გოჯიბერი, სასარგებლო თვისებები, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია
გოჯი ბერი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი კულტურაა და ჩინურად დღეგრძელობის ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, იგი შეიცავს თუთიას, კალციუმს, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყოფი ფართოდ გამოიყენება, როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით.
გოჯი ბერს ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი ზეგავლენა შეუძლია, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტიანად მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად.
ამასთან ერთად, ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.არსებობს გოჯის 40-მდე სახეობა და აქედან მხოლოდ ორს (ჩინურს და ტიბეტურს) აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება, ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მცენარე მონასტერთან ახლოს, წყაროებთან იზრდებოდა. მის ნაყოფს ჩიტების გარდა არავინ ჭამდა, მაგრამ მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა. ამ წყაროს წყალს კი ბერები სვამდნენ. სწორედ ასე აღმოაჩინეს მათ გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები. ამ მცენარის თაობაზე საუკუნეების განმავლობაში ინფორმაცია ჩინეთის გარეთ არ ვრცელდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია, მის შესახებ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გახდა ცნობილი. არსებობს გოჯის 40-მდე სახეობა და აქედან მხოლოდ ორს (ჩინურს და ტიბეტურს) აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება
გოჯი ბერი არის მარადმწვანე ბუჩქი. მცენარის სიმაღლე აღწევს 3-3.5 მეტრს. ზევიდან ქვევით დაკიდებული ტოტები დაფარულია ნაცრისფერი კანით და ეკლებით. გოჯის ყვავილები თეთრია და გადაჰკრავთ ვარდისფერი. მწიფე გოჯის ნაყოფის ფორმა არის წაგრძელებული და აღწევს 1.5-2.0 სმ-ს. ნაყოფი საკმაოდ წვნიანია და შეიცავს საშუალოდ 10–30 წვრილ თესლს. ნაყოფის ფერი არის მოწითალო- ნარჯნისფერი.მ,მცენარე ყვავილობს მაისიდან-სექტემბრის ჩათვლით, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ოქტომბრში, მცენარე საშუალოდ უძლებს: –25 +400C ტემპერატურას. გოჯის ნაყოფი არის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრა მთელ დედამიწაზე, ნაყოფის შემადგენლობა და თვისებები უბრალოდ უნიკალურია.
გოჯი ბერის ბაღი გაშენება
სწორად შერჩეული ნაკვეთი განსაზღვრავს მცენარის ზრდა განვითარების ხასიათს, მოსავლიანობას, მოსავლის ხარისხს, და ბაღის ეკონომიკურ ეფექტიანობას. გოჯი ბერის ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია მიიღება ზღვის დონიდან 200-800 მ-ის სიმაღლემდე. იგი ყინვაგამძლე კულტურაა, უძლებს – 25 გრადუს. ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ვაკე, ან 5-30 გრადუსი დაქანების ფერდობები. გოჯის კულტურისათვის საუკეთესოა კარგი ფიზიკური, თბური ტენიანი, ღრმა სტრუქტურის ნიადაგები.
საბაღე ნაკვეთის სწორად შესარჩევად აუცილებელია მისი დეტალური გამოკვლევა, გაშენება უმჯობესია შავმიწა, ყავისფერ, მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე.
აუცილებელია ნაკვეთის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება, რისთვისაც უნდა მოეწყოს მორწყვის თანამედროვე წვეთოვანი სისტემა. მნიშვნელოვანია საბაღე ნაკვეთში გავრცელებული ქარების მოქმედების ხასიათის ცოდნა, ვინაიდან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ნიადაგში ტენის დაგროვება შენარჩუნებაზე, ბაღში ნაკვეთის დგომის სისწორეზე, აგროტექნიკური მოვლის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. გოჯი ბერის გამრავლება შეიძლება თესლით, ფესვის ამონაყრით, მწვანე და გამერქნებული კალმებით, გადაწვენით. ფესვის ამონაყარით გოჯი ბერი ძალიან სწრაფად ითვისებს ტერიტორიას. გასათვალისწინებელია ის, რომ გოჯის გამრავლება გაცილებით ადვილია, ვიდრე შემდეგ მისგან თავის დაღწევა.
ნიადაგის მომზადება – საბაღედ გამოყოფილ ნაკვეთში აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება: ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა, ნაკვეთის მოსწორება, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა. ბაღის გაშენებამდე სამი-ოთხი თვით ადრე უნდა ჩატარდეს მოხვნა 40-55 სმ სიღრმეზე.
ნიადაგის დამუშავება
გოჯი ბერის დარგვის დრო დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. დარგვა შეიძლება შემოდგომით ან გაზაფხულზე.
სარგავი მასალის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ნერგი უნდა იყოს ერთი ან ორ წლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, არანაკლებ 60-80 სმ-ის სიგრძის.
გოჯის სტანდარტული ნერგი
ჯიშების შერჩევისას ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: ერთდროული ყვავილობა, ურთიერთ განაყოფიერების მაღალი ხარისხი, ზრდის სიძლიერისა და სიმწიფის პერიოდები უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.
მოხვნის პარალელურად ხდება ნიადაგის განოყიერება ორგანული და მინერალური სასუქებით, სასუქის შეტანის დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით, ნიადაგის ანალიზის საფუძველზე.
ნერგის დარგვის წინ, სარგავი ორმო ამოღებული უნდა იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50 სმ, ხოლო სიღრმე 50სმ.
დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად შეიკვეცოს. ნერგი ირგვება რიგებში, ხოლო კვების არე, მცენარეთა შორის 1.5-2.0 მ, რიგებს შორის 2-3 მ. დარგვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ნერგის ვერტიკალურ მდგომარეობას, დარგვის შემდეგ ნერგი გადაიჭრება 20-30 სმ სიმაღლეზე.
წვეთოვანი სარწყავი სისტემა
აუცილებლად უნდა მოირწყას წვეთოვანი ირიგაციის მეშვეობით. ნამყენს აკრავენ სარზე კანაფით, რვიანის მეთოდით.
ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების გზები – ახალგაშენებულ გოჯის ბაღში პირველ სამ წელიწადს უნდა მოხდეს მცენარის ირგვლივ ნიადაგის სისტემატური დამუშავება გაფხვიერება, გათოხნით, მულჩირებით, რიგთაშორისებში კულტივაციით, პარკოსანი მცენარის და სიდერატების თესვით, რომელიც ყვავილობის ფაზაში ნიადაგში ჩაიხვნება. ხოლო რაც შეეხება შავადხნული, ანუ ანეული ბაღში ნიადაგის მოვლის ერთერთი გავრცელებული მეთოდია, რომელიც გულისხმობს ნიადაგის მუდმივ დამუშავებას, შემოდგომაზე და გაზაფხულზე 15-20 სმ-ის სიღრმეზე, დარგვიდან 3-4 წლის განმავლობაში.
გამოკვება
ნიადაგის განოყიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გაზრდისათვის, შესაბამისად, გამოყენებული განოყიერების სისტემა მნიშვნელოვნად ზრდის გოჯის ბაღის მოსავლიანობას, ამაღლებს ნაყოფის ხარისხს, აძლიერებს მდგრადობას მავნებელ-დაავადებების მიმართ.
განოყიერებას ძირითადად ახდენენ ორგანული, მინერალური და მწვანე სასუქებით. ცხოველური წარმოშობის და ბიო სასუქები მნიშვნელოვნად აღადგენენ ნიადაგის ნაყოფიერებას, აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებენ სასარგებლო მიკროფლორით, ხელს უწყობენ მიწისქვედა და მიწისზედა ნაწილების განვითარებას. ორგანული ცხოველური წარმოშობის სასუქის გამოყენების საშუალო დოზა ერთ ჰექტარზე 50-55 ტონაა. მისი შეტანა სასურველია გვიან შემოდგომით, ან ადრე გაზაფხულზე. რაც შეეხება ბიო სასუქებს ნიადაგში შეაქვთ ვეგეტაციის პერიოდში 2-3 -ჯერ.
დაკალმება
დაკალმებისთვის იყენებენ 10-15 სმ-ის 1-2 წლიან ტოტებს, ქვედა ნაწილს ცერად გადაჭრიან (მახვილი კუთხით, გამოიყენეთ ბასრი დანა) სუბტრატად იყენებენ მიწის, ქვიშისა და ტორფის ნარევს, ჩარგავენ 3-5 სმ-ზე და ფოთლების გამოტანამდე გადააფარებენ მინის ჭურჭელს ან ცელოფანს.
ფესვის ამონაყარით გოჯი ბერი ძალიან სწრაფად ითვისებს ტერიტორიას. გაითვალისწინეთ, რომ გოჯის გამრავლება გაცილებით ადვილია, ვიდრე შემდეგ მისგან თავის დაღწევა.
მოვლა
გოჯი ბერის მოვლა გამოიხატება, გასხვლა-ფორმირებაში, მორწყვაში თუ ძალიან ცხელი ზაფხულია (კვირაში ერთხელ — მაქსიმუმ ორჯერ). ვერ იტანს ზედმეტ წყალს.
გოჯი ბერის გასხვლა-ფორმირება ხდება კლასიკური (ბუჩქისებრი) და ერთი ღეროს მეთოდით. გასხვლა უმჯობესია შემოდგომით მოხდეს.
გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი, დაზიანებული და გამხმარი ტოტების მოცილება.
მოსავლის აღება
ნაყოფი აუცილებლად კარგად უნდა დამწიფდეს, ნაყოფის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ამიტომ მოსავლის აღებისას ჩაიცვით ხელთათმანები. ბუჩქის ქვეშ დააფინეთ ცელოფანი და ნაყოფი ჩამოყარეთ.
ნაყოფს იძლევა 2-3 წლის შემდეგ.
„ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს