დარგებივეტერინარია

ღორის ჭირი /Pestis suum/

ღორის ჭირი გადამდები, ინფექციური დაავადებაა. მწვავე ფორმის დროს ვითარდება ჰემორაგიული დიათეზის მოვლენები, გახანგრძლივებულ შემთხვევაში კი ფილტვების კრუპოზული და მსხვილი ნაწლავების კრუპოზულ-დიფტერიული ანთება.

დაავადების გავრცელების პირველ წყაროდ ითვლება დასნებოვნებული ღორი. ღორები ჭირით ავადდებიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, დასვრილი საკვებითა და წყლით. ვირუსი აგრეთვე შეიძლება შეიჭრას ორგანიზმში სასუნთქი სისტემიდან, თვალის ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან.

ღორები ავადდებიან ავადმყოფ ღორებთან პირდაპირი კონტაქტის დროსაც.

სიმპტომები

ღორის ჭირი მიმდინარეობს უფრო ხშირად ზემწვავე და მწვავე ფორმით, თუმცა არსებობს ქვემწვავე და ქრონიკული ფორმაც. მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა /41 გრადუსზე მეტი/, გახშირებული პულსი და სუნთქვა, კანზე ღია წითელი ლაქების წარმოქმნა, უკანა კიდურების სისუსტე, პროგრესირებული სიგამხდრე და სწრაფი სიკვდილი.

დაავადებულ ღორებს ახასიათებს მოდუნება, რომელსაც მოსდევს მადის დაკარგვა, აპათია და დეპრესია.

ავადმყოფი ცხოველები წვებიან, ზანტად დგებიან. თუ ვაიძულებთ დგომას, ემჩნევათ გაღიზიანება და უკანა კიდურების სისუსტე. შემდეგ კანზე ჩნდება ლაქები, ეწყებათ ფაღარათი, ზოგჯერ სისხლნარევი, რასაც დროგამოშვებით ცვლის ყაბზობა. ხშირია თვალიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონაყოფი, რაც იწვევს ქუთუთოების შეწებებას, კანის ლაქები წარმოდგენილია ხშირ შემთხვევაში, მთელ სხეულზე მოფენილი წითელი ფერის სისხლჩანაქცევებს ან იქ სადაც კანი უფრო თხელია/ ყურებზე, დინგზე, მუცელზე, კიდურების შიგნითა არეზე/ იისფერი სისხლჩანაქცევების სახით. ზოგჯერ ვითარდება კანის ნეკროზიც, ჭირის ვირუსი იწვევს აგრეთვე პნევმონიას ან კრუნჩხვებს, უგონოდ დავარდნას. მწვავე მიმდინარეობისას სიკვდილიანობა ძალზე დიდია – 70-80 პროცენტი.

ეკონომიური ზარალი

ეკონომიური ზარალი დიდი სიკვდილიანობის გამო ძალიან დიდია, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ეძლევა ამ დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ აცრებს.

მკურნალობა

სამკურნალოდ გამოიყენება ღორის ჭირის საწინააღმდეგო შრატი. იგი კარგ შედეგს იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ავადმყოფობის დაწყებისთანავე, საჭიროა გაკეთდეს დაავადების საწყის სტადიაში გამოვლენა.