დარგებიმეფუტკრეობა

 გაზაფხულზე მეთაფლე ფუტკრის მოვლა-შენახვის პირობების თავისებურებანი

სტატიაში განხილულია საქართველოს რეგიონებში ფუტკრის საარსებო პირობები, ცალკეული ფაქტორები, რაც ხელს უშლის ფუტკარს, ადრე გაზაფხულზევე მიაღწიოს სასურველ კონდიციას, რომ შეძლოს შედარებით მოგვიანებით მაქსიმალური რაოდენობით ბუნებრივი საკვების (თაფლი და ყვავილის მტვერი) დაგროვება, მოყვავილე ენტომოფილურ მცენარეთა დამტვერვა; აღწერილია გაზაფხულზე საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოები: მოვლა, კვება, მკურნალობა სხვადასხვა დაავადებათა  წინააღმდეგ უახლესი ხერხებით, მთაბარობა და სამთაბარო ტექნიკის მიზანშეწონილი სახეობანი, ოპტიმალური კონსტრუქციის სკების შერჩევის პრინციპები და სხვ.
  საქართველოს  ბუნებრივ-კლიმატური პირობები თითოეული რეგიონის შიგნითაც კი საკმაოდ განსხვავებულია, საიდანაც გარკვეული ცდომილებით შეიძლება გამოიყოს ცალკეული ზონები:

_ ბარის (დაბლობი) ზონა, რომლის ტიპური ნიმუშებია კოლხეთის დაბლობი, ალაზნისა და გარდაბნის ველები. მათთვის დამახასიათებელია ადრე გაზაფხულიდანვე (თებერვლის II ნახევარი-მარტის I  დეკადა) შედარებით  მაღალი ტემპერატურა, საადრეო თაფლოვანი და დამმტვერავი   მცენარეების ვეგეტაციის დაწყება, ფუტკრის ოჯახის განვითარების სხვა ხელშემწყობი პირობები, თუმცა საკმაოდ ხშირად ასეთი მოვლენები წყვეტილად მიმდინარეობს და შედარებით თბილი ზამთრობის (დეკემბერი-იანვარი) შემდეგ თებერვლიდან იწყება სუსხიანი ამინდები, რასაც მოჰყვება ფუტკრის ბუდეში გუნდის შემჭიდროება, უკვე გაჩენილი ბარტყის დაუცველობა და მისი  დაღუპვა. სათანადო ღონისძიებების გატარების გარეშე ფუტკარი სუსტდება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება დაიღუპოს  კიდეც;

 _ გარდამავალი ზონა, რომელიც მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას ზღვის დონიდან  500-600 მ-მდე. იგი ძირითადად მთაგორიანია, ფუტკრის გამრავლებისათვის საჭირო პირობები  იქმნება მოგვიანებით (აპრილის ბოლოდან). თაფლოვან მცენარეთა ყვავილობის განსხვავებული ვადების გამო ფუტკარი ვერ ასწრებს გაძლიერებას ძირითადი თაფლოვანი მცენარეების (აკაცია და სხვ.) სანექტრე ღალის ასათვისებლად, რისთვისაც გამოცდილმა მეფუტკრემ ფუტკარი თავდაპირველად უნდა გადაიყვანოს ბარის ზონაში საადრეო გაძლიერებისათვის, ხოლო შემდეგ- გარდამავალში;

_ მთის ზონა– აქ მცენარეთა საპროდუქტო პირობები გვიან იწყება, მოიცავს სუბალპურ ზონებს, სადაც ძირითადია მინდვრის ნაირბალახების სანექტრე ღალა, ნაკლებად- ტყიანი მასივები. ამ უკანასკნელში  ჭარბობს წაბლი და ცაცხვი, სხვა ხე-მცენარეები ერთიან, დომინანტურ საფარველს ვერ ქმნიან, რის გამოც მათგან მიღებული პროდუქციის წილი თაფლის საერთო მარაგში ცოტაა. დამახასიათებელია, რომ თაფლოვან მცენარეთა ყვავილობის პერიოდში  აქ ხშირია  უამინდობა, რასაც მოსდევს ნექტრის გამოყოფის შეწყვეტა ხანგრძლივი დროით. ასეთ შემთხვევაში მეფუტკრეს უხდება  დაბლობ ზონაში ფუტკრის გადაყვანა  საშემოდგომო თაფლოვნებზე (ცოცხი, ოქროწკეპლა და სხვ.), რათა  გამოასწოროს ფუტკრის ოჯახების მდგომარეობა (მოზამთრე გუნდში ახალგაზრდა მუშა ფუტკრის თაობის  გაჩენა და ზამთრის მარაგი საკვების ნაწილობრივ შევსება მაინც). ერთი და იგივე ზონებშიც მდგომარეობა ძალზე განსხვავებულია კლიმატის პირობების გამო: დასავლეთ საქართველოში ღალიანობა, როგორც წესი, თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, აღმოსავლეთში იგი ძირითადად წყდება  აგვისტოს ბოლოს. აღნიშნულის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ მეფუტკრემ სწორად განსაზღვროს საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების (პროდუქციის მიღება, მკურნალობა, კვება, საზამთროდ ბუდის შედგენა და სხვ.) თანმიმდევრობა.

 ზამთრობის შედეგები  და მისი გავლენა ფუტკრის გამრავლებაზე

ეს მაჩვენებლები ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობის  განმსაზღვრელია. ზამთრობის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფუტკრისათვის ნორმალური საარსებო პირობები: სკაში სითბური რეჟიმის დაცვა, საფუტკრის მოწყობა  ქარისაგან დაცულ, მზიან ადგილზე, მოზამთრე გუნდში ძირითადად ახალგაზრდა მუშა ფუტკრის ყოლა, ჯანსაღი, არახნიერი დედა ფუტკარი, საკვების უხვი მარაგი და სხვ. ადრე გაზაფხულზე მარაგის აუცილებელი რაოდენობა 6 კგ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს (Таранов 1970). ადრინდელი რეკომენდაციები (თაფლიანი ჩარჩოები გაზაფხულზე მისაცემად) კარგია, მაგრამ შექმნილი კონკურენტული ვითარება გვაიძულებს, ვაწარმოოთ სასაქონლო თაფლის მაქსიმუმი (ნათქვამი ეხება უპირველესად პროფესიონალ მეფუტკრეებს). დღევანდელ პირობებში  სრულიად შესაძლებელია კონდიციური ხელოვნური საკვებით მარაგის შევსება როგორც გუნდად შეკრული ფუტკრისათვის, ისე ადრესაგაზაფხულო პერიოდში. ამასთან ფუტკრის წამახალისებელი კვება (საჭიროა დედა ფუტკრის კვერცხდების სტიმულაციისათვის) ყოველ  3-4 დღეში  ერთხელ,  თითოეულ ჯერზე  უნდა მიეცეს 350-400  თხელი (50%-იანი) სიროფი, რათა ფუტკარს შეექმნას ღალის იმიტაცია. ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფუტკარს ჩვეულებრივი შაქრის სიროფით ვკვებავთ, თუ ინვერსიული საკვებით. ბუდის სივრცე  უნდა შევქმნათ სკაში გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით, აუცილებლად გამოვიყენოთ სათბუნებელი ბალიშ-ტილო, რომ ფუტკარს არ მოუხდეს ზედმეტი სივრცის გათბობა, რაც ერთნაირად საზარალოა ფუტკრის ნაადრევი ცვეთისა და ჭარბად საკვების ხარჯვის გამო. შედარებით ხშირი კვებისას საჭირო შრომითი დანახარჯები საგრძნობლად შეიძლება შევამციროთ, თუ სკის სახურავს კორპუსზე დავამაგრებთ საფანჯრე ანჯამებით და სპეციალური სარჭით (მაძღარაშვილი, 1975; იხ. სურ.), რაც გამორიცხავს ზედმეტ მოძრაობას  და ერთიორად ამცირებს დროის დანახარჯს სახურავის გადახდა-დაფარებაზე.

ანჯამები ლკალდკფჯალსდ

ანჯამები 222222222222222222222

ფუტკრის ოჯახის განვითარების (ბარტყისა და ახალი თაობის გაჩენა) დინამიკა

ზევით აღინიშნა, რა საფრთხეს უქმნის ფუტკარს შუა ზამთარში თბილი ამინდები და ზამთრის ბოლოს-მკვეთრი აცივება. ასეთი შემთხვევისათვის ყველაზე უმჯობესია  ძლიერი ოჯახების ყოლა, ზამთრობის წინ- სუსტი ოჯახების გაერთიანება, ან ერთ სკაში ორი სუსტი ოჯახის მოთავსება შუაში ტიხრის ჩადგმით,  ზამთრობის ბოლოს ბუდის განაპირა ჩარჩოების ამოცლა, რითაც ნაწილობრივ მაინც დავიცავთ ბარტყს გაცივებისაგან, საფრენის  დავიწროება.

შემდგომში ფუტკრის გააქტიურებასთან დაკავშირებით მას უფართოვდება საარსებო სივრცე,რომ ამ მაჩვენებლის შეზღუდვამ ნაყრობისადმი მიდრეკილება არ გააჩინოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კონსტრუქციის სკას ვიყენებთ, ეს ორი პირობა (საკვების საკმაო მარაგი და  ხელშემწყობი გარეშე ტემპერატურა) ერთნაირად აუცილებელია ფუტკრის ოჯახის საადრეო განვითარებისათვის. ადრინდელი დაკვირვებებით (Г.  Таранов,  1972; ირ. რაზმაძე, 1980, პირადი შეტყობინება) ზრუნვა ფუტკრის საადრეო გაძლიერებაზე  უნდა დავიწყოთ ნექტრის მნიშვნელოვანი ღალის გაჩენამდე (მაგ., აკაციიდან)  45-50 დღით ადრე. ამ მცენარის ყვავილობის ვადები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონებში რამდენადმე განსხვავებულია (5-6 დღე). მცდელობა, ვაიძულოთ ფუტკარი, იმუშაოს მეფუტკრის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ნექტრის რაოდენობის ზრდის კვალად ოჯახის ძირითადი სამუშაო ძალა მის შეგროვებაზე გადადის. მთავარია, ამ პროცესის წყვეტილ პერიოდებში ფუტკარს საარსებო საკვები არ მოაკლდეს.

დამატებითი საკვების სახეობანი ზამთრობის ბოლოს- ადრე გაზაფხულზე

ფუტკრისათვის მოსახმარებლად ყველაზე უმჯობესია თხევადი საკვები (თაფლის სახით), ამიტომ ნებისმიერი შემცვლელი ამ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, მით უმეტეს, როცა ფუტკარი ფიჭებზე იმყოფება  მჭიდროდ შეკრული მოზამთრე გუნდის სახით. გამონაკლისის სახით დაიშვება ცომისებური ფორმა (კანდი), რომელიც გამოიყენება შემდეგი მოსაზრებებით: 1) ცილოვანი შიმშილის დროს ხელოვნური დანამატები ( მიწის თხილის ან სოიის შროტის ფქვილი, ინაქტივირებული საფუარი, მშრალი მოხდილი რძე, ყვავილის მტვერი და სხვ.) შეიძლება მასში ჩაირთოს  ცომის ერთგვაროვნების შენარჩუნებით, 2) კანდში ჩართული სამკურნალო პრეპარატები  დიდხანს ინარჩუნებენ თავის თვისებებს, სიროფისაგან განსხვავებით. ცილოვან საკვებთა ნაკლებობას ფუტკარი აღმოსავლეთ საქართველოში უფრო განიცდის: ზამთრობის წინ ბუდეში 1-1,5 ფიჭა, ჭეოთი გავსებული, იშვიათობაა, ის ძირითადად იხარჯება სექტემბერ-ოქტომბერში მომავალი მოზამთრე თაობის  გამოსაზრდელად. დასავლეთში ეს დეფიციტი თითქმის არ შეიმჩნევა. ამასთან შოლცის მეთოდით დამზადებულ კანდს (თაფლი ან ინვერსიული სიროფი (25-30%) + შაქრის ფქვილი (75-70%) აქვს გამოშრობისადმი მიდრეკილება საქაროზისა და გლუკოზის სიჭარბის გამო, მით უმეტეს საშუალო და სუსტ ოჯახებში. აღნიშნულის გამო ზამთარში საკვების ნაკლებობისას  უმჯობესია თაფლის, ან ინვერსიული სიროფის მიცემა, ადრესაგაზაფხულო პერიოდში- სიროფი ნებისმიერი ფორმით.

ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლა თანამედროვე მეთოდებით

ფუტკრის ოჯახის სიძლიერისა და პროდუქტიულობის განმსაზღვრელია   ჯანმრთელი და ძლიერი თაობა, რასაც ბოლო წლებში საფრთხე შეექმნა,  საგრძნობლად  შეიცვალა და გაღარიბდა  ფუტკრის საკვების მომნელებელი სისტემის მიკროფლორა. ეს განაპირობა აგროინდუსტრიაში გამოყენებულმა ნეიროკოტინოიდურმა ინსექტიციდებმა, პესტიციდებმა, ფუტკრის დაავადებების  საწინააღმდეგოდ გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა, ფუნგიციდებმა და აკარიციდებმა.

ფუტკრის საკვების მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც  საკვების გადამუშავებისთვის,  არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის. მიკრობიოცენოზის ფორმირება ხდება მთელი აქტიური სეზონის განმავლობაში და    მნიშვნელოვანია  დაზამთრებაში შესვლის დროს მისი სრულფასოვნება. წლის სხვადასხვა პერიოდში იცვლება ფუტკრის ბიოცენოზი. პათოლოგიური მიკროფლორა  ნაწლავებში პიკს აღწევს თებერვალ-მარტში, რადგან ზამთრის პერიოდში  მსხვილ ნაწლავში უფრო დიდი ხნით ხდება ფეკალის კონსერვაცია ,რაც ხელს უწყობს პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას. ამასთან ერთად     გარემო,სადაც ფუტკარს უხდება  აქტიურ სეზონზე მუშაობა, თუ ეკოლოგიურად დაბინძურებულია, იზრდება რისკი ინფექციური დაავადებების განვითარებისა, როგორიცაა ეშერიხიოზიჰაფნიოზი, სალმონელოზი, ციტრობაქტერიოზი და სხვ.(ჟერებკინი,1994; კრივცოვი, 1999; ლებედევი, 2006; კოზინი, 2007). ამის  გათვალისწინებით  მეფუტკრეობისთვის  დიდი მნიშვნელობა აქვს ადრე გაზაფხულზე პათოლოგიური მიკროფლორის კორექციას, რასაც ადრე ახორციელებდნენ ანტიბიოტიკების დახმარებით  და რომლის შედეგი იყო დროებითი. მართალია, მიკროორგანიზმების რაოდენობა მცირდებოდა,მაგრამ  სოკოს წარმომქმნელი სპორების რაოდენობა იზრდებოდა. ჩატარებული  უამრავი კვლევის წყალობით ამ  დისბალანსის გამოსასწორებლად წარმატებით გამოიცადა პრობიოტიკები- ცოცხალი სოკოებისა და ბაქტერიების ერთობლიობა,რომელთაც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.

კანადელმა მეცნიერებმა  დაადგინეს,რომ პრობიოტიკებს შეუძლიათ  ფუტკრის დაცვა პესტიციდების მავნე ზემოქმედებისგან, ისინი ორგანიზმს იცავენ „ცუდი ბაქტერიებისგან“  და სხვადასხვა ინფექციებისგან,ხელს უწყობენ ნაწლავური  ფლორის აღდგენა- შენარჩუნებას, აუმჯობესებენ ორგანიზმის მიერ  საკვების შეთვისებას და ხელს უწყობენ მონელების პროცესს, მონაწილეობენ  იმუნური სისტემის გაძლიერებაში,რაც ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის კარგი საშუალებაა, ანტიბიოტიკები  კი დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო  ბაქტერიებსაც ანადგურებენ. მათი  ჩანაცვლება მოხდა პრობიოტიკებით. მეფუტკრეობაში ფართოდ გამოიყენება პრობიოტიკები -Lactobacillus  და Bacillus subtilis ბაზაზე შექმნილი, ჩვენთვის ცნობილი „სპასი პჩოლ,“ „აპი ვრაჩ“,მათ რიცხვს დაემატა საქართველოში შექმნილი „bee-პრობიოტიკი“ (.სოხაძე, 2019).

ტკიპა ვაროასთან საბრძოლველად შეიცვალა მიდგომა და ქიმიური პრეპარატები ჩაანაცვლა ორგანულმა მჟავებმა (ჭიანჭველმჟავა,მჟაუნმჟავა,რძემჟავა),  თუმცა მათი გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს  (დოზებისა  და  ჯერადობის დაცვა).  მჟავები არც  ისე უვნებელია ფუტკრისთვის, მათი ხშირი გამოყენება აღიზიანებს ფუტკარს, მოქმედებს დედის კვერცხმდებლობაზე, ხდება დედების ჩუმი ცვლა, მოქმედებს როგორც ღია, ისე გადაბეჭდილ ბარტყზე, ზრდასრული  ფუტკრის საკვების  მომნელებელ სისტემაში ცვლის მიკროფლორას (Сердюченко, 2013). ამის გამო საჭიროა  მათი გამოყენება ზომიერად,ზოოტექნიკურ მეთოდებთან კომბინაციაში, როგორიცაა სამამლე ბარტყის ამოჭრა, დედების იზოლაცია და სხვ.

ცვლილებები მოხდა  საფუტკრე ინვენტარის დეზინფექციის ჩატარების მეთოდებშიც.  დღემდე რეკომენდებულ  ქიმიურ საშუალებებს პრაქტიკულად არავინ იყენებდა მათი  მოხმარების  სირთულის გამო. თანამედროვე მეფუტკრეობაში წარმატებით დაინერგა ოზონირება, როგორც დეზინფექციის ალტერნატიული საშუალება. ოზონი ძლიერი დამჟანგველია, მოქმედებს  ბაქტერიული უჯრედის კედელზე, შედის რეაქციაში და შლის,  ასევე მოქმედებს სკაში მცხოვრებ ტკიპებზე, მავნებლებზე, ობის სოკოზე და სხვ.  ეს ნივთიერება წარმოიქმნება მაღალი ძაბვის ელექტრობის  განმუხტვის ზონაში  ჰაერის გატარებით, მალევე  რეკომბინირდება იშლება წყლად და ჟანგბადად ( Блинов, .

ოზონის უპირატესობა: გენერაცია შესაძლებელია ადგილზე კომპაქტური აპარატის  გამოყენებით, იგი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი დამჟანგველია, სადეზინფექციო საშუალებებისგან განსხვავებით არ წარმოქმნის ტექნიკურ ჰალოგენურ ნაერთებს, არ ცვლის პროდუქტის ხარისხს, მოქმედებს სწრაფად. ოზონისმიერი დეზინფექციის ობიექტებია ფიჭა, თაფლი, ინვენტარი,სკა, შენობა.  სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, პრეპარატის სწორად  შერჩევა, მიზანმიმართული გამოყენება და დეზინფექციის ჩატარება წინაპირობაა იმისა, რომ საფუტკრეში გვყავდეს  ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები.

 ფუტკრის მთაბარობა

როგორც ზევით დავინახეთ, გაზაფხულიდანვე საჭირო ხდება ფუტკრის მთაბარობა მისი საადრეო გაძლიერებისათვის. ამ პრობლემის სრულყოფილად გადაჭრისათვის ჯერჯერობით ჩვენი პრაქტიკოსები სათანადოდ ვერ არიან აღჭურვილნი ტექნიკურად, საქმეს ვერ შველის ოდინდელ სამანქანო მისაბმელებზე საფუტკრეების განწყობა მთელი აქტიური სეზონის განმავლობაში, რაც ბევრად ზრდის დანახარჯებს ასეთი ტექნიკური საშუალებების შესაქმნელად.

ყველაზე უმჯობესი,  ჩვენი მოსაზრებით,  არის ნებისმიერი ტიპის სკების განწყობა ქვესადგამებზე (თითოეულზე  3-4 სკა), მათი დატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების სამუშაოთა მექანიზება მცირე სიმძლავრის ტრაქტორებზე ამწეების მოწყობით, ბოლოს- ასეთნაირად აღჭურვილი საფუტკრეების გადაზიდვა ნებისმიერი საავტომობილო ტრანსპორტით. მთელი დანახარჯები ამ პროცესებზე ითვალისწინებს:  სადგამების დამზადებას, სატრაქტორო ამწეების მოწყობას და მისაბმელს ტრაქტორის ტრანსპორტირებისათვის სამთაბარო ადგილამდე. ეს სისტემა დიდი ხნის წინ აპრობირებულია აშშ-ში და საეჭვოა, დღეს ვინმემ უკეთესი რამ შექმნას. ფუტკრის ტრანსპორტირების ეს ხერხი  უზრუნველყოფს შრომითი დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას და ფუტკრის მოვლას სრულყოფილად. ეს რჩევა უპირველესად მსხვილ საფუტკრეთა მეპატრონეებმა და კოოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ. მცირე (სამოყვარულო) საფუტკრეებისათვის უკვე  შექმნილია მარტივი და იაფი საშუალებები: სკის ქვესადგამი დამრეც ნიადაგებზე განწყობის შესაძლებლობით, სკების გადასატანი (ძარაზე შესაგორებელი) ურიკა და მობილური ბაქანი ამავე დანიშნულებით, რომელთა დამზადება ტექნიკურად ჩამორჩენილი ქვეყნისთვისაც კი რთული არ  არის და არსებითად ამცირებს ფუტკრის მთაბარობის სიძნელეებს.

    ქართულ პრაქტიკაში სკის ტიპების შერჩევის შესახებ

ფუტკრის საცხოვრებლად შერჩეული სკის კონსტრუქცია ბევრ გარემოებას უნდა ითვალისწინებდეს. ბატონი . ღოღობერიძე (2022)  ამის შესაფასებლად საკმარისად მიიჩნევს მხოლოდ შრომით დანახარჯებს ფუტკრის მოვლაზე, თუმცა ამის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა საჭირო მასალები. მარტო ის რად ღირს, რომ 800-1200-იან საფუტკრეში (ლანგსტროტის სკებში) აქტიურ სეზონზე კორპუსების ურთიერთმონაცვლეობას 5-6-ჯერ სთავაზობს მეფუტკრეს, ამასთან უგულებელყოფს ადრე სხვა ავტორების მიერ გაკეთებულ დასკვნებს ლანგსტროტისა და დადანბლატის სკების შედარებითი გამოცდის თაობაზე, სადაც გათვალისწინებული იყო:  სანექტრე ღალიანობის ტიპი (მეტ-ნაკლები სიუხვე), სათაფლე პროდუქტიულობა, ქრონომეტრაჟი სამუშაო პროცესების ხანგრძლივობის დასადგენად და სხვ. აღნიშნულის გამო სკის ოპტიმალური კონსტრუქციის შერჩევა სერიოზულ და ხანგრძლივ კვლევას მოითხოვს თუნდაც ამ პატარა ქვეყნის  რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით.  კვლევა ამ მიმართულებით უნდა ჩატარდეს ფაქტორთა კომპლექსის გავლენის დასადგენად: საცდელ ჯგუფებში ფუტკრის ოჯახების სავალდებულო რაოდენობა, მათი კონდიცია (გამოთანაბრება ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით), დედა ფუტკრების ასაკი და წარმოშობა, აქტიურ სეზონზე მთაბარობათა ჯერადობა, საერთო პროდუქტიულობა (ყველა სახეობის ჯამი), შრომითი დანახარჯების აღრიცხვა. ასეთი კვლევა მცირეძალოვან, მოუწყობელ საფუტკრეებში შეუძლებელია. ამასთან შემსრულებლებად უნდა შეირჩეს საქმის მცოდნე, ობიექტური მკვლევრები, რათა თვითმარქვია „პროფესიონალებს“ ავარიდოთ თავი და დავარწმუნოთ ჩვენი მეფუტკრე- პრაქტიკოსები გაკეთებული დასკვნების მართებულობაში.

                             გ. მაძღარაშვილი,  . ყიფიანი

       გამოყენებული  ლიტერატურა

  1. Таранов Г.Ф.  Биология пчелиной семьи.  Колос, 1971;  2. მაძღარაშვილი . გავუადვილოთ მეფუტკრეს სამუშაოების შესრულება. რაც წინადადება #98 საფუტკრე ინვენტარზე. საქ. სსრ სოფლის მეურნ. სამინისტრო, 1980წ. 3. Gilliam M. at all. How long is terramycin stable in diets fed to honey bee colonies for disease control?  Americ. Bee Journ. 1975, vol 115, #4,  p. 230. 4. სოხაძე სპორაწარმომქმნელი პრობიოტიკების წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება… დისერტაცია, 2019. 5. Сердюченко И. Микробиоценоз кишечного тракта медоносных пчел.  Автореферат,  2013;  6.  Блинов Н. В. Oбработка ульев озонатором . Ж.  Пчеловодство,  2019;  7. Dadant and Sons. The Hive and Honey Bee ,2010;     8. ღოღობერიძე .და სხვ.  ფუტკრის მოვლა მრავალკორპუსიან სკებში.  . აგრარული საქართველო, 2022, #9, გვ. 21