აგრარული განათლებადარგებირეგიონებისტატიები

ტყიბულის მთის ჩაი

ჩინელებმა რომ ჩინეთიდან ჩემოდნით ჩვენში ჩაი ჩამოიტანეს, აი, იმ ისტორიის გაგრძელებაა ტყიბულის მთის ჩაის ისტორიაც.
საქართველოში ჩაის კულტურის მოშენება პირდაპირ ჩინურ ჯიშებთან არის დაკავშირებული, რომელიც „Theaceae“-ს ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად შეითვისა ადგილობრივი კლიმატი, ბუნებრივი პირობები და, შესაბამისად, განსხვავებულ სახეობად ჩამოყალიბდა. არის ვერსია, რომ თავდაპირველად ჩაის პირველი თესლი სამეგრელოს მთავრის – ერისთავის მამულში, სოფელ გორაბერეჟოულში დათესეს, დაახლოებით 1920-იან წლებში. სულ მალე, 10 წელიწადში ის გავრცელდა ტყიბულის ზონაში და 1950-იან წლებში ამ მხარეში უკვე გაშენდა ჩაის პლანტაციები და აქტიურად დაიწყო ჩაის წარმოება.
ღამით წვიმა, დღისით მზე – ტყიბულის ამინდის ყველაზე მოკლე და ზუსტი დახასიათება. შესაბამისად, რეგიონი გამოირჩევა ნესტიანი ჰავით, რაც ჩაის გახარებისთვის საუკეთესოა. უხვი ნალექით მიწას აქვს ბუნებრივი დრენაჟი, ამას ემატება მინერალებით მდიდარი ნიადაგი, რაც ჩაის ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს. ყველაზე მთავარი ზონა, სადაც მთის ჩაი არის მოყვანილი, ოკრიბის ზონაა. სწორედ აქ არის გააქტიურებული დასავლეთის ქარები და შავი ზღვიდან მოტანილი უხვი ნალექი. ჩაის პლანტაციები გაშენებულია შემდეგ სოფლებში: ახალსოფელი, საწირე, ხრესილი, ბზიაური, მანჭიორი, დაბაძველი. ამ მიკროზონაში საუკეთესოდ იხარა შემდეგმა ჩინურმა ჯიშებმა – კიმინი, ნინჯოუ და კანგრა. ადაპტირდა ქართულ მთის ბუნებასთან და სელექციის პრინციპით გაშენდა ჩაის ბუჩქები.
ტყიბულის მიდამოებში ვიზუალურადაც შეამჩნევთ ჩაის პლანტაციებს. ხასხასა მწვანე ყლორტების სიმრავლითაა გამორჩეული მთის ჩაის ბუჩქები. ინტენსიურად მწვანე შეფერილობის, საშუალო ფორმის, გლუვი ფოთლებით. მისი კოკრები ფუმფულა და ვერცხლისფერია, საოცრად მომხიბლავი სანახავია. ჩაის ფოთოლი იკრიფება ხელით, მაღალკვალიფიციური მეჩაიეების მიერ და ვინც ჩაის ხარისხში ერკვევა, მან ზუსტად იცის, რომ კრეფის ტექნიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაის საბოლოო ხარისხზე. ტყიბულელი მეჩაიეები კი, რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, ამ დავალებას წარმატებით ართმევენ თავს.

კრეფის ყველაზე აქტიური პერიოდი იწყება აპრილის ბოლოდან, როდესაც ჩაის ბუჩქის ნაზარდი ყველაზე მძლავრია. შემდეგ ტემპერატურა მაღლა იწევს და ამიტომ ივნისის თვის მოსავალი გაცილებით სუსტია. რაც შეეხება აგვისტოს, ამ დროს უკვე ტექნიკურად მომწიფებულ 3-4 ფოთლიან ყლორტებს კრეფენ. მაღალმთიანი ოკრიბის ზონის როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაის იშვიათი სურნელება, მცენარეული გენების, ნიადაგის სტრუქტურული შემადგენლობისა და კლიმატური პირობების უნიკალური კომბინაციის შედეგია.

„ტყიბულის მთის ჩაი“ იწარმოება მწვანე, შავი და ერთჯერადი ჩაის სახით. იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ჩაიზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რადგან შეფასებულია, როგორც უნიკალური ჩაი, დამზადებული „ბუკეტის“ მასალის გამოყენებით, აქვს სასიამოვნო მწკლარტე გემო, ვარდის სურნელი და მაღალი ხარისხის ჩაისთვის დამახასიათებელი ნალექი. სხვადასხვა სიმაღლეზე მოწეულ ჩაის სხვადასხვა გემოვნური თვისებები ახასიათებს.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყიბულის მთის ჩაი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2016 წლის 2 მარტს.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: