იდეების კონკურსი/ GreeNovation
COVID 19 – ის პანდემიამ, მსოფლიო და მათ შორის საქართველო, არაერთი მიმართულებით დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. გამომდინარე აქედან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა „ეკოლოგიური გაჯანსაღების“ (Green recovery) ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროგრამა „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (ECOserve), რომელიც 2019 წელს დაიწყო და წარმოადგენს გერმანიის გაფართოებული მხარდაჭერის ნაწილს ისეთ პრიორიტეტულ სფეროში, როგორიცაა „გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება სამხრეთ კავკასიაში“.
ECOserve-ის მიზანია გააუმჯობესოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი და ბიომრავალფეროვნებისადმი მეგობრული გამოყენების წინაპირობები. საქართველოში, მთავარ ფოკუსს სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროგრამის ECOserve ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ინიციატივით, 29 მარტს იდეების კონკურსი „GreenOvation” (Green Innovation Challenge) იწყება. კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს ის მთავარი გამოწვევები და მათი ინოვაციური და ეკომეგობრული გადაჭრის გზები, რაც სატყეო სექტორში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ECOserve-ის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტები გაკეთდება გარემოსდაცვით საკითხებზე, კერძოდ, გარემოსდაცვითი განათლების და საზოგადოების ინფორმირების, ტყისა და ტყის რესურსებით სარგებლობის, ეკოტურიზმის და სხვა არაერთი მიმართულებით.
კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე, შეგროვდება და შეფასდება კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი გამოწვევები. ჟიურის მიერ პრიორიტეტულობის მიხედვით გამოწვევების შერჩევის შემდეგ, დაიწყება კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც კონკურსანტები წარმოადგენენ შერჩეული გამოწვევების გადაჭრის ინოვაციურ და ეკომეგობრული გზების (პროექტის) აღწერას, ბიუჯეტს და ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც იდეის ინოვაციურობასა და ეკომეგობრულობას გაუსვამს ხაზს. კონკურსის მესამე ეტაპზე, მოხდება საუკეთესო პროექტების გამოვლენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
კონკურსი „GreenOvation” ერთდროულად გაიმართება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შერჩეული იქნება 9 მთავარი გამოწვევა (3 საქართველოსთვის, 3 სომხეთისთვის, 3 აზერბაიჯანისთვის) და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.
გამოწვევები შეფასდება კრიტერიუმების მიხედვით:
- ზეგავლენა: რამდენად რელევანტურია აღწერილი გამოწვევა და/ან რამდენად დიდი იქნება პოტენციური ზეგავლენა მისი გადაჭრის შემდეგ
- ინოვაციურობა: პოტენციალი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ინოვაციურობის თვალსაზრისით
- შესაბამისობა: თანხვედრა ECOserve-ის მიზნებთან და ამოცანებთან (ქვეყნების მიხედვით: აზერბაიჯანში ფოკუსირება სოფლის მეურნეობაზე, სომხეთში – ენერგოეფექტურობა და საძოვრები, საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულება – სატყეო და ენერგო ეფექტურობა
- მწვანე გაჯანსაღების ინიციატივები: რამდენად ჯდება „მწვანე გაჯანსაღების“ ინიციატივების ჩარჩოში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, როგორც ფიზიკურს, ასევე იურიდიულს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კონკურსანტმა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე https://greenovation.hypeinnovation.com და 29 მარტიდან 19 აპრილამდე გადმოაგზავნონ გამოწვევები.
26 აპრილს, გამოწვევების შერჩევის შემდგომ, გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპი, რომელიც 9 მაისს დასრულდება.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და პროგრამის GIZ-ECOserve წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
თითოეულ ქვეყანას (საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს) ეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელსაც იდეის განსახორციელებლად გადაეცემა ფულადი პრემია 10 000 ევროს ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსი ტარდება პროგრამის ECOserve ფარგლებში, გამარჯვებული იდეის განხორციელება უნდა მოხდეს პროექტის ვადებში – 2021 წლის ბოლომდე.
კონკურსის შესახებ დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ეწვიეთ GreenOvation-ის Facebook-ის გვერდს (https://www.facebook.com/GreeNovation-104165051757259 ).
საკონტაქტო პირი: თამარ კიკაჩეიშვილი 577 15 44 62
Email: Tamar.kikacheishvili@giz.de