ევროკავშორთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოს ვალდებულებები
2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმება.
DCFTA მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმებს და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს.
რას ნიშნავს „ღრმა და ყოვლისმომცველი“?
ტრადიციულად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სტანდარტული შეთანხმებები ითვალისწინებს საქონლისა და მომსახურების ბაზრების ორმხრივ გახსნას. ამ შეთანხმებას კი „ღრმა და ყოვლისმომცველი“ იმიტომ ეწოდება, რომ ის ბევრად უფრო მეტ საკითხს მოიცავს. ის არის „ყოვლისმომცველი“, ვინაიდან ის ეხება ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო დიაპაზონს და ასევე „ღრმა“, ვინაიდან ის მიზნად ისახავს აღმოფხვრას „საზღვრის მიღმა“ არსებული დაბრკოლებები ვაჭრობისათვის, რითაც საქართველოსათვის ნაწილობრივ გაიხსნება, გაფართოვდება ევროკავშირის შიდა ბაზარი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულებით სასწორზე არა მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ნაკადების ზრდაა, არამედ ბაზრის განვითარება, მომხმარებელთა დაცვა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი, სხვანაირად რომ ვთქვათ — ქვეყნის „მოდერნიზაციაა“. უფრო მეტიც, ეს პროცესი კანონმდებლობისა და სტანდარტების თანდათანობით დაახლოებას გულისხმობს.
ხელშეკრულება საქართველოში წარმოებულ სურსათს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, იმის გამო, რომ დღეისათვის ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ცალსახად აყალიბებს მოთხოვნებს, რაც მომავალმა პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროკავშირის ბაზრის გარკვეულ სეგმენტზე სურსათის განთავსებისათვის, საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებელი გახდა სურსათის მარეგულირებელი სისტემის ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან მიახლოება და ინსტიტუციური განვითარება.
თუმცა, ევროკავშირი საქართველოსაგან არ ითხოვს ევროკავშირის ბაზრის ყველა წესის სრულ განხორციელებას რამდენიმე თვის განმავლობაში. DCFTA-ს ამოქმედების შემდეგაც ბევრ სფეროში გარდამავალი პერიოდია გათვალისწინებული. რაც მთავარია, ევროკავშირის ვაჭრობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სტანდარტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები. ასე, რომ ამ სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოს ივაჭროს არამხოლოდ ევროკავშირთან, არამედ სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან.
რა ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნებია და როგორ რეგულირდება სურსათის უვნებლობის საკითხები ევროპულ კანონმდებლობაში?
ევროკავშირი ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელშიც ევროპის 28 სახელმწიფო შედის. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს.
წევრი ქვეყნებისათვის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო.
სურსათის უვნებლობის ,,თეთრი წიგნი” 2002 წლის 12 იანვარს გამოქვეყნდა ბრიუსელში. მასში მოცემულია სურსათის უვნებლობის პრობლემის გადაჭრის ახალი გზები. შემოღებულია ახალი ინტეგრირებული მიდგომა — კონტროლი ,,მინდვრიდან მაგიდამდე”. სურსათის უვნებლობის სისტემა მოიცავს წარმოების ყველა ეტაპს. ამ წიგნში მოცემულია ასევე სურსათის უვნებლობის თანამედროვე პრინციპები, პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, მარეგულირებელი მექანიზმების ასპექტები, სურსათის უვნებლობის კონტროლის მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობები. ასევე მოცემულია სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის შესამუშავებელი მარეგულირებელი ნორმატიული, საკანონმდებლო აქტების ნუსხა.
სურსათის უვნებლობა ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტად იქნა აღიარებული. სავალდებულო გახდა სურსათის მწარმოებელთა რეგისტრაცია, საკონტროლო ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება და შემოწმების შედეგების შესახებ ჩანაწერების შექმნა. სურსათის უვნებლობის კონტროლის ძირითადი პრინციპები დაეფუძნა რისკის ანალიზს. 2005 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებისათვის სავალდებულო გახდა მთელი სასურსათო ჯაჭვის გამჭვირვალობა, რაც ,,მინდვრიდან მაგიდამდე” მიკვლევადობის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ევროკავშირის კანონმდებლობას სურსათის უვნებლობის შესახებ საფუძვლად უდევს:
- ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა;
- მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფა და ზუსტი ინფორმირებულობა;
- მცენარეთა დაცვა;
- გარემოს დაცვა;
- სურსათისა და ცხოველთა საკვების თავისუფალი მიმოქცევა ევროკავშირის ქვეყნებში.
დღეს ევროკავშირში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს ,,ჰორიზონტალური” და ,,ვერტიკალური” რეგულაციებისა და დირექტივების სისტემა, რაც გულისხმობს, რომ თუ სურსათი წარმოებულია, ნებადართული ნედლეულითა და დამხმარე მასალებით ასევე „ჰორიზონტალური” დირექტივების შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით, მაშინ ევროკავშირის ბაზარზე განთავსდებიან სახელმწიფოს მიერ წინასწარი ნებართვებისა და შემოწმების პროცედურების გარეშე.
სურსათთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობა ერთგვარი ქოლგის სახით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომლის მიხედვითაც, ქოლგა არის:
„ჰორიზონტალური” საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არეგულირებენ სურსათთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს და საერთოა ყველა კატეგორიის სურსათის წარმოებისათვის. ესენია:
- სურსათის უვნებლობის საბაზისო პრინციპები — ეხება სურსათის უვნებლობის საერთო პრინციპებსა და სახელმწიფო რეგულირების საკითხებს, კონტროლის სისტემას ,,მინდვრიდან მაგიდამდე”, უვნებლობის ნორმების შემუშავებას და სხვ.;
- სურსათის წარმოების ჰიგიენა — მოიცავს სურსათის წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და უტილიზაციის პროცესებისადმი ჰიგიენურ მოთხოვნებს, ეკოლოგიური საკითხების ჩათვლით;
- სურსათის მარკირება — ადგენს მოთხოვნებს სურსათის შეფუთვის, მარკირებისა და ეტიკეტირების ზოგად პრინციპებთან, სურსათის პრეზენტაციასა და რეკლამასთან, შეფუთვის სახეობათა კლასიფიკაცასა და გმო–ს შემცველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
- სურსათში შემავალი ინგრედიენტები, საკვებდანამატები და კონტამინანტები — განსაზღვრავს საკვებდანამატების კლასიფიკაციას, დაშვებული და აკრძალული ნაერთების ფორმირების ძირითადი პრინციპებს, მათ შეფუთვას და სპეციალური მარკირებას, პროცედურულ საკითხებს;
- სურსათში პესტიციდებისა და ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი რაოდენობა — ადგენს სურსათის დაბინძურების წყაროების ზოგადი მოთხოვნების, მავნე ნივთიერებების, მათ შორის, ტოქსიკური ნაერთების და სხვა დამაბინძურებლების ნორმირების საკითხებს;
- ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდებს;
- სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს;
- სურსათის შესაფუთი მასალისა და ტარის უვნებლობის მოთხოვნებს და სხვ.
„ვერტიკალური” კანონმდებლობა კი ქოლგის ქვეშ მოქცეული საკანონმდებლო მოთხოვნებია, რომელიც მოიცავს ეკონომიკის ცალკეულ დარგებს, ცალკეული ტიპის საწარმოებს ან სურსათს. ეს დირექტივები და რეგულკაციები არეგულირებენ მოთხოვნებს სხვადასხვა კატეგორიის სურსათის მიმართ. ესენია: კაკაო-შოკოლადის პროდუქცია, შაქრის სხვადასხვა სახეობა, ხილის წვენები, ყავის ექსტრაქტები, საკონდიტრო ნაწარმი — კონფიტიური, ჟელე და მარმელადი, რძე და რძის ნაწარმი, ხორცი და ხორცპროდუქტები, მინერალური წყალი, ღვინო და კოქტეილები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, ცხიმები და სპრედები, სასმელი წყალი, ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, მარცვლეულის გადამუშავების პროდუქტები, სპირტიანი სასმელები და სხვ.
„ჰორიზონტალური“ და „ვერტიკალური“ საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, არამედ იმ ქვეყნებისათვისაც, რომლებიც არა არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ სურვილი აქვთ თავიანთი პროდუქცია განათავსონ ევროკავშირის ბაზარზე. საყურადღებოა, რომ სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ,,ჰორიზონტალური” და ,,ვერტიკალური” ნორმატიული დოკუმენტები მუდმივ განახლებას განიცდის და მასში რეგულარულად ხორციელდება ცვლილებები, თუმცა ძირითად პრინციპები უცვლელი რჩება.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის ევროკავშირში შემუშავებულია სისტემები, რომელთა საფუძველია “კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა” (GAP – Good Agricultural Practice), „კარგი ვეტერინარული პრაქტიკა” (GVP – Good Veterinarian Practice), “კარგი წარმოების პრაქტიკა” (GMP – Good Manufacturing Practice), “კარგი ჰიგიენის პრაქტიკა“ (GHP – Good Hygienic Practice), “კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა” (GDP – Good Distribution Practice), „კარგი ვაჭრობის პრაქტიკა” (GTP – Good Trading Practice) და სხვ.
ეს სისტემები საშუალებას აძლევს მეწარმეს-ბიზნესოპერატორს აწარმოოს და მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი, ჯანმრთელი და ხარისხიანი სურსათი.
ასოცირების ხელშეკრულება ადგენს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის პირობებს. მას შემდეგ, რაც უკვე ცნობილია თუ რა არის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, უკვე ცხადი ხდება, რომ ეს ზომები ითვალისწინებს ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა სოცოცხლისა და/ან ჯანმრთელობის სათანადო დაცვას.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ვალდებულებები
- სანიტარიული და ფიტოსანიტარიული საკანონმდებლო ღონისძიებების ეტაპობრივი დაახლოება და დინამიურობის უზრუნველყოფა;
- ექვივალენტურობის აღიარება ვაჭრობის მიზნებისათვის;
- რეგიონალიზაციის პირობების აღიარება;
- გამჭვირვალეობა და ინფორმაციის გაცვლა;
- სერთიფიცირების პრინციპები.
დღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში. საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა უნდა დასრულდეს 2027 წელს.
წყარო: agriedu.ge