მედიამევენახეობა-მეღვინეობარუბრიკები

ღვინის ქვის სამკაულის ბრენდი Wine Diamond-ი საექსპორტო ქსელის გაფართოებაზე მუშაობს

ქართული ბრენდი Wine Diamond-ი, რომელიც ღვინის ქვისგან სამკაულსა და აქსესუარებს ამზადებს, 2021 წელს თამარ აბულაძემ შექმნა. მისი თქმით, „ღვინის ქვა ღვინის განუყოფელი და ბუნებრივი ნაწილია. ეს გახლავთ ღვინის მჟავის კალიუმის მარილები, რომელიც ტემპერატურის მკვეთრი დაცემისას ღვინოს გამოეყოფა და ჭურჭლის კედლებზე მაგრდება და რა ფერისაც არის ღვინო, იმ ფერის კრისტალებს გამოყოფს“.
ond-ი 12 სახეობის ღვინის ქვისგან ამზადებს სამკაულს. ბროშების, ბეჭდების, საყურეების, პერანგის სამაგრებისა და სხვა აქსესუარების ფასები 240-დან 500 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე ბრენდი საექსპორტო ქსელის გაფართოებაზე მუშაობს და სამომავლოდ გეგმავს, რომ „ღვინო სამკაულში“ ცალკე ტრენდად იქცეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

„კომერსანტი“ თამარ აბულაძეს Wine Diamond-ის შექმნის, კონცეფციისა და ბრენდის განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ღვნის ქვა 222222222222222

როდის შეიქმნა Wine Diamond და საიდან გაჩნდა იდეა? როგორია მისი კონცეფცია?

_ თამარ აბულაძე, Wine Diamond, Emocia Wines, Emocia Handmade Jewelry და Marila-ს დამფუძნებელი: იდეა 2021 წლის დასაწყისში გაჩნდა, სრულიად დაუგეგმავად. რთული პროცესი გავიარე და შედეგი ღირდა ამად. ერთ-ერთი მოტივაცია ის გახდა, რომ ამ იდეის არ სჯეროდათ მეღვინეებს. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მონდომების და სწორად მუშაობის შედეგად, მიუღწეველი არაფერია. ბოლოს კი აღმოვაჩინე, რომ მართლაც უნიკალურ თემას შევეხე. დღეს, ღვინის ქვის შექმნის ჩემეულ მეთოდს, საქპატენტი იცავს.

Wine Diamond სრულიად ახალი სიტყვაა მსოფლიო მოდისა და ღვინის სამყაროში. ჩვენი სამკაულები ყოველი წლის მოსავალს სამუდამოდ შეინახავს. ნაკეთობები ატარებს იმ ღვინის ენერგეტიკას, რომლისგანაცაა შექმნილი. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ღვინოს. თითოეული ნაკეთობა უნიკალური და ერთადერთია, რადგან 2 ზუსტად იდენტური ეგზემპლარი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი სამკაულების მფლობელებს შეუძლიათ, სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ უნიკალური სამკაული ამშვენებთ, რომელიც სხვას არ ექნება.

ჩვენი კონცეფციაა შევქმნათ ისეთი რამ, რაც აქამდე არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, ჩვენს ქმნილებებში ხაზგასმული იყოს, რომ ეს პროდუქცია შექმნილია საქართველოში!  ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით გავაცნოთ მსოფლიოს.

რა ტექნოლოგიაა, როგორ იქმნება ღვინის ქვა, თუ ბუნებაში არსებობს ასეთი ქვა?

_ ღვინის ქვა ღვინის განუყოფელი და ბუნებრივი ნაწილია. მას ენოლოგები ტარტრატსაც უწოდებენ. ეს გახლავთ ღვინის მჟავის კალიუმის მარილები, რომელიც ტემპერატურის მკვეთრი დაცემისას ღვინოს გამოეყოფა და ჭურჭლის კედლებზე მაგრდება. რა ფერისაც არის ღვინო, იმ ფერის კრისტალებს გამოყოფს. მათი ბზინვარება და სილამაზე, მართლაც ბრილიანტისებრია.

რამდენნაირი ღვინის ქვისგან ამზადებთ სამკაულს?

_ ამ ეტაპზე დაახლოებით 12 სახეობის ღვინის ქვა გვაქვს, სხვადასხვა წლის მოსავლისა და განსხვავებული ვენახებიდან. ჩვენნაირი კოლექცია არავის აქვს, რადგან მეღვინეები, ღვინის გადაღების შემდგომ, ღვინის ქვისგან ათავისუფლებენ ჭურჭელს. ყოველწლიურად ჩვენი კრისტალების კოლექცია იზრდება და რაც მეტი დრო გავა, მით მეტად უნიკალური იქნება.

რა სამკაულს ამზადებთ?

_ გვაქვს ქალის, მამაკაცის და ახალგაზრდული მიმართულებები, რომელიც აერთიანებს ბეჭდებს, საყურეებს, ბროშებს, ყელსაბამებს, ჯვრებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს, მამაკაცის პერანგის სამაგრებს. გვაქვს ცალკე ხაზი – საქართველოსა და ღვინის თემატიკით, სადაც შეხვდებით სამკაულს ღვინის ბოკალით, ქვევრით და საქართველოს კონტურული ფორმით. სულ ახლახან შევქმენით აბრეშუმის შარფები, ჩანთები და მაისურები, რომელზედაც ღვინის ქვის შთამბეჭდავი ფოტოებია გადატანილი. ამ მიმართულებასაც ანალოგი არ აქვს და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ასეთს სხვაგან ვერ ნახავთ.

სად იყიდება თქვენი სამკაული? მხოლოდ ონლაინ, თუ სხვაგანაც?

_ ჩვენი სამკაულები საქართველოში ონლაინ იყიდება, როგორც Facebook-ზე, ასევე ინსტაგრამზე, ასევე – ვებგვერდიდან, საიდანაც პირდაპირ და მარტივად ხდება მათი შეძენა.  ფიზიკური მაღაზია ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ ამ საკითხზეც.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, ქართველები, თუ უფრო უცხოელები?

_ ჩვენი ძირითადი და ერთგული მომხმარებლები ქართველები არიან, ვისაც ინოვაციები უყვართ და ვინც განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებს. თითოეული ნაკეთობას, თან ახლავს ბრენდული შეფუთვა და ინგლისურენოვანი პასპორტი, სადაც საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, საინტერესო ინფორმაციაა განთავსებული და ასევე დეტალურადაა ცნობები ჩვენი სამკაულის შესახებ. თავიდან ვფიქრობდით, რომ ჩვენი მომხმარებლები საშუალო ასაკის ადამიანები იქნებოდნენ, თუმცა, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ახალგაზრდები ბევრად უფრო მოქნილები და გამბედავები არიან ინოვაციების მიმართ. გვყავს ბევრი ერთგული და ლოიალური მომხმარებელი, რომლებსაც ძალიან ვაფასებთ.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ ჩვენი მთავარი მიზანია, „ღვინო სამკაულში“ ცალკე ტრენდად ვაქციოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა, სურვილი იმდენად დიდია, გვჯერა, ამასაც მივაღწევთ, გონივრულ ვადებში. მანამდე კი, გვსურს მეტი ვიმუშაოთ დიზაინის დახვეწაზე და გავაფართოოთ საექსპორტო ქსელი.

ავტორი: მაკა ბიბილაშვილი

წყარო:https://commersant.ge