გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ფერმის მართვის ქართულენოვანი სისტემა შეიმუშავა
ფერმის მართვის სისტემა – FMS – არის ერთადერთი ქართულენოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ფერმერებსა და სფეროთი დაინტერესებულ სხვა ადამიანებს ეხმარება მეცხოველეობის ფერმის ეფექტიან მართვასა და განვითარებაში.
FMS-ის გამოყენება უფასოა, ის სრულად მორგებულია ქართულ მეცხოველეობის სფეროს და მომხმარებელს თავად შეუძლია მასში დარეგისტრირება.
სისტემა შემუშავებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
“FMS მორგებულია საქართველოს მეცხოველეობის სექტორის თავისებურებებს და ფერმების მფლობელებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართონ თავიანთი ფერმები, გააუმჯობესონ პროდუქტიულობა და შეამცირონ ხარჯები. სისტემის გამოყენებით, ფერმერები შეძლებენ უკეთესად დაგეგმონ და მონიტორინგი გაუწიონ თავიანთ საქმიანობას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას.”- ამბობს დრაგან ანგელოვსკი, FAO-ს ტექნიკური მრჩეველი.
ვისთვის არის FMS?
ფერმის მართვის სისტემა გათვლილია მეცხოველეობის ფერმებისა და მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული მხარეებისთვის, მათ შორის ფერმერები/ფერმის თანამშრომლები; სანაშენე ასოციაციები; ვეტერინარები; ზოოტექნიკოსები; მეცხოველეობის სფეროში მომსახურების მიმწოდებლები; აგრობიზნესები და ა.შ.
FMS მოიცავს ცხოველთა შემდეგ სახეობებს: ძროხა, კამეჩი, ცხვარი, თხა და ღორი.
როგორ მუშაობს FMS?
FMS-ის ბაზები ბმაშია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნულ სისტემასთან (NAITS), შესაბამისად პლატფორმით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ფერმა ან სადგომი იყოს დარეგისტრირებული NAITS-ში.
FMS-ში მონაცემების რეგულარული შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად აგენერირებს:
- შესაბამის კვებით რაციონს პირუტყვისთვის პროდუქტიულობის გასაზრდელად;
- რეკომენდაციებს წველადობის მართვისა და კონტროლის შესახებ;
- ინფორმაციას განაყოფიერების პროცესის მართვის შესახებ;
- პირუტყვის საგვარეულო ნუსხას გენეტიკური სელექციისთვის;
- ჩანაწერებს კალენდარში – ავტომატურ შეტყობინებებს ფერმაში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ;
- სტატისტიკურ ანგარიშებს;
- მკურნალობის გეგმასა და დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ზომებს;
- სერტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემებს – სისტემაზე დაყრდნობით სახელმწიფო გასცემს ჯიშის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
რატომ FMS?
FMS-ის ფართოდ დანერგვა ხელს შეუწყობს:
ფერმერების გაძლიერებას:
ფერმერების აღჭურვა მოსახერხებელი, ქართულენოვანი სისტემით ფერმის მართვის ყოველდღიური პროცესების სამართავად. სისტემის სამუშაო გარემო მარტივია და სრულად მორგებულია მეცხოველეობის სფეროს საჭიროებებს საქართველოში. მისი გამოყენებით, რესურსების ოპტიმიზაციის შედეგად გაიზრდება ფერმის ეფექტიანობა.
პირუტყვიდან მიღებული პროდუქტების მიკვლევადობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას:
პროდუქტების მიკვლევადობა – ფერმიდან სუფრამდე, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობისა და კონტროლის წესების დაცვას და ცხოველთა დაავადებების (მათ შორის ზოონოზების) რისკის შემცირებას.
ჯიშის სერტიფიცირების პროცესის გამარტივებას:
სერტიფიცირების პროცესის გაციფრულება გენეტიკური რესურსების ზუსტი აღრიცხვის შესანარჩუნებლად, სელექციური მეცხოველეობის პრაქტიკის ხელშეწყობისა და ცხოველთა ჯიშების გადახალისება/გაუმჯობესების მიზნით.
თუ გსურთ FMS-ის დანერგვა თქვენს მეცხოველეობის ფერმაში, ეწვიეთ ვებგვერდს https://fms.mepa.gov.ge/contactus და შეავსეთ საკონტაქტო ფორმა.