დარგებიმეფუტკრეობა

დედა ფუტკრის ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა

დედა ფუტკარი ოჯახის განსაკუთრებული წევრია – ის ოჯახის ერთადერთი რეპროდუქტორია და ოჯახის ყველა წევრი მისი შთამომავალია.
მის მიერ გამოყოფილი ფერომონების დახმარებით, დედა ფუტკარი აგრეთვე პასუხისმგებელია ოჯახის ერთიანობასა და მუშა ფუტკრებში კვერცხდებისა და სადედეების მშენებლობის ინსტინქტის დათრგუნვაზე.

დედა ფუტკრის ჯანმრთელობა და მისი ხარისხი ურთიერთდამოკიდებული საკითხებია და მათ შორის ზღვრის გავლება ხშირად რთულია.

მეფუტკრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ დედა ფუტკარი სკის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები წევრია. მაშინ, როდესაც მუშა ფუტკრები, საშუალოდ, ერთი თვიდან რამდენიმე თვემდე ცოცხლობენ, დედა ფუტკარმა, შესაძლოა, რამდენიმე წელი იცოცხლოს და რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეუფერხებლად უნდა უზრუნველყოს ოჯახში თაობათა ცვლა.

ამგვარად, თუკი მუშა ფუტკრის შემთხვევაში მისი, როგორც ოჯახის მხოლოდ ერთ-ერთი წევრის, ჯანმრთელობის საკითხი მხოლოდ „დროებითი პრობლემაა“, რადგან ის შედარებით მალე ბერდება, კვდება და სცილდება ოჯახს და იქვე ჩანაცვლდება ახალგაზრდა ფუტკრით, დედა ფუტკრის ავადმყოფობის გავლენა ოჯახის კეთილდღეობაზე შესაძლოა გაცილებით უფრო დრამატული აღმოჩნდეს.

დღეისთვის ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება დედა ფუტკრის გადამდები დაავადებების შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ ფუტკრის გადამდები დაავადებებიდან დედა ფუტკარი შესაძლოა ზიანდებოდეს ნოზემოზის, ვირუსული დაავადებების, ვაროოზისა და აკაროზისგან. გარდა იმისა, რომ დედა ფუტკარი ავადმყოფობს, შესაძლოა, ის თავად იყოს დაავადების აღმძვრელის გამავრცელებელი ოჯახის წევრებს შორის.

ფუტკრის ოჯახის ნებისმიერი დაავადება, პირდაპირ თუ ირიბად, უარყოფით გავლენას ახდენს ზრდასრული მუშა ფუტკრების ჯანმრთელობაზე, შესაბამისად მათ უნარზე – გამოიმუშაონ საკმარისი რაოდენობით ხარისხიანი რძე დედა ფუტკრისა და მოზარდი თაობის გამოსაკვებად.

დაავადებისგან დასუსტებული ოჯახი, გარემოში მაღალი ტემპერატურისას ვერ ახერხებს ბუდის სათანადოდ გაგრილებას, რაც დედა ფუტკრის ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი, მის სპერმათეკაში არსებული სპერმატოზოას სიცოცხლისუნარიანობა162 ზეც აისახება უარყოფითად სუსტი ოჯახი ზამთარსაც ფუტკრის მცირე გუნდით ხვდება, რაც ართულებს ბუდის გათბობას ცივ ამინდში. შესაძლოა, დაბალი ტემპერატურით გამოწვეული სტრესი ადრე გაზაფხულზე დედა ფუტკრის წარუმატებლობისა და მისი სახელდახელოდ ჩანაცვლების მიზეზი გახდეს.

დედა ფუტკრები მგრძნობიარენი არიან შხამების მიმართ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შხამებთან კონტაქტი, ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით, ყველაზე ხშირად სწორედ დედა ფუტკრებს უწევთ!

ფუტკრის ოჯახის ბუდის (ცვილი, თაფლი, ჭეო) აკარიციდებით დაბინძურება უარყოფითად აისახება დედა ფუტკრების მიღების პროცესზე: ტოქსინებით დაბინძურებულ აღმზრდელ ოჯახებში დაბალია დედების მიღების მაჩვენებელი სადედე ლარვების/ჭუპრის მაღალი სიკვდილიანობის გამო, გადარჩენილ დედებს კი სხეულის მცირე წონა აქვთ და მრავალი ხილული თუ უხილავი მორფოლოგიური ანომალია აღენიშნებათ.

ტკიპი ვაროას წინააღმდეგ გამოყენებული აკარიციდების აბსოლუტური უმრავლესობა, იქნება სინთეზური აკარიციდი თუ ორგანული მჟავა ან ეთერზეთი, მომწამლავია ფუტკრის ოჯახის ყველა წევრისთვის . მაგალითად, ფუტკრის ოჯახში ტაუფლუვალინატის გამოყენების შემდგომ ზრდასრულ დედა ფუტკრებში შეინიშნება მკვეთრად შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ტაუფლუვალინატის ხანგრძლივი და უწყვეტი გამოყენების შემთხვევაში კი, დედა ფუტკრები მალევე წყვეტენ კვერცხდებას და იღუპებიან.

დედა ფუტკარს, როგორც ოჯახის ერთადერთ რეპროდუქტორს, ევალება ადეკვატური რაოდენობით კვერცხდება, რაშიც მას ეხმარება:

-კვება საკმარისი რაოდენობის რძით, რომელსაც ძიძა ფუტკრების ამალა აწვდის;

– თავად დედა ფუტკრის ფიზიოლოგიური შესაძლებლობები — რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობა, კერძოდ:

ოვარიოლების და სპერმათეკაში სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოას რაოდენობა.

დედა ფუტკრის ხარისხსა და ჯანმრთელობას საფუძველი მისი გამოყვანისას ეყრება.

დედა ფუტკრის მიღების ტექნოლოგიის დარღვევა დაკავშირებულია მის არასრულფასოვან განვითარებასთან (ზომა/ წონა). მცირე წონის დედა ფუტკრებს, ოვარიოლების შედარებით მცირე რაოდენობის გამო, ხშირად კვერცხდების ლიმიტირებული შესაძლებლობა აქვთ.

არასათანადო დროს (სეზონზე) და ადგილას დედების მიღება კი არასრულფასოვან შეწყვილებასთან არის დაკავშირებული, სქესობრივად მომწიფებული მამალი ფუტკრების შესაძლო დეფიციტის გამო. მეთაფლე ფუტკრებში შეწყვილება ექსტრემალური პოლიანდრიის ფენომენით ხასიათდება, ნორმალურ პირობებში დედა ფუტკარი სამ ათეულამდე მამალ ფუტკართან წყვილდება . ამიტომ დედა ფუტკრების შეწყვილების დროის ერთადერთ მონაკვეთში – მათი გამოჩეკიდან მე-5-14 დღეების ფარგლებში, გარემოში საკმარისი რაოდენობით უნდა იყვნენ მამალი ფუტკრები, რომლებიც არ უნდა ენათესავებოდნენ დედებს.

გენეტიკურად არამონათესავე მრავალ მამალთან შეწყვილებული დედები შემდგომ უფრო მძლავრ და სიცოცხლისუნარიან ოჯახებს ქმნიან, ვიდრე მხოლოდ ერთ ან მცირე რაო46 დენობის მამლებთან შეწყვილებული დედა ფუტკრები.

დედა ფუტკრის სპერმატოზოას მარაგის სიცოცხლისუნარიანობასა და გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს პესტიციდებით მოწამვლა, რადგან ის ცვლისდედის ქცევას შეწყვილების დროს.

დედა ფუტკრებს მეფუტკრეები ხშირად იძენენ დედების მწარმოებლებისგან ან მაღაზიებში. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დედის შენახვისა და ტრანსპორტირებისას მოხდეს მისი ჯანმრთელობის დაზიანება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ტყვეობაში ყოფნისას არასრულფასოვანი კვება და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.

დედა ფუტკრის ზადის გამო მძლავრი და პროდუქტიული ოჯახები ხშირად სუსტი, სარემონტო ოჯახების რიგში გადაინაცვლებენ ხოლმე და მათი აღდგენა საფუტკრე მეურნეობის მოვლის ერთ-ერთი რუტინული ღონისძიებაა. მეფუტკრე ყოველთვის უნდა იყოს მზად დედა ფუტკრის პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლოა ძველი დედის ახლით ჩანაცვლებით ან, თუკი ამის შესაძლებლობა სეზონური ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია, მეფუტკრე მზად უნდა იყოს ოჯახის გასაუქმებლად მისი განადგურებით ან მის სხვა ოჯახთან მისაერთებლად, იმ პირობით, თუკი ორივე ოჯახი ჯანმრთელია.

დაუშვებელია ავადმყოფი ოჯახის გაერთიანება ჯანმრთელ ოჯახთან!

ერთ წელზე მეტი ასაკის დედა ფუტკრის ყოველწლიურად ჩანაცვლება ახლით მეფუტკრეობის სანიმუშო პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რადგან ეს საგრძნობლად ამცირებს დედის მიზეზით გამოწვეული პრობლემების სიხშირეს ფუტკრის ოჯახებში.

ოჯახის დათვალიერებისას დედა ფუტკრის სწრაფად პოვნისთვის, ასევე მისი წარმომავლობისა და ასაკის კონტროლისთვის რეკომენდებულია დედის ნიშანდება.

წყარო: მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება (სახელმძღვანელო)