აგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობარუბრიკები

იონჯის თანამედროვე ჯიშები,  წარმოების აგროტქნოლოგია

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ზოგადი აღწერილობა.

იონჯა მოჰყავთ ზომიერი სარტყლის თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი ნათესების დიდფართობებს ვხვდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, მცირე აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. იონჯის ნათესი ფართობი მსოფლიოში 25 მილიონ ჰექტარს აღწევს.

იონჯა ეკუთვნის პარკოსანთა ოჯახს და მოიცავს 50-მდე სახეობას, გვხვდება მათი ერთწლოვანი, ორწლიანი და მრავალწლიანი სახეები.

ღერო-მისი ბალახოვანია, ძლიერ დატოტვილი, 10-20-მდე მუხლთშორისებით, უხვად შეფოთლილი.

ფოთოლი – რთულია, სამფოთოლაკიანი, შუა ფოთოლაკი უფრო გრძელყუნწიანია, ფოთოლაკები სხვადასხვა ფორმისაა – ელიფსური, კვერცხისებური, ვიწრო და ლანცეტური ან მომრგვალო. წვეროს მხარეს დაკბილულია.

ყვავილედი – მტევანია, რომელიც 12-16 ყვავილისაგან შედგება და მოთავსებულია ღეროს წვერზე ან მის დანატოტების წვერზე.

ყვავილი – ორსქესიანი, მოკლე ყვავილსაჯდომით, გვირგვინის ფურცლები იისფერი,  ურჯი, ყვითელი, ჭრელი.

ნაყოფი – მრავალთესლიანი პარკია, რომელიც სპირალურად არის დაგრეხილი ან ნამთესლი – წვრილია, ლობიოსმაგვარი მოყვანილობით, პირველად მომწვანო-მოყვითალო, შემდეგ კი მუქდება და მოყავისფრო ფერს იღებს. 1000 თესლის მასა 1-2,7 გრამს არ აღემატება.

ფესვთა სისტემა – მთავარღერძიანია, კარგად განვითარებული, უხვად დატოტვილი, პირველსავე წელს ნიადაგში ჩადის 2-3 სმ-მდე, შემდეგ წლებში კი აღწევს 5-7 სმ-მდე.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი.

იონჯა სითბოს მოყვარული  მცენარეა, მაგრამ კარგად იტანს სიცივესაც.

წყლის მიმართ დიდი მოთხოვნილებისაა, მაგრამ იტანს გვალვებსაც სიცხეებსაც.

იონჯის თესლი გაღივებას იწყებს 2-3°С სითბოს პირობებში, აღმონაცენს  შეუძლიადაუზიანებლად გადაიტანოს 5-6°С ყინვა. ეს საშუალებას იძლევა იონჯა ადრე დაითესოს გაზაფხულზე.

იონჯა გრძელი დღის მცენარეა და სინათლის მოყვარული. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტს 700-900-მდე ითვლიან.

იონჯა დათესვის წელსვე ყვავილსა და თესლს იძლევა, მაგრამ ვეგეტაციას ამით არ ამთავრებს. მას შეუძლია 5-6 წლის განმავლობაში მოგვცეს დამაკმაყოფილებელი მოსავალი.

საქართველოს სარწყავ პირობებში იონჯა იძლევა წელიწადში 4-5 განათიბს, რომლის თივის მოსავალი ჰექტარზე 150-200 ცენტნერს აღწევს. ამასთან ნიადაგში ტოვებს 100 ცენტრენამდე ორგანულ ნივთიერებათა ანარჩენებს.

ქიმიური შემადგენლობა. ყველა საკვები ბალახებიდან იონჯა გამოირჩევა დიდი მოსავლიანობითა და მაღალი კვებითი ღირებულებით. მისი ბალახის თივა შეიცავს 18,0% პროტეინს, 2,7-მდე ცხიმს, 40%-მდე უაზოტო-ექსტრაქტულ ნივთიერებებს და 30%-მდე უჯრედანას. მისი ბალახი და თივა მდიდარია მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.გლისებურად მოხრილია.

იონჯას გავრცელებული ჯიშები

ლიუბა

ზოგადი აღწერა. მშრალი ნივთიერების საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 7,4 ტონას შეადგენს. პერიოდი პირველ გათიბვამდე. 71-74 დღე.

ლასკა

ზოგადი აღწერა. მშრალი ნივთიერების საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 11,2 ტონას შეადგენს პერიოდი პირველ გათიბვამდე. 71-74 დღე.

როსინკა

ზოგადი აღწერა. მშრალი ნივთიერების საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 5,5 ტონას შეადგენს

პერიოდი პირველ გათიბვამდე. 71-74 დღე.

ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვაში იონჯას 2-3 წელიწადზე მეტხანს არ აჩერებენ. ის მაქსიმალურ მოსავალს იძლევა დათესვიდან მეორე-მესამე წელს. იონჯისთვის სასურველი წინამორბედი კულტურებია სიმინდი, ჭარხალი, კარტოფილი, თავთავიანი და ბაღჩეული კულტურები. არასასურველი წინამორბედი კულტურებია – პარკოსანი კულტურები.

იონჯასათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა იონჯა მოსავალს იძლევა სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, მაგრამ ის უკეთესად ვითარდება და დიდხანს ინარჩუნებს სამეურნეო მნიშვნელობას ფხვიერ ნიადაგებზე. კარგ მოსავალს იძლევა შავმიწებზე, ყავისფერ ნიადაგებზე, ალუვიურ ნიადაგებზე. მისთვის გამოუსადეგარია დაჭაობებული და მჟავე რეაქციის ნიადაგები. ასეთ პირობებში აუცილებელია ნიადაგების მოკირიანება. იონჯა კარგად იტანს მლაშობებს და ხელს უწყობს ასეთი ნიადაგების განმარილიანებას.

ნიადაგის შერჩევის შემდეგ აუცილებლად უნდა შეირჩეს ნაკვეთი. სასურველია ნაკვეთის დახრილობა 5°-ს არ აღემატებოდეს.

იონჯას წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე PH 6,5-დან 7,0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ იონჯას წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის იონჯას წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე PH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი PH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

იონჯას გაზაფხულზე დასათესად განკუთვნილი ნიადაგი ნაწვერალის აჩეჩვის, ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში, 27-30 სმ-ის სიღრმეზე მოიხვნება.

გაზაფხულზე დათესვის წინ ჩატარდება კულტივაცია 10-12სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

იონჯა ასევე შესაძლებელია დაითესოს აგვისტო-სექტემბერში. ამ შემთხვევაში საჭიროა ნიადაგი მოიხნას წინამორბედის აღებისთანავე, ხნული დაიშალოს და მოსწორდეს.

ნიადაგის თესვისწინა და შემდგომი დამუშავება

გაზაფხულზე დათესვის წინ ჩატარდება კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე თანმიყოლებული  დაფარცხვით.

დათესვის შემდეგ ზედაპირის გასწორების მიზნით ტარდება მსუბუქი მოტკეპვნა. ეს ხელს უწყობს თანაბარი აღმონაცენის მიღებას. ნათესის აღმოცენება შესაძლებელია შეაფერხოს ხნულის ზედაპირზე წარმოქმნილმა ქერქმა. ამ შემთხვევაში საჭიროა ნათესის მსუბუქი გადაფარცხვა.

თესვა

თესვის წესები და ნორმები. ითესება ბალახის სათესი სპეციალური მანქანებით. ვიწრო მწკრივებად.

სარწყავ პირობებში ერთ ჰა-ზე ითესება 5-6 მილონი (12-14 კგ) თესლი. ურწყავ პირობებში – 7-8 მილიონი (14-16 კგ). თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. უფრო ღრმად დათესვა, 4-5 სმ, დასაშვებია მხოლოდ ძლიერ მსუბუქ ნიადაგებზე.

მაღალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა: აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ პირობებში 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ურწყავებში კი – 10 მარტიდან პირველ აპრილამდე უნდა დაითესოს.

დასავლეთ საქართველოს სარწყავ დაბლობ ზონებში იონჯა 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, ხოლო ურწყავ ადგილებში – 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე უნდა დაითესოს. ასევე აუცილებელია საღი, გრანულირებული სათესლე მასალის გამოყენება.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

განოყიერება – სასუქების შეტანის დოზები. ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საორიენტაციოდ კი ყოველი 1 ტონა თივის მისაღებად შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 36,0კგ, ფოსფორი 11,3კგ. კალიუმი 35,2 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

იონჯას განოყიერების საორიენტაციო სისტემა ერთ ჰა-ზე 15 ტონა თივის მისაღებად

საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა შეტანის ვადა
N -აზოტი 108,0 კგ. სუფთა ნივთიერება ვეგეტაციის პერიოდში გამოკვება
P- ფოსფორი 170,0 კგ. სუფთა ნივთიერება მზრალად მოხვნის წინ
K- კალიუმი 528,0 კგ. სუფთა ნივთიერება მზრალად მოხვნის წინ
ნაკელი: მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 8კგ, ფოსფორი 120კგ, კალიუმი 408 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

 ასევე მოსავლის გაზრდის მიზნით ყოველი გათიბვისას საჭიროა ფოსფორ-კალიუმიანი სასუქებით გამოკვება. (ფოსფორი 20კგ, კალიუმი 25 კგ. სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე

მავნებელ-დაავადებები და ინტეგრირებული დაცვა

ვეგეტაციის პერიოდში იონჯა შესაძლებელია დაზიანდეს სხვადასხვა სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებით. გავრცელებული დაავადებებია იონჯას ნაცარი, იონჯას ჭრაქი და ტრაქეომიკოზი.

საჭიროების შემთხვევაში სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ შესაძლებელია სპილენძშემცველი პრეპარატების გამოყენება. (მაგალითად ბორდოს ნარევი, ბორდოფლო და სხვ.).

გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს მავნებელი მწერების წინააღმდეგ წამლობის ჩატარება და ამ მიზნისათვის შესაძლებელია ქლორპირიფოსის, ან ლამბდა-ციჰალოტრინის ბაზაზე წარმოებული ინსექტიციდების გამოყენება (დურსბანი, ეკ, კარატე, ეკ და სხვ).

უმთავრესად კი იონჯის ნათესს პრობლემას უქმნის სხვადასხვა სახეობის სარეველა ბალახები.

სარეველების წინააღმდეგ იონჯის დათესვამდე შესაძლებელია გლიფოსატის ბაზაზე დამზადებული ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების (რუმბო, გეიზერი, გლიფოსანი, ნოკ-დაუნი და სხვ.) გამოყენება. ხოლო აღმოცენების შემდგომ, იონჯის ნათესში მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ შესაძლებელია ფენოქსაპროპ-პ-ეთილის ან ტეპრალოქსიდიმის ბაზაზე წარმოებული ჰერბიციდების (პუმა სუპერი, ფურორე სუპერი, იგლ-სუპერი და სხვ.) გამოყენება.

იონჯას ტენით უზრუნველყოფა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

იონჯის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

 მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა: 5-6

 ტრანსპირაციის კოეფიციენტი: 700-900

 ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: თესლის გაღივების, აღმოცენების, გათიბვის და გათიბვის შემდგომი პერიოდები.

 მორწყვის მეთოდი: დაწვიმება, ან კვლებში მიშვებით.

მოსავლის აღება/შენახვა

პირუტყვისათვის მთავარი საკვები იონჯის ფოთოლია. მისი მაქსიმალური რაოდენობა მცენარეზე არის დაკოკრების და ყვავილობის ფაზებში.

ამ პერიოდში გათიბული ბალახი სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს. დაგვიანებული გათიბვისას ბევრია დანაკარგები.

პირველი გათიბვა სასურველია შესრულდეს ნიადაგის ზედაპირიდან 5-6 სმ სიმაღლეზე. განათიბი ღვარეულებად იყრება. გაშრობის შემდეგ წნეხამკრეფით იწნეხება.

მოთიბული და დაწნეხილი ბალახი უმოკლეს ვადაში გატანილი უნდა იქნას ნაკვეთიდან, რათა ხელი არ შეეშალოს ახალი წამონაზარდების განვითარებას.

იონჯის წარმოების აგროტექნიკური რუკა

ფართობი: 1 ჰა, დაგეგმილი მოსავალი: 15 ტონა

სამუშაოს დასახელება

შესრულების დრო

ერთეულის ღირებულება (ლარი

სულ ღირებულება (ლარი)

ნიადაგის ნიმუშების აღება, ნიადაგის საანალიზოდ მომზადება და ანალიზის ჩატარება

წინამორბ. კულტურის აღებისთანავე

??????

??????

ნიადაგის მოხვნა

შემოდგომა წინამორბედის კულტურის აღებისთანავე

??????

??????

მოხვნის წინ სასუქების და ტოტალური მოქმედების ჰერბიციდის შეტანა

შემოდგომა

??????

თესვისწინა დამუშავება კულტივაცია და დაფარცხვა, მოსწორება

ზაფხულის ბოლო-შემოდგომა

??????

??????

მინერალური სასუქების შეძენა

??????

??????

სასუქების შეტანა გამოკვ. სათესლე მასალის შეძენა

შემოდგ. ან ადრე გაზაფხულზე

??????

??????

თესვა

გაზაფხული ან შემოდგომა

ჰერბიციდის შეძენა-შეტანა

??????

??????

სარწყავი კვლევების გაკეთება

გაზაფხული ან შემოდგომა

??????

??????

მორწყვა 5-6-ჯერ

გაზაფხული – ზაფხული

??????

??????

მოსავლის აღება

მაისი – სექტემბერი

??????

??????

დაპრესვა

მაისი – სექტემბერი

??????

??????

მიწის გადასახადი

85

85

გაუთვალისწინებელი ხარჯი +10%

??????

მოსავლის ღირებულება

15 ტონა=750 ტუკს. ტუკის ღირებულება – ??? ლარი. 750 ტუკის ერთიანი ღირებულება ??????? ლარი

მოგება: შემოსავალი-ხარჯი

?????????????????

∗ ცხილში შეიტანეთ სამუშაოების ჩატარების დროს არსებული ფასები და მიიღბთ იონჯის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების და მოგების სრულ სურათს.

ნუგზარ შენგელია – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი