აგროსიახლეები

გაძვირდება თუ არა ხორბალი საქართველოში

„მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების ჩაშლის თაობაზე რუსეთის მუქარამ მსოფლიო ბაზრებზე ხორბალი უკვე გააძვირა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა გაეროში სტამბოლის შეთანხმების შესაძლო ჩაშლის შესახებ განაცხადა, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი გაიზარდა.

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ დერეფნის ჩაკეტვა მსოფლიოს ბაზრებზე ხორბალს გააძვირებს, რაც თავის მხრივ, საქართველოზეც მოახდენს გავლენას.

„არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა აღარ გააგრძელოს. საუბარი იყო, რომ რუსული მხარე უკმაყოფილოა ამ დერეფნის მუშაობით. როგორც ისინი ამბობენ, რუსულ ხორბალსა და სასუქებს მსოფლიო ბაზარზე ე.წ. ფარული სანქციები პრობლემებს უქმნის. გაეროში რუსეთის წარმომადგენლებმა გენერალურ მდივანს წერილი მიწერეს ამის თაობაზე. ამ საკითხის განსახილველად 16 ოქტომბერს გაეროს წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან. თუმცა იმ დერეფნის არგაგრძელებაზე საუბრის დაწყებამ უკვე იმოქმედა მსოფლიოს ბირჟებზე და ფასები 2% გაიზარდა ჩიკაგოს ბირჟაზე. ამას მიჰყვა პარიზის ბირჟა. მოლაპარაკება თუ წარუმატებლად დასრულდება, ცხადია, ეს აისახება მსოფლიო ბაზარზე.

ჩვენ უკრაინულ ხორბალზე პირდაპირ არ ვართ დამოკიდებული, თუმცა ამ დერეფნის მუშაობა პირდაპირ აისახება ხორბლის ფასზე მსოფლიოს ბაზარზე. იცით, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებულია მცურავი ბაჟი. ფორმულა, რომლითაც გამოითვლება ეს საბაჟო გადასახადი, მიბმულია მსოფლიო ბაზრის ფასზე. თუ მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა, ეს გაზრდის რუსული ხორბლის საბაჟო გადასახადსაც. შესაბამისად, ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც“, – განაცხადა სილაგავამ.

არსებული რისკების გათვალისწინებით, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ ხორბლის მარაგების აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოში მოქმედი მსხვილი წისქვილკომბინატები კი არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო ამ მარაგების შექმნას ვერ ახერხებენ.

„ხორბლის მარაგების შექმნა სურვილთან ერთად, დამოკიდებულია ფინანსურ საკრედიტო რესურსებზე. ამ რაოდენობის თავისუფალი თანხა ცხადია, რომ წისქვილკომბინატებს არ აქვთ. ამიტომ, მარაგების შესაძენად მათ უნდა აიღონ კრედიტები. საფინანსო ორგანიზაციებს კი თავიანთი გათვლები და რისკები აქვთ – თუ სიტუაცია შეიცვალა, შემოტანილი ხორბლის გადამუშავება შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე ფქვილის იმპორტი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.