აგროსიახლეები

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსების დიაგნოსტიკაში 100%-იანი შედეგი აჩვენა

მცენარეთა დაავადებების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა მოსავლის დაცვისა და აგროსექტორში ბიოლოგიური რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა და ყველა კრიტერიუმში უმაღლესი შედეგი – 100% დააფიქსირა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 2026 წელს ჩატარებულ ლაბორატორიათაშორის შედარებაში მიიღო მონაწილეობა. შეფასება ვაშლის მოზაიკის ვირუსისა და ქლიავის ჩოფურა ვირუსის ELISA მეთოდით გამოვლენას ითვალისწინებდა.

ლაბორატორიათაშორისი შედარება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩეხეთის მცენარეთა მავნებლების დიაგნოსტიკის ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მონაწილეობით ჩატარდა.

შეფასების ფარგლებში შემოწმდა სამი ძირითადი კრიტერიუმი:

  • სიზუსტე – რამდენად სწორად განსაზღვრავს ლაბორატორია საკვლევი ნიმუშის შედეგს;

  • მგრძნობელობა – რამდენად ეფექტიანად ავლენს კვლევის მეთოდი ვირუსის არსებობას;

  • სპეციფიკურობა – რამდენად სწორად განასხვავებს მეთოდი სამიზნე ვირუსს სხვა შესაძლო ფაქტორებისგან.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ სამივე კრიტერიუმში 100%-იანი შედეგი აჩვენა.

ლაბორატორიის მიერ მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ჩატარებული კვლევები საერთაშორისო შედარების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ეს პროფესიული კომპეტენციისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობა კვლევების ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. მისი საშუალებით ლაბორატორიები ამოწმებენ კვლევის შედეგების სიზუსტესა და სანდოობას, აფასებენ გამოყენებული მეთოდებისა და ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიანობას.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი 100-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას ატარებს. ეს კვლევები ხელს უწყობს მცენარეთა დაავადებებისა და მავნე ორგანიზმების დროულ გამოვლენას, მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასა და აგროსექტორში არსებული რისკების შემცირებას.

საერთაშორისო შედარებაში მიღებული 100%-იანი შედეგი საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევაა. ამასთან, ზუსტი და სანდო დიაგნოსტიკა უშუალოდ უკავშირდება ფერმერთა ინტერესებსაც, რადგან მცენარეთა დაავადებების დროული გამოვლენა მათი გავრცელების პრევენციისა და მოსავლის დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას ზრდის.

თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება კი ქვეყნის მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერების აუცილებელი პირობაა.