დედის რეკომენდაციით აირჩეული პროფესია
ეკა ილაური ახალგაზრდა ვეტერინარია, რომელმაც პროფესია დედის რეკომენდაციით აირჩია. იმის მიუხედავად, რომ ბებია-ბაბუა და მამა ვეტერინარები ჰყავს, ამ პროფესიაზე არასდროს ოცნებობდა. სწავლის პერიოდში მიხვდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ცდილობდა, საფუძვლიანად შეესწავლა სპეციალობა.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე სწავლისას, ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა მუშაობა პროფესიით დაიწყო და საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ეკა დღეს წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია „როქის“ თანამშრომელია. ის ვეტერინარ ექიმ-ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობს. ყოველდღიურად გასცემს კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საგნების შესახებ… მისი განსაკუთრებულად თბილი და თავაზიანი დამოკიდებულება მომხმარებელს კეთილად განაწყობს და მისგან გაცემული კვალიფიციური რჩევებიც ფერმერებისთვის საიმედო და შედეგიანია.
„მომხმარებელთან ყოველდღიური კავშირი მაქვს და არის საკითხები, რომელსაც გამოვყოფ და ვფიქრობ, დარგის განვითარებაზეც გავლენას ახდენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ფერმერთა დაბალი ცნობიერებაა. ბევრ პიროვნებას ჰყავს ცხოველი, რომლის მოვლა-შენახვის შესახებ წარმოდგენა არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ დახმარებას, მაგრამ ინფორმაციის აღქმა არ შეუძლიათ. ხშირად მარტივი ენით ახსნილიც არ ესმით. სპეციალისტის პრაქტიკულ გამოცდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ დროს, უფრო ადვილია მომხმარებელთან, ფერმერთან ურთიერთობა და მეტი თავდაჯერებულობა გაქვს. სამწუხაროდ, სწავლის პერიოდში გვქონდა ნაკლები პრაქტიკა, მხოლოდ თეორიული ცოდნა კი საკმარისი არა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპეციალობით იწყებ საპასუხისმგებლო სამსახურს. ამიტომ, ვისურვებ, მომავალ სტუდენდებს, მეტი ხელშეწყობა და კონტაქტი ჰქონდეთ ცხოველებთან,“ – აღნიშნავს ახალგაზრდა ვეტერინარი.
ეკას მიუხედავად დამღლელი სამუშაო გრაფიკის, ოჯახის პასუხისმგებლობისა, დიდ სიამოვნებას ანიჭებს საქმე, რომელსაც ემსახურება. მისი თქმით, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა დახმარებაც შეუძლია, განსაკუთრებული სტიმულის მომცემია. პარალელურად, აქტიურად ცდილობს კვალიფიკაციის ამაღლებას. აქვს დარგის სპეციალისტებთან ხშირი კომუნიკაცია და აქტიურად ესწრება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს.
ეკას სოფლის სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა. ის, ამავდროულად, ფერმერიც არის. კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში აქვს 1 ჰა-მდე მარწყვის მეურნეობა, რომელსაც საკუთარი ხელით უვლის და ოჯახიც ეხმარება. როდესაც მარწყვის მოყვანა ახალი ტექნოლოგიით დაიწყეს, გარშემომყოფები აკვირდებოდნენ, აინტერესებდათ, თითქოს არც სჯეროდათ… ეკას კი მეტი ინტერესი უჩნდებოდა და დაუღალავად შრომობდა… შედეგმაც არ დააყოვნა. 1 წლის შემდეგ უხვი მოსავალი და შესაბამისი ფინანსური მოგება მიიღეს. ეკა თავის ოჯახთან ერთად მეურნეობის მეტად გაფართოებას გეგმავს და სურს, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი, მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს ფერმერობითა და თავის სპეციალობით.
თეონა ნოზაძე,
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“