აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ძველი  ქვევრის  გარეცხვა – გამოკეთება

დღეს საქართველოში მოსახლეობას უამრავი ქვევრი აქვს, რომლებსაც ათობით წელია დანიშნულებისამებრ აღარ იყენებენ. დღეს, როცა ქვევრთან დამოკიდებულება როგორც ქვეყანაში, ისე ევროპაში კარდინალურად იცვლება, ალბათ, ბევრს მოუნდება მივიწყებული ქვევრების აღდგენა-გამოყენება. 
აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ დავუბრუნოთ დიდი ხნის გამოუყენებელი ქვევრი მეღვინეობას. ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ქვევრის ულტრაბგერითი დანადგარით გარეცხვა და ოზონით დეზინფექცია. ვისაც ამ მექანიკურ დანადგარზე ხელი არ მიუწვდება, საკუთარი ძალებით, ანუ ძველი მამაპაპური მეთოდებითაც შეიძლება ძველი ქვევრების განახლება.

ქართველებს ქვევრთან ურთიერთობის 80-საუკუნოვანი უწყვეტი ისტორია გვაკავშირებს, ამიტომ ჩვენს წინაპარს ამ პრობლემის გადაწყვეტის საუკუნეებით გამოცდილი მრავალი ხერხი ჰქონდათ, რომელთაგან უმრავლესობამ ჩვენამდე მოაღწია. ისინი ასეთი ქვევრების გასარეცხად სოდის, კირისა და ნაცრისგან მომზადებულ ხსნარებს იყენებდნენ,  გასული საუკუნიდან კი, ძირითადად, კაუსტიკური სოდითა და მდუღარე წყლით რეცხვაზე გადავიდნენ. განვიხილოთ ყველა ამ საშუალებათა გამოყენების წესი:

ქვევრის რეცხვა მისი განიავებით უნდა დაიწყოთ, ამიტომ ქვევრი 2-3 დღით თავახდილი დატოვეთ. შემდეგ კი წყლით და უხეში ჯაგრისით ამორეცხეთ. ამ ამორეცხვით ქვევრის კედლებს შორდება ობის სოკოები და სხვა ჭუჭყი. რეცხვის დაწყებამდე ქვევრი სიმრთელეზე შეამოწმეთ, ანუ აავსეთ წყლით და და 20-24 საათი დაელოდეთ, თუ წყალმა ქვევრში ბევრი არ დაიკლო გამოდის რომ ქვევრი მრთელია. ამის შემდეგ ტევადობის გათვალისწინებით მოამზადეთ კაუსტიკური სოდის 10%-იანი ხსნარი. 15-25 ლიტრ მდუღარე წყალში გახსენით 1,5-2 კგ. კაუსტიკური სოდა (რაოდენობა დამოკიდებულია ქვევრის ზომასა და წყლის რაოდენობაზე).

კაუსტიკურ სოდიანი ცხელი ხსნარი შეასხურეთ ქვევრის კედელზე, დაახურეთ ტილო და დაელოდეთ. 20-30 წთ-ით, შემდეგ კი უხეში ჯაგრისით დაიწყეთ ქვევრის რეცხვა. რეცხვის დროს აუცილებელია ქვევრის კედელზე სოდიანი წყლის ხშირი აშხეფება. ქვევრი რეცხეთ ქვემოდან ზევით და პირიქით. სოდიანი წყლით ამორეცხვის შემდეგ, თბილი წყლით გააგრძელეთ რეცხვა, ამჯერად რეცხვა აწარმოეთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. ორჯერ კარგად ამორეცხვის შემდეგ რეცხვა, ცივი წყლით გააგრძელეთ, ორჯერ ამორეცხვის შემდეგ ამოავლეთ სუფთა წყალი და შეამოწმეთ სისუფთავეზე. თუ ქვევრი აკმაყოფილებს სისუფთავის მოთხოვნებს, გაუკეთეთ დეზინფექცია, შეათეთრეთ კირით, დაახურეთ ბადეგადაკრული რგოლი და დატოვეთ გამოყენებამდე. გამოყენების წინ კვლავ ცხელი და ცივი წყლით უნდა ამოირეცხოს და გაუკეთდეს დეზინფექცია, ამის შემდეგ, ქვევრი მზადაა ღვინის დასაყენებლად. ანალოგიურია ქვევრის საკვები სოდით რეცხვის პროცედურაც.

თუ სოდა არ გაქვთ, გამოიყენეთ კირი. კირის ხსნარი შემდეგნარად მოამზადეთ: 2-3კგ. ახალ კირს დაასხით 5-6 ლიტრი წყალი, დაელოდეთ ჩაქრობას, შემდეგ კი კარგად აურიეთ, გაატარეთ საცერში და მოაშორეთ გაუხსნელი ქვები. მიღებული ბლანტი სითხე განაზავეთ ცივი წყლით და შეავსეთ 10 ლიტრამდე, მიღებული ხსნარით შეათეთრეთ ქვევრის კედელი და დატოვეთ 20-25 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი რეცხვა დაიწყეთ  ზემოთ აღწერილი სცენარით. ერთ ცალ 2-3-ტონიან ქვევრზე საშუალოდ საჭიროა სამი ლიტრი ხსნარი, ამიტომ თუ ერთ ქვევრს რეცხავთ, შესაბამისად შეამცირეთ კირისა და წყლის რაოდენობა.

თუ სოდა და კირი არ გაქვთ, ქვევრის გარეცხვა ნაცარწმენდილითაც შეიძლება. საჭირო ხსნარი შემდეგნაირად მოამზადეთ: 3-4 კგ. გაცრილი ნაცარი, გააზავეთ 10-12 ლიტრ წყალში, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 12-15 წთ. დააცალეთ დალექვა და სუფთა შემოავლეთ ქვევრის კედელს, დაახურეთ ტილო და დატოვეთ 15-20 წთ. შემდეგ კი დაიწყეთ რეცხვა ზემოთ აღწერილი სცენარით, ბოლოს გაუკეთეთ ოზონაირით, ოზონირებული წყლით ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარით დეზინფექცია და გამოიყენეთ.

მისასალმებელია, რომ ქვეყანაში მოგვიმრავლდა ქვევრებით გაწყობილი მარნები და მათში ქვევრების რაოდენობა ათასებს აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი დიდი ზომის ქვევრის გარეცხვას ერთი მრეცხავი ორ დღეს მაინც ანდომებს, წარმოიდგინეთ რამდენი კაცდღეა საჭირო დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ქვევრის გასარეცხად, რადგან გარეცხილი ქვევრი მალევე ითხოვს ღვინით ავსებას. შექმნილ ვითარებაში მარნებმა და საქმოსნებმა დაიწყეს გამოსავლის ძებნა და წინადადებებმაც არ დააყოვნა, ფეისბუქზე ხშირად შეხვდებით განცხადებას, რომ მავანი ფირმა ახდენს ქვევრების რეცხვა-დეზინფექციას „პარით“ და გარანტიას იძლევა რეცხვა-დეზინფექციის ხარისხზე. ასეთ ფირმებს და მათ „კლიენტებს“ უნდა შევახსენოთ, რომ ქვევრი, მუხის კასრი არ არის, ქვევრს გასანთლული კედელი აქვს, თუ სანთელი 600C-ზე დნება, პარს კი 110-1200C-სი ტემპერატურა აქვს, წარმოგიდგენიათ რა დაემართება ქვევრის კედელში სანთელს? ასევე, პარით ქვევრი არ ირეცხება, მხოლოდ დეზინფექცია უკეთდება, სადეზინფექციოდ კი ოზონაირი და წყალბადის ზეჟანგის 05%-იანი ხსნარი 100-ჯერ ეფექტურიცაა და იაფიც.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155