ხორბლის წარმოების პრობლემები საქართველოში

 საქართველო, ვაზთან ერთად, ხორბლის სამშობლოდაა აღიარებული. მისი უძველესი ჯიშები- მახა, ზანდური, დოლის პური და სხვა გამოირჩევა მავნებლებისა და დაავადებებისადმი გამძლეობით, პურის ცხობის მაღალი თვისებებით. რაც მთავარია, ქართული ხორბლის უძველესი ჯიშები საუკეთესო სასელექციო მასალას წარმოადგენს.

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველო ხორბალზე მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. ბოლო წლების მონაცემებით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 8-18 %-ის ფარგლებში მერყეობდა და საქართველოში, სადაც სასურსათო ხორბალზე მოთხოვნილება 650-700 ათას ტონას შეადგენს, შეინიშნება ნათესების შემცირების ტენდენცია,რაც დარგისადმი უყურადღებობით შეიძლება აიხსნას.

 დღევანდელ საქართველოში მოუგვარებელია ხორბლის თესლის წარმოება, არასაკმარისია სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა, ძვირია მინერალური სასუქები, არ ინერგება მოწინავე ტექნოლოგიები, მაშინ, როცა  სპეციალისტების გათვლებით, საქართველოში შესაძლებელია სასურსათო ხორბალზე მოთხოვნილების 60-65 %-ით დაკმაყოფილება. ამისათვის საჭიროახორბლის ნათესები გაიზარდოს 110-120 ათას ჰექტრამდე, ხოლო მოსავლიანობამ   1 ჰექტარზე 3 ტონამდე მიაღწიოს, რაც დღევანდელ პირობებში სულაც არ არის ძნელად მისაღწევი.

ყველაფერი უნდა დაიწყოს ხორბლის შესყიდვით სერთიფიცირებული საწყობის მიერ, რომელიც დაკავშირებული იქნება მეხორბლეთა კოოპერატივში გაერთიანებულ მეწარმეებთან  და კომეციულ ბანკთან.

სერთიფიცირებული საწყობების მოვალეობაა კოოპერატივებისაგან მარცვლის შესყიდვა ან შენახვა. კომერციულ ბანკში ინახება საწყობთან ხელშეკრულებით დაკავშირებული მეწარმეების საბანკო ანგარიშები. სერთიფიცირებული საწყობი პერიოდულად აწვდის ბანკს ინფორმაციას მასთან ჩაბარებული ხორბლის რაოდენობისა და  ღირებულების შესახებ. ხორბლის მეწარმე ატყობინებს ბანკს სესხის აღების თაობაზე. ბანკი გასცემს სესხს შენახული ხორბლის ღირებულების 60%-ის ოდენობით და ატყობინებს კლიენტს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

   საქართველო ვაზის კულტურასთან ერთად, ხორბლის სამშობლოდაცაა მიჩნეული. მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 27 სახეობიდან, 14 საქართველოშია აღრიცხული. მათ შორის, 5 ენდემური სახეობაა, რომლებიც ხალხური სელექციითაა მიღებული, კლიმატური და ნიადაგური პირობებისადმი შეგუების გზით.  ჯერ კიდევ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VI ათასწლეულში საქართველოში მისდევდნენ მეხორბლეობას. ხორბლის ენდემური ჯიშებისაგან განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევიან ლეჩხუმური მახა და ზანდური, რის გამოც ისინი ყველა სელექციონერისათვის  საინტერესო საკვლევ მასალას წარმოადგენენ.

საქართველოში ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებამ ათქმევინა ცნობილ სელექციონერს, ბატონ პეტრე ნასყიდაშვილს: -,,ყველა გლეხს თავისი მინდვრის შესაბამისი ჯიში ჰქონდა და ყველა ჯიშს შესაბამისი ქართული სახელწოდება“.

საქართველოში მოსახლეობის პურით უზრუნველყოფის საკითხი მწვავედ დადგა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როცა საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მსოფლიო ბაზრის სუბიექტი გახდა. პურით ანუ სოციალური პროდუქტით მოსახლეობის უზრუნველყობის საკითხი  იმიტომ კი არ გართულდა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბალი  არ იყიდებოდა, არამედ ხორბლის შესყიდვისათვის საჭირო სავალუტო რესურსების უქონლობის, ხორბლით ვაჭრობის გამოცდილების არქონით, მოსახლეობის პურით უზრუნველყოფის პოლიტიკური მნიშვნელობის გაუცნობიერებლობის  გამო. პური მოსახლეობას ბარათებით  მიეწოდებოდა, ხოლო 1996 წელს  განხორციელდა პურის  ქარხნების განსახელმწიფოებრიობა და პურზე ფასების ლიბერალიზაცია. სიტუაცია მოსახლეობის პურით უზრუნველყოფის სფეროში თანდათან დალაგდა და ხორბლით ქვეყნის უზრუნველყოფაში წამყვანი  ადგილი დაიკავეს  კერძო სტრუქტურებმა.

საქართველო  ხორბალზე მოთხოვნილებას ძირითადად ხორბლისა და ფქვილის იმპორტით იკმაყოფილებს. წელიწადში საშუალოდ 600-750 ათასი ტონა ხორბლისა და ფქვილის იმპორტი ხორციელდება, რომლის შესყიდვაზე იხარჯება 180-200 მლნ აშშ დოლარი.

ხორბალი საქართველოში ძირითადად შემოდის რუსეთის ფედერაციიდან, ნაწილობრივ, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.

გაეროს  სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2030-2050 წლებში მსოფლიოში მოსალოდნელია სურსათზე მწვავე დეფიციტის წარმოშობა, რაც აიძულებს განვითარებულ ქვეყნებს მკვეთრად შეცვალონ სასურსათო პოლიტიკა, რაც აუცილებლად გამოიწვევს სურსათის, პირველ რიგში  ხორბლის, იმპორტის შემცირებას,  საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის პურით უპირველესად უზრუნველყოფის გამო.

მსოფლიოში 2030 წლისათვის მოსახლეობა გადააჭარბებს 8-9 მილიარდს, ხორბლის წარმოება  გაიზრდება 20%-ით და შეადგენს 2150 მლნ ტონას ანუ მოთხოვნილების 80%-ს. ხორბლის ნათესი ფართობები იქნება 165-175 მლნ ჰექტარი, რაც საერთო სახნავ- სათესი ფართობების 20% იქნება. მომავალ 20 წელიწადში ხორბალზე  ეტაპობრივად გაიზრდება ფასებიც- დაახლოებუთ    66%-ის ფარგლებში.

ზემოთ მოტანილი  მონაცემებიდან ჩანს, რომ უახლოეს 20 წელიწადში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხორბლის ადგილობრივად წარმოების გაზრდას, მოსახლეობის საკუთარი წარმოების ხორბლით მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით.

საქართველოს ახალ ისტორიაში ყოფილა წლები,როცა ხორბლის ნათესი ფართობები 200-210 ათას ჰექტარს შეადგენდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს წინაშე დაისვა ამოცანა საკუთარი წარმოების ხორბლით დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შესრულდა.მთავარი  კი ის არ იყო, რომ საქართველო, როგორც სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი სამხრეთის რესპუბლიკა, უპირატესად სპეციალიზდებოდა მრავალწლიანი კულტურების პროდუქციის  წარმოებაზე და  მათი საკავშირო ფონდში მოწოდებაზე (ღვინო, ხილი, ჩაი, ციტრუსი და სხვა).

გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულისათვის მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოში ძირითადად სამხრეთული კულტურების პროდუქციის წარმოების გადიდების შესახებ, რაც კიდევ უფრო ზრუდავდა ხორბლის საწარმოებლად ფართობების გამოყოფის შესაძლებლობას.

სამწუხაროდ   ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ხორბლის ნათესების შემცირების ტენდენცია. ასე, მაგალითად, 1988 წელს ყველა კატეგორიის მეურნეობაში ხორბლის ნათესი 93,9 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 40,8 ათას ჰექტარს ანუ შემცირდა ორჯერ და მეტად. ამავე წლებში წარმოებული იქნა 293 და 100,1 ათასი ტონა ხორბალი, რომლის მოსავლიანობამ 1-ჰაზე 2,8 და  2,5 ტონა შეადგინა. 90-იან  წლებში ხორბლის წარმოებამ  კოლმეურნეობებიდან და საბჭოთა მეურნეობებიდან წვრილ- ნატურალურ მეურნეობებში გადაინაცვლა. 2018 წელს ამ ტიპის მეურნეობებში წარმოებული ხორბლის ხვედრითმა წონამ შეადგინა 88,2%. ასეთი მეურნეობების  საქონლიანობის დონის ამაღლება, მრავალი მიზეზის გამო თითქმის შეუძლებელია. ამის გამოა, რომ ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 8 -17)%-ს შორის მერყეობს.შესაბამისად, ძალიან მაღალია ხორბლის იმპორტის მაჩვენებლები და ის წლების მიხედვით მინიმუმ 552(2014 წ) და 970 (2012წ) ათას ტონას შორის მერყეობს. საქართველოში ხორბლის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე  ძალიან  მაღალია და 2006 წელს- 126 კგ, ხოლო 2013 წელს -138 კგ შეადგინა. დღიური მოხმარება მერყეობდა 350(2016 წ) -382(2008წ) გრამს შორის.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხორბლის წარმოების გასაზრდელად აუცილებელია ჯიშიანი თესლით წარმოების პრობლემის  მოგვარება. რაც შეეხება დაუთესავად მიტოვებულ მიწებს, მათზე პირველ წელს მის მესაკუთრეს  უნდა გაუორმაგდეს მიწის გადასახადი, ხოლო მეორე წელს ჩამოერთვას საკუთრების უფლება.

სახსრების უქონლობის გამო, წვრილი მეურნეობები ვერ ახერხებენ აგროტექნიკური ღონისძიებების  სრულად ჩატარებას, სასუქების,ქიმიური პრეპარატების, თესლის შეძენას, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის შეძენასდა მის  დაქირავებას.

ადგილობრივი წარმოების გაფართოება  შესაძლებელია სხვადასხვა ხესხების გამოყენებით.ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა სახელმწიფოს მიერ  მსხვილი მსხვილი იმპორტიორების  დავალდებულება შესყიდულ  პროდუქციაში ადგილობრივი წარმოების ხორბლის წილის გაზრდის შესახებ.

ხორბლის შესყიდვის ჩვენს მიერ შემოთავაზებული ერთიანი მექანიზმი შედგება   სამი კომპონენტისაგან. ესენია: სერთიფიცირებული საწყობი, ხორბლის მწარმოებელი კოოპერატივი და კომერციული ბანკი.

სერთიფიცირებული საწყობის მეშვეობით ხორბლის შესყიდვას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის პარლამენტის მიერ კანონის მიღება ამგვარი საქმიანობის ანუ სერთიფიცირებული საწყობის მეშვეობით მარცვლეულის (ხორბლის) შესყიდვის შესახებ და იმ კრიტერიუმების დამტკიცება, რომელთა მიხედვითაც   მოხდება სერთიფიცირება და მასერთიფიცირებელი ორგანოს შერჩევა.

კანონით შესაძლებელია ეს იყოს სპეციალურად ამ დანიშნულებით აგებული სასაწყობე მეურნეობა ან მოქმედი წისქვილკომბინატი, რომელიც აკმაყოფილებს სერთიფიკატის მიმღებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. სერთიფიცირებული საწყობი ხელშეკრულებას აფორმებს ხორბლის მწარმოებელ კოოპერატივთან,რომელშიც აღნიშნულია საწყობისა და ხორბლის მწარმოებლების მიერ აღებული ვალდებულებების და სანქციების შესახებ,რომელიც დგება შეთანხმებული პირობების დარღვევის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საწყობის მიერ წინასწარ შეთანხმებულ ფასში ხორბლის შესყიდვა და ხორბლის შენახვა. საწყობის ვალდებულებაა პერიოდულად მიაწოდოს კომერციულ ბანკს ცნობა საწყობის ბენეფიციარების მიერ საწყობში შენახული ხორბლის რაოდენობისა და მისი ღირებულების შესახებ.

 სერთიფიცირებული საწყობის მესაკუთრე ხელშეკრულებას აფორმებს ხორბლის მწარმობელ კოოპერატივთან (კოოპერატივებთან), რომლებიც იქმნება სოფლების ან მუნიციპალიტეტების მიხედვით. ურთიერთკავშირის ასეთი ფორმა  კოოპერატივებსა და სერთიფიცირებულ  საწყობებს შორის, აადვილებს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რადგან საწყობს ურთიერთობა აქვს რამდენიმე კოოპერატივის გამგეობასთან და არა ხორბლის თითოეულ მწარმოებელთან, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებას, ხოლო კოოპერატივს უადვილებს მისი მეპაიეების აზრის საწყობის მესაკუთრეებთან მიტანას.

ხორბლის მწარმოებელი კოოპერატივის გამგეობა ადგენს პირობებს,თუ ვინ შეიძლება გახდეს კოოპერატივის წევრი.

ხორბლის შესყიდვისა და შენახვის პირობების შესახებ ხელშეკრულება ფორმდება კოოპერატივის გამგეობას,  ხორბლის მეწარმეებს და სერთიფიცირებულ საწყობს შორის.  ხელშეკრულებაში მითითებულია   საწყობისათვის გადასაცემი ხორბლის რაოდენობა და გასაყიდი ფასი, შესანახად გამიზნული ხორბლის რაოდენობა და შენახვის პირობები. კოოპერატივის გამგეობა ,მისი თითოეული მეპაიეს მიხედვით აწვდის საწყობს ბანკის ანგარიშს, კომერციული ბანკისათვის გადასაცემად.

სერთიფიცირებული საწყობი ბანკთან შეთანხმებით სისტემატურად აწვდის მას მონაცემებს, მისი ბენეფიციარების  მიერ საწყობში შენახული ხორბლის რაოდენობის, ღირებულებისა და შენახვის ვადის შესახებ.

კოოპერატივის წევრი ბანკში აგზავნის განაცხადს სესხის გამოყოფის თაობაზე. ყველა სხვა ოპერაცია სრულდება მსესხებლისაგან დამოუკიდებლად. ბანკი გამოუყოფს კლიენტს სესხს საწყობში შენახული ხორბლის ღირებულების 60%-ის ოდენობით. ბანკის მიერ სესხის გაცემა ხდება ხორბლის, როგორც ლიკვიდური, საგირავნო  ქონების  გამოყენების საფუძველზე.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ხორბლის მწარმოებლები, როგორც წესი, იღებენ სესხს, რომელსაც ძირითადად იყენებენ საშემოდგომო სამუშაოების ჩასატარებლად, სასუქებისა და სხვა ქიმიური პრეპარატების შესაძენად და სხვა.

     რა უპირატესობა აქვს სერთიფიცირებული საწყობის მეშვეობით ხორბლის შესყიდვას?

  • იქმნება საკანონმდებლო ბაზა ხორბლის ორგანიზებული შესყიდვის (გაყიდვის) შესახებ;
  • ხორბლის მწარმოებელმა წინასწარ იცის, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მის მიერ წარმოებულმა ხორბალმა, რომ გარანტირებული იყოს მისი გაყიდვა;
  • ხელსაყრელი პირობები იქმნება ხორბლის მწარმოებელთა მიერ კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და მათი ინტეგრაციისათვის, რაც წარმატებული საქმიანობის გარანტიას ქმნის;
  • კოოპერატორს წინასწარ აქვს განსაზღვრული მოწეული მოსავლიდან რამდენს გაყიდის მოსავლის აღების დროს და რამდენს შეინახავს საწყობში, რა ვადით, რა დაუჯდება პროდუქციის შენახვა;
  • აღნიშნული ღონისძიებების გატარებით იმსხვრევა ბოლო დროს ჩამოყალიბებული არასწორი შეხედულება, თითქოს ქართული ხორბალი არ გამოდგება პურის გამოსაცხობად, იმპორტირებულ პროდუქციასთან შერევის გარეშე;
  • ყველასათვის ნათელი ხდება რომ ქართული ხორბლისათვის დღეს დამახასიათებელი ნაკლოვანებები (მარცვლეულის არაერთგვაროვნება, მინარევებით დანაგვიანება, წებოგვარას დაბალი მაჩვენებლები და სხვა)  საქართველოში მოყვანილი ხორბლისთვის კი არა, არამედ ხორბლის მოვლა- მოყვანის აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობითაა გამოწვეული;
  • გაიოლებულია კოოპერატივის წევრის მიერ სესხის აღება, რომელიც რიგითი გლეხისათვის პრობლემას წარმოადგენს.

თამაზ კუნჭულია,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, საქართველო