გასაოცარი ფაქტები ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან
იცოდი, რომ დედამიწის ყველა კონტინენტისთვის თვალის შევლება 1 დღეშია შესაძლებელი? და რომ ამას სულაც არ სჭირდება ათი ათასობით მილის გავლა და შენი ცხოვრების 8 300 საათი? არა? დაათვალიერე ბათუმის სუბტროპიკული სამოთხე და ამაში თავად დარწმუნდები. საოცრებაზე მეტია – როგორ იქცა ერთ დროს გაუვალი, მიუსვლელი კავკასიური ტყე მსოფლიო ფლორის მარგალიტად.
სხვადასხვა კონტინენტის საუკუნოვანი პარკებისკენ საკმაოდ გრძელი, კილომეტრიანი ბილიკები მიდის.
პირველი ემიგრანტები
ბაღის განაშენიანება დაახლოებით 130 წლის წინ, სწორედ „ჩრდილოეთ ამერიკით“ დაიწყო. ბოტანიკური ბაღის პირველი განყოფილებისკენ, შორეული დასავლეთის ფლორასთან 347 საფეხურიან კიბეს მოყავხარ კალიფორნიის მაგიური ტყეები და ორეგონის ხევები, გვადალუპეს თუ მექსიკის ჭაობის კვიპაროზები, ამერიკული აგავები საერთოდ გავიწყებენ, რომ ქართულ მიწაზე ხარ.
რამდენიმე ნაბიჯიც და შეშდები, როცა აღმოაჩენ, რომ ბაღის ყველაზე მაღალ ხეებთან დგახარ. ცაში აზრდილი გიგანტები და ბაღის მარადმწვანე გოლიათები – მედიდური სექვოიები 35 მეტრი სიმაღლისაა ახლა უკვე თამამად შეგიძლია თქვა, რომ თვალუწვდენელი კალიფორნიული ტყეები ცხადშიც გინახავს.
უძველესი მცენარეები
ბოტანიკური ბაღის უძველესი მცენარეები – ბამბუკების პლანტაცია აღმოსავლელი ხალხის საჩუქარია. სწრაფად მზარდმა მოსო ბამბუკმა აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთ საქართველომდე გზა 123 წლის წინ ბაღის დამაარსებელთან ერთად გამოიარა
მოხდენილი ჯუჯები
სანახაობრივი ბაღების სამშობლო, ძველი აღმოსავლეთი ჩნდება წარმოსახვაში ყველაზე დაბალი – ჯუჯა ხეების დანახვისას. ეს ფილოსოფიური ბაღებია – იაპონური ხელოვნების ნიმუშები – საუკუნეზე მეტი ხნის ბონზაებით, ბაღის დაარსების დროინდელი საკურებით, ძვირადღირებული ციკასებით, ნაირფერი და მოხდენილი ნეკერჩხლებით …
იაპონური ბაღის უბრალოების ფილოსოფია აქ ორად იყოფა: ბაღი „სატეტსუ“ იგივე დამშრალი ნაკადულის კალაპოტი და „საპსუი“ – სამხრეთული ბაღი წყლის სარკეებით, ფერადი თევზებითა და ბამბუკის ამობურცული ხიდებით
ამ სრულიად განსხვავებულ მინიატურასთან შეხვედრისას შესაძლოა დროის შეგრძნება დაკარგო და დაგიღამდეს. ახლა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე წყლის ჩხრიალი და ანარეკლები, ჩიტების ჭიკჭიკი, ბამბუკის ფანჩატური და ქვის ჯამი „ციკუბაი“ ციდან ჩამოსული წყლის დასაგროვებლად. როგორია?
ავსტრალიელი დევები
ჯუჯებისგან არც ისე შორს, მთავარ მარშრუტზე ამაყად დგანან მცენარეული სამყაროს გოლიათები – ტროპიკული ევკალიპტები, რომლებმაც არაერთ დიდთოვლობას მედგრად გაუძლეს. ანდა, რამ უნდა გატეხოს ავსტრალიური ევკალიპტი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ყველაზე განიერი ხეა. მისი დიამეტრი 5 მეტრია და მე, შენ და კიდევ 4 ადამიანი მაინც გვჭირდება, რომ ხელები ჩავკიდოთ და ასე მაინც შემოვავლოთ წრე.
ზელანდიური ეგზოტიკა
წარმოგიდგენია, საუკუნის წინ 16 000 კილომეტრით დაშორებული, „გრძელი თეთრი ღრუბლის ქვეყნიდან“ ნერგების ბათუმში ჩამოტანა და ბაღის გაშენება?
ეს უნიკალური ახალზელანდიური ეგზოტები – სამხრეთის კორდილინები (Cordyline Australis) ბოტანიკურ ბაღში, თანაც ზღვის ხედზე საუკუნის წინ დასახლდნენ, გარემოს შესანიშნავად შეეგუენ და ზელანდიური მებაღეობის თვალწარმტაცი პეიზაჟიც შექმნეს
ჩილედან ბათუმში
ახალი ზელანდია რა მოსატანია, როცა ჯერი სუბ-ანტარქტიკულ სახეობაზე მიდგება. ვალდივიის პოდოკარპუსმა (Podocarpus nubigenus) ანუ ღრუბლისებურმა ფეხნაყოფამ ყველაზე შორი წერტილიდან, სამხრეთ ამერიკის უკიდურესი დასავლეთიდან გადმოინაცვლა. ის გადაშენების პირასაა და გლობალურ წითელ ნუსხაშია დაცული, თუმცა მის მეორე სამშობლოში შესანიშნავად გრძნობს თავს.
უკარებაც და თავსატეხიც
გასაკვირია, როგორ შეეგუა დაბალ ტემპერატურას ბაღის ყველაზე მგრძნობიარე მცენარე – ჩილელი არაუკარია. პერიოდულად იღუპებოდნენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აკლიმატიზაცია წლებთან ერთად დაძლიეს. გლობალურ წითელ ნუსხაში მყოფნი თუ საფრთხეებს გადაურჩნენ, ბაღში 2 000 წლის შემდეგ მისულებსაც დახვდებათ. მაქსიმუმ ამდენს ცოცხლობენ
სახელსაც ამართლებენ – წიწვოვანი ფოთლები იმდენად ეკლიანი და უხეში აქვთ, რომ ჩიტებიც კი ვერ ეკარებიან. ერთმა ბრიტანელმა საკუთარ ეზოში დარგულ არაუკარიას ,,Monkey Puzzle” ანუ „მაიმუნის თავსატეხიც“ კი უწოდა.
აბორიგენები
სამოთხის თავდაპირველი ბინადრები ხელუხლებელი კოლხური ტყის ფრაგმენტებს ქმნიან. 3 აბორიგენი – რცხილა, წიფელა და ცაცხვი 300-400 წლისაა.
კოლხური ბზის კორომი კი აქ წარმოდგენილ, „წითელი ნუსხით“ დაცულ 17 სახეობას შორის ერთერთია.
ბაღის არისტოკრატები
მაგნოლია დედამიწაზე ჯერ კიდევ 40 მილიონი წლის წინათ გაჩნდა და რა გასაკვირია, თუ მას ბოტანიკური ბაღის ყველაზე ყინვაგამძლე მცენარის ტიტულიც აქვთ. განსაკუთრებით თვალშისაცემი, ეს 125 წლოვანი დიდყვავილა მაგნოლია, თურმე -25°C ტემპერატურასაც გაუძლებს. ის მეზობლებთან ერთად ყველაზე დახვეწილ ხეივანს ქმნის, რითაც ქვედა პარკი იწყება.
მწვანე ჯადოქრები
მაგნოლიასგან განსხვავებით, 1985 წლის დიდთოვლიან ზამთარს ვერ გაუძლო ხეტიტამ. მაშინ ლირიოდენდრონი წაიქცა, თუმცა ამ შემთხვევამ მეტი ხიბლი შესძინა. მისი უდიდებულესობა დღემდე ყველა დამთვალიერებლის შთაგონებაა. ახლა უკვე, როგორც 15 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი.
ეს ხიდი გლიცინიასთან ერთად შეიძლება ბაღის ყველაზე უცნაურ სანახაობად მივიჩნიოთ. ვაზის ლერწივით დახლართული გლიცინია თმის ნაწნავსაც მოგაგონებს
დედოფლების კარნავალი
ჰაერში გაბნეული ტკბილი სურნელი კი ვარდების ბაღთან მიგიყვანს. და საერთოდ, როგორ უნდა გამოგრჩეს ფერების ასეთი კარნავალი?
აქ სადაც არ უნდა გაიხედო ვარდია – ლამაზი შავი იგივე Black Beauty, ნარინჯისფერი, ყვითელი, თეთრი, წითელი, მუქი ბორდოსფერი – 170-მდე სახეობა და ჯიში, მიუხედავად მაღალი ტენიანობისა და წითელი მიწისა
ბაღის დაარსებამდე აქ 6 ჯიშის ვარდი იყო. მათგან მხოლოდ ერთმა მოაღწია. წარმოიდგინე, დედოფალი „მარშალი“ აქ 100 წელზე მეტია ყვავის.
ვარდების სიმრავლის შემდეგ გაოცებას ყველაზე მგრძნობიარე ყვავილი იწვევს. სამხრეთ ამერიკული მორცხვი მიმოზა შეხებისას ფოთლებს ხურავს და წამებში იმალება
სტუმრები შორეული ტროპიკებიდან
ნესვის ხის ეს ნაყოფი მებაღეების განსაკუთრებული ზრუნვისა და მოვლის შედეგია.
ნესვის, ვანილისა და ყავის ხეები დამთვალიერებლებთან შეხვედრამდე ორანჟერეაში, ჯადოქარი მებაღეების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ, ცხოვრობენ.
Coffea arabica L.
დაარსებიდან დღემდე ბოტანიკურ ბაღში დაახლოებით 32 მილიონ დამთვალიერებელს გაუვლია, ჟანგბადი ჩაუსუნთქავს და ერთხელ მაინც უგრძვნია მადლიერება სამოთხის შემქმნელებისა და შემნახველებისადმი. ერთი გამოთქვა მახსენდება „SEE AND THEN DIE“, თუმცა ახლა ასე ვიტყოდი, „ნახე და იცხოვრე“, რომ აქ კვლავ დაბრუნდე და კიდევ უფრო გაოცდე.
წყარო:gobatumi.com