ვაზის ანთრაქნოზი _ მზარდი საფრთხე და მასთან ბრძოლის სტრატეგია
ვენახის დაცვის ინტეგრირებულ სისტემაში ვაზის ანთრაქნოზი (Gloeosporium ampelophagum Sacc.) სულ უფრო აქტუალური ხდება. თუ წლების წინ ეს დაავადება საქართველოში მხოლოდ კერობრივად გვხვდებოდა, ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებამ და ტენიანობის მატებამ მისი ფართო გავრცელება გამოიწვია.
ანთრაქნოზი აზიანებს ვაზის ყველა მწვანე ორგანოს და განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს სასუფრე ჯიშების ვენახებს.
დაავადების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია გადამწყვეტია მოსავლის ხარისხისა და ვაზის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
ანთრაქნოზი თავისი აგრესიული ბუნებით გამოირჩევა და მცენარეზე კვალს ყველა ეტაპზე ტოვებს:
- რქა და ყლორტი _ პირველი ნიშნები ჩნდება პატარა, მურა ფერის მომრგვალო ლაქების სახით, რომლებიც მოგვიანებით მოგრძო ფორმას იღებს. ლაქის შუა ნაწილი ჩაზნექილია, ხოლო ნაპირები _ ამოზნექილი. დაავადების პროგრესირებისას ზიანდება გამტარი კონები, რაც არღვევს წვენთა მოძრაობას და იწვევს ქსოვილის დაშლას (ძაფისებრი ბოჭკოების გაჩენა).
- ფოთოლი _ ვლინდება მონაცრისფრო-მოყავისფრო ლაქებით, რომლებსაც მოწითალო არშია აკრავს. დაზიანებული ქსოვილი დროთა განმავლობაში იფშვნება და ცვივა, რის გამოც ფოთოლი „დაცხრილულ“ იერს იღებს. ძარღვებზე განვითარებული დაზიანება ფოთლის დეფორმაციას იწვევს.
- ნაყოფი (მარცვალი) _ მარცვალზე ჩნდება პრიალა, ლორწოვანი ცენტრის მქონე ჩაზნექილი ლაქები. ასეთი მარცვლები დეფორმირდება, არათანაბრად ვითარდება და ხშირად მტევანზევე შრება.
გარემო პირობები და მგრძნობიარე ჯიშები
ანთრაქნოზის ინტენსიური განვითარებისთვის ოპტიმალურია თბილი და ნესტიანი ამინდები. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ფერმერებს, რომელთა ვენახებიც ნესტიან, დაბლობ ადგილებშია გაშენებული.
დაავადების მიმართ შედარებითი გამძლეობით ხასიათდებიან: საფერავი, კაბერნე–სოვინიონი, ტრამინერი.
აღსანიშნავია, რომ ავტოქტონური ქართული ჯიშები ამ დაავადების მიმართ შედარებით მაღალ იმუნიტეტს ავლენენ.
ბრძოლის ღონისძიებები და პრევენცია
ეფექტიანი დაცვისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა:
- დაავადებული ორგანოების მოცილება, ნაკვეთიდან გატანა და განადგურება ინფექციური ფონის შესამცირებლად;
- დროული გაფურჩვნა და ყლორტების წვეროს გადაჭრა. ეს აუმჯობესებს ვენახის აერაციას (განიავებას) და ამცირებს ტენიანობას მწვანე მასაში;
- კალმების აღება მხოლოდ აპრობირებული, ჯანსაღი სადედეებიდან;
- ახალი ვენახის გაშენებისას მოერიდეთ ნაკვეთებს, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირთან ახლოსაა;
- შემოდგომაზე (ფოთოლცვენის შემდეგ) ან ადრე გაზაფხულზე რქების დეზინფექცია. მცენარის აქტიური ვეგეტაციისას კი წამლობების ჩატარება შესაბამისი ფუნგიციდებით, განსაკუთრებით ნალექიანი პერიოდების წინ.
ვაზის ანთრაქნოზი აღარ არის მხოლოდ „კერობრივი“ პრობლემა; ის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მევენახეობისთვის. დაავადების მართვა მოითხოვს არა მხოლოდ ქიმიურ ჩარევას, არამედ სწორ აგროტექნიკურ დაგეგმარებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასუფრე ჯიშების დაცვას, რადგან მათი სასაქონლო სახე და ხარისხი ანთრაქნოზის პირობებში მკვეთრად ეცემა.
პრევენციული ღონისძიებების დროული გატარება არის გარანტიაა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ეკონომიკური ზარალი და შევინარჩუნოთ ვენახის პროდუქტიულობა.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 6 (165)

