აგროსიახლეები

დავით სონღულაშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

უმნიშვნელოვანესი იყო საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორთან შეხვედრა. 
ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რომელსაც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს მსოფლიოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოში ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული ბიუროს ვიცეპრეზიდენტის პოზიციაზე საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი (CVO) ვასილ ბასილაძე მეორე ვადით აირჩიეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს და მნიშვნელობას ამ ორგანიზაციაში.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა კოლეგა მინისტრებთან ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან და კენიიდან. შეხვედრებზე განვიხილეთ თანამშრომლობის ფარგლებში გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროინტეგრაცია. 2028 წლამდე ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს.