გურიის შავი ზღვის სანაპიროს მოვლა და ნარჩენების მართვა თანამედროვე სტანდარტებით
გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომლის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთლიანად საქართველოს იმიჯს განსაზღვრავს.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ 2021 წლიდან აქტიურად ახორციელებს სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობას და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ ნარჩენების მართვას, რაც რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ტურისტული მიმზიდველობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, გურიის სანაპირო ზოლზე ნარჩენების მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კომპანია სანაპიროს სპეციალური ტექნიკის დახმარებით წმენდს, მათ შორის, ქვიშის საცრელი მანქანებით, ტრაქტორებითა და თვლიანი მისაბმელებით. ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა ყოველდღიურად მოხდეს სანაპიროს ზედაპირისა და ქვიშის ხარისხიანი და საფუძვლიანი გაფხვიერება-გაწმენდა.
სანაპიროს სისუფთავეზე ყოველდღიურად 109 თანამშრომელი მუშაობს, ხოლო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე – 222 თანამშრომელი, რაც სეზონურად მზარდ გარემოსდაცვით მოთხოვნებს და ვიზიტორთა რაოდენობის მატებას სრულად ჯპასუხობს.
სანაპირო ზოლზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენი თავდაპირველად ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურზე გროვდება, შემდგომ კი ნარჩენები ოზურგეთის ნაგავსაყრელზე გადააქვთ, სადაც იწნეხება და სპეციალური მიწის საიზოლაციო ფენით იფარება.
პროცედურა ნარჩენის ეკოლოგიურად უსაფრთხო განთავსებასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უზრუნველყოფს.
გურიის სანაპირო ზოლი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ მოინახულა, შეხვდა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, ამასთან აღნიშნა, რომ სამსახური აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე. მისი განცხადებით, უკვე დღის წესრიგში დგას ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რაც ნარჩენების მართვის სისტემის კიდევ უფრო დახვეწასა და გამართვას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
გურიის სანაპირო ზოლზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა გრძელვადიან გარემოსდაცვით შედეგს ქმნის. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ გეგმიანი მუშაობა, ტექნიკური უზრუნველყოფა და კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან უზრუნველყოფს სანაპიროს სისუფთავესა და უსაფრთხოებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონის ეკოლოგიური მდგრადობისა და ტურისტული პოტენციალის გასაძლიერებლად, რაც საბოლოოდ ქვეყნის განვითარებაზე ახდენს პოზიტიურ გავლენას.

