აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

ძროხები კაცობრიობას ყველაზე საშიში და რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში აღმოჩენილმა უნიკალურმა ანტიმიკრობულმა პეპტიდმა შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს მედიცინა.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძროხის ორგანიზმიდან გამოყოფილ ნივთიერებას შეუძლია გაანადგუროს საშიში ბაქტერიის — კლებსიელას (Klebsiella) უჯრედოვანი „ჯავშანი“, რომელიც მანამდე თანამედროვე ანტიბიოტიკების უმრავლესობის მიმართ აბსოლუტურად რეზისტენტული იყო.

რა არის კლებსიელა და რატომ არის ის ასე საშიში?

კლებსიელა (Klebsiella) წარმოადგენს პირობითად პათოგენურ ბაქტერიას, რომელიც ჩვეულებრივ ბინადრობს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კანზე და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე.

ამ ბაქტერიის მთავარი სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაფარულია სქელი, წებოვანი ლორწოვანი კაფსულით, ეგრეთწოდებული ბიოაპკით. ეს ლორწოვანი „ჯავშანი“ მას საიმედოდ იცავს როგორც ორგანიზმის იმუნური უჯრედებისგან, ისე გარემო ფაქტორებისგან.

კლებსიელა ადვილად გამოიმუშავებს სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებენ სტანდარტულ ანტიბიოტიკებს (მათ შორის პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფს). შესაბამისად, ამ ინფექციასთან ბრძოლა დღემდე ექიმებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა.

როგორ მუშაობს „ძროხის პეპტიდი“? ორმაგი დარტყმა ბაქტერიაზე

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის (UCF) სამედიცინო კოლეჯის დოცენტმა, რენე ფლიმანმა და მისმა ლაბორატორიამ ოთხწლიანი კვლევის შედეგად უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწიეს. მათ გაშიფრეს ძროხის ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ანტიმიკრობული პეპტიდის (Bac7) მოქმედების ზუსტი მექანიზმი. კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში PLOS Pathogens გამოქვეყნდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს პეპტიდი ბაქტერიაში იწვევს ერთგვარ ორმაგ სტრესულ რეაქციას და „ატყუებს“ მას. იგი ერთდროულად უტევს ბაქტერიის მემბრანას და ცილის სინთეზს. ეს არის ორმაგი დარტყმა, რომელიც მიკრობის უჯრედში იწვევს გენეტიკურ ცვლილებებს — ბაქტერიას „ჰგონია“, რომ საფრთხე ემუქრება და იძულებულია თავადვე დაშალოს და ჩამოიხსნას თავისივე დამცავი ლორწოვანი „ჯავშანი“ (ბიოაპკი). დამცავი გარსის გარეშე დარჩენილი ბაქტერია კი სრულიად უმწეო ხდება როგორც ორგანიზმის იმუნური სისტემის, ისე ჩვეულებრივი ანტიბიოტიკების წინაშე.

პროფესორი რენე ფლიმანი _ „ჩვენი კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიო ჯანდაცვისთვის, ვინაიდან კლინიკებში ნამკურნალები ბაქტერიული ინფექციების დაახლოებით 80% სწორედ ბიოაპკებში მცხოვრები მიკრობებითაა გამოწვეული. ეს აპკი მათ პრაქტიკულად ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ მედეგს ხდიდა, თუმცა ძროხის ორგანიზმიდან მიღებულმა ნივთიერებამ საოცარი შედეგი აჩვენა.“

როგორ ვრცელდება ინფექცია და რა არის სამომავლო გეგმა?

ჯანმრთელ ორგანიზმში (ნაწლავებში) კლებსიელა უსაფრთხოა, თუმცა დროთა განმავლობაში, ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების ფონზე, იგი რეზისტენტული ხდება. დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ან შინაგან დაზიანებებთან კონტაქტისას, ბაქტერია ჭრილობიდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს და იქიდან ღვიძლში, თირკმელებსა და ელენთაში ხვდება, რაც იწვევს მძიმე პნევმონიას ან სეფსისს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ძროხის პეპტიდი მკვეთრად ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას უშუალოდ ინფექციის კერაში და უსაზღვრავს მათ სისხლში გადაადგილების უნარს.

მეცნიერთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია დაამტკიცონ, თუ როგორ შეუძლია ამ აგრარულ ნივთიერებას იმოქმედოს სინერგიულად (ერთობლივად და შეთანხმებულად) უკვე არსებულ, ტრადიციულ ანტიბიოტიკებთან. სამომავლოდ იგეგმება სპეციალური სამკურნალო კრემებისა და მალამოების შექმნა, რომლებიც დაასუსტებენ ბაქტერიების თავდაცვას და გზას გაუხსნიან სტანდარტულ მედიკამენტებს ეფექტური მუშაობისთვის.

ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცხოველეობამ და სოფლის მეურნეობამ კაცობრიობას უმძიმესი გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები უკარნახოს!

შენიშვნა: სტატია მომზადებულია UCF სამედიცინო კოლეჯის (ავტორი: ედი დიური) მასალებზე დაყრდნობით