იმერული ცხვრის პროდუქტიულობის გაზრდის ღონისძიებები და რეკომენდაციები
გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ენდემური ჯიშის ცხვრების დაცვასა და სრულყოფისათვის. ქართული ჯიშის ცხვრების შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ნ. იოსელიანმა, შემდეგ კი ამ საკითხებზე მუშაობდნენ პროფ. ი. ჯანდიელი, მ. რჩეულიშვილი და სხვ.
1977-78 წწ მ. რჩეულიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა იმერული ცხვრის ექსპედიციური გამოკვლევები დასავლეთ საქართველოს თერჯოლის, ზესტაფონის, საჩხერის, ხარაგაულის, ჭიათურის, წყალტუბოს, ხონის, ვანის, ლენტეხის და ცაგერის რაიონებში პერსპექტიული პოპულაციების გამოვლენის მიზნით და დაისახა ჯიშის სრულყოფის და მომრავლების ღონისძიებები. ჩამოყალიბდა ჯიშსაშენები და სანაშენე ფერმები მიწის ფართობითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შემუშავდა იმერული ცხვრის ინდივიდუალური ბარათები, სადაც გათვალისწინებული იყო სწრაფი ბრუნვის მქონე ცხვრისათვის საჭირო ყველა მაჩვენებელი. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო საკითხი ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე გარდამავალი პერიოდის სიძნელეებმა დაღი დაასვა სანაშენე-სასელექციო მუშაობას საქართველოში. არასწორი იყო სოფლის მეურნეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის გაუქმება, რამაც საბოლოოდ მოშალა სანაშენე-სასელექციო მუშაობა მეცხოველეობაში.
იმერული ჯიშის ცხვარზე სანაშენე-სასელექციო მუშაობის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში დღემდე გარკვეული მასალა მოიპოვება. არსებული და ჩვენი დამუშავებული მასალების საფუძველზე შევიმუშავეთ იმერული ჯიშის ცხვრის გაუმჯობესების სასელექციო-სანაშენე ღონისძიებები.
ჩვენს მიერ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩატარებულმა ექსპედიციურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ იმერული ცხვრის მეტნაკლებად ტიპიური სულადობა შენარჩუნებულია თერჯოლის, საჩხერის და ჭუიათურის რაიონებში, სადაც საერთო რაოდენობის 65-70% ხალასჯიშიანად შეიძლება ჩაითვალოს. მათ ძირითადად შერნარჩუნებული აქვთ ჯიშისათვის დამახასიათებელი უნიკალური სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებები და პროდუქტიულობა.
დასავლეთ საქართველოში იმერული ცხვრის მოშენებისა და სრულყოფისათვის საჭიროა ჯიშსაშენის აღდგენა თერჯოლის რაიონში, რომლის განკარგულებაში უნდა გადაეცეს სათანადო მიწის ფართობი და სანაშენე ფერმები. უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ისეთი რეპროდუქტორის შექმნა, სადაც მოშენებული იქნება ტიპიური იმერული ჯიშის თეთრმატყლიანი, ადრემწიფადი, პოლიესტრული და მრავალნაყოფიერი ცხვარი.
სანაშენე ფერმებისათვის ტიპიური იმერული ცხვრის შეძენის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მეტად იმატა ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან დიდი ტანის, მაგრამ მონოესტრული და მცირენაყოფიერი ჯიშის ერკემლების შემოყვანამ. ამ გზით იქმნება სხადასხვაგვარი ჰიბრიდები, რაც მეტად აქვეითებს იმერული ცხვრის იმ ძვირფას ბიოლოგიურ თვისებებს, რითაც ის ფასობს.
იმერული ცხვრის მოშენება-მომრავლება და შემდგომი სრულყოფა მრავალ გენეტიკურ, სელექციურ, მოვლა-პატრონობის, კვებისა და ნამატის გამოზრდის საკითხებს შეიცავს და სამი ძირითადი ეტაპით შემოიფარგლება:
- ძირითადი სანაშენე რეპროდუქტორის შექმნა;
- მაღალი დონის სელექცია ხაზობრივი და ოჯახობრივი მოშენებით;
- იმერული ცხვრის გავრცელების ზონაში მასობრივი სელექცია გენოფონდის დაცვისა და სრულყოფის მიზნით ხალასჯიშიანი ცხვრის მასივების მომრავლება.
იმერული ცხვრის ძირითადი რეპროდუქტორის ნორმალური ფუნქციონირები-სათვის უნდა შეირჩეს ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს 100 ნერბს, 200 ბატკანს და 100 სულ სუქებაზე დაყენებულ ცხვარს ბუნებრივი და კულტურული საძოვრით, ხოლო ზამთრისათვის წვნიანი და ნაწილობრივ უხეში საკვებით. აგრეთვე შესყიდულ უნდა იქნას კონცენტრატი და უხეში საკვები. მწვანე კონვეიერი ადგილზე უნდა დაიგეგმოს ნაკვეთის რელიეფის, ნიადაგის და სხვა პირობების გათვალისწინებით.
რეპროდუქტორისათვის ცხვარი შესყიდული უნდა იქნას ადგილობრივი მოსახლეობისაგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შესაძენი სულადობის შერჩევას. ცნობილია, რომ გლეხი სანაშენედ არ იტოვებს ისეთ ცხვარს, რომელიც ერთ ბატკანს იგებს და ამიტომ ბაზარზე უპირატესად მას ყიდის, ასეთები კი უსისტემო მეტიზაციის შედეგად, ამ ბოლო დროს ბევრია, ამიტომ თოხლის შეძენაა საჭირო იმ გლეხისაგან, რომელსაც მრავალნაყოფიერი ცხვრები ჰყავს. უკეთესია, რომ შეძენილ იქნას თოხლი 12-16 თვის ასაკში, რომელმაც ტყუპი ან მეტი ბატკანი მოიგო.
მრავალნაყოფიერი თოხლის შეძენა თავისი ნამატით ორი ბიოლოგიური თვისების: ადრეულობისა და მრავალნაყოფიერების გარანტიას იძლევა. როგორც წესი, თუ ცხვარმა პირველ დადოლებაზე ტყუპი ან მეტი ბატკანი მოიგო, ის შემდეგშიც მრავალნაყოფიერი იქნება. ამასთან, თუ თოხლმა შემოდგომაზე მოიგო, ეს მის პოლიესტრულობაზედაც მიუთითებს. ამგვარად, შემოდგომაზე შესყიდული თოხლი, რომელსაც 12-16 თვის ასაკში უკვე 2 და მეტი ბატკანი ჰყავს, იმერული ცხვრის გენერაციული ფუნქციის ყველა ძირითადი ნიშანთვისებით ხასიათდება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას.
რეპროდუქტორში სანაშენედ დატოვებული ცხვარი უნდა ხასიათდებოდეს იმერული ჯიშის ყველა ტიპიური ნიშნით: თეთრი ფერით, ნახევრადუხეში მატყლით, დამახასიათებელი გარეგნობით, მაგარი კონსტიტუციით და შეძლებისდაგვარად მაღალი პროდუქტიულობით (მატყლის სიგრძით და შებუსულობით, ცოცხალი მასით, მერძეულობით და სხვა). ამის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას სამი ხაზი: 1 — მრავალნაყოფიერი, 2 — პოლიესტრული და 3 — მალმწიფადი. აუცილებელია ჩამოყალიბდეს ოჯახიც (ხაზების ანალოგიით).
მოშენება უნდა მოხდეს მხოლოდ ვიწრონათესაური. 3-4 თაობის შემდეგ ხდება ხაზთა შორის შეჯვარება. ყველა ხაზის ერკემალი უნდა გამოიცადოს შთამომავლობის მიხედვით რეპროდუქტორის ნერბებთან შეწყვილებით. ნაწილი ერკემლებისა დროებით უნდა გადაეცეს იმერული ცხვრის გავრცელების ცალკეული უბნების მოსახლეობას თავისი კუთვნილი ცხვრის გასანერბად. მკვეთრად გამაუმჯობესებელი ერკემლები გამოყენებული იქნება რეპროდუქტორში სამუშაოდ.
სანაშენედ ნერბები და ერკემლები რეპროდუქტორში დარჩებიან 4-5 წლის ასაკამდე. დოლი იწარმოებს ძირითადად ორ სეზონში (გაზაფხული, შემოდგომა). ყველა ცხვარი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას გამოიწუნება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის ინდივიდები, რომლებსაც რომელიმე ნიშანთვისება მკვეთრად ექნება გამოხატული. ასეთი ცხოველები დროებით დარჩებიან ხაზისთვის დამახასიათებელი თვისების გაძლიერების მიზნით. მაგალითად, თუ ცხვარი არ არის პოლიესტრული, მაგრამ სისტემატურად იგებს 3-4 ბატკანს, დარჩება მრავალნაყოფიერ ხაზში, ან ოჯახში და შეწყვილდება მალმწიფადი და წარმოშობით პოლიესტრული ხაზის ერკემლით.
იმერული ცხვრის გავრცელების არეალში მასობრივი სელექცია ამჟამად დიდ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. ინდივიდუალურ სექტორში გავრცელებული ყველა უბნის ცხვარი ერთ საძოვარზე ძოვს. ამ გარემოების გამო, რომელიმე გლეხის მიერ, სხვა ჯიშის ერკემლის შემოყვანით საშიშროება იქმნება უბნის ცხვრების მთლიანად გადაჯიშებისა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა სქესობრივი და ასაკობრივი ცხვრის სულადობა ერთად ძოვს და ნერბვაზე მოსულ ცხვარს ნერბავს შთამომავლობის ხარისხზე შეუმოწმებელი მამალი თოხლები და ერკემლები.
იმერული ცხვრის გავრცელების რაიონებში მიზანმიმართული მასობრივი სელექციის წარმოება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდება სრულყოფილი ჯიშსაშენი და ფერმერული მეურნეობები. ჯიშსაშენი შეიმუშავებს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ხელს შეუწყობს იმერული ცხვრის უნიკალური თვისებების აღდგენა-განმტკიცებას და შესაძლებელს გახდის სანაშენე მოზარდის პროდუქტიულობის გაზრდის გზით ბატკნის ხორცის უწყვეტი წარმოების რეზერვს საქართველოში.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ რჩეულიშვილის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, გელა მაჭარაშვილი
კობა ნაცვალაძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“