ღორის მანგალიცური ჯიში
მანგალიცური ერთ-ერთი საინტერესო ღორის ჯიშია მსოფლიოში, გამოყვანილია უნგრეთში 1833 წელს გარეული ღორების კარპატულ მანგალიცურ ღორთან შეჯვარებით.
ამიერკავკასიაში რუსეთიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა.
ჯიშის აღწერა
მანგალიცური ღორის ჯიშებს ახასიათებთ თეთრი, შავი და მოყავისფრო-მოწითალო, მუქი-ჟღალი შეფერილობა. უფრო გავრცელებულია თეთრი ფერის ღორები. ხასიათდებიან საშუალო ზომით, მკვრივი კონსტიტუციით, კარგად განვითარებული ტანით, მყარი ძვლოვანი სისტემით, ძლიერი, მაგარჩლიქებიანი ფეხებით. ტანი დაფარული აქვთ ხშირი ჯაგრით, რაც მათ, როგორც სიცხის, ისე სიცივისგან იცავთ. სხვა ღორებისგან განსხვავებით, აქვთ ფაფუკი ჯაგარი, რომელიც ზამთარში ეზრდებათ და უხუჭუჭდებათ, ამიტომ ხშირად, მათ „მატყლიან ღორებსაც“ ეძახსიან.
ამ ჯიშის ღორები როცა ჩვეულებრივ დახურული ტიპის საღორეში იზრდებიან, თითქმის არაფრით განსხვავდებიან მათი თანამოძმეებისგან, მაგრამ ბუნებაში ჯაგარი ხუჭუჭი და ფაფუკი უხდებათ.
ზრდასრულ ინდივიდებს ხშირად ქვედა ყბის და თვალების გარშემო ადგილი უშავდებათ.
პროდუქტიულობა
ზრდასრული ნეზვები წონით 120-150, ხოლო ტახები 160-180 კილოგრამს აღწევენ. ნეზვები ნაკლებპროდუქტიულობით გამოირჩევიან_ ერთ დაყრაზე 4-6 გოჭს იძლევიან. მაკეობა 116-120 დღე გრძელდება. გოჭები ექვს თვეში წონაში 65-70 კილოგრამს აღწევენ . აქვს ძალიან გემრიელი, წვნიანი, ცხიმიანი ხორცი. ჩვეულებრივ ღორის ხორცთან შედარებით მათი ხორცი ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს, ამიტომ მათი ხორცი დიეტურადც კი ითვლება.
მანგალიცური საქონე ჯიში ცხიმის, განსაკუთრებით კანქვეშა ცხიმის (სალო) ნაადრევად დაგროვებით გამოირჩევა. რვა თვის ასაკში ღორს 5,5-6,5 სანტიმეტრის ნახევრად ქონიანი ხორცი აქვს. 10 თვის ასაკში კანქვეშა ქონის სისქე 7-9 სანტიმეტრს აღწევს.
გავრცელების ზონები
ამჟამად მანგალიცური ღორი გავრცელებული უნგრეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, რუსეთში, უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში.
ჯიშის დადებით და უარყოფით თვისებები
ამ ჯიშის ღორები გარემოს და მოვლის პირობების მიმართ დიდად პრეტენზიულები არ არიან, პრაქტიკულად ჭამენ ყველაფერს, მათ შორის ბალახს, კარგად ეგუებიან კოლტში საძოვრულ პირობებში მოვლას.
საძოვარზე მათი მოვლა-შენახვა შესაძლებელია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარშიც.
მანგალიცური ღორები გამოირჩევიან ძლიერ იმუნური სისტემით და პრაქტიკულად არ ავადდებიან, კარგად იტანენ სტრესს და ძალიან თვინიერები არიან.
ამ ჯიშის ძირითადი ნაკლი მცირენაყოფიერებაა.
მანგალიცური ღორი გადაშენების პირასაა და იშვიათ ჯიშებს მიეკუთვნება.