გეოგრაფიული აღნიშვნა _ „ახალქალაქის კარტოფილი“

„ახალქალაქის კარტოფილი“ გამოირჩევა ორი მნიშვნელოვანი მახა­სიათებ­ლით: იგი ინახება დიდი ხნის განმავლობაში და დამზადებისას ამჟღავნებს მაღალ გემოვნურ თვისებებს, ხასიათდება სასიამოვნო ფერითა და არომატით.

ახალქალაქის კარტოფილი, მაღალი შენახვისუნარიანობისა და საუკეთესო ორგანო­ლეპტიკუ­რი მახასიათებლების გამო, სარგებლობს დიდი მოთხოვნილებით მომხმარებლებს შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გამოსაყენებელი ჯიშები.

2006 წელს ჩატარებული სპეციალური გამოკითხვის საფუძველზე დადგინ­და, რომ მომხმარებლი უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალური გემოს მქონე, გლუვ და თხელკანიან კარტოფილს. რაც შეეხება ბოლქვის ფორმას და ზომას, მომხმარებლის უმეტესობამ უპირატესობა მიანიჭა ოვალური და ოვალურ-წაგრძელებული ფორმის მქონე საშუალო ზომის ბოლქვს. ბოლქვის შიგთავსის ფერთან დაკავშირებით მომხმარებელთა პრეფერენციები პრაქტი­კულ­ად შუაზე გაიყო ყვითელ და ნახევრად თეთრი ფერის შიგთავსს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით შეირჩა შემდეგი კარტოფილის ჯიშები: მარფონა, აგრია, პიკასო, ჯელი, არინდა და კონდორი.

კარტოფილის ახალი მაღალხარისხიანი ჯიშების გამოჩენისა და ბაზრის კონიუქტურის გათ­ვა­ლისწი­ნებით, ახალქალაქის კარტოფილის წარმოებისათვის გამოსაყენებელ ჯიშთა ჩამონათვალი პერიოდულად გადაიხედება და მტკიცდება ასოციაციის საერთო კრებაზე.

ბოლქვის ფორმა: ოვალურ-მომრგვალო და ოვალურ-წაგრძელებული.

ბოლქვის ზომები: სასურსათო კარტოფილის ზომები უნდა იყოს არანაკლებ 65მმ.

ხარისხისადმი მოთხოვნები: გასაყიდი კარტოფილი უნდა იყოს ჯანმრთელი, ღივების გარეშე, მთელი, სუფთა, ფიზიკური დაზიანებით არაუმეტეს 3მმ-სა. კარტოფილის რაოდენობა სხვადასხვა დეფექტებით (დაუმწიფებელი, გამომხმარი, გამწვანებული, მექანიკური დაზიანებე­ბით, სოკოვანი დაავადებებით, ფუტურო გულებით, მიკრული ნიადაგით) არ უნდა აღემატებოდეს საერთო წონის 5%-ს.

წარმოების არეალი.

„ახალქალაქის კარტოფილის“ წარმოების არეალი მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდას ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ სოფლებს.

კავშირი გეოგრაფიულ გარემოსთან. ჯავახეთის ზეგანს 6500 კვადრატული კილომეტრი უკავია. მისი მთიანი რელიეფი, ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრზე მდებარეობს. ჰავა აქ ზაფხულში არის ძალიან მშრალი და ზამთარში ძალზედ ცივი. საშუალო წლიური ტემპერატურა ახალქალაქის ზეგანზე 5,5 გრადუსია. ყველაზე მაღალი ტემპერატურა (31,1°C) აღრიცხულია ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში.

ზეგანი გამოირჩევა მცირენალექიანობით. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა აქ შეადგენს 600-700მმ-ს. ტემპერატურა იმატებს აპრილ-მაისში, რომელიც არის საუკეთესო პერიოდი დასათესად. მცენარის კარგად ზრდის ხელშემწყობია დღე-ღამის ტემპერა­ტურათა დიდი სხვაობა და მზის ნათების ინტენსიობა და ხანგრძლივობა, რაც იძლევა საშუალებას ნაყოფის თანაბარი და ნელი ზრდისათვის, შესაბამისად მშრალი მასალის დაგროვებისათვის და საბოლოოდ, ისე დამწიფებისათვის, რომ ის გამოსადეგია ხანგრძლივი შენახვისათვის გაღვივების საწინააღმდეგო ქიმიური დამუშავების გამოყენების გარეშე. ეს მნიშვნელოვანი თვისება სახეზეა მოსავლის აღების მომენტიდან, როცა ტემპერატურა არ აღემატება 15-18 გრადუსს. არეალი მთლიანად (ძირითადად) დაცულია წყლისა და ჰაერის დაბინძურებისაგან. მცენარეები აქ ითხოვს მინიმალურ სამკურნალო დამუშავებას, რადგან პარაზიტები არის ძალზედ იშვიათი, აგრეთვე, შეზღუდული სახეობის და შესაბამისად ადვილად კონტროლირებადი, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ ტემპერატურის ძლიერ მერყეობასთან დღესა და ღამეს შორის ზაფხულში, მკაცრ ზამთართან და თოვლთან, რომელიც არ აძლევს მათ აქ გამრავლებისა და არსებობის საშუალებას. ახალქალაქის და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითადად გავრცელებულია მთა-მდელოს შავმიწა ტიპის ნიადაგები. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგებში შეადგენს 4,4-5,1%-ს, ჰიდროლიზებადი აზოტის შემცველობა 8-10 მილიგრამს, ფოსფორი 10-12 მგ., კალიუმი 35-40 მგ/100 გრ. ნიადაგში, PH-5.9, რაც კარტოფილის წარმოებისათვიხელსაყრელ პირობებს ქმნის. 

პროდუქტის წარმოება.

„ახალქალაქის კარტოფილის“ მოყვანა, შენახვა და დაფასოება ხდება წარმო­ებისათვის დადგენილი გეოგრაფიული არეალის საზღვრებში, რაც ხელს უწყობს „ახალ­ქალა­ქის კარტოფილის“ განსაკუთრებული თვისებების შენარჩუნებას და მის ნაკლებ დაზიანებას მომხ­მა­რებ­­ლის­თვის მიწოდებამდე.

პროდუქტის დაფასოება.

არტოფილი უნდა იყიდებოდეს ახალ და სუფთა დაფასოებებში. ამ მიზნისათვის გამოყენებული მასალა უნდა იძლეოდეს კარტოფილის კარგად ვენტილირების, ტრანსპორ­ტირებისა და შენახვის საშუალებას. დაფასოება უნდა ხდებოდეს 1, 2, 3, 4, 5, 10 და 15 კგ. პარტი­ებად. დასაშვებია 20 და 25 კგ. დაფასოება თუ იგი განკუთვნილია კვების ობიექტებში გამო­საყენებლად.

სპეციფიკური მოთხოვნები ეტიკეტირებისათვის. უშუალოდ დაფასოებაზე მოთავსებული უნდა იყოს გეოგრაფიული აღნიშვნის ლოგო და სიტყვები „ახალქალაქის კარტოფილი“. თითოეულ მათგან­ზე, აგრეთვე, უნდა იყოს მიმაგრებული ნომრიანი ეტიკეტი გეოგრაფიული აღნიშვნის ლოგო­თი. შეფუთვაზე, ასევე, მის თანმხლებ დოკუმენტებში და სარეკლამო მასალებში უცხო ენებზე დაიტანება შემდეგნაირად:

  • ლათინური შრიფტით: AKHALKALAKI POTATO
  • რუსული შრიფტით: АХАЛКАЛАКСКИЙ КАРТОФЕЛЬ

პროდუქტის „ახალქალაქის კარტოფილის“ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის ოფიცი­ალურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

წყარო: საქპატენტი