აგროსიახლეები

„მარიკულტურა გეორგია“ _ შავი ზღვის ხამანწკები და მიდიები კვარიათიდან

კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს –  აჭარაში საზღვაო ფერმას, გადამმუშავებელ საწარმოს და  თბილისის შოკური გაყინვის საწარმოს აერთიანებს.

საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

21 აპრილს როგორც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საწარმოში სტუმრობისას აღნიშნა, საქართველოს ​აკვაკულტურის და მარიკულტურის დიდი შესაძლებლობა აქვს და ამ პოტენციალს მაქსიმალური ათვისება სჭირდება, რისთვისაც, 2020 წელს, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

_ „შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარებას. კომპანიამ ,,მარიკულტურა გეორგია“ პირველი ნაბიჯები გადადგა და წარმატების მაგალითი პრაქტიკაში უკვე გაჩნდა.  იმისათვის, რომ კიდევ მეტი იყოს ასეთი წარმატებული წარმოება, სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს. ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, აკვაკულტურის და მარიკულტურის განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა, რაც მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს და გულისხმობს როგორც პირველადი, ასევე  შემნახველი, გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაზიარებას.  სახელმწიფო აქტიურად გააგრძელებს კერძო ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ საქართველოში როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის სწრაფ განვითარებას“ _ თქვა ბატონმა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ 2020 წელს ამოქმედდა. კომპანიას შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან აქვს ზღვის წყალქვეშა ფერმამ, სადაც ძირითადი შავი ზღვის მიდიებს (mutilus galaprovinciale) და ხამანწკებს (oyster grasoteria gigas) ამრავლებენ და ზრდიან.

კომპანიის საზღვაო წყალქვეშა ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიის და 10-15 ტონა ხამანწკის გამოზრდაა. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე მიღწევას 2 წელი, ხოლო ხამანწკის – 4 წელი სჭირდება.

ზღვის ფერმაში წარმოებული პროდუქციის ცოცხლად რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია  მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ ხამაწკებს და მიდიებს სთავაზობს.

მარიკულტურა გეორგიას“ პროდუქცია ამ ეტაპზე მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ახლო მომავლში  პროდუქციის ექსპორტზე: აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში, ჰონ-კონგში და კანადაში გატანა იგეგმება.

მიდიების და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კომპანია  სპეციალური გემის შეძენასაც გეგმავს.