აგროსიახლეები

“ღვინის ზღვა” – შავი ზღვის რეგიონში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობები

Seaofwine.travel ახალი ვებ პლატფორმა და მობილური აპლიკაცია, შავი ზღვის აუზის პირველი ღვინის მარშრუტი, ექვსი ახალი თემატური მარშრუტი ქვეყნის დონეზე და ღვინის ტურიზმის სფეროს პროფესიონალების გადამზადება – ეს და სხვა მრავალი აქტივობა გააერთიანა ფონდი – საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების პროექტმა SeaOfWine, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა საქართველოში, უკრაინაში, საბერძნეთსა და სომხეთში.

შავი ზღვის ღვინის მარშრუტი აერთიანებს მეღვინეობებსა და ჰორეკა ბიზნესებს, საბერძნეთიდან, უკრაინის და საქართველოს გავლით, სომხეთამდე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა როგორც  მეღვინეობებისთვის, აგრეთვე ღვინის მოყვარულებისთვის.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის დონეზე შეიქმნა ექვსი ახალი თემატური ღვინის მარშრუტი, რომლებიც აერთიანებს 25 დიდ და მცირე მეღვინეობას, უნიკალურ ქართულ ღვინოებს, საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, ენდემურ ყურძნის ჯიშებს, ქართულ კულინარიას, კულტურულ ღონისძიებებს და ღვინის ტურიზმის სფეროს ექსკლუზიურ სერვისებს.

შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის ახალი მიმართულების პოპულარიზაცია, ინტერსექტორალური პარტნიორობის გამყარება და ღვინის ტურიზმის სფეროს პროფესიონალების გადამზადება, მომსახურების ხარისხის გაზრდა და სერვისების დახვეწის ხელშეწყობა, იყო პროექტის SeaOfWine მთავარი მიზანი. ამასთან პროექტში ჩართული ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობდნენ ოთხი მონაწილე ქვეყნის ღვინისა და ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საერთო მიდგომების შემუშავებაში.

პროექტი განხორციელდა 2020-2022 წლებში პარტნიორი ქვეყნების შემდეგი წარმომადგენლების მიერ: ფონდი ICARE – სომხეთი, საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (European Neighbourhood Instrument) მიერ დაფინანსებული შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, ერთობლივ ტექნიკურ სამდივნოსთან (Joint Technical Secretariat) მჭიდრო თანამშრომლობით.