ბლოგი

ერთნებობითა და თანადგომით ქვეყნის მართვა

ჩვენ, საქართველოს უზენაისი საბჭოს წევრები, საკუთარ მოვალეობად მივიჩნევთ გამოვთქვათ პრინციპული დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილი დრამატული ვითარების მიმართ.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ, არ არის გადაჭრილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები (მიწის, სამართლიანობისა და სამართლებრიობის, მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის შექმნის, სასურსათო უშიშროების, აგფლაციის, ადმინისტაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმართველობის შექმნისა და განვითარების, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტიანი სისტემის შექმნის, სახელმწიფო ტერიტორიის, ბუნებრივი რესურსების მოვლა-პატრონობის დაცვისა და კეთილგონივრული გამოყენების და სხვ.). მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ლუკმა-პურის ძიებაშია. დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს მოწყვეტილია ასიათასობით ადამიანი, ოჯახები გაყოფილია, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს. დაკარგულია სოციალური კონტაქტები. მრავალი ადამიანის უკიდურესი გაჭირვება თანაარსებობს ერთეულთა განცხრომასთან და გულგრილობასთან. ახალგაზრდობას უჭირს თვითდამკვიდრება. ჰყვავის კორუფცია და მაამებლობა. გიგანტური ჰესების უაღრესად სახიფათო პროექტები მხოლოდ პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე ხდება განსჯის საგანი და საქართველოს მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ ვითარების გამოსასწორებლად. კოვიდპანდემიამ მხოლოდ გააშიშვლა და უკიდურესად გაამწვავა ქვეყანაში იმთავიდვე არსებული  მრავალი პრობლემა. კავკასიაში შექმნილია უაღრესად მძაფრი გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ვითარება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას. 

ამ დროს ქვეყნის პოლიტიკური ელიტა დაკავებულია ერთმანეთთან კინკლაობით და ურთიერთანგარიშწორებით. მტერი და მოყვარე ყველა გაკვირვებულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის სრულიად გაუაზრებელი და უკიდურესად სახიფათო მოქმედებებით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს წარმოქმნილ უფსკრულს.

სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იანი წლების  დაპირისპირების შედეგები და სულისკვეთება დღესაც იჩენს თავს დაუნდობლობასა და გაუტანლობაში, რის ტირაჟირებასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა უმრავლესობა აქტიურად ეწევა. არ არის შემთხვევითი, რომ 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და 9 აპრილის აქტის 30 წლის იუბილემ სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა. გათითოკაცებულ ქვეყანაში აღარავინ ახსენებს ეროვნული ერთიანობისა და დიდი გამარჯვების ეპოქას. მიჩქმალულია საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლების დამსახურება და ღვაწლი. ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეები ეროვნულ მოძრაობას მითოლოგიად აცხადებენ, რომელსაც სასიკეთო არაფერი მოუტანია. 

ისტორიის ამგვარი გაყალბება და ადამიანთა ცნობიერებით მანიპულირება გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ უდიდეს დანაშაულად მიგვაჩნია. ამასთან, საქართველო ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 9 აპრილს, სათანადო პატივს არ მივაგებთ. 2018 წელს დამოუკიდებლობის 100 წელი ვიზეიმეთ, ისე, თითქოს ქვეყნის ისტორიაში არ არსებობდა 70 წლიანი საბჭოთა ტრაგედია. 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტში საჭირო სისრულით არის გამოკვეთილი 1918 წლის 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობა. თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ აღიარებულია სწორედ 9 აპრილის აქტითა და იმდროინდელი მდგომარეობით. ვიმეორებთ, სწორედ უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების დავიწყება და მიზანმიმართული გაყალბება არის სათავე მრავალი სიმრუდისა ჩვენს ცხოვრებაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული  ყურადღება უნდა მიექცეს ქართველი ხალხის გმირულ და წარმატებულ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის XX საუკუნის ბოლოს. ეს გაამხნევებს ქვეყნის მოსახლეობას და გააძლიერებს ერთიანობისაკენ სწრაფვას, ახალგაზრდობას კი თვალნათლივ აჩვენებს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს შესწევს უნარი  ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე მსოფლიოში.

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდეს 9 აპრილი, 26 მაისს კი აღინიშნოს რესპუბლიკის დღე.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს მართვა, აღმშენებლობა და ძლიერება საერთო ეროვნულ თანხმობას ემყარება.

ნოდარ ნათაძე, ავთანდილ იმნაძე, გივი თალაკვაძე,

დეკანოზი როსტომი (ლორთქიფანიძე), დავით არევაძე,

ფირუზ დიაკონიძე, ნუგზარ მგალობლიშვილი, ალეკო ვარძელაშვილი,

ალექსი არაბული, სალომე ზვიადაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი,  თემურ მჟავია,

დალი ფიროსმანაშვილი,  ნიკოლოზ სანებლიძე, გივი ლობჟანიძე, ანზორ სიჭინავა,

თამაზ დიასამიძე, თენგიზ დიხამინჯია, პაატა კოღუაშვილი