ღორის სუქების თავისებურებები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სუქების მიზანია სანაშენედ უვარგისი ან წუნდებული ცხოველების ცოცხალი მასის გაზრდა და საკლავი პროდუქტიულობის გაუმჯობესება, რაც ზრდის მათ სასაქონლო ღირებულებას და მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა. საქმე ის არის, რომ გასუქებული ცხოველის ტანხორცის მასა და გამოსავლიანობა, აგრეთვე ტანხორცში რბილობის (“ჭამადი ნაწილის”) ხვედრითი წილი, ბიოლოგიური და ენერგეტიკული ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე იმავე სახეობის, ჯიშის, სქესის და ასაკის გაუსუქებელი ანალოგის.

 სახორცე სუქებას იწყებენ გოჭის ასხლეტისთანავე და ამთავრებენ 6-8 თვის ასაკში. ამ დროისათვის ცხოველების ცოცხალი მასა აღწევს 90- 120კგ- ს. სახორცე სუქებისას ულუფის 50% შეიძლება შედგებოდეს წვნიანი, ზაფხულობით კი მწვანე საკვებისაგან. სახორცედ გასუქებული ღორის ხორცი ნაზია, ხოლო კანქვეშა ქონის სისქე არ აღემატება 4 სმ-ს.

(განასხვავებენ ღორის სახორცე, საბეკონე და საქონე სუქების ტიპებს).

საბეკონე სუქებაზე აყენებენ ადრემწიფადი სპეციალიზებული საბეკონე პროდუქტიული მიმართულების ჯიშის და მათთან ნაჯვარ 25-30 კგ ცოცხალი მასის 2,5-3 თვის გოჭებს. სუქებას ამთავრებენ 6-7,5 თვის ასაკში, რა დროსაც ცხოველების ცოცხალი მასა აღწევს 80-105 კგ- ს, ხოლო კანქვეშა ქონის სისქე არ აღემატება 3,2 სმ-ს. აუცილებელი პირობაა საბეკონედ გასასუქებელი მამრობითი სქესის გოჭები დაიკოდოს 1 თვემდე ასაკში.

საბეკონე სუქებისას კვების ნორმები ითვალისწინებს 600-700 გ სადღეღამისო წონამატის მიღებას. ბეკონის ხარისხს აუმჯობესებს და, ამდენად, ძირითადი საკვები საშუალებებია ქერი და ბარდა. შვრია და სიმინდი აუარესებს ბეკონის ხარისხს, ამიტომ შეზღუდულად, ან კიდევ სუქების დასაწყისში გამოიყენება. კოპტონთან შედარებით უფრო ეფექტურია შროტის გამოყენება.

საქონედ ასუქებენ გოჭების ასხლეტის შემდეგ წუნდებულ ნეზვებს, აგრეთვე ისეთი ჯიშის ბურვაკებს, რომლებიც 100 კგ ცოცხალი მასის მიღწევის შემდეგ სწრაფად აგროვებენ ქონს (შპიკს). სუქების ბოლოს ცხოველი აღწევს 130-150 კგ ცოცხალ მასას, ხოლო კანქვეშა ქონის სისქემ შეიძლება 8 სმ-ს მიაღწიოს. შაქონე სუქების შემდეგ ღორის ტანხორცში ქონის ხვედრითი წილი შეადგენს 50%-ს და უფრო მეტს, ხოლო კუნთოვანი ქსოვილის მხოლოდ 30-40%-ს. საკვებად ძირითადად იყენებენ ადვილად მონელებადი ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს _ კარტოფილს, ჭარხალს, სიმინდს, ქერს და სხვ. 120-130 კგ ცოცხალი მასის მიღწევისას ულუფა შეიძლება შედგებოდეს 1 კგ თივის ფქვილისაგან, 6-8 კგ კარტოფილისაგან (ან 8-10 კგ შაქრის ჭარხლისაგან), ხოლო დანარჩენი ნაწილი უნდა შეივსოს კონცენტრატების ნარევით. (მადის შენარჩუნებისა და მაღალი სადღეღამისო წონამატის მისაღებად სასუქ ღორს ზამთარში რეგულარულად უშვებენ სეირანზე, ზაფხულობით კი საძოვარზე).

სქელი ფაფის სახით შემზადებული საკვები ღორს უნდა უნდა მიეცეს დღეში 2-3- ჯერ, ხოლო წყალი ცხოველებს უნდა ჰქონდეთ ნებაზე.

სხვადასხვა ტიპის სუქებისათვის შედგენილია სამაგალითო ულუფები, რომლებიც მოცემულია ცნობარებში.

სწორად კვებასთან ერთად სუქების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასუქი ჯგუფების დაკომპლექტება და მათში ცხოველთა სულადობა, აგრეთვე დღის განრიგის, სისუფთავის და საღორეს მიკროკლიმატის პარამეტრების დაცვა.

 სასუქ მოზარდს ინტენსიურ კვებაზე აყენებენ 3-3,5 თვის ასაკში 30-35 კგ ცოცხალი მასის მიღწევის შემდეგ. კარგად განვითარებული და ჯანმრთელი გოჭი მოძრავია, სხეული საკმაოდ გრძელი, მაგრამ შედარებით ბრტყელია; ამ ასაკისათვის ის უკვე შეჩვეულია დიდი რაოდენობით საკვების ჭამას.

ფერმერულ მეურნეობებში სუქებისას უპირატესობას ანიჭებენ დოლფარაში წვრილ-ჯგუფურად (5-10 სულამდე) შენახვას. ჯგუფს აკომპლექტებენ მსგავსი ცოცხალი მასის, აგრეთვე ერთნაირი ასაკის და სქესის, ჯანმრთელი და საშიშ დაავადებებზე აცრილი მოზარდებისაგან. სასუქად გამიზნულ მამრ გოჭებს ადრეულ ასაკში კოდავენ. ასევე, ხშირად მიმართავენ სასუქ სულადობაზე კუდების ამპუტაციას.

მსხვილ ჯგუფურად შენახვისას სასურველია ერთ ჯგუფში ცხოველების რაოდენობა იყოს 25-30 სულის ფარგლებში, ხოლო ერთ მოზარდზე მოდიოდეს 0,8-1,2 მ² იატაკის ფართობი. საკვებურს ასუფთავებენ ყოველი კვების წინ, სადგომს და სასეირნო ბაქანს (მოედანს) კი ყოველდღიურად; ანარჩენები გააქვთ სანაკელე ორმოში; ყოველი კვებისას ათვალიერებენ ცხოველებს და გამოვლენილი სუსტი ინდივიდები გაჰყავთ ცალკე დოლფარაში.

დასასვენებელ ადგილს ღორი, როგორც წესი, არ სვრის. ამ ადგილზე უმჯობესია დაიგოს ფიცრის იატაკი ან დავდოთ ფიცრებისაგან დამზადებული ფარი. დოლფარას დანარჩენ ნაწილში აკეთებენ ცხაურიან იატაკს ან გასასვლელის კედელთან ნაკელის შემგროვებელ-გასატან ღარს.

პერიოდულად, 4-5 დღეში ერთხელ, სასუქ ბურვაკებს ბანენ თბილი წყლით და ჯაგრისით. დასაბანი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს +20ºC- ის ფარგლებში. დაუშვებელია ცივი წყლით, აგრეთვე ჭამის შემდეგ 1,5 სთ- ზე ადრე დაბანა. ზაფხულობით, სიცხისას, წყლის ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს 15-18ºC- მდე; კარგ შედეგს იძლევა იატაკის გრილი წყლით მორწყვა.

სახორცე და საბეკონე სუქებისას ბურვაკებს აძლევენ ყოველდღიური მოციონის საშუალებას, ხოლო საქონე სუქებისას ცხოველების მოძრაობა შეზღუდული უნდა იყოს. საერთოდ, მსხვილ მექანიზირებულ ფერმებში, განურჩევლად პროდუქტიული მიმართულებისა, სასუქ ღორებს ინახავენ დოლფარებში მოციონის გარეშე.

ზაფხულობით, სიცხისას, ღორს სასმელი წყალი დიდი რაოდენობით სჭირდება, ამიტომ საწყურვებელში მას წყალი მუდმივად უნდა ჰქონდეს. ცხოველი საწყურვებელში რომ არ ჩაწვეს, მას უკეთებენ დამცავ ტიხრებს.

სუქების დამთავრებამდე 1-1,5 თვით ადრე სადგომის ფანჯრებს ჩააბნელების მიზნით ღებავენ კირის რძით. საქმე ის არის, რომ ჭარბი სინათლის სხივები და ბუზები აღიზიანებენ ღორს, რაც ამცირებს წონამატს და კანქვეშა ქონის დაგროვებას. საკვების დარიგებამდე 5-7 წუთით ადრე სადგომში ჩართავენ ელექტრონათურებს, რაც შენობის განათებასთან ერთად ცხოველებში პირობითი რეფლექსის განვითარების თავისებური სიგნალია. ნიშანდობლივია, რომ სინათლის ჩართვისას ღორები ტოვებენ დასასვენებელ ადგილს და მასობრივად ხდება დეფეკაცია. კვების შემდეგ ხელოვნურ განათებას გამორთავენ.

გიოული გოგოლი,

/ლევან თორთლაძე/

მეცხოველეობა