დარგებიმეფუტკრეობა

ჰიგიენის წესები საფუტკრე მეურნეობაში და სხვადასხვა მასალის გაუვნებლობის მეთოდი

ფუტკრის ოჯახები მუდმივად ამა თუ იმ მიკრობული პათოგენით, პარაზიტით ან მავნებლით დასნებოვნების საფრთხის ქვეშ იმყოფება.
 ფუტკრის დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად და ამავდროულად მეფუტკრეობის უვნებელი პროდუქტების წარმოების უზრუნველსაყოფად საფუტკრეში მუშაობისას ჰიგიენის წესები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.

ფუტკრის ოჯახები მუდმივად იმყოფებიან ამა თუ იმ მიკრობული პათოგენით, პარაზიტით ან მავნებლით დასნებოვნების საფრთხის ქვეშ.

ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკა საფუტკრე მეურნეობაში გულისხმობს სისუფთავის ზედმიწევნით დაცვას და ფუტკრის ოჯახებთან დაავადებების გამომწვევთა კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებას.

ფუტკრის ოჯახების მოვლისას გამოყენებული ნივთები: ასტამი, ჯაგრისი, კორპუსები და ა.შ. შესაძლოა დაბინძურდეს დაავადების აღმძვრელით ავადმყოფ ოჯახთან კონტაქტისას. ასეთი ნივთების სხვა ოჯახებთან ან სხვა საფუტკრე მეურნეობებში გამოყენებისას დაავადებისა თუ მავნებლის გავრცელება გარდაუვალი ხდება. შესაბამისად, გარკვეული სიხშირით და კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება საფუტკრეში გამოყენებული ნივთების დასუფთავება და გაუვნებლება (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია).

ასტამი და მრავალჯერადი გამოყენების წვრილი იარაღები

ასტამი, საბოლებელი, ჯაგრისი პრაქტიკულად მეფუტკრის „ხელის ნაწილებია“ და ფუტკრის ოჯახთან მათ გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ისინი შესაძლოა დაავადებათა გავრცელების საშუალებადაც მოგვევლინოს. ყოველი მათგანი ხომ, როგორც წესი, ერთია საფუტკრეში და ყველა ოჯახის მოვლისას გამოიყენება.

რეკომენდებულია, ყველა საფუტკრეს ცალ-ცალკე ჰქონდეს, სულ მცირე, ორ-ორი ასტამი, ჯაგრისი და საბოლებელი. საფუტკრეში მუშაობის დროს, დაავადებული ოჯახის აღმოჩენისას, მომდევნო ოჯახთან მუშაობის დაწყებამდე, მეფუტკრემ აუცილებლად უნდა გამოიცვალოს ხელთათმანი, ჯაგრისი, საბოლებელი და ასტამი! ხელმეორედ გამოყენებამდე ოთხივე მათგანი უნდა გაუვნებლდეს.

წვრილი ინვენტარის გაუვნებლება მათი სათანადოდ დასუფთავების შემდეგ შესაძლოა მოხდეს სოდისა და წყლის (1×5 შეფარდებით) ცხელი წყალხსნარით.