გადავარჩინოთ ფუტკრები _ დავიცვათ მომავალი
თანამედროვე სოფლის მეურნეობა და გლობალური ეკოსისტემების სტაბილურობა წარმოუდგენელია იმ უხილავი, მაგრამ გრანდიოზული შრომის გარეშე, რომელსაც დამამტვერიანებლები ეწევიან.
ფუტკარი, მისი მცირე ზომის მიუხედავად, დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
დღეს, როდესაც აგრარული სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ფუტკრების პოპულაციის დაცვა მარტო გარემოზე ზრუნვა კი არა, არამედ კაცობრიობის სასურსათო უსაფრთხოების უმთავრესი პირობაა.
ეს პაწაწინა საოცარი დამამტვერიანებლები ეხმარებიან მცენარეებს გამრავლებაში, მხარს უჭერენ ბიომრავალფეროვნებას და უდიდესი წვლილი შეაქვთ იმ ხილის, ბოსტნეულის, თხილეულისა და სხვა კულტურების წარმოებაში, რომლებსაც ადამიანები და ცხოველები ყოველდღიურად მოიხმარენ.
ფუტკრების გარეშე ჩვენი ეკოსისტემები არსებობისთვის ბრძოლას ვერ გაუძლებენ, მკვეთრად შემცირდება მოსავლიანობა და ბუნებრივი ბალანსი სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. რეალობა ასეთია: მსოფლიო საკვები მარაგის უზარმაზარი ნაწილი პირდაპირ არის დამოკიდებული ფუტკრებისა და სხვა დამამტვერიანებლების მუშაობაზე.
საფრთხეები, რომლებიც საფუტკრეებს ემუქრება
სამწუხაროდ, ფუტკრების პოპულაცია კატასტროფული სისწრაფით მცირდება. ამის მიზეზი კომპლექსურია:
- ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურება და აყვავებული მინდვრების შემცირება;
- პესტიციდების და ქიმიკატების არაგონივრული გამოყენება სოფლის მეურნეობაში;
- გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები;
- სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ანადგურებენ მთელ ოჯახებს.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფუტკრებს სულ უფრო მეტად უჭირთ გადარჩენა და ჯანსაღი სკების შენარჩუნება. ეს აღარ არის მხოლოდ „ეკოლოგების საწუხარი“ _ ეს არის გლობალური აგრარული კრიზისი, რომელიც პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობაზე, ველურ ბუნებასა და თითოეულ ჩვენგანზე.
როგორ შევაჩეროთ კრიზისი?
იმედი ჯერ კიდევ არსებობს. თითოეულ ფერმერს, აგრონომსა თუ რიგით მოქალაქეს შეუძლია სიტუაციის შეცვლა:
- ფუტკრებისთვის მიმზიდველი მცენარეების დათესვა/დარგვა;
- მავნე პესტიციდების გამოყენების მინიმუმამდე შემცირება;
- ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების დანერგვა;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
ფორმულა მარტივია _ არ იქნებიან ფუტკრები? გვექნება ნაკლები საკვები და დასუსტებული ეკოსისტემები.
დამამტვერიანებლების დაცვით ჩვენ ვიცავთ ბიომრავალფეროვნებას და, შესაბამისად, ვიცავთ სიცოცხლეს. ამ პატარა არსებებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენი პლანეტის მომავალზე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, გონივრული აგროპოლიტიკითა და ბუნებაზე ზრუნვით შევძლებთ შევქმნათ სამყარო, სადაც ფუტკრები იცოცხლებენ, სოფლის მეურნეობა კი აყვავდება.

