აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

ეთერზეთოვანი მცენარეები _ ვარდისებრი გერანი

ამ ჯგუფში თავმოყრილია ისეთი მცენარეები, რომელთა კულტურის მიზანს წარმოადგენს სურნელოვანი, ეთეროვანი ზეთის მიღება. მოჰყავთ 20-მდე სახის ეთერზეთოვანი მცენარე, როგორიცაა: ქინძი, ანისული, კვლიავი, პიტნა, დიდი კამა, ხარის ვარდა, გერანი, რეჰანი და სხვა. ეთეროვან ზეთს ღებულობენ მცენარეთა სხვადასხვა ნაწილებიდან; ნაყოფებიდან, თესლიდან, ფოთლებიდან, ყვავილიდან, ღეროდან, ფესვებიდან. ეთეროვანი ზეთი სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებათა ნაერთს წარმოადგენს, როგორიცაა: ნახშირწყლები, სპირტები, ფენოლი, ეთერი, ალდეჰიდები, მჟავები. ეთეროვანი ზეთის თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ის ადვილად ორთქლდება და სასიამოვნო სურნელებით ვრცელდება გარემოში, ამის გამო მას ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში. ზოგიერთი ეთერზეთოვანი მცენარე (ქინძი, ანისული, დიდი კამა და სხვ.) ეთეროვანი ზეთის გარდა დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმს, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს საპნის წარმოებაში, საფეიქრო, პოლიგრაფიულ და სხვა საწარმოებში. ეთერზეთოვან მცენარეთა ნაყოფებსა და თესლის გადამუშავების ანარჩენი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პირუტყვის საკვებად, ღეროსა და ფოთლის გადამუშავების ანარჩენები კი ორგანულ სასუქად.
საქართველოში ეთერზეთოვანი ზეთის წარმოების ძირითად ნედლეულს წარმოადგენდა – ვარდისებრი გერანი და ევგენოლური რეჰანი. იგი მოჰყავდათ აფხაზეთში, სენაკის, აბაშის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის და მარნეულის რაიონებში.
 ვარდისებრი გერანი – ბუჩქოვან ბალახნაირი, მრავალწლოვანი მცენარეა. გერანი ვერ იტანს – 2-3°C-იან ყინვასაც კი, ამიტომ ჩვენში ის ერთწლიანი მცენარეა. მას ამრავლებენ კალმით, კვალსათბურებში და გაზაფხულზე გააქვთ მინდორში დასარგავად.
მორფოლოგიურ-ბიოლოგიური დახასიათება.

ერანის ფესვთა სისტემა წვრილი ძაფისებრი ფესვებისაგან შედგება, რადგან მისი გამრავლება ვეგეტატიურად – კალმით სწარმოებს. ფესვები გამოაქვს კალმის ფუძიდან და ვრცელდება ნიადაგში, ძირითადად 30სმ სიღრმემდე, ცალკეული ფესვები კი ნიადაგში ჩადის 1,5-2მ სიღრმეზეც.
მთავარი ღერო მოკლეა – 4-5სმ სიმაღლის, საიდანაც ვითარდება მუხლებისა და მუხლთშორისებისაგან შემდგარი ტოტები. ისინი ჰქმნიან გერანის ბუჩქს, რომლის სიმაღლე ჯიშისა და ადგილობრივი პირობების მიხედვით 80-130 სმ აღწევს. გერანის ტოტები შებუსულია. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფირფიტა ღრმად დანაკვთულდა ღეროზე განლაგებულია მორიგეობით. ფოთოლი, ისევე როგორც ღერო, დაფარულია ჯირკვლებიანი ბუსუსით, რომლებშიაც გროვდება ეთეროვანი ზეთი. ფოთლის ფირფიტა უფრო მდიდარია ზეთით, ვიდრე ღეროს ნაწილები. ამასთან ახალგაზრდა ფოთოლში ზეთის შემცველობა მეტია, ვიდრე ძველში, ხოლო შეყვითლებულ ფოთლებში ის უმნიშვნელო რაოდენობითაა. ყვავილედი გამოდის ფოთლის იღლიიდან და შედგება რამოდენიმე ყვავილისაგან. გვირგვინის ფურცლები ვარდისფერია, მუქი მოიისფრო ხაზებით. ყვავილში მოთავსებული სამტვერე პარკები განუვითარებელი და ძირითადად სტერილურია, რის გამო გვირგვინი ჩვენში თესლს იშვიათად თუ იკეთებს, ხელოვნური დამტვერვის საშუალებით შეიძლება გამოვიწვიოთ ყვავილის განაყოფიერება, ამ შემთხვევაში მის ხუთბუდიან ნასკვში ვითარდება ხუთი ცალი თესლი.

გერანის გამრავლება ვეგეტატიურად წარმოებს ღეროდან აღებული კალმების საშუალებით, მისი გამრავლება შეიძლება ფოთლებითაც. სათანადო ტენისა და სითბოს პირობებში გერანის კალამი ადვილად ფესვიანდება: გაზაფხულზე მინდორში გადარგული იმავე წელს საკმაოდ განვითარებულ ბუჩქს იძლევა.
სითბოსადმი დიდი მოთხოვნილების მცენარეა, მცირე ყინვაც კი, როგორც ავღნიშნეთ სრულიად სპობს მცენარეს. ვეგეტაციას იწყებს 10°C სითბოს დროს, ხოლო ნორმალური განვითარებისათვის საჭიროებს 20-25°C სითბოს. ასევე დიდია მისი მოთხოვნილება სინათლის მიმართ, ვინაიდან ეთეროვანი ზეთის მაქსიმალური რაოდენობით დაგროვება მცენარის ფოთლებში მოითხოვს ნათელსა და მზიან დღეებს.

გერანის მწვანე მასის უხვად განვითარება დიდი რაოდენობით მოითხოვს წყალსაც, ნიადაგის ტენიანობა ვეგეტაციის განმავლობაში არ უნდა იყოს ზღვრული წყალტევადობის 80%-ზე ნაკლები. მწვანე მასისა და ზეთის დიდ გამოსავლიანობას იძლევა სარწყავ მიწებზე.

გერანი შედარებით კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, მაგრამ მაღალი მოსავლის მისაღებად მისთვის საუკეთესოა საკვები ნივთიერებებით მდიდარი, კარგი წყალგამტარი და ღრმა სახნავი ფენის მქონე ნიადაგები. გერანი ვერ იტანს მძიმე, პირშეკრულ და ჭაობიან ნიადაგებს, სადაც გრუნტის წყალი ახლოა.
ძლიერ აზიანებს გერანის პლანტაციას ქარები, ამიტომ მის გასაშენებლად საჭიროა შეირჩეს ძლიერი ქარებისაგან დაცული, მყუდრო ადგილები.

ადგილი თესლბრუნვაში

გერანის მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზე დარგვა სასურველი არ არის, ამს თან სდევს ნიადაგის გამოფიტვა და მავნებელ დაავადებათა გავრცელება, რაც მკვეთრად ამცირებს მის მოსავლიანობასა და ხარისხს. გერანის კულტურის მაღალი აგროტექნიკა მოითხოვს მის თესლბრუნვაში შეტანას.

აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში გერანის წინამორბედად თესლბრუნვაში წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საშემოდგომო თავთავიანები, აგრეთვე პარკოსანი კულტურებისაგან და ბაღჩეულებიდან განთავისუფლებული მინდორი. გერანის აღების შემდეგ შეიძლება დავთესოთ სიმინდი, სოია და სხვა საგაზაფხულო კულტურები.

ნიადაგის დამუშავება.

გერანისათვის შერჩეული უნდა იქნეს ქარებისაგან დაცული და მზით კარგად განათებული სარწყავი ადგილები. სასურველი არ არის გერანის გაშენება გზის ახლო მდებარე ნაკვეთებზე, რადგან ამ შემთხვევაში პლანტაცია იფარება მტვერით და მნიშვნელოვნად უარესდება მისი ხარისხი. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში, გერანისათვის ნიადაგის მომზადება მდგომარეობს მზრალად ხვნის სისტემაში. წინამორბედი კულტურებისაგან მინდორის განთავისუფლებისთანავე
ხდება ნაწვერალის აჩეჩვა 5-6 სმ-ზე, ხოლო შემდეგ ნიადაგი იხვნება მზრალად 23 – 25 სმ სიღრმეზე წინმხვნელიანი გუთნით, ამავე დროს შეაქვთ ძირითადი სასუქები და ასეთი სახით რჩება ზამთარში.

ადრე გაზაფხულზე, როგორც კი შესაძლებელი იქნება მინდვრად მუშაობა, ხნული იფარცხება ზიგზაგით. გერანის დარგვამდე ერთი კვირით ადრე, ხნული ფხვიერდება 10-12 სმ-ზე ფრთებმოხსნილი საოშებით და თანმიყოლებით იფარცხება.

მრავალწლიანი ბალახებისა და საგვიანო სათოხნი კულტურების მინდორი შემოდგომაზე, მოსავლის აღებისთანავე იხვნება მზრალად.
დასავლეთ საქართველოს პირობებში, ნიადაგის ძირითად დამუშავება გერანისათვის ურჩევენ იანვარ-თებერვალში, 20-22 სმ სიღრმეზე. გერანის დარგვის წინ 8-10 დღით ადრე, ხნული ფხვიერდება ფრთებმოხსნილი საოშებით და იფარცხება. კოლხეთის დაბლობზე, ჭარბი ტენიანობის გამო, რეკომენდებულია გერანი დაირგოს 5-8
მეტრიანი სიგანის შემაღლებულ, სფერულ კვლებზე, ამ მიზნით თითოეული კვალი ისე უნდა დამუშავდეს, რომ კვლის კიდეებზე ნაღარი დარჩეს ზედმეტი წყლის დასაწრეტად.

განოყიერება.

გერანი, სხვა კულტურებთან შედარებით, დიდი რაოდენობით საჭიროებს სასუქებს. კარგ ეფექტს იძლევა ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივი გამოყენება, გერანისათვის რეკომენდებულია სასუქთა საშუალო ნორმები: 20 ტ. ნაკელი, 6,0-7,5 ც. სულფატამონიუმი 6,8-8,0 ც. სუპერფოსფატი და 3,0-3,5 ც. კალიუმის მარილი ჰექტარზე. განსაკუთრებით დიდ მოთხოვნას იჩენს გერანი აზოტიანი სასუქების მიმართ.

ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების 2/3 სასურველია შეტანილი იქნეს ნიადაგის ძირითადი ხვნის დროს. კარგ შედეგებს იძლევა აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების 1/3-ის ბუდნებში შეტანა, ხოლო აზოტიანი და კალიუმიანი სასუქების დანარჩენი რაოდენობის სავეგეტაციო პერიოდში შეტანა-გამოკვების სახით, მწკრივთა შორის კულტივაციისა და მორწყვის წინ.

კვალსათბურის მოწყობა.

გერანის გამრავლება ვეგეტატიურად კალმებით წარმოებს. კალმებს შემოდგომაზე ამზადებენ და დასაფესვიანებლად ჩვეულებრივ კვალსათბურებში ათავსებენ. კვალსათბურები ეწყობა ქარებისაგან დაცულ მყუდრო ადგილას. ამისათვის არჩევენ სწორ და სამხრეთით, სამხრეთაღმოსავლეთითა ან სამხრეთ-დასავლეთით ოდნავ დაქანებულ ნაკვეთებს. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, კარგი წყალგამტარი, გრუნტის წყლები 1 მ-ზე ახლოს არ უნდა იყოს ნიადაგის ზედაპირიდან. ნაკვეთი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავი წყლით. კვალსათბურებში ნიადაგს ფარავენ 20-25 სმ. სისქეზე, აყრიან საკვებ ნარევს. საკვები ნარევი მზადდება ორი წილი ნიადაგის, ერთი წილი კარგად გადამწვარი ნაკელისა და ერთი წილი სილისაგან. თითოეული ეს ცალ-ცალკე უნდა გაიცრას მავთულბადის საცერში და კარგად აირიოს
ერთმანეთში. მოსწორების შემდეგ საკვები ნარევი მსუბუქად უნდა დაიტკეპნოს და ზემოდან 2 სმ. სისქეზე მოეყაროს სუფთა სილა. ყოველივე ეს ისე უნდა შესრულდეს, რომ კვალსათბურში დარჩეს საკმაო არე ნერგის განვითარებისათვის, ე. ი. კვალსათბურის სამხრეთ კედელთან სილის ზედაპირიდან ჩარჩომდე უნდა იყოს 20 სმ დაცილება.
მავნებლებისა და დაავადებათაგან დასაცავად, გერანის კალმები დარგვამდე 15-20 დღით ადრე კვალსათბურებს დეზინფექციას უკეთებენ, შიგნიდან მის კედლებს კირის ხსნარით ათეთრებენ, ხოლო საკვებ ნარევსა და სილის ფენას 1%-იანი ფორმალინის ხსნარით წამლავენ.

სადედე პლანტაციის გაშენება და მოვლა. გერანის საკალმე მასალა აღებული უნდა იქნეს სადედე პლანტაციიდან, ერთი ჰექტარი სადედე პლანტაცია იძლევა 150 – 200 ათას კალამს. რაც უზრუნველყოფს შემდეგ 5-6 ჰექტარი სამრეწველო პლანტაციის გაშენებას. სადედე პლანტაციის გასაშენებლად კალმები ცალკე, მისთვის განკუთვნილ კვალსათბურებში გამოჰყავთ. ამ მიზნით, კალმებს იღებენ საღი, ნორმალურად განვითარებული და კარგად შეფოთლილი ბუჩქებიდან, რომელსაც ამასთან ერთად აქვთ ვარდისფერი გერანისათვის დამახასიათებელი სუნი.

სადედე პლანტაციაში ბუჩქების ძლიერი ზრდა და მისი ტოტების წაგრძელება სასურველი არ არის, ვინაიდან ეს იძლევა ზედმეტად წყლიან კალმებს, რომელიც სუსტად ფესვიანდება. ამიტომ სადედე პლანტაცია ეწყობა საშუალო ნაყოფიერ ნიადაგზე. სადედე პლანტაციაში ნერგები ირგვება 90×90 სმ დაშორებით. ვეგეტაციის პერიოდში მორწყვა წარმოებს მინიმალური რაოდენობით, ზაფხულში ხდებაბუჩქების ფორმირება და მათი გასუფთავება გამხმარი და დაზიანებული ღეროფოთლებისაგან. ამ პირობებში ბუჩქი ნელა იზრდება და მოკლე მუხლთშორისებს ივითარებს.

ნერგის გამოყვანა

კალმების აღებამდე სადედე პლანტაციაში მიმართავენ ბუჩქების გასხვლას, ზედმეტი, დამჩრდილავი ტოტების ამოჭრას და საღად განვითარებულ ტოტებზე წვეროს წაჭრას. ამ ოპერაციის მიზანია ფოთოლთა იღლიებში კვირტების განვითარება და ახალი ყლორტების წარმოქმნა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ასწრებენ ზრდის დასრულებას და ტექნიკურად მომწიფებულ საკალმე მასალას იძლევიან. კვალსათბურებში დასაფესვიანებლად გატანილ კალამს 4- 5 მუხლთშორისი უნდა ჰქონდეს, ხოლო თვით კალმის სიგრძე 12-15 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ პირობებში სადედე ბუჩქიდან აღებული ერთი ტოტი 3-4 კალამს
იძლევა, ხოლო თვით ბუჩქიდან შეიძლება რამოდენიმე ათეული კალამი იქნეს მიღებული. კალმების დარგვა კვალსათბურებში წარმოებს ოქტომბერში, სიცივეების დაწყებამდე მცენარემ რომ მოასწროს დაფესვიანება. ერთი კვადრატულ მეტრზე ათავსებენ 400 კალამს, კალამს მარკერით წინასწარ დახაზულ მწკრივებში რგავენ, ერთმანეთისაგან 5 სმ. დაშორებით და რწყავენ.

გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე მიმართავენ ნერგის გასხვლას კარგად განვითარებული და დაბუჩქული სარგავი მასალის მიღების მიზნით. ზამთრის პერიოდში საჭიროა სისტემატური მეთვალყურეობა: კვალსათბურების მოვლა, თბილი ამინდების დროს ჰაერის განიავება, ყინვების დროს საფარებით დათბუნება.
კალმების დაფესვიანების დასაჩქარებლად ზოგჯერ იყენებენ ზრდის სტიმულატორს – ჰეტეროაუქსინს.

ნაკვეთზე ნერგის გადატანამდე 8-10 დღით ადრე მიმართავენ სათბურებში მცენარის ე. წ. გაკაჟებას, რისთვისაც ჩარჩოებს 4- 5 დღის განმავლობაში აწეულ მდგომარეობაში ტოვებენ როგორც დღისით, ისე ღამით, ხოლო შემდეგ სრულიად იღებენ მას.

ნერგის ამოღება და დარგვა

ნერგის ამოღების წინ კვალსათბური უხვად უნდა მოირწყას, ხოლო მცენარეები ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ფესვების დაუზიანებლად. ნერგების ხელით ამოგლეჯა დაუშვებელია. ამოღებული ნერგი იქვე ხარისხდება.

დასარგავად ვარგისი ნერი სიგრძით უნდა იყოს 15-18 სმ. და ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და 2-3 გვერდითი ტოტი მაინც. დარგვამდე საჭიროა ნერგს მოვაშოროთდიდ ფოთლები, ხოლო ფესვები დაუმოკლდეს 5სმ-მდე.

ამის შემდეგ ფესვებს ამოავლებენ ნაკელიან თიხანარევ სქელ წუნწუხში, აწყობენ ყუთებში ვერტიკალურად, ფესვებით ქვევით და გზავნიან დასარგავად. ფესვები რომ არ გამოშრეს, ყუთის ფსკერზე სასურველია სველი ხავსი ან ბალახი დაიფინოს, ხოლო ზემოდან მსუბუქი საფენი გადაეფაროს.

გერანის დარგვა წარმოებს აპრილში, როდესაც ნიადაგის საკმაოდ გათბება. საქართველოს დასავლეთ ნაწილში დარგვის პერიოდია აპრილის პირველი ნახევარი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში – აპრილის მეორე ნახევარი. დარგვის წინ სათანადოდ მომზადებული ნიადაგი მარკერით იხაზება გარდიგარდმო და მისი
გადაკვეთის ადგილებზე – 70 სმ დაშორებით ერთმანეთისაგან – ირგვება გერანი. ამ პირობებში ჰექტარზე თავსდება 20 ათასი მცენარე. ნერგის დარგვა წარმოებს 5 – 6 სმ სიღრმეზე და მაშინვე რწყავენ.

პლანტაციის მოვლა

გაზაფხულზე გერანი შედარებით ნელა იზრდება, ამ პერიოდში საჭიროა ზრუნვა იმისათვის, რომ ნიადაგი მუდამ ფხვიერ მდგომარეობაში იყოს და არ დაიფაროს სარეველებით. ამ მიზნით პირველ თოხნა-კულტივაციას მიმართავენ ჯერ კიდევ დარგვიდან 3-4 დღის შემდეგ. ორი კვირის შემდეგ ტარდება მწკრივთაშორის მეორე კულტივაცია, ხოლო 20-25 დღის შემდეგ მესამე კულტივაცია მწკრივების ღრმა გაფხვიერებით. ამის შემდეგ გათოხნა კულტივაცია წარმოებს საჭიროების მიხედვით, ვიდრე მცენარეთა მწკრივები შეიკვრებოდეს და ნაკვეთი მთლიანად დაიფარებოდეს ფოთლებით.

მოსავლის აღება

ეთეროვანი ზეთის უდიდეს რაოდენობას შეიცავს გერანის ფოთოლი, უფრო ნაკლებს მისი ღერო. მწვანე მასის აღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც პლანტაცია ფოთლის უხვ მასას განივითარებს. საქართველოს პირობებში გერანის მოსავალს ორჯერ იღებენ, თბილი შემოდგომის პირობებში ზოგჯერ შესაძლებელია მესამე მოსავლის აღებაც.

მოსავლის პირველი აღება წარმოებს ივლისის მეორე ნახევრიდან – აგვისტოს შუა რიცხვებამდე. პირველი მოსავლის აღების დროს, ბუჩქზე იჭრება მწვანე მასის 70-75%, ყველა ძირითადი ტოტი, მისი 3 -4 მუხლთშორისის დატოვებით. გარდა ამისა, ბუჩქზე დატოვებული უნდა იქნეს 8-10 ცალი ნორჩი და საღად განვითარებული ყლორტი, რომ ბუჩქმა თავისი ფორმა არ დაკარგოს და კვლავ აღადგინოს მწვანე მასა მეორე მოსავლის მოსაცემად. გერანის მეორე მოსავლის აღება წარმოებს სექტემბრის დამლევიდან – 20 ოქტომბრამდე. ამ დროს იჭრება პლანტაციაში გერანის მთელი მწვანე მასა.

მაღალი ტემპერატურის დროს, მზის სხივებზე, მოჭრილი მწვანე მასა მალე ჻ჭკნება და ეთეროვანი ზეთის მნიშვნელოვანი რაოდენობა ორთქლდება, იკარგება, ამიტომ მოსავლის აღება სასურველია ღრუბლიან ამინდში დილით ან მზიან ამინდში საღამოს.

გერანის მწვანე მასის გადასაზიდი ტრანსპორტი უნდა იყოს სუფთა. ნავთით, მაზუთით, სამანქანო ზეთით, ან სხვა სუნიანი ნივთიერებით გაჭუჭყიანებული ტრანსპორტი გერანის მწვანე მასის გადასატანად არ გამოდგება, ეს მნიშვნელოვნად აუარესებს მისგან მიღებულ ზეთის ხარისხს.

 

ზაირა ტყებუჩავა,

გივი ცაგურიშვილი

ცოტნე სამადაშვილი,

ჯემალ შენგელია,

ბუხუტი აბაშიძე,

ელენე მაღლაკელიძე,

ნუნუ ჩხაიძე,

„სოფლის მეურნეობის საფუძვლები“