აგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მევენახემ მოგება ყურძნის თვითღირებულების შემცირებაში უნდა ეძებოს

ქართველმა მევენახეებმა 2020 წელს მართლაც სარეკორდო მოსავალი მიიღეს (280 ათასი ტონა), რომელიც წარმატებით იქნა დაბინავებული, ანუ ამ წლით კმაყოფილი უნდა იყოს მევენახეც და მეღვინეც, რადგან მევენახემ სარეკორდო მოსავლი მიიღო და დააბინავა კიდეც, ხოლო მეღვინემ ყურძენი უწინდებურად დაბალ ფასში შეისყიდა. მიუხედავად ამისა, ეს ის წელი აღმოჩნდა, რომლითაც ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა, რადგან ვაზის მოვლისა და სამკურნალო საშუალებებზე გაზრდილი ფასების გამო, ვაზის მოსავლელად გაღებულ თანხასა და მიღებულ გასამრჯელოს შორის სხვაობა, კიდევ უფრო შემცირდა. მეღვინემ კი მართალია ყურძენი დაბალ ფასში შეისყიდა, მაგრამ გასული წლების ღვინის რეალიზაციის შეფერხების გამო (პანდემიის მიზეზით), ყურძნის შეძენა ძირითადად სესხით მოუხდათ.

მევენახეობა-მეღვინეობა, ჩვენი სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელიცაა და საექსპორტო პროდუქტის ძირითადი მწარმოებელიც, ამიტომ მთავრობამ მის განვითარებაზე ზრუნვა, მხოლოდ კერძო სექტორს არ უნდა მიანდოს, რადგან კერძო სექტორის უპირველესი მიზანი, რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა, თუნდაც ეს ხარისხის შემცირების ხარჯზე მოხდეს, ამიტომ მთავრობას კონტროლქვეშ უნდა ჰქონდეს დარგი, ისე, რომ დარგიც სწორი მიმართულებით განვითარდეს და არც კერძო საკუთრების ინტერესები დაირღვეს. სამწუხაროდ,  მთავრობის მიერ დარგის ეს მნიშვნელობა, სათანადოდ არაა გასიგრძეგანებული და მათი დარგისადმი ყურადღება და დახმარება, კილოგრამ ყურძენზე რამდენიმე თეთრის დოტაციით შემოიფარგლება, რაც დიდი შეცდომაა და გრძელვადიან პერსპექტივაში, კიდეც დაღუპავს დარგს.

სამწუხაროდ, მთავრობას დღემდე არ აქვს გათვითცნობიერებული, ის ფაქტი, რომ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში გამომუშავებული თანხის ძირითადი მასა, დასავლეთში რჩება. ანუ ქვეყანა, მეღვინეობიდან ასობით მილიონს კარგავს, რადგან რეალიზებული ღვინის ღირებულებიდან ქვეყანაში, მხოლოდ მეოთხედი შემოდის, რაც შეუწყნარებელია. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ ქართული ღვინო, იმპორტირებულ ბოთლში ისხმება, იმპორტირებული თავსახურით იხურება და იმპორტირებული ფურნიტურით გამშვენებული იყიდება. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ  ვაზის სამკურნალო და ღვინის მოვლისთვის განკუთვნილი ყველა წვრილმანი მთლიანად დასავლეთიდან შემოგვაქვს გამოვა, რომ ბოთლი ქართული ღვინის თვითღირებულებაში იმპორტირებული შემადგენელი, 70%-ზე მეტია. ანუ იმ დიდ მოგებაზე საუბარი, რომელსაც თითქოს ქართული მეღვინეობა და მეღვინე ბოთლი ღვინის რეალიზაციიდან იღებს, ზღაპარია. აქედან გამომდინარე, მევენახე არ უნდა ელოდოს, რომ მეღვინე უახლოეს ხანში ყურძნის ფასს გაუზრდის. ამასთანავე, ბიუჯეტიდან დოტაციასაც აქვს საზღვარი. ამიტომ მევენახემ გამოსავალი ყურძნის თვითღირებულების შემცირებაში უნდა ეძებოს და დღე და ღამ ამაზე უნდა ფიქრობდეს. ამ მიზნის მიღწევა კი ნამდვილად შეიძლება თუ მევენახე სიახლისადმი უფრო მიმნდობი გახდება და მეცნიერთა კრეატიულ წინადადებებს, მეტი ნდობით მოეკიდება. აქედან გამომდინარე, იმ გამოცდილებასაც გაიზიარებს, რომელიც დასავლეთმა ამ მიმართულებით დააგროვა.

დღეს მთელი მსოფლიო, ერთ პატარა ყუთში, ანუ კომპიუტერ-ტელეფონშია გამომწყვდეული. არის ასეთი გამოთქმა: „ვინც ფლობს ინფორმაციას, ის მართავს ქვეყანას“-ო. რა თქმა უნდა, მევენახეს ქვეყნის მართვა არაფერში სჭირდება, მაგრამ კომპიუტერიდან იმის გაგება თუ რით სუნთქავს დღეს მსოფლიო მევენახეობა, რა სიახლეებია ვაზის მოვლისა და მკურნალობის კუთხით ევროპისა და ამერიკის იმ წამყვან ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის ტონის მიმცემებად ითვლებიან, ნამდვილად შეუძლიათ. მართალია, დასავლეთის მიღწევები დარგის ტექნიკით აღჭურვის კუთხით ჩვენი მევენახისთვის დიდხანს დარჩება ოცნებად, მაგრამ მათგან მცენარის და მათ შორის ვაზის იაფფასიანი და ეფექტური სამკურნალო საშუალებების გადმოღება და დანერგვა, დღესვე რომ  შეიძლება ეს უდავოა, რადგან ჯერ ერთი, ამ სიახლეს არავინ მალავს და მეორე, ეს უკვე სიახლე აღარაა, რადგან შხამქიმიკატების ნაცვლად ამ ალტერნატივის გამოყენება, ევროპისა და ამერიკის სოფლის მეურნეობაში,  ოთხი ათეული წლის წინ დაიწყეს, რის შესახებაც ბევრჯერ მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული, ასევე, უამრავი მასალაა ინტერნეტში ამ თემაზე.

ნახეს რა დასავლეთში პესტიციდებისა და შხამქიმიკატების მიერ გამოწვეული კატასტროფული შედეგები (ნიადაგი სტერილური გახდა), დაიწყეს ალტერნატივის ძებნა და დიდი კვლევა არც დასჭირვებიათ, რადგან ალტერნატივა დიდი ხნის ცნობილი საშუალებები გამოდგა, ისეთები, როგორიცაა ოზონირებული წყალი, წყალბადის ზეჟანგი, კოლოიდური ვერცხლი და თქვენ წარმოიდგინეთ საჭმელი სოდაც კი, რომელიც სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, უებარი საშუალება ყოფილა. დღეს ევროპისა და ამერიკის ფერმერული მეურნეობები ყველა მცენარის (მათ შორის ვაზის) ბოსტნეულისა და ბაღჩეულის შესაწამლად ფართოდ იყენებს ოზონირებულ წყალს და წყალბადის ზეჟანგს. ამის შესახებ მრავლადაა ინფორმაცია ინტერნეტში, როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ საიტებზე, გახსენით წაიკითხეთ, ისწავლეთ და გამოიყენეთ. Agriozein-ის ფირმის პრეზიდენტი ერნი ვილმინსკი, რომლის ფირმაც ოზონოგენერატორით აღჭურვილ ტრაქტორის მისაბმელებს უშვებს, წერს, რომ: „ოზონით დამუშავებულ ვენახების მხოლოდ 2%-ში იყო ვაზის მავნებლები, ხოლო ქიმიკატებით დამუშავებულის 93% – ში, მხოლოდ ნაწილობრივ განადგურდა“-ო.

ჩვენდა სავალალოდ, საქართველოს არცერთი მთავრობა არ გამოდგა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცველი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა დარგების დანგრევაში. ძველი რომ დაანგრიე ახალი, რომ უნდა ააშენო ეს კი ყველას დაავიწყდა. მართალია, ბატონ ბ. ივანიშვილის მთავრობას დასანგრევი ბევრი აღარაფერი დახვდა, მაგრამ ვაზისა და ღვინის სამშობლო-ქვეყანას, წინა მთავრობის მიერ განადგურებული „მევენახეობა-მეღვინეობის“ კვლევითი ინსტიტუტი და ათობით საცდელი სადგურიდან რვა წლის განმავლობაში ერთიც, რომ არ აღადგინა, როგორ ვთქვათ, რომ არაფერი დაუნგრევიათ? რვა წელია, დარგი, რომ მეცნიერებისა და მეცნიერის გარეშე გაქვს დატოვებული, ამას, დარგის მიზანმიმართული განადგურება არ ჰქვია? სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის ინსტიტუტი და ათობით საცდელი სადგური იყო ის ბაზისი, რომელზედაც ქართული სოფლის მეურნეობა იდგა და ამ მიმართულებით სოფელში სიახლე და განათლება, რომ შეჰქონდა, ამიტომ იყო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა, ერთ-ერთი მოწინავე იყო კავშირის მასშტაბით. დღეს კი ქვეყანა, რომლის სახელი მიწათმოქმედს ნიშნავს და ამით ვამაყობთ კიდეც, 80%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. ამის მავნებლობა კი ნათლად დაგვანახა პანდემიამ.

ზემოთ აღნიშნული ექსკურსი, იმიტომ გავაკეთე, რომ ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები ოთხი წელიწადია ვცდილობთ ქვეყნის სოფლის მეურნეობაში შხამქიმიკატების ალტერნატივა, ოზონოტექნოლოგია და სხვა იაფი ბიოსაშუალებები დავნერგოთ (ისე, როგორც ეს დასავლეთშია), მაგრამ გვიჭირს, რადგან ეტყობა ფიზიკოსების შეთავაზებას მეურნისთვის ის ნდობა და ავტორიტეტი არ აქვს, როგორიც მევენახეობის კვლევით ინსტიტუტს ჰქონდა.

ბოლო წლებია ვთხოვთ, როგორც მეურნეს, ისე ფერმერს, რომ გახსნას ინტერნეტი და აკრიფოს: „ოზონი“, „წყალბადის ზეჟანგი“ და კოლოიდური ვერცხლი, ნახავს, რომ ყველა ეს საშუალება, ყველაზე ძლიერი ეფექტური ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელთა ზემოქმედებას ვერცერთი დღემდე ცნობილი მავნე მიკროორგანიზმი ვერ უძლებს. ამავე საიტებზე წაიკითხავთ ზღვა მასალას მათი მემცენარეობაში, მებაღეობაში, მებოსტნეობაში და სახალხო მეურნეობის ყველა დარგში ფართოდ გამოყენების შესახებ. სწორედ ამ მიმართულებით საზღვარგარეთ მიმდინარე კვლევებისა და პრაქტიკული გამოყენების ინფორმაციის გაცნობას და გამოყენებას გირჩევთ, რომლითაც იგივე შედეგს 2-3-ჯერ უფრო იაფად მიაღწევთ, როგორსაც თანამედროვე შხამქიმიკატების გამოყენებით იღებთ. ანუ გირჩევთ, რომ ან მეცნიერს დაუჯეროთ ან თქვენ თვითონ მოიძიოთ, წაიკითხოთ და გამოიყენოთ. გარდა ყურძნის თვითღირებულების შემცირებისა, ამ გზით ბიომოსავალს მიიღებთ, რომლის ღირებულება, გაცილებით მეტია, ვიდრე, შხამ-ქიმიკატით შეწამლული ვაზის შემთხვევაში. ასევე, მოგებაა, რომ არ იწამლება ნიადაგი და მოსავალი, რომელიც შემდგომ ღვინოში იჩენს თავს და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

გასულ გაზაფხულზე პანდემიის მიზეზით ათობით მევენახემ ვერ შეძლო ჩვენთან დაკავშირება და ძველი მეთოდით გააგრძელეს მუშაობა, 30-ამდე მეურნე კი დაგვიკავშირდა და წყალბადის ზეჟანგით და ოზონირებული წყლით შეწამლეს ვაზი. მათგან ნახევარზე მეტი სეზონის ბოლოს შეგვეხმიანა და დიდი მადლიერება გამოხატეს, რადგან ვაზი, დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაცვასთან ერთად, შესაწამლი პრეპარატიც 3-4-ჯერ იაფი დაუჯდათ. ნაწილი კი მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, არ გამოგვეხმაურა, არადა ეს აუცილებელია, რადგან დასავლეთი გვაფრთხილებს, რომ ამ კონტაქტური პრეპარატების ეფექტურობა, ჰავაზე და ვაზის ჯიშზედაცაა დამოკიდებული. ჩვენ კი ეს ინფორმაცია, თქვენგან უნდა მივიღოთ.

ვისაც ჩვენთან აქვს ურთიერთობა და ჩვენგან მიაქვს წყალბადის ზეჟანგის კონცენტრატი და ოზონის აპარატი, ჩვენ მათ ინსტრუქციით ვამარაგებთ, მაგრამ ვინც აფთიაქში ან სხვა წყაროებიდან იღებს მათ, მინდა გავაფრთხილო, რომ ეს პრეპარატები კონტაქტური პრეპარატებია, ანუ შესხურებიდან რამდენიმე საათის განმავლობაშია აქტიური და ანადგურებს ვაზზე უკვე გაჩენილ დაავადებათა ვირუსებს და ბაქტერიებს, შემდეგ კი წყლად და ჟანგბადად იშლება, ანუ უნაშთოდ ქრებიან (სწორედ ამიტომ არიან ისინი ბიოპრეპარატები). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენების დროს აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ და დაავადების ნიშნების გაჩენისთანავე ვაზი შეწამლოთ, ანუ აქ რიგობითი შეწამლა კი არა, მიზნობრივი შეწამვლაა აქტუალური, ანუ არის დაავადება? უნდა შეიწამლოს! არ არის? ვაკონტროლებთ და ველოდებით. მიუხედავად ამისა, რიგით შეწამვლა მაინც არ უნდა დაივიწყოთ და თუ დაავადების ნიშანი არ გამოჩნდა 15-20 დღის შუალედში პროფილაქტიკურ შეწამვლა მაინც უნდა ჩაატაროთ.

რაც შეეხება წვიმის შემდეგ ვაზის შეწამვლას, როგორც ყოველთვის, ეს, ამ შემთხვევაშიაც, აუცილებელია.

გასულ წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა: სამინისტროს კვლევით ცენტრთან ერთად ჯიღაურას ვაზის ჯიშთა ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე ჩავატარეთ გამოცდა თუ როგორ დაიცავდა ოზონირებული წყალი და წყალბადის ზეჟანგი ვაზს. რადგან ვენახი ჯიღაურაშია და შტატში ისეთი სპეციალისტი არ ჰყავთ, რომელიც დაკვირვებას აწარმოებდა და დაავადების შემჩნევის შემთხვევაში ვაზს დაუყოვნებლივ შეწამლავდა, გადავწყვიტეთ ვაზზე რიგობითი შეწამვლა ყოველ 10-12 დღეში ერთხელ მოგვეხდინა. მესამე შესხურების შემდეგ მალევე მოვიდა წვიმა და ვაზს ნაცარი გასჩენია, რის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა (ამიტომაა აუცილებელი საცდელი სადგურების გაკეთება, სადაც პრეპარატს სპეციალისტი გამოცდის), ამიტომ პრეპარატის შესხურება დაგვიგვიანდა, ამ დროში დაავადება გაძლიერდა და მოსავალი დაზიანდა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ კონტაქტური პრეპარატით შეწამვლას თავისი წესები აქვს და სასურველი შედეგი, მხოლოდ მისი დაცვით მიიღება.

მსოფლიო მევენახეობა, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს ადრე გაზაფხულზე ვაზის შტამბის შეწამვლას და ვაზის დაავადებათა გამომწვევი იმ მავნე მიკროორგანიზმების ვაზის შტამბზე განადგურებას, რომლებიც იქ იზამთრებენ. ვაზის შტამბის კარგი შეწამვლა, გარანტიაა იმისა, რომ ვაზს პირველი წამლობა, ყვავილობამდე არ დასჭირდეს. ამ მიზნით კარგია წყალბადის ზეჟანგის 03-05 %-იანი ხსნარის გამოყენება, ანუ ერთი ლიტრი 50%-ანი კონცენტრატი, იხსნება 150 ლიტრ წყალში. ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში და იმის ნაცვლად, რომ ვაზის შტამბი შეწამლონ და გაანადგურონ მათზე გამოსაზამთრებლად დარჩენილი მავნებლები, ვაზის შტამბს აქერცლილ კანს აცლიან და სპობენ მავნებელთა გამოსაზამთრებელ ბუდეებს. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ეს მავნებლები სხვაგან გამოიზამთრებენ და გაზაფხულზე კვლავ შეესევიან ვაზს.

ქართველმა მეცნიერებმა თავის დროზე, ქართლელ მეხილემდე მიიტანა ინფორმაცია და დააჯერა, რომ ხილის დაჭიანების აღსაკვეთად საჭიროა ადრე გაზაფხულზე ხეხილი მთლიანად შეიწამლოს. ათეული წლებია მეხილეები ახდენენ ასეთ შეწამვლას და შედეგიც სახეზეა. მიუხედავად ამისა არც მათ და არც სხვებს ვინც ამას ხედავს და შედეგიც ნახეს, აზრადაც არ მოსდით, რომ ვაზსაც ასეთივე შეწამვლა, რომ უნდა.

აღსანიშნავია, რომ შხამქიმიკატთა ალტერნატივაზე გადასვლა არა მარტო ფერმერისთვისაა მომგებიანი, არამედ, ქვეყნისთვისაც, რადგან, როგორც ოზონო-გენერატორის ისე წყალბადის ზეჟანგის წარმოება, საქართველოში შეიძლება, რითაც ათობით მილიონი ვალუტის დაზოგვა შეიძლება, ეს კი ხელისუფლების დაინტერესებისა და უშუალო ჩარევის გარეშე არ მოხერხდება.

ადრე გამოქვეყნებულ წერილში ვწერდი, რომ სისტემური პრეპარატების ფართოდ და ხანგრძლივი დროით გამოყენებამ, ძალიან შეამცირა მცენარის იმუნიტეტი, ანუ მცენარეს შეწამვლის შუალედურ პერიოდში პრეპარატი იცავს, მისი იმუნიტეტი კი წლობით უსაქმოდაა და გადაგვარდა. ჩვენი კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ერთი ჯგუფი ნუგზარ შავთვალაძის ხელმძღვანელობით მუშაობს ისეთი პრეპარატის შექმნაზე, რომელიც მცენარის იმუნიტეტს ძველ ფუნქციას რომ დაუბრუნებს. მათ უკვე შექმნეს პრეპარატი „ფლორაიმუნოსტიმი“, რომელმაც გასულ წელს ვაზე და პომიდორზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ვაპირებთ ამ წელსაც ფართო საველე გამოცდა ვაწარმოოთ და იმედი გვაქვს ეს პრეპარატი, იმ დონეზე დაიხვეწოს, რომ ვაზის 2-3 შეწამვლით სრულფასოვანი მოსავალი მივიღოთ. იგივე პრეპარატმა შაქრის შემცველობის მოსამატებელ დანამატით, ზესტაფონში ადესის ყურძენში შაქრის შემცველობა 22 % – ზე აიყვანა. დასავლეთ საქართველოს დაბალშაქრიანი ყურძნის ჯიშებისთვის ასეთი პრეპარატი, რევოლუციურ გარღვევა იქნება.

სამწუხაროდ, საქართველოში სიახლისადმი არა მარტო მევენახეა გულგრილი, არამედ, მეღვინესაც ვერ დავაჯერეთ, რომ ოზონაირი, ოზონირებული წყალი, კოლოიდური ვერცხლი და წყალბადის ზეჟანგი, გოგირდის კარგი ალტერნატივაა, რადგან ისინი, როგორც მადეზინფიცირებელი საშუალებები ჯერ ერთი, ათეულჯერ ძლიერები არიან გოგირდზე და მეორეც, დეზინფექციის შემდეგ უკვალოდ ქრებიან. დასადუღებლად გამზადებული ტკბილის დაოზონირება და ყველა იმ მავნებელი მიკროორგანიზმის განადგურება, რომელიც ყურძენს ვენახიდან შემოჰყვა, ღვინის დაავადებათა პროფილაქტიკის შეუცვლელი საშუალებაა. რაც შეეხება დუღილის ბაქტერიებს, მათ ოზონი არ ეხება, რადგან ორივე მჟანგავია, ანუ ერთი ბუნებისანი არიან. რაც შეეხება გოგირდს, რომელსაც დღეს იყენებენ, ის მომაკვდინებელია ყველა ბაქტერიისთვის და პირველ რიგში დუღილის ბაქტერიებისთვის, სწორედ ამ ბაქტერიათა ინჰიბირებისათვის შეაქვთ ის ტკბილში დაწდომის დროს. ოზონაირი, შეუცვლელია დავარგებაზე დაყენების წინ მაჭრის დეზინფექციისთვის და ყველა იმ მავნე-მიკროორგანიზმის გასანადგურებლად, რომლებიც დუღილის დროს მოხვდა მაჭარში.

აქ ზოგიერთი მეღვინე კითხულობს, რომ ოზონს ღვინოში ჟანგბადი შეაქვს და ხომ არ მოხდება ღვინის გადაჟანგვაო, არ მოხდება და რატომ: დასადუღებლად და დასავარგებლად დაყენებულ ტკბილს და ღვინოს, დადუღების და დავარგების დროს, ბევრი ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ ოზონს სწორედ ეს საჭირო ჟანგბადი შეაქვს ტკბილში და მაჭარში, რაც შეეხება გადაჟანგვას, ასეთი რამ, მხოლოდ დავარგებულ ღვინოს ემართება. ის კი არა ოზონით შეტანილი ჟანგბადით ლითონის ცისტერნებში დასავარგებლად ჩასხმული მაჭრის გადაუღებლად დავარგება შეიძლება, რაზედაც უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები. ასე, რომ ოზონით მეღვინეობაში არა მარტო გოგირდის ჩანაცვლება, არამედ უფრო დიდი საქმეების გაკეთება შეიძლება, რაც კვლევის საგანია და ეს, სწორედ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება ღვინის ჭურჭლის დეზინფექციას, ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით დეზინფექციას, გოგირდით დეზინფექცია კონკურენციას ვერასდროს გაუწევს. ანუ არის დიდი შანსი, რომ ქართულ ღვინოს გოგირდის მავნე გავლენა მოვაშოროთ, რისთვისაც პირველ რიგში, მეღვინე უნდა იყოს დაინტერესებული. სურვილის შემთხვევაში კი ყოველთვის მათ გვერდით დავდგებით.

ჟორა გაბრიჭიძე,

უფროსი  მეცნიერ-თანამშრომელი

ტელ: 551 333 155