გარე კახეთის ზეგანი და სოფლის მეურნეობა, რა გვქონდა…

     30 წელიწადზე მეტმი დრო გავიდა, რაც სოციალისტურმა წყობამ არსებობა შეწყვიტა. დაიშალა და კერძო მფლობელობაში გადავიდა რესპუბლიკაში არსებული მსხვილი  მეურნეობები (კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სამეურნეობათშორისი გაერთიანებები).  70 წლის განმავლობაში დაგროვილი საკოლმეურნეო ქონება, ძირითადი საშუალებები გადანაწილდა ფერმერებზე, მიწის კერძო მფლობელებზე, კერძო პირებზე, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში სჯა-ბაასი არ წყდება იმაზე თუ რა უარყოფითი მხარეები გააჩნდა სოციალისტურ წყობას.

     უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში დაბადებული მომავალი თაობა პრესის, რადიოს და ტელევიზიის საშუალებით ისმენს ლანძღვას, განვლილი პერიოდის მთლიანად უარყოფით შეფასებას და საბოლოოდ ირკვევა, რომ ძველმა თაობებმა რაც გააკეთეს, ყველაფერი იყო ცუდი და მიუღებელი, მაგრამ ხშირად ფაქტები და შრომით მიღებული შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს.

ამიტომ მსურს მომავალ თაობებს შევახსენო და ერთი თვალის გადავლებით მოუთხრო ცხოვრებისა და მუშაობის ამსახველი ციფრები, რომელიც ნათელს მოფენს იმ ფაქტებს, რომ თქვენს წინა თაობებს დრო უქმად არ გაუტარებიათ და ქვეყნის მომავლისათვის  სასიცოცხლო დოვლათს  ქმნიდნენ.

და ეს გარე კახეთის ზეგანი, ერთ-ერთი ძირითადი რაიონი დედოფლისწყაროს (ყოფილი წითელიწყარო) მაგალითზე გაგახსენოთ თუ რას წარმოადგენდა რაიონი და რა შედეგები ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს წარმოების საქმეში.

    რაიონის ადმისტრაციული ტერიტორია სიდიდით მეორეა რესპუბლიკაში. სახნავ მიწებს საქართველოს რესპუბლიკაში მთელი ტერიტორიის მხოლოდ 18% უკავია და საშუალოდ  ერთ მოსახლეზე დამუშავებული მიწების 0,25-0,30 ჰა. მოდის,  დედოფლისწყაროს რაიონში კი ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია და იგი  1,06 ჰა. შეადგენს. რესპუბლიკის სხვა რაიონებთან შედარებით ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გავუფრთხილდეთ თითოეულ გოჯ მიწას.

 

 

გარე კახეთის ზეგანი, სადაც რაიონის სახნავ-სათესები მდებარეობს, მისი კლიმატური პირობები არის კონტინენტური ანუ იგი ითვლება მშრალ-გვალვიან ზონად, ამიტომ რაიონში მომუშავე ყველა მიწათმოქმედი ზრუნავდა ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით გაუმჯობესებაზე, რათა გაზრდილიყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.

რაიონის მეურნეობებს ეკავათ 114 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, აქედან სახნავი მიწები იყო 46 ათასი ჰექტარი, სადაც მარცვლეულ კულტურებს (ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი) ეკავა 30 ათასი ჰა, მრავლწლიანი ნარგავები (ვენახი და ხეხილი) შეადგენს 8700 ჰა. საძოვრებს ეკავა 64 ათასი ჰა. რაიონის ტერიტორიაზე ტყის მასივი შეადგენდა 2800 ჰა. ქარსაცავი ზონები გაშენებული იყო 1090 ჰა., ბუჩქნარები 4900 ჰა., ჭაობი 16 ჰა, წყლით დაკავებული ფართობი 3140 ჰა, აქედან ჯაფარიძის ტბის ფართობი შეადგენს 42 ჰა, შენობა-ნაგებობის ქვეშ მოქცეული იყო 3200 ჰა და სხვა გამოუყენებელი მიწის ფართობი შეადგენდა 6200 ჰა.

     მძლავრად იყო განვითარებული მეცხოველეობა – კერძოდ მსხვილი რქოსანი პირუტყვის სულადობა შეადგენდა 23 ათას სულს,   მათ შორის ძროხა და ფურკამეჩი 7200 სული, ღორი 35 ათასი სული, ცხვარი და თხა 140 ათასი სული, ფრინველი 2 მლნ ფრთა.

     განსაკუთრებით განვითარებული იყო კოლმეურნეობების მატერიალურ-ტექნიკუკრი ბაზა. რაიონში ყოველწლიურად საშუალოდ იწარმოებოდა 90-100 ათასი ტონა მარცვლეული, 70 ათასი ტონა ყურძენი , 10 ათასი ტონა მზესუმზირა, 17 ათასი ტონა რძე, 6 ათასი ტონა ხორცი (ცოცხალი წონა), 450  ტონა მატყლი, 22 მლნ ცალი კვერცხი და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების მოსავალი.

რაიონში ფუნქციონირებდა 4 ღვინის ქარხანა, რომელიც სეზონზე ამუშავებდა 80-90 ათას  ტონა ყურძენს. ცნობილი მიზეზების გამო ოთხივე ქარხანა დაიშალა. ღვინის ცისტერნები და სხვა მოწყობილობები განადგურდა, გაიყიდა, ჩაბარდა ჯართად. ასეთივე ბედი ეწია მეფრინველეობის მეურნეობას, რომელიც დაინგრა, არასწორი პრივატიზება გაუკეთდა, იქ არსებული მოწყობილობები განადგურდა და ზარალი მოადგა რაიონის მოსახლეობას.

რაიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ზრდის საქმეში განსაკუთრებით დიდი საქმეები ჩატარდა მელიორაციის გზით. არსებული ვენახების 65-70% ფართობები ირწყვება მდ. ალაზნიდან და ივრიდან. სარწყავი წყლის მექანიკური ამოქაჩვის მეთოდებით. ამ პერიოდში აშენდა ტარიბანაში ყუშისხევის წყალსაცავი 5 მლნ კუბური მეტრის მოცულობის, კრანჩხის ხევი 3 მლნ კუბური მეტრის, მწარე წყალზე -4 მლნ კუბური მეტრი, თელა წყალის 2,5 მლნ კუბური მეტრის და ზილიჩის 6 მლნ კუბური მეტრის. მდინარე ივრიდან წყალსაცავები მარაგდებოდა 22 კმ სიგრძის მილსადენებით, ხოლო მდინარე ალაზანზე მოქმედებდა 2 აწევის წყალსაქაჩი მძლავრი ტუმბოები.

    ზილიჩის და ალაზნის მასივებზე გაშენებული ვენახები ირწყვებოდა დაწვიმების მეთოდით. ამ მიზნით მთელი ფართობები დაიქსელა ფოლადის და აზბესტის მილებით და დასაწვიმებელი მოწყობილობით, აშენდა მრავალი ღვარსაშვებები.

1983-91 წლებში ივრის ზონაში აშენდა „დალის მთის“ უნიკალური წყალსაცავი, რომლის ტევადობა შეადგენს 180 მლნ კუბურ მეტრს, აქედან სასარგებლო ფართი არის 140 მლნ კუბური მეტრის, აღნიშნული წყალსაცავიდან გათვალისწინებული იყო მორწყულიყო 16 ათასი ჰ ფართობი. ამ მიზნით დაპროექტდა ივრის და სამუხის ზონაში ორი მევენახეობის მეურნეობის მშენებლობა,  კერძოდ  „საქართველოს“ და „რუსთაველის“ – აქვე უნდა აღინიშნოს 2 ახალი დაბა, სადაც ჩასახლდებოდა რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა. ყველაფერი პოლიტიკური ვითარების გამო შეჩერებულია და იმედია მომავალი თაობა გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და უქმად არ დატოვებს მელიორაციაზე გაწეულ დიდ კაპიტალურ დაბანდებებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წყალსაცავები განადგურებულია, ხოლო მილგაყვანილობა და ელექტრო სადგურები გაძარცულია და ჯართად არის ჩაბარებული.

         რაიონში სახნავ-სათესი ფართობები, რომელიც მდებარეობს  შირაქის, ტარიბანას, ზილიჩის, ვაკე-თელაწყლის, მწარე წყლის და ალაზნის ზონებში უკანასკნელი წლების მანძილზე შესამჩნევად შეიცვალა ბუნებრივ-კლიმატური პირობები. თითქმის გაუდაბნოვდა, ზამთარი უთოვლოამცირე ნალექით, ხოლო ზაფხული მშრალი და გვალვიანია. გახშირებულია ქარები, განსაკუთრებით მძლავრობს ზამთარსა და გაზაფხულზე.

ნიადაგების ქიმიური და ფიზიკური პირობების გასაუმჯობესებლად ღონისძიებათა კომპლექსში მთავარია ქარის და წყლის მიერ ეროზიისგან ნიადაგების და ნათესების დაცვა ხელოვნურად, ანუ მოსავლიანობა უნდა გავზარდოთ ნიადაგების საიმედო დაცვის პირობებში. უნდა გამოიყოს ნიადაგების ზედაპირის ტენიანობის შენარჩუნება, ქარების სიჩქარის შეჩერება, შემცირება და მოსული ნალექების ზედაპირული დინების შეჩერება და ნიადაგში ჩაჟონვის უზრუნველყოფა. იმისათვის რომ ეს პირობა დაკმაყოფილდეს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მინდორსაცავი ზოლების გაშენებას.

     რაიონში 1970 წლამდე სახნავ-სათეს ფართობებზე არავითარი ქარსაცავი ნარგავი არ იყო. იშვიათად ისიც გზების გასწვრივ რამდენიმე ხე-მცენარე არსებობდა.

    იმ პერიოდში მთავრობამ მიიღო დადგენილება და გარე კახეთის მეურნეობებში ჩატარდა მიწათმოწყობის დიდი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაევალა საქართველოს მიწათმოწყობის საპროექტო ინსტიტუტს (დირექტორი ბაღაშვილი). თითოეულ მეურნეობაში მოვლინებული იქნა ინსტიტუტის კვალიფიციური მიწათმომწყობები და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად  ყველა მეურნეობაში გაკეთდა მიწათმოწყობის პროექტები თავისი რუკებით, ხოლო ქარსაცავი ზოლები გაშენება. სათანადო სანერგე მასალის გამოყვანა და მისი მოვლა დაევალა რაიონების სატყეო მეურნეობას. მიწათმოწყობის დაპროექტება და გაშენება დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმის გამო, რომ სატყეო მეურნეობებს ქარსაცავი ზოლების გასაშენებლად ტექნიკა არ ყავდათ აღნიშნული სამუშაოების შესრულება დაევალა რაიონის კოლმეურნეობებს და მეურნეობებს სათანადო ანაზღაურებით. ამრიგად პროექტის მიხედვით რაიონის სახნავი მიწები გაიმიჯნა 100-60-40 ჰექტრიან ნაკვეთებად, რომელიც იზოლირებული იყო მინდორსაცავი ზოლების მოშორებით. იქ სადაც უნდა გაშენებულიყო ქარსაცავი ზოლები ნაკვეთები გასუფთავდა და მოიხნა პლანტაჟით. შემდეგ ნაკვეთები გასუფთავდა და გამზადდა დასარგავად. სატყეო მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით დაიწყო დარგვა, ყველა ამ სამუშაოებს აკონტროლებდნენ და ხელმძღვანელობდნენ სატყეო მეურნეობის კვალიფიციური სპეციალისტები – მეტყევე ინჟინრები და ასე გაშენდა რაიონში 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. ნერგები ირგვებოდა ხელით და მიზიდული წყლით ირწყვებოდა, რადგან ისეთ ტერიტორიაზე გაშენდა ზოლები, რომ იყო გვალვიანი და უნაყოფო ნიადაგები (ტარიბანა, ზილიჩა, იორი, მწარე წყალი).

     ქარსაცავი ზოლები ძირითადად გაშენდა ექვს რეგიონში, კერძოდ იყო ფოთლოვანი და კულტურული ხე-მცენარეები, კერძოდ გაშენდა თეთრი აკაცია, ჩვეულებრივი იფანი, ჭერამი, ალუბალი და სხვა კულტურები.

2-3 წლის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების ნარგავები მუშავდებოდა კულტივატორებით და ხელით. ხდებოდა მეჩხერი და გაცდენილი ნაკვეთების გამორგვა. მკაცრად იყო ნარგავების დაცვის ღონისძიებები – აკრძალული იყო პირუტყვის ძოვება, რაიმე მიზნით ნარგავის მოჭრა ან დაზიანება. იყო მკაცრი სანქციები, ყველაფერ ამ სამუშაოებს აკონტროლებდა რაიონის სატყეო მეურნეობის მეტყევეები და მეურნეობის სპეციალისტები. და ასე კარგად გახარებული და ექპლოატაციაში  გადაცემული ქარსაცავი ზოლები გადაეცა რაიონის კოლმეურნეობებს – მოსავლელად. ყოველწლიურად მეურნეობები უვლიდნენ ზოლებს, თიბავდნენ ბალახს, იცავდნენ მოჭრისგან, ნარგავებიდან ზამთარში გამოჰქონდათ ხმელი ტოტები და ნარჩენები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ქარსაცავმა ზოლებმა, მეურნეობაში დანერგილი თესლბრუნვებმა და სხვა ტექნოლოგიურმა ღონისძიებებმა აამაღლეს მიწათმოქმედების კულტურა. გაიზარდა მოსავლიანობა, მაგრამ სოციალური წყობის და მეურნეობების დაშლის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მიწების პრივატიზაციის შედეგად – მინდვრის სადგომები, საბრიგადო სახლები და სხვა ობიექტებზე მიიყვანეს პირუტყვი და საძოვრებად გამოიყენეს ქარსაცავი ზოლები. მწყემსები ოჯახებით ჩასახლდნენ მინდორსაცავი ზოლების გვერდზე და დაიწყეს საწვავად ხე-მცენარეების გაჩეხვა გათბობის მიზნით. ამას გარდა წესად იქნა შემოღებული, რომ თავთავიანთი კულტურები აღების შემდეგ ნაწვერალი იწვება იმ მიზნით, რომ მავნებლები და დაავადებები მოისპოს. არ არის დაცული ხანძრის გაჩენის შემაკავებელი წესები.

საჭიროა აღებული ფართობი წინასწარ სანამ დაიწვება თუ ეს აუცილებელია  გადაწვა, უნდა შემოიხნას გუთნის 2-3 გავლით, იქვე უნდა იყოს მომარაგებული ცისტერნით წყალი და მობილიზებული მაშველი. არც ერთი წესი არ არის დაცული და ბუნების ეს სიმდიდრე იწვება და ნადგურდება. თითქოს მუშაობს სათანადო ორგანოები მინდვრის დასაცავად, მაგრამ მდგომარეობა ყოველ წელს მეორდება და არ დაადგა საშველი ბუნების არსებობის გადარჩენის.

იმისათვის, ამჯერად რომ მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა, საჭიროდ მიგვაჩნია, შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  1. ყველა გადარჩენილი ქარსაცავი ზოლი გამეჩხერებული თუ განადგურებული უნდა მიემაგროს მუდმივად საექსპლატაციოდ ფერმერს, ან მიწათმოსარგებლეს, ვის ნაკვეთთანაც მდებარეობს ნარგავი.
  2. შემუშავდეს ღონისძიებები, რომ ზოგიერთი ნარგავი გამოირგოს, ან ახლად გაშენდეს, ამისთვის მიწათმოსარგებლეებს უნდა გაუწიონ ფინანსური დახმარება.
  3. სასტიკად უნდა აიკრძალოს სახნავ-სათესი ფართობების , ან ქარსაცავ ზოლებში ფერმების არსებობა და დაწესდეს მკაცრი სანქციები.
  4. რაიონებში ზონების მიხედვით უნდა გამოიყოს მობილური ჯგუფები, რომლებიც დაიცავენ ქარსაცავ ზოლებს და სხვა ობიექტებს.
  5. სასტიკად აიკრძალოს მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთების დაწვა- სრული წესების დაცვის გარეშე. დამრღვევებზე დაწესდეს მკაცრი ადმინისტრაციულიდა ფულადი ჯარიმები.

 მივმართავ ჩვენს ძვირფას ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, ამ მონაცემების მოყვანა და ციფრობრივი მაჩვენებლები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში და დღევანდელი ცხოვრების წესი დავიწუნოთ და შევცვალოთ, მაგრამ თუ გვინდა სოფლის მეურნეობაში რამე წარმატების მოპოვება, არ უნდა დავივიწყოთ ის წარმატებები და მიღწევები რომელიც თავის დროზე იყო და ჩვენი თაობა ამაყობდა. გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ ის მონაცემები და შედეგები რისი რესურსიც ჰქონდა და აქვს სოფლის მეურნეობას.

ჩვენ ძველი თაობის სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული, სპეციალისტები და თითოეული ადამიანი ვშრომობდით და ვიბრძოდით, რომ თქვენ, ჩვენმა სასიქადულო ახალმა თაობებმა, კარგად გაართვათ თავი საქმეს, გაითვალისწინოთ ჩვენი შეცდომები და ნაკლოვანებები და ყოველთვის მოხარული ვიქნებით, თუ კი ჩვენი რაიონის სოფლის მეურნეობა მომავალში წარმატებული იქნება მთელი ქვეყნის მაშტაბით.

 შალვა თეთვაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი