აგროსიახლეებიბლოგი

ღომი გურიაში

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები.

ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები  ძვ. წ. II-I საუკუნეებით თარიღდება.
ღომი საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოჰყავდათ.
კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან ხულაში.
ნალია
გაცეხვილი ღომისგან მზადდებოდა ფაფისებური საჭმელი, რომელსაც ასევე ღომს ეძახდნენ. მოგვიანებით ღომი ასევე შეერქვა იმავე წესით სიმინდისგან მომზადებულ საკვებს. მათი ერთმანეთისგან განსასხვავებლად გაჩნდა ტერმინი ღომის ღომი.
ღომს მიირთმევდნენ ცხლად, ყველით, საწებლით, სხვა კერძთან ერთად. დასავლურ ქართული კერძები, განსაკუთრებით ნიგზვიანები მისადაგებულია ღომთან. ღომს როგორც რიტუალურ საკვებს ამზადებდნენ შობისა და აღდგომის დღესასწაულების დროს, კალანდას. გურიაში მას პურის ადგილი ეჭირა.
XVII-XVIII საუკუნეებიდან საქართველოში შემოვიდა სიმინდი და დაიწყო ღომის თანდათან ჩანაცვლება. XVII საუკუნეში ჟან შარდენის ცნობით შავი ზღვისპირეთის მცხოვრებნი სულ ღომით იკვებებოდნენ. ამავეს ადასტურებს XVIII საუკუნეში იოჰან გიულდენშტედტი. საეკლესიო და სამონასტრო დავთრებში ბეგარის სახით ყველაზე ხშირად ღომი იხსენიება. ღომს იღებდნენ ბეგარის სახით შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრები. ხუთი ქილა ღომს უხდიდნენ გურიელს მზარეულობის მოვალე კონჭკათელი ყმები მალაზონიები.
ღომის გადევნის პროცესი XIX მეორე ნახევარში გაძლიერდა და XX საუკუნის 20-იან წლებში დასრულდა. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ქუთაისის გუბერნიაში საუკეთესო ღომი მოდიოდა გურიაში და ის ბაზარზე გადიოდა „გურული ღომის“ სახელწოდებით.
ამ დროის სიმინდს უკვე განდევნილი ჰქონდა ღომი დასავლეთ საქართველოდან, გარდა გურიისა, სადაც, ღომი ჯერ კიდევ მოჰყავდათ და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც იყო. გურიაში გავრცელებული ჯიშები იყო საადრეო, დიდი, მთა-ველი, ძირ-დაბალა, ჩაქურა. საუკეთესო ჯიშის სიმინდი და ღომი მოდიოდა შემოქმედში, გომსა და ლიხაურში.
XIX საუკუნის ბოლოს სიმინდის მოსავალი გურიაში 15-ჯერ აღემატებოდა ღომისას, თუმცა ღომს მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. თედო სახოკიას მიხედვით სიმინდის მიერ ღომის ჩანაცვლების მიზეზი იყო ის, რომ ღომს ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი მუშაობდა სჭირდებოდა, ვიდრე სიმინდს და თანაც გურულ ქალებს ღომის ცეხვა ეთაკილებოდათ.
1892 წლის მონაცემებით წელიწადში 20 ათასი ფუთი ღომი იწარმოებოდა. 1896 წელს 17 6557 ქილა ღომი გაიყიდა. ქილა ღომის ფასი 1,2-2 მანეთი იყო.
1912 წელს ოზურგეთის მაზრაში ღომის მოსავალმა 640 ჩეთვერი შეადგინა,
1914 წელს – 1303 ჩეთვერი,
1915 წელს – 2040 ჩეთვერი,
1916 წელს – 368 ჩეთვერი.
გამხმარი ღომი და მისი დასამუშავებელი იარაღები ჩოხატაურის მუზეუმში

გრიგოლ მახარაძე