აგროსიახლეები

დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დელეგაციასთან, რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი ივანა ჟივკოვიჩი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ის სფეროები, სადაც UNDP-ის მხარდაჭერა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება სოფლის განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშესაწყობად.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს მრავალმხრივი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ გაეროსთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია გაეროს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე — მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში,“ — განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ეროვნული დონის კლიმატური ვალდებულებების შესრულება, კლიმატის ცვლილების შერბილება, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, ნარჩენების მართვა და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა. მხარეებმა ერთობლივად მიმოიხილეს თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა და განიხილეს მისი გაღრმავების გზები.

ივანა ჟივკოვიჩმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთან თანამშრომლობა წარმატებულია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს კოორდინირებული მუშაობა.

„ვაფასებთ საქართველოსთან 30-წლიან თანამშრომლობას. განვიხილეთ მიმდინარე პროექტები გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე,“ — განაცხადა ჟივკოვიჩმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე — თანამშრომლობას შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, მისი მოადგილე ნილს ქრისტენსენი, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.