ტყიბულის მთის ჩაი
ჩინელებმა რომ ჩინეთიდან ჩემოდნით ჩვენში ჩაი ჩამოიტანეს, აი, იმ ისტორიის გაგრძელებაა ტყიბულის მთის ჩაის ისტორიაც.
საქართველოში ჩაის კულტურის მოშენება პირდაპირ ჩინურ ჯიშებთან არის დაკავშირებული, რომელიც „Theaceae“-ს ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად შეითვისა ადგილობრივი კლიმატი, ბუნებრივი პირობები და, შესაბამისად, განსხვავებულ სახეობად ჩამოყალიბდა. არის ვერსია, რომ თავდაპირველად ჩაის პირველი თესლი სამეგრელოს მთავრის – ერისთავის მამულში, სოფელ გორაბერეჟოულში დათესეს, დაახლოებით 1920-იან წლებში. სულ მალე, 10 წელიწადში ის გავრცელდა ტყიბულის ზონაში და 1950-იან წლებში ამ მხარეში უკვე გაშენდა ჩაის პლანტაციები და აქტიურად დაიწყო ჩაის წარმოება.
კრეფის ყველაზე აქტიური პერიოდი იწყება აპრილის ბოლოდან, როდესაც ჩაის ბუჩქის ნაზარდი ყველაზე მძლავრია. შემდეგ ტემპერატურა მაღლა იწევს და ამიტომ ივნისის თვის მოსავალი გაცილებით სუსტია. რაც შეეხება აგვისტოს, ამ დროს უკვე ტექნიკურად მომწიფებულ 3-4 ფოთლიან ყლორტებს კრეფენ. მაღალმთიანი ოკრიბის ზონის როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაის იშვიათი სურნელება, მცენარეული გენების, ნიადაგის სტრუქტურული შემადგენლობისა და კლიმატური პირობების უნიკალური კომბინაციის შედეგია.
„ტყიბულის მთის ჩაი“ იწარმოება მწვანე, შავი და ერთჯერადი ჩაის სახით. იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ჩაიზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რადგან შეფასებულია, როგორც უნიკალური ჩაი, დამზადებული „ბუკეტის“ მასალის გამოყენებით, აქვს სასიამოვნო მწკლარტე გემო, ვარდის სურნელი და მაღალი ხარისხის ჩაისთვის დამახასიათებელი ნალექი. სხვადასხვა სიმაღლეზე მოწეულ ჩაის სხვადასხვა გემოვნური თვისებები ახასიათებს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყიბულის მთის ჩაი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2016 წლის 2 მარტს.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: