აგროსიახლეები

იანვრიდან ზეთი გაძვირდება

 საქართველოში იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება და ამის მიზეზი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციის გაძვირებაა, რასაც იანვრიდან ნედლეულის იმპორტზე გადასახადის ზრდაც დაემატება.

როგორც ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი, გურამ ბროძელი აცხადებს, ყველა ეს ფაქტორი, ცხადია, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე აისახება და იანვრიდან ზეთი კიდევ გაძვირდება.

,,რუსეთში მზესუმზირის იმპორტის გადასახადის ზრდა, საქართველოში ზეთის ფასზე პირდაპირ აისახება. ჩვენს პროდუქციაზე სექტემბრიდან დღემდე ფასი ეტაპობრივი 40-50%-ით არის გაზრდილი. ამას ემატება გაზრდილი გადასახადი, რაც ფასის მატებას გამოიწვევს, ამიტომ იანვრიდან ზეთის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ჯერ რთულია თქმა, რამდენად გაიზრდება მომავალი წლის დასაწყისში ზეთის ფასი, რადგანაც ერთია გაზრდილი გადასახადი და მეორეა, რა ეღირება ბირჟებზე პროდუქცია. ამ ეტაპზე, ზრდა განაპირობა იმან, რომ მწარმოებელ ქვეყნებში მზესუმზირის ცუდი მოსავალია. წინასწარ უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მით უფრო, რომ ფასი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია ლარის კურსზეც “,-განაცხადა ბროძელმა“.

ცნობისათვის, საქართველოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან 27,1 მლნ დოლარის ზეთი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 88,6%-ს შეადგენს. წლეულს 14 ქვეყნიდან  30, 572 მლნ დოლარის ღირებულების ზეთის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება მზესუმზირას, აქაც მთავარი იმპორტიორი რუსეთია. კერძოდ, წლეულს 10 თვეში საქართველომ 11 ქვეყნიდან 4,325 მლნ დოლარის ღირებულების მზესუმზირა შეიძინა. აქედან 2,384 მლნ დოლარის ღირებულების – რუსეთში, რაც მთლიანი იმპორტის 55,1%-ია.

წყარო: www.bpn.ge/