მე და ჩემი სოფელირუბრიკები

დავუბრუნოთ დედა შვილებსა და შვილიშვილებს, სოფლიდან დედაბუდიანად აყრილები _ სოფელს

ძლიერი სოფლის გარეშე ქვეყანა წარმოუდგენელია. ქვეყანა, სადაც სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სოფელში ცხოვრება შეუძლებელია და მიაჩნია, რომ მათი შვილების და შვილიშვილების მომავალი ქალაქშია ან საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში ქვეყნის საძირკველი ირყევა, ქვეყანა სუსტდება, ფესვები, საიდანაც ჩვენ  მოვდივართ, ხმება და ნადგურდება და დღის წესრიგში დგება საკითხი: გადავარჩინოთ მამული, ენა, სარწმუნოება.

საქართველო ღვთისაგან დალოცვილი, ტრადიციულად სულიერად ძლიერი ადამიანური ურთიერთობით შემკული პიროვნებებით იყო და არის გარშემორტყმული.

დღეს საქართველო — ჩვენი სამშობლო, თითოეული ჩვენთაგანისაგან ითხოვს  თანადგომას, მხარდაჭერას როგორც  ფიზიკურად და მორალურად, ისე  მატერიალურად, რომ გავაცნობიეროთ რისთვის მოვედით და რა სიკეთე შეიძლება დავუტოვოთ ქვეყანას, რომ სამშობლოს ფესვები გავუმაგროთ.

ტყუილად როდი ამბობდა წმიდა ილია მართალი: „ყოველ დღეს„ შენ თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე!“

ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ერთმანეთს შევეჯიბროთ _ ვინ მეტს, ან ნაკლებ ფულს დააგროვებს, რამდენ  მრავალსართულიან სასახლეს ააშენებს, არამედ ,დღეს აუცილებელია, ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ მეტ აგურს დადებს სოფლის, იგივე სამშობლოს ფეხზე დასაყენებლად, შიდა და გარე მტრების გასანაწყენებლად.

წარმოუდგენელია ყოველ ჩვენთაგანს არ უყვარდეს საკუთაი მიწა-წყალი, ჩვენი კუთხე-მხარე, სადაც ღვთის ნებით გავჩნდით, მაგრამ გვავიწყდება ღმერთი, რას ითხოვს ჩვენგან? ის გვეუბნება: ვიყოთ ფრთხილად და გვიყვარდეს ერთმანეთი.

დღეს ჩვენი სამშობლოსთვის მთავარია თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა  უჰაერო სივრცეში 56-სართულიან ბინაში კი არ იცხოვრონ, არამედ უმჯობესია მადლიანი, ღვთისაგან დალოცვილი მიწის სურნელი შეიგრძნონ, რისთვისაც საჭიროა დაისახოს გზები არა იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებზე მთელი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ჩამოსულმა ტაქსის მძღოლებმა თავისუფლად იარონ ლუკმა-პურის საძებნელად, არამედ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავაბრუნოთ სოფლიდან გამოქცეული ოჯახის წევრები. ქმარი როგორ დავუბრუნოთ მეუღლეს, მამა როგორ დავუბრუნოთ შვილს და ბაბუა-შვილიშვილს, დედა როგორ დავუბრუნოთ მეუღლეს, შვილებსა და შვილიშვილებს, სოფლიდან დედაბუდიანად აყრილები _ სოფელს, რომ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციული ოჯახები.

სანამ ძალიან გვიან არ იქნება, დღევანდელი თაობა, ძირითადად ინტელიგენცია, ბიზნესმენები, ქალაქიდან გასული თანამოქალაქეები ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ არა იმაში, რომ შვილებსა და შვილიშვილებს ქალაქში გაუხსნან  საწარმოები და ააშენონ მრავალსართულიანი სახლები, არამედ იმაში, რომ ჩვენი წინაპრების მამა-პაპეულ სოფლებში გავხსნათ მცირე საწარმოები, შვილებსა და შვილთაშვილებს შევაყვაროთ მშობლემის მიერ კურთხეული მიწა-წყალი და ღვთის ნება შევასრულოთ.

 ნათქვამია: უპატრონო ეკლესიას ტურა-მელა დაესია. ნუ მივცემთ უცხოელებს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ მიწა-წყალს დაეპატრონონ. ჩვენ მომავალ თაობას ნუ დავუკარგავთ იმ განძს, იმ სიმდიდრეს, რაც ღვთის მიერ არის ბოძებული, რასაც სამშობლოს, მამულის სიყვარული ჰქვია.

ამ მიმართულებით დიდია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მე-2-ის როლი. იგი დღენიადაგ იღვწის ქართველების სულიერი ძლიერებისათვის. ამასთან დასაფასებელია  ევროკავშირის მიერ განხორციელებული გრანდიოზული პროექტები სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად. მათი დიდი სურვილია ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ თვითონ უნდა  მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღორძინების საქმეში, რაშიც ისინი არ იშურებენ მატერიალურ და მორალურ თანადგომას, რაც ჩვენის მხრივ მეტ პასუხისმგებლობას ითხოვს.

მისასალმებელია, რომ მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა სოფლის მეურნეობის აღორძინება, დაიგეგმა ბევრი ახალი პროექტი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სიკეთეს, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ ხორციელდება, რა თქმა უნდა, ისტორია არ დაკარგავს, ამიტომ ჩვენ ნუ ვკარგავთ ძვირფას დროს იმისათვის, რომ ხალხს  დავუმტკიცოთ, ვინ ვისზე უფრო მეტი გმირია სიკეთის ქმნაში, არამედ იმაზე, რაც არ ვიცით და ვერ ვაკეთებთ, რომ შევქმნათ ძლიერი ქვეყანა.

პროექტები, რომლებიც იგეგმება, რა თქმა უნდა მეცნიერულად უნდა იყოს დასაბუთებული, მაგრამ პრაქტიკაში მათი განხორციელებისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს გათვალისწინებული იქნას მშრომელი ხალხის, გლეხის შეხედულებები. ისინი, ხომ თვითნასწავლი აგრონომები არიან. ამასთან, მთავარია მათ ვინც ამ საქმეს უნდა გაუყძღვეს ჰქონდეს კვალიფიკაცია და სიყვარული სიკეთის ქმნისა.

დღევანდელი მთავრობა მოწოდებული უნდა იყოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სოფლის ცხოვრება გახდეს პრიორიტეტული, რასაც თითოეული ქართველის მეტი პროფესიონალიზმი, დიდი პატრიოტიზმი და ერთმანეთის მხარში დგომა სჭირდება.

ნარგიზ ღვინჯილია,

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი,

კოოპერატივ „ ჩაის სურნელის“

გამგეობის თავმჯდომარე