაყარის მთელ სიგრძეზე, გვხვდება იშვიათად.
- Salicifolia. ფოთლები წვრილი და გრძელი წამახვილებული წვერით, ფოთლის კიდეები ბრტყელი, ფოთლის ფორმა წააგავს ევკალიპტის და ზეთის ხილის ფოთლებს, საშუალო სიგრძე 10-11 სმ-ია, სიგრძე 1,5-2,5 სმ. ფოთლის ფერი ღია მწვანეა, ყუნწი 0,5-0,6 სმ სიგრძისაა. ნედლი ფოთლის საშუალო მასა 0,57 გ. მცენარის ვარჯი გაშლილია, საშუალო სიხშირის შეფოთვლით, გვხვდება იშვიათად.
- Lagustifolia. ეს ფორმა აღწერილია ჯერ კიდევ 1938 წელს ფ. კალაიდოს მიერ. ფოთლები მომრგვალებული-კვერცხისებრი ფორმისაა, კიდეები ბრტყელი, ფოთლის წვერო წამახვილებულია. ფოთლის საშუალო სიგრძე 8,3 სმ-ია,სიგანე 4,0სმ, ფერი მუქი მწვანეა, ფოთლის ფირფიტა ხისტია. მცენარის ვარჯი კომპაქტურია, ხშირი ფოთლის საშუალო მასა 0,73 გ.
- Pallidus. ფოთლები ნათელი მოყვითალო-მწვანე ფერის, ზოგჯერ თითქმის ყვითელია, აღწერილია ე. სვანიძის მიერ 1951 წელს, ფ. კალაიდოს მიერ 1938 წელს და მ. ვოლოშინის მიერ 1959 წელს. ფოთლის ფირფიტა შედარებით დიდია, ძალიან თხელია, მოგრძო ოვალისებრია, კიდეები ტალღისებრია, სიგრძე 10-13 სმ-ია, სიგანე 4-5 სმ. ყუნწის სიგრძე 0,7 სმ-ია. ვარჯი გაშლილია. ნედლი ფოთლის მასა 0,74 გ. მცენარე დეკორატიულია, გვხვდება იშვიათად.
- Craindifolia. აღწერილია ე. სვანიძის მიერ 1951 წელს. მცენარის ფოთლის სიგრძე 6-12 სმ-ია, ამ ფორმის მცენარე ადლერის მიდამოებში ვ. ვორონცოვის მიერ არის შერჩეული, რომლის ფოთლის სიგრძე 16-18 სმ-მდეა, ხოლო სიგანე 6-7 სმ-ია, ფოთლის კიდეები ბრტყელია, ზოგჯერ ფოთლის სიგრძე 25 სმ-ს აღწევს, სიგანე კი 10-11 სმ-ია. ყუნწის სიგრძე 1,5 სმ-ია, ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა. ფოთლის საშუალო მასა 1,86 გ-ია. მცენარის ვარჯი გაშლილია.
- Ultimo microplhulla. ძლიერ წვრილფოთლოვანი ფორმაა. ფოთლის ფერი მუქი მწვანე, სიგრძე 2-3 სმ, სიგანე 0,8-1,5 სმ; კიდეები ოდნავ ტალღისებურია. პლანტაციაში გვხვდება ძალზე იშვიათად. ყვავილი ღია ყვითელი ფერისაა, ყვავილობს სხვა მცენარეებზე ერთი კვირით ადრე, ნედლი ფოთლის მასა 0,17 გ-ია. სამეურნეო თვალსაზრისით ასეთი ფორმის მცენარეები არარაციონალურია, ვინაიდან ფოთლის კრეფა და დამუშავება მეტად შრომატევადია.
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ ბოლო პერიოდში მცენარეთა შერჩევის მეთოდით მიღებულია დაფნის მცენარის ახალი ფორმა, რომლის ფოთლის სიგრძე 12-14 სმ-ია, სიგანე — 5 სმ. ფოთოლი თხელი — სისქით 0,2 მმ, ხოლო ფოთოლში ეთერზეთების რაოდენობა აღწევს 2,0%-ს. ამავე დროს მისი ბუჩქი ხასიათდება ხშირი დაფოთვლით და სიმეტრიულობით, მოვლა-მოყვანის და გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების მექანიზირების საშუალებას იძლევა.
დღეისათვის დაფნის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებებიდან საუკეთესო შემთხვევაში მექანიზირებულია: მცენარეთა შორის (რიგში) ნიადაგის გაფხვიერება, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლა, სასუქების ტრანსპორტირება და ნიადაგში შეტანა, ხოლო ისეთი რთული და შრომატევადი ოპერაციები, როგორიცაა: დაფნის ბუჩქების მძიმედ გასხვლა, მოსავლის აღების ოპერაციები (დაფნის ტოტების აჭრა, შეკონვა, მშრალი ღეროებიდან ფოთლის მოცილება, ფოთლების დახარისხება და სხვა) ხელით მიმდინარეობს.
მედაფნეობაში მექანიზაციის დაბალი დონე აისახება წარმოებული ფოთლის თვითღირებულებაში, რაც განპირობებულია იმითაც, რომ არსებული დაფნის პლანტაციები გაშენებულია არასამექანიზაციო სქემით, კერძოდ იგი გაშენებულია ვიწრო მწკრივებად და ფერდობ ადგილებზე. ამასთან დაფნის ბუჩქებიდან ძირითადად იჭრება ორწლიანი ნაზარდი ღეროები, რომლებიც დიდი ზომების გამო ძნელად ექვემდებარება მექანიზაციას.
საქართველოში კეთილშობილი დაფნის ფოთლის წარმოების ძირითადი შესასრულებელი ოპერაციები შემდეგია: ორგანული სასუქის (ნაკელი 50 ტ`ჰა, ან ტორფისა და ნაკელის კომპოსტი 80 ტ`ჰა.) შეტანა, წელიწადში ერთხელ; მინერალური სასუქების შეტანა (ფოსფორი 0,8 ტ`ჰა. კალიუმი 0,6 ტ`ჰა 2 წელიწადში ერთხელ), რიგთაშორისებში ნიადაგის საზამთრო გადაბარვა (ორგანული სასუქების შეტანით ტარდება 2 წელიწადში ერთხელ 16-18 სმ სიღრმეზე), მინერალური სასუქების დაქუცმაცება და შეტანა, აზოტოვანი სასუქების შეტანა ერთდროული კულტივაციით, რიგთაშორისების კულტივაცია (წელიწადში 4-ჯერ), სიდერატების თესვა, ფუნგიციდებით შეწამვლა (წელიწადში 3-ჯერ), შპალერული და ბუჩქისებრი პლანტაციების მძიმე გასხვლა, მოსავლის აღება ბუჩქებიდან (ერთი ან ორწლიანი ტოტების აჭრა), მოჭრილი ტოტების შეკონვა, კონების გატანა პლანტაციიდან და მათი დატვირთვა ავტომობილის ძარაზე, კონების ტრანსპორტირება საშრობ ფარდულებამდე, კონების აწონვა და საშრობ ფარდულებში შეტანა, შრობის პერიოდში კონების შებრუნება (2-3-ჯერ), მშრალი ღეროებიდან ფოთლების მოცილება, ფოთლების დახარისხება და ნარჩენი ღეროების გამოტანა ფარდულიდან და მათი დაწვა, წყალსაწრეტი არხების გაწმენდა (3-ჯერ), რიგთაშორისების გათიბვა და სხვა.
ზემოთ მითითებული ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ტექნოლოგიით:
I ინტენსიური ტექნოლოგია — დაფნის პლანტაციებში უდიდესი მოსავლისა და უმაღლესი ხარისხის ფოთლისა და ეთეროვანი ზეთის მიღების ტექნოლოგიური სისტემა.
მაღალი ტექნოლოგია დაფუძნებულია დაფნის საუკეთესო ჯიშების გამოყენებაზე, მცენარის კვებისა და მოვლის საუკეთესო პირობების შექმნაზე, რომელიც განაპირობებს მოცემული ჯიშის პოტენციალის 90%-ის რეალიზაციას. პლანტაციის ყოველწლიური მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ შეადგენს 27000-30000კგ-ს ნედლი მასის სახით, 8000-9000 კგ-ს მშრალი ფოთლის სახით;
II ინტენსიური ტექნოლოგია — დაფნის პლანტაციებში მაღალი მოსავლისა და ხარისხოვანი ფოთლის მიღების ტექნოლოგიური სისტემა.
ინტენსიური ტექნოლოგია დაფუძნებულია მაღალმოსავლიანი ჯიშის გამოყენებაზე, მცენარის კვების, მავნებლებისა და სარეველებისაგან დაცვის პირობების შექმნაზე, რომელიც განაპირობებს გამოყენებული ჯიშის პოტენციალის 70%-ის რეალიზაციას. პლანტაციის ყოველწლიური მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე იქნება 14000-1700კგ ნედლი მასა; 4000-5000 კგ. მშრალი ფოთოლი.
III ნორმალური ტექნოლოგია — დაფნის პლანტაციებში ნორმალური მოსავლისა და ფოთლის მიღების ტექნოლოგიური სისტემა დაფუძნებულია აგროლანდშაფტისა და ნიადაგის ნაყოფიერების მაქსიმალურ გამოყენებაზე, რომელიც განაპირობებს მცენარის პოტენციალის 40%-ის რეალიზაციას. პლანტაციის ყოველწლიური მოსავლიანობა ჰა-ზე იქნება 7000-10000 კგ. ნედლი მასა; 2000-3000 კგ. მშრალი ფოთოლი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაფნის წარმოება დღეისათვის საქართველოში არარენტაბელურია, ვინაიდან მისი შრომატევადი ტექნოლოგიური ოპერაციების მიუხედავად პროდუქციის ღირებულება ადგილზე დღეისათვის ძალიან დაბალია. დაფნის მიმღები საწარმოები მშრალ პროდუქციას ფოთლების სახით ღებულობენ დაბალ ფასებში (2-2,5 ლარი`კგ.), რაც, რა თქმა უნდა, სტიმულს უკარგავს დაფნის მწარმოებელ ფერმერებს.
მედაფნეობის რენტაბელობის ამაღლების მიზნით საჭიროა მშრალი ფოთლის წარმოების ენერგორესურსის დამზოგი ახალი უნარჩენო ტექნოლოგიისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო მანქანათა კომპლექსის დამუშავება და გამოყენება. აღნიშნული სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებული იქნა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჟამად საჭიროა მისი პრაქტიკული განხორციელება.
სპეციალიზებული მანქანათა კომპლექსის შექმნისა და მისი რაციონალური გამოყენების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს ადვილად მექანიზებული აგრონომიული ფონის შექმნა [ნ. ებანოიძე, „დაფნის წარმოების მექანიზაცია“. ქ. ქუთაისი, 2007წ.] ე.ი. ისეთი პლანტაციების გაშენება, რომლებშიც შესაძლებელი იქნება ენერგეტიკული და ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ამ პირობებს საფუძველი უნდა ჩაეყაროს ახალი პლანტაციების გაშენების დროს. კარგ შედეგს მოგვიტანს პლანტაციების შპალერული წესით გაშენება, რიგთაშორისებით 1,8-2 მ. არსებულ, ძველ პლანტაციებში საჭიროა ჩატარდეს რეკონსტრუქცია, ხოლო გადაბერებულ პლანტაციებში მიზანშეწონილია მძიმე გასხვლის ჩატარება, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ამაღლებას.
ნუგზარ ებანოიძე,
ტექნიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი;
ვლადიმერ მირუაშვილი,
ტექნიკის მეცნიერების აკადემიური დოქტორი