აგროსიახლეები

„დღეს თითქმის არცერთი წისქვილ-კომბინატი არ მუშაობს“ – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული მცურავი საბაჟო გადასახადის შედეგად, დღეს, თითქმის არცერთი წისქვილ-კომბინატი არ მუშაობს საქართველოში  _ აცხადებს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავა.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ამბობს, ახლა მარაგების კონტროლი არა კერძო სექტორის, არამედ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

„ამ ეტაპზე ძირითადად ფქვილის იმპორტი ხორციელდება. გასულ კვირაშიც მცურავმა ბაჟმა  86-დან 96 დოლარამდე მოიმატა, რაც დღეს ფქვილის და ხორბლის იმპორტს შორის სხვაობაა.

დღეს თითქმის არცერთი წისქვილ-კომბინატი არ მუშაობს, ქვეყანა გადასულია ფქვილის იმპორტზე. გარკვეული რაოდენობის ხორბალი არის მარაგად და სულ ესაა. ახლა მთავრობა აკეთებს მონიტორინგს, რამდენია მარაგი და არა ჩვენ, რადგან პროცესში არ ვართ ჩართული და ხორბლის იმპორტი პრაქტიკულად, არ ხორციელდება. რაც შემოვიტანეთ ყაზახეთიდან, ეს იყო.

ფინანსთა მინისტრ აცხადებს, რომ 1,5 თვის მარაგი არსებობს და დაკვირვების რეჟიმში არიან, თუ საჭირო იქნება ჩავერევითო. შესაბამისად, დღეს, კერძო სექტორის პრეროგატივა აღარ არის მარაგების შექმნა“, _  აცხადებს ლევან სილაგავა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ, ფქვილის იმპორტი მზარდია. საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 23,057 ტონა ფქვილი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ 2,321 ტონა.

წყარო: https://www.bpn.ge