აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ეკოლოგიის, მიწადმოქმედებისა და მემცენარეობის კანონები და  აგროწარმოების პრინციპები _ ის  რაც  ყველა მეურნემ უნდა  დაიცვას

უნდა აღინიშნოს, რომ  დღეს სასოფლო  სამეურნეო  წარმოება– ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების  ეს სტრატეგიული მნიშვნელობის  დარგი  საქართველოში  თანამედროვე,  ევროპული  სოფლის მეურნეობის დონეს, თუნდაც  ცენტრალური აზიის  სოფლის მეურნეობის  განვითარების დონეს   50-100 წლით ჩამორჩება. მაგალითები  და მტკიცებულებები უამრავია. ამას თვალნათლივ ამტკიცებს  თუნდაც საქ სტატის მონაცემები სოფლის მეურნეობის შესახებ.

სამწუხაროდ დღეს იშვიათია მეურნე  საქართველოში, რომელიც იცავს მათ, ან იცის ამ  კანონების არსებობა  და მათი დაუცველობის სავალალო შედეგები. ეს კი ჩვენს სინამდვილეში უკვე სერიოზულ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემად იქცა.

ამ კანონების დაუცველობას ან არ ცოდნას, მეურნე მიყავს ტყულ უბრალოდ დახარჯულ გაუმართლებელ  ხარჯებთან, ნაყოფიერი ნიადაგების დეგრადაციასთან, მიწების საწარმოო ბრუნვიდან გამოსვლასთან, გარემოს დაბინძურებასთან,  მეწყრების წარმოქმნა–სტიმულირებასთან,     მოსახლეობის დაავადება დაღუპვასთან, კლიმატურ კატაკლიზმებთან, ეკო და სოციალურ მიგრაციასთან  და  ა.შ.

დღეს საუბრობენ მიწადმოქმედების 9 კანონზე და პრინციპებზე, რომელთაგანაც 5 ძირითად კანონად ითვლება, ეს კანონებია

  1. მწვანე მცენარეთა   ავტოტროფულობის   კანონი.

ეს   კანონი გვეუბნება, რომ მწვანე მცენარეები, იყენებენ, რა მზის სხივურ ენერგიას, შთანთქავენ რა ჰაერიდან ნახშიორჟანგის გაზს, ნიადაგიდან კი წყალსა და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს,  ასინთეზირებენ ყველა საჭირო  ორგანულ ნივთიერებას იმ რაოდენობით, რომ უზრუნველყონ მცენარის სრულყოფილი განვითარება და შესაბამისად  მაღალი მოსავალი.

მაღალი, დაპროგრამებული მოსავლის მისაღებად აუცილებელია, რომ ფოტოსინთეზი წარიმართოს ინტენსიურად, უპრობლემოდ, იმისათვის, რომ ნიადაგში  განუწყვეტლივ იყოს საკმაო რაოდენობით ტენი-წყალი,  ასევე  ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში, აუცილებელია, რომ  მეურნემ აწარმოოს  საწარმოო ტერიტორიის შესაბამისი ფოტოსინთეზური აქტივობის  (FAO) მცენარეები და ასე შემდეგ.

N ,,FAO”- ს ჯგუფი აქტიური-ეფექტური

ტემპერატურების ჯამი

სავეგეტაციო პერიოდის ჯგუფი
1 100 915-970 ძალზედ საადრეო
2 200 1030-1090 საადრეო
3 300 1140-1200 საშუალოდ საადრეო
4 400 1240-1300 საშუალო
5 500 1360-1420 საშუალოდ საგვიანო
6 600 1460-1540 საგვიანო
7 700 1660-1740 ძალზედ საგვიანო

ანუ ყველა საკეტს უნდა მოერგოს თავისი გასაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში კარი არ გაიღება და მოგვიწევს დიდი ძალისხმევა კარის შესამტვრევად, ასე მოხდა 1997 წელს. ამერიკიდან საქართველოში შემოიტანეს სხვადასხვა სახის სიმინდის ჰიბრიდები. მათი ფოტოსინთეზური აქტივობის მაჩვენებელი 400 და 700-ის ფარგლებში მერყეობდა. პროგრამის მენეჯერები სოფლის მეურნეობის სპეციალისტები არ იყვნენ.  მათ ბრმად გაანაწილეს სიმინდის ჰიბრიდები და 700 „FAO“-იანი  ჰიბრიდები  დაათესინეს მთიან რეგიონში, სადაც 400-იანი უნდა გაეშვათ. 400-იანი კი გაუშვეს კოლხეთის დაბლოში, ანჯელის მასივზე, მარნეულ-გარდაბნის ველზე და ა.შ. დაბლობ რეგიონებში, სადაც უნდა გაეგზავნათ 700-იანი. შედეგად მთაში 700-იანმა ვერ მოასწრო სიმწიფეში შესვლა და დარჩა მწვანე. დაბლობ ზონაში კი ვერ გამოიყენა რეგიონის კლიმატური პირობები, კერძოდ: ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი. ადრე დამწიფდა და მცირე მოსავალი დააგროვა. შედეგად ეისიდია ვოკას მენეჯერი დოქტორი უილიამ ფურტიკი გაწვეული იქნა საქართველოდან და გამოგზავნილი იქნა დოქტორი ასმონი.

იქ სადაც FAO- ფაქტორი გათვალისწინებული იქნა, მაგალითად გორში ფერმერ გივი აბალაკთან ჰექტარზე მიღებული 14-16 ტონამდე სიმინდის მარცვლის მოსავალი ტაროში.

ეს შეცდომა განმეორებული იქნა 2010 წელსაც და  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გილაურმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ  ფირმა „პიონერის“ სიმინდის ჰიბრიდმა არ გაამართლა, თუმცა ჭეშმარიტი დამნაშავე არა სიმინდის ჰიბრიდი, არამედ მენეჯერთა არაპროფესიონალიზმი და საკადრო პოლიტიკა იყო.

  1. მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების თანაბარი მნიშვნელობისა და შეუცვლელიბის კანონი

ამ კანონის  მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ. მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები _ სინათლე, სითბო, საკვები, წყალი  უნდა მოქმედებდნენ ერთად. არც ერთი ფაქტორის ჩანაცვლება არ შეიძლება სხვა ფაქტორით. მაგალითად წყლის ნაკლებობას ვერ შეცვლის სასუქის  მაღალი დოზები და პირიქით, ასევე სინათლეს ვერ შეცვლის სხვა ფაქტორი.

პრაქტიკაში შეუცვლელობის კანონი მაშინვე  იჩენს თავს,  როდესაც ცდილობენ,  რომ რომელიმე   ფაქტორი სხვა ფაქტორით ჩაანაცვლონ. მაგალითად: 2004 წელს გერმანიიდან შემოტანილი იქნა თითქმის 800 ათასი ლარის ღირებულების ელიტური კარტოფილის სარგავი მასალა, ესენი იყო ჯიშები: „აგრია“, „ჯელი“, „კოლეტე“ და ა.შ. სამწუხაროდ, სუბიექტური მიზეზებით, იმ დროს „ევროპლანტის“ წარმომადგენელი საქართველოში, გამოთიშული იქნა პროგრამიდან. შედეგად სარგავი მასალა ჩამოვიდა ერთი თვით დაგვიანებით.  დარგული კარტოფილი აღმოჩნდა სხვა ფოტოპერიოდიზმის პერიოდში. დაირღვა კარტოფილის ზრდა განვითარებისათვის საჭირო სინათლის ფაქტორი. შედეგად ენერგია წავიდა მწვანე მასის ფორმირებაზე და ყვავილობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის ფატორის გარდა ყველა ფაქტორი დაცული იქნა ზომაზე მეტადაც, მოსავალი მოსალოდნელზე ბევრად დაბალი მოვიდა.

2004 წელი. მეკარტოფილეობის ასაღორძინებლად საქართველოს მთავრობამ 800 ათასი  ლარი გამოყო. სამწუხაროდ კარტოფილის ელიტური და სუპერ ელიტური სარგავი მასალა თესვის ვადაზე თვენახევრით გვიან ჩამოიტანეს, რის გამოც დაირღვა თესვის ვადა და შესაბამისად ფოტო პერიოდიზმის პრინციპი.

საქმე ის არის, რომ სასოფლო – სამეურნეო კულტურათა უმრავლესობას თავისი ფოტოპერიოდიზმი ესაჭიროება, ანუ განათების დრო დღის განმავლობაში.

კარტოფილი გრძელი დღის მცენარეა, თვენახევრით დაგვიანებული თესვის გამო კარტოფილს უკვე  მოკლე დღის პერიოდში მოუწია ვეგეტაცია, ანუ დაირღვა საჭირო ბიოლოგიური რიტმი. მიუხედავათ იმისა, რომ ნარგაობას ყველა სხვა  ფაქტორი უხვად „მიაყარეს“  მოსავალი იყო ძალზედ დაბალი  და რენტაბელობაც  წამგებიანი აღმოჩნდა.  მოსავლის აღების შემდეგ ფინანსური პოლიცია „დამნაშავეს ეძებდა“.

  1. 3. მინიმუმისანუმალიმიტირებელი ფაქტორების კანონი.

ამ კანონს მალიმიტირებელი ფაქტორის კანონსაც უწოდებენ.   ამ კანონი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას, სიჯანსაღეს და ეკოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს ის ფაქტორი, რომელიც მინიმუმში იმყოფება

მაგალითად თუ  საწარმოო რეგიონში მალიმიტირებელი ფაქტორი არის სარწყავი წყალი,  რასაც საქართველოს  კლიმატურ  პირობებში  მინიმუმშია,  მეურნემ სხვა რაც არ უნდა გააკეთოს, რაზედაც არ უნდა დახარჯოს ბიუჯეტის სახსრები,  იგი მაინც მხოლოდ წვიმაზე იქნება დამოკიდებული. მოსავალს განსაზღვრავს მხოლოდ წვიმის სახით მოსული ბიოლოგიურად აქტიური  ნალექების (p რუკაზედაც   და  წყლით   უზრუნველყოფის მაჩვენებლების  (P >10 მმ)  რაოდენობა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ძირითადად დეფიციტში იმყოფება, განსაკუთრებით გაუდაბნოების პირობებში არსებულ გვალვიან რეგიონებში, ამგვარად ცხადია, რომ სასურველი შედეგის მისაღებად  აუცილებელია პირველ რიგში მინიმუმში მყოფ  სასიცოცხლო ფაქტორზე ზემოქმედება, ანუ მალიმიტირებელ ფაქტორზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

 ეს კანონი   1840 წელის  ლიბიხმა კასრის მეშვეობით საკმაოდ კარგად განმარტა. მაგალითად  დასახული მიზანი მიღწეული, რომ იყოს და  100 ლიტრიანი  კასრი ბოლომდე გაივსოს, საჭიროა კასრის კედლების ყველა ფიცარი იყოს  შესამიბისი, თანაბარი სიმაღლის.

თუ კასრის კედლის რომელიმე ფიცარი სიმაღლით სხვაზე უფრო მოკლეა, მაშინ  წყალი იმ ფიცრის თავიდან „გაიპარება“, რომლიც უფრო დაბალია, ანუ რომლის სიმაღლეც მინიმუმშია.

ეს ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მიღწევას, „100 ლიტრი წყლის შეგროვებას“ განსაზღვრავს კასრის ის ფიცარი, რომლის სიმაღლეც მინიმუმშია.

ეს კანონი  გადამწყვეტია ეკონომიკაში, მენეჯმენტში, სოფლის მეურნეობაში, ომში, სიყვარულში და ყველა საქმეში. მასზე ბევრია დაწერილი, მაგრამ …… ჯერ-ჯერობით ყველა ჩავარდნილი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ​მალიმიტირებელი ფაქტორების კანონის დაუცველობაა.

  1. მინიმუმის,   ოპტიმუმისა და  მაქსიმუმის კანონი.

მაგალითად   შეიძლება მოვიყვანოთ  სითბო. ცნობილია, რომ  მცენარეში მიმდინარე პროცესები, გარკვეული ტემპერატურის  ზღვრებში აქტიურდება ან მცირდება.

რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყოს ყველა სხვა ფაქტორებით მცენარე, მაგრამ დაეცეს ტემპერატურა,  იგი ჯერ ამცირებს ზრდა განვითარებას, ტემპერატურის შემდგომი დაცემის შემთხვევაში კი აჩერებს ცხოველმოქმედების პროცესებს.

ასევე ხდება ტემპერატურის ზრდის შემთხვევაშიც. ოპტიმალურზე მაღალი ტემპერატურისგან,  მცენარე ჯერ  ამცირებს აქტივობას, შემდგომ აჩერებს და შეიძლება გახმეს კიდეც.

თესვის ოპტიმალური ნორმის ზემოთ მარცვლეულ კულტურებში ვითარდება მარცვლეულის ჩაწოლა. თესვის ნორმის შემცირების შემთხვევაში კი მცირდება რა პროდუქტიულ მცენარეთა რაოდენობა, მცირდება მოსავალიც.

კონკრეტული ფაქტი. საქართველოში შემოტანილი იქნა მსოფლიოში აღიარებული ხორბლის ჯიშები „სტივენსი“, „პენოვავა“, „მაკვიკარი“, „კოპერი“, „მერიდიანი“  და ა,შ. ამ ჯიშებს ახასიათებთ ძლიერი პროდუქტიული ბარტყობა. ამის მათი თესვის ნორმა ჰექტარზე 100-120 კილოგრამია. ჩვენთან ეს თავისებურება არ გაითვალისწინეს, დათესეს ჰექტარზე 250-300 კილოგრამი თესვის ნორმით. ამან გამოწვია ის, რომ მუხლთაშორისები დათავთავების ფაზის შემდგომ დაიჩრდილა, ფოტოსინთეზი სათანადო დონეზე ვერ წარიმართა და სიმწიფის ფაზაში ხორბალი ჩაწვა. ანუ მოსავალი ძირითადად დაიკარგა.

ასევე  აზოტის დოზების ნორმაზე მეტად ზრდა  იწვევს  მცენარეების დამწვრობას  და ა.შ.

  1. ამ მეხუთე კანონს ფაქტორთა  დროული  მოქმედების კანონსაც უწოდებენ.

თავისი პოტენციის და პროდუქტიულობის გამოსავლენად საჭიროა რომ მცენარეს თვითოეული ფაქტორი   დროულად მიეწოდოს ოპტიმალური რაოდენობით.

ცხადია, თუ დააგვიანებთ მორწყვის ვადას და მცენარე დაგვიანებით მიიღებს წყალს და მათში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს, ყველა სხვა ფაქტორთა ოპტიმალურად არსებობის პირობებშიც კი მცენარე  დანაკლისს ვერ აინაზღაურებს და პოტენციური შედეგი ვერ მიიღწევა.

  1. დაბრუნების კანონი.

ეს კანონი ფორმულირებული იქნა, როგორც სოფლის მეურნეობაში მატერიის შენახვის კანონი. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით.

კანონის შესაბამისად საჭიროა ნიადაგს დავუბრუნოთ ყველა ის ნივთიერება (სასუქების შეტანით თუ სხვა სახით. ამასთან დაახლოებით 20 %-ით მეტი),  რომელიც მოსავლის ფორმირებისათვის იქნა გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიადაგი გამოიფიტება.

  1.  ნაყოფცვლის კანონი.

ნებისმიერი აგროტექნიკური ღონისძიება ბევრად უფრო ეფექტურია თესლბრუნვის  შემთხვევაში, ანუ    კულტურათა მორიგეობისას დროსა და სივრცეში.

  1. ქმედებისა და უკუქმედების კანონი სოფლის მეურნეობაში.

ცნობილია გამოთქმა „როგორც ექცევი შენ მოსავალს, ისე გექცევა მოსავალი შენ“.

ცნობილი ფიზიკის  კანონის შესაბამისად, რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა.

დავუშვათ რეგიონში გაჩნდა დაავადება- მეურნემ პირველ რიგში უნდა შეარჩიოს დაავადების მიმართ რეზისტენტული კულტურა  ან მოიძიოს და გამოიყენოს შესაბამისი  სამკურნალო პრეპარატი.

გვალვიან რეგიონში შერჩეული უნდა იქნეს გვალვაგამძლე კულტურა ან ჯიში.

ურწყავ პირობებში გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი, ურწყავი  მიწათმოქმედების ტექნოლოგიები.

მეტი რაოდენობით მიცემული რწყვის და სარწყავი ნორმები იწვევს ნიადაგის დამლაშებას, დაჭაობებას და მოსავლის შემცირებას.

საშუალო  სავეგეტაციო პერიოდის  რეგიონში დათესილი გრძელი სავეგეტაციო პერიოდის კულტურა ვერ ასწრებს დამწიფებას ამიტომაც წარმოებული უნდა იქნეს საშუალო სავეგეტაციო პერიოდის ჯიში ან ჰიბრიდი.

  1. მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის შესაბამისად ნიადაგის ეფექტური ნაყოფიერების მაღლდება.

ეს კანონი ამტკიცებს, რომ ნიადაგის პროდუქტიულობა მატულობს ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და მისი ზრდის პირობებში.  თვით ბუნებაში, ნიადაგწარმოქმნის პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს ცოცხლი ორგანიზმების წამყვანი როლის პირობებში, ჩადებულია ნიადაგის  ნაყოფიერების ზრდა .

როდესად მეურნის ხელში  ნიადაგი  იმყოფება, როგორც მხოლოდ  წარმოების საშუალება სასოფლო სამეურნეო კულტურათა წარმოების პროცესში, მაშინ ეს კანონზომიერება ირღვევა ნიადაგი იფიტება და საწარმოო ნაკვეთი გამოდის ბრუნვიდან.

აგროტექნიკური ღონისძიებებით შესაძლებელია,  როგორც ნიადაგის ნაყოფიერების შემცირება და განადგურება,  ისე მისი ამაღლება. ეს  კი შესაძლებელია  ნიადაგის დამცავი ტექნოლოგიების გამოყენების,  მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციის , თესლბრუნვების დაცვის შემთხვევაში. მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ამ დროს ნიადაგის ნაყოფიერება არა თუ იკლებს, არამედ მატულობს კიდეც.

სოფლის მეურნეობაში და არა მარტო სოფლის მეურნეობაში არა ნაკლებ მნიშვნელოვანია აგროწარმოების პრინციპები.

ა.  გარემო პირობებთან კულტურათა შესაბამისობის (ადექვატურობის) პრინციპი.

ბუნებრივ ბიოცენოზებში ან ეკოლოგიურ სისტემებში ფიტოცენოზები ყალიბდებიან კონკრეტულ ბუნებრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებზე დამოკიდებულებით, სამწუხაროდ ეს პირობები შეზღუდულია და არაა ამოუწურავი. აგრო ეკოლოგიურ სისტემებში ეს პირობები იქმნება ხელოვნურად ადამიანის სურვილისა და ქმედებების შესაბამისად. ამიტომაც აგროეკოსისტემები საჭიროებენ სპეციალურ ზომებს მათი მდგრადობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნებისათვის. აუცილებელია იმ პირობების შექმნა, რომლებშიც ისინი იზრდებოდნენ.

მაგალითად  მიუხედავად მეურნეთა დიდი მონდომებისა მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგების პირობებში ჩამოყალიბებული ლურჯი მოცვი მათ აღმოსავლეთ საქართველოს ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებზე საწარმოო მიზნებით და მასშტაბებით ვერ გაახარეს. მაგრამ  დასავლეთ საქართველოს მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებს ისინი კარგად შეეგუენ. ცხადია ნიადაგის რეაქცია ამ შემთხვევაში მალიმიტირებელ ფაქტორად იქცა.

   ბ.   მოსაყვან  კულტურათა  კონკურენტი კულტურების  განადგურების  ან  ჩახშობის პრინციპი.

ნებისმიერი აგროეკოლოგიური სისტემის ფუნქციონირების დროს მცენარეთა სასიცოცხლო ფაქტორები ამა თუ იმ დონით შეზღუდულია.

ასეთ პირობებში ყოველთვის იქმნება კონკურენცია ფიტოცენოზებში საარსებო სივრცის და სასიცოცხლო ფაქტორების მოსაპოვებლად კულტურულ მცენარეებსა და სარეველებს შორის.

ვინაიდან სარეველა მცენარეები  კულტურულ მცენერებთან  შედარებით  მეტი სიცოცხლისუნარიანობით  ხასიათდებიან, ამ უკანასკნელთა ნარგავობის და ნათესების დაჩაგვრა – განადგურების  წინაპირობა  იქმნება.

ამიტომ დაგეგმილი, პროგრამირებული მოსავლის მიღების მიზნით სარეველა, კონკურენტი მცენარეების განადგურება ჩახშობა, დაპროექტებული, მაღალი მოსავლის და კარგი ეკონომიკური შედეგების მიღების  მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა.

გ.    სასოფლო – სამეურნეო მცენარეთა დაცვის პრინციპი.

კულტურული მცენარეები  იჩაგრებიან  არა მარტო სარეველა მცენარეების, არამედ მავნებლების და დაავადებების ზემოქმედებითაც. მემცენარეობის პროდუქციის  მომხმარებლები არა მარტო ჩაგრავენ, ამცირებენ მცენარეთა პროდუქტიულობას, არამედ რიგ შემთხვევებში    მათ  მთლიანად  ანადგურებენ კიდეც.

ამიტომაც აგრო ფიტოცენოზები საჭიროებენ  სპეციალური  დაცვითი ღონისძიებების გატარებას  საწარმოებელ კულტურულ მცენარეთა მავნებელი და დამაავადებელი თანამგზავრების წინააღმდეგ.

დ. აგროსისტემებიდან ტოქსიკურ ნივთიერებათა გამოტანა – მოცილების პრინციპი.

მოსახლეობის მკვეთრმა ზრდამ  გამოიწვია მცენარეულ პროდუქციაზე მოსახლეობისა და პირუტყვის  მოთხოვნილების მკვეთრი ზრდა.  შესაბამისად გაიზარდა როგორც გამოყენებული პესტიციდების ისე საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობაც და მათი ანუ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებაც, როგორც ნიადაგში, ისე წყლებსა და საერთოდ ეკო სისტემებში. ყოველივე ეს კი თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც წარმოებული სასოფლო სამეურნეო კულტურების,  როგორც სამეურნეო ეკონომიკურ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

ამიტომაც ტოქსიკური ნივთირებების  აგროეკოსისტემებში მოხვედრის პროგნოზირება, პროფილაქტიკა და არსებულთა გამოტანა, მოცილება, ეკოსისტემის გაჯანსაღება, გარემოს დაცვის უმთავრეს დღევანდელ პრობლემას წარმოადგენს.

ე.  მცენარის  ვეგეტაციისთვის  საჭირო  ოპტიმალური პირობების შექმნის პრინციპი. 

მცენარის  ვეგეტაციისთვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნა ერთდროულად (პარალელურად) უნდა ტარდებოდეს, როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ნაწილებისთვის.

ვ. მცენარეებისათვის საკვები ხსნარის შექმნის პრინციპი.

საკვები ელემენტები და წყალი გათვალისწინებულია არა  ნიადაგისთვის არამედ  მისი მეშვეობით მცენარისთვის, ისინი მცენარეებს, საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით უნდა მიეწოდოს. სასუქების მოქმედების საუკეთესო ეფექტი შესაძლებელია მიღებული იქნეს მხოლოდ ორგანული, ასევე  მინერალური სასუქებისა და რწყვის თანადროული მოქმედების შემთხვევაში.

ზ. ჯიშობრივი აგროტექნიკის ეფექტის პრინციპი.

თითოეულ ჯიშსა, თუ ჰიბრიდს აგრო ტექნოლოგიური პროცესების  მიმართ თავისი მოთხოვნები აქვს.  მეურნემ აუცილებლად უნდა იცოდეს ისინი, ითვალისწინებდეს მათ და აკმაყოფილებდეს მცენარის ჯიშობრივ აგროტექნიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავის პოტენციურ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს და ჯიშისა თუ ჰიბრიდის თესლისა თუ სარგავი მასალის შეძენაზე გაწეული ხარჯები ვერ ანაზღაურდება.

  კობა კობალაძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი