ჯარას თაფლის წარმოება
მეფუტკრეობა საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული. არქეოლოგიური კვლევებით აღმოჩენილი ნიმუშების ანალიზით დასტურდება 8000 წლით დათარიღებული თაფლის არსებობის კვალი, რომელიც ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილ თაფლზე ძველია. არაერთი ლეგენდა და თქმულება გვხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც მოწმობენ საქართველოში შინაური მეფუტკრეობის განვითარების უძველეს ეტაპებს.
მეფუტკრეობის განვითარების პროცესში ძირითადად გამოყოფენ სამ ეტაპს: ველური – როდესაც ადამიანები ტყეში სპეციალურად გადიოდნენ თაფლის შესაგროვებლად; ნახევრად ველური (გეჯური) – როდესაც მონადირეებს ფუტკრის ძლიერი ოჯახები ტყიდან სახლში მიჰყავდათ და შემდეგ ხისგან გამოთლილი მორით ან თიხის სპეციალური ჭურჭლით ტყეში ან კლდეზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილას ათავსებდნენ და თანამედროვე – როდესაც ფუტკრისთვის სპეციალურად აშენებულ სახლში–სკაში ხდება მისი სასიცოცხლო ფაზებისა და მოსავლიანობის კონტროლი.
გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართველოშიც მეფუტკრეები თანამედროვე და მოხერხებულ მეთოდებს ირჩევენ თაფლის მისაღებად.
ეფუტკრეობის ეს სახეობა ძალიან იშვიათია და დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული და ალპური ზონების ტყეებში, შორეულ სოფლებსა და დასახლებულ ადგილებში გვხდება, განსაკუთრებით გამორჩეული ამ მხრივ მაღალმთიანი აჭარაა. აქაური მკვიდრები “ფუტკრის მოშინაურების” რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებენ. ხის მორისგან გამოთლილ სკას ადგილობრივები ჯარას უწოდებენ.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიო თაფლზე, დღითიდღე იზრდება.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)1 საქართველოს აძლევს შანსს, შესაბამისი სტანდარტების2 დაკმაყოფილების შემდეგ, მოახდინოს თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს დააკმაყოფილოს ბიოსერტიფიცირების მოთხოვნები, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის3 აქტიური ჩართულობითა და მუშაობით, 2018 წელს პირველად მოხდა ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება ქართული თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის მიერ. ჯარას თაფლი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფუთვისა და ეტიკეტირების შემდგ, ხელმისაწვდომი გახდაა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. პირველი წარმატებული კომერციული შეგროვების შედეგად, მეფუტკრეებს შემოსავალი გაეზარდათ და მათი მოტივაცია ამაღლდა, რის შედეგადაც 2019 წელს მოწეული და რეალიზებული ჯარას თაფლის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. 2020 წლის თებერვალში, პირველად საქართველოში, თვრამეტი ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული. ექვსი მეფუტკრე, მათ შორის გოდერძის ალპური ბაღის ჯარას საფუტკრე ამჟამად გადიან სერტიფიცირების პროცესს, რათა, 2020 წლის ბოლოს მიიღონ ბიო სერტიფიკატები. 2020 წლისთვის მოსალოდნელია ჯარას თაფლის მოწეულმა რაოდენობამ მიაღწიოს 3 ტონას4. მოთხოვნა ჯარას თაფლზე ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ჯარას თაფლის წარმოება გამოცდილი და დამწყები მეფუტკრეებისთვის მიმზიდველი ხდება.
აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს ჯარას მეფუტკრეობით დაინტერესებულ დამწყებ თუ გამოცდილ მეფუტკრეებს მოაწყონ ჯარას საფუტკრე ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ჯარას თაფლის წარმოების სტანდარტის მიხედვით. სახელმძღვანელოში აღწერილია ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც ჯარას მეფუტკრეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ჯარას თაფლის წარმოებისას.
რა არის ჯარა?
ჯარა – ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში ,,თაფლის ხე“ უწოდეს. მოგვიანებით, მათ გააცნობიერეს, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად ,,თაფლის ხეებად“ გარდაქმნა.
ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ, დამზადებულ ხის მორებს ხეებზე, დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას.
მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი სკების გამოგონების შემდეგ ჯარას სკების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, აჭარაში თანამედროვე სკების პარალელურად ჯარაც განაგრძობს არსებობას.
ჯარას სკის აგებულება
ჯარას სკის მოდელი ფუტკრების ბუნებრივი საცხოვრებლის, ხის ფუღუროს მსგავსია. ის ორ ნაწილად გაყოფილი და გამოთლილი ხის მორისგან მზადდება.
ჯარას სკები სხვადასხვა ზომისაა. სკის სიგრძე თაფლის წარმოების რაოდენობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ჯარას სკის მიახლოებითი ზომებია: სიგრძე: 80-120 სმ, გარე დიამეტრი: 40-60 სმ, შიდა დიამეტრი: 25-35 სმ. სკას ძირითადად ამზადებენ წიწვოვანი ხის მასალისგან. ცაცხვის ხის (Tilia Caucascica) მასალისგან დამზადებული ჯარა წონით მსუბუქია და არ აქვს სპეციფიკური სუნი.
ნაძვის ხის (Picea Orientalis) მასალისგან დამზადებულმა ჯარას სკამ შესაძლოა შეიწოვოს სინესტე, რაც ფუტკრის ოჯახებს დაიცავს დაავადებების გავრცელებისგან.
ამასთანავე, გვხვდება წაბლისა და თხმელას მასალისგან დამზადებული ჯარაც, თუმცა ასეთი სკები ცივია და ფუტკარს უჭირს მასში გამოზამთრება.
ჯარას სკის დამზადებისას ლურსმანი არ უნდა იქნეს გამოყენებული, ის დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ხისგან. სკის ქვედა ნახევარს უნდა ჰქონდეს სამი ცალი 1 სმ. დიამეტრის ფუტკრის საფრენები. სკის ზედა ნახევარს უნდა ჰქონდეს ე.წ. „გამყოფი“, რაც არის ზედა ნაწილში ჩაჭედილი ხის ჯოხი, რომელიც ფუტკრის
ოჯახისთვის განკუთვნილ ფიჭის წინა ნაწილს, რომელსაც მეფუტკრე არ უნდა შეეხოს*, ჰყოფს მეფუტკრისთვის მოსავლის ასაღები ფიჭის უკანა ნაწილისგან. „გამყოფი“ არა მხოლოდ ჰყოფს ფიჭას ორ ნაწილად, არამედ, მას ასევე აქვს ჩრჩილის საწინააღმდეგო დამცავი ფუნქცია. რეკომენდებულია „გამყოფის“ დამზადება ნაძვის ხის ფესვისგან, რომლის სპეციფიკური სუნიც აფრთხობს და შესაბამისად იცავს სკას ჩრჩილისგან. ჯარას სკაში არ უნდა იქნეს გამოყენებული სანთლიანი ჩარჩოები, ჯარაში ფიჭა სრულად ჩამოშენებული უნდა იყოს ფუტკრის მიერ.
ფიჭის წინა ნაწილი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საჭიროებს განახლებას. ეს ნიშნავს ძველი ფიჭის ჩამოჭრას მესამე და მეოთხე წელს, რომლის შემდეგაც ფუტკრის ოჯახი იწყებს ახალი ფიჭის ჩამოშენებას. მესამე წელს, ფიჭის წინა ნაწილი, რომელშიც არ არის ბარტყი უნდა ჩამოიჭრას, მეოთხე წელს კი დარჩენილი ძველი ნაწილი. ორი წლის შემდეგ პროცესი კვლავ უნდა განმეორდეს. ფიჭის განახლება ძირითადად ხდება თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, მთავარი ღალიანობოს დაწყებამდე.
საფუტკრისთვის გარემოს შერჩევა და ჯარას სკების განლაგება
ჯარას სკები უნდაგანლაგდეს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ გარემოში, ცენტრიდან დაშორებულ, ტყეებით გარშემორტყმულ სოფლებში. ჯარას სკები მინიმუმ 3 კმ-ით დაშორებული უნდა იყოს პოტენციური დამაბინ ძურებლებისგან როგორებიცაა, მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტრიული ზონები და ქარხნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხვილი ნაკვეთები /ფერმები, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები.
ჯარას საფუტკრე მეურნეობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული მისი დგილმდებარეობის სწორად განსაზღვრაზე. საფუტკრე უნდა განთავსდეს მშრალ, მუდმივი და ძლიერი ქარისგან დაცულ ადგილას, მყარ და მდგრად გრუნტზე.
ნოტიო და ცივ ადგილებში ფუტკრის ოჯახები სუსტდება, დიდია დაავადებების გაჩენის რისკი და დაბალია ოჯახების გამრავლების მაჩვენებელი. არ არის მიზანშეწონილი მისი განლაგება მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ჯარას სკები არ უნდა განთავსდეს ისეთ ზონებში, სადაც შესაძლებელი იქნება ფუტკრის კონტაქტი დაბინძურების პოტენციურ წყაროსთან, როგორიცაა: პირუტყვის სადგომი, ღია საპირფარეშო და გამდინარე ნარეცხი წყლები.
საფუტკრის განლაგებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ ადგილს, სადაც დაახლოებით სამი კილომეტრის რადიუსში ფართოდაა გავრცელებული თაფლოვანი მცენარეები, რომლებიც ყვავილობენ სეზონის სხვადასხვა დროს, რაც უზრუნველჰყოფს ხანგრძლივ ღალიანობას.
ფუტკრის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც მტკნარი გამდინარე წყალი, ასევე მარილიანი წყალი. მარილიანი წყლის მისაწოდებლად საფუტკრეში უნდა მოეწყოს სპეციალური სარწყულებელი.
ჯარას სკები როგორც ფუტკრისთვის, ისე მეფუტკრისთვისაც მოხერხებულად უნდა განლაგდეს. მეფუტკრე კარგად უნდა ორიენტირებდეს საფუტკრეში, უნდა შეეძლოს ყველა სკასთან მისვლა; მათი დათვალიერებისას ხელი არ უნდა შეეშალოს სხვა სკის ფუტკრების ფრენას.
არ შეიძლება სკების განლაგება ისე, რომ საფრენები ერთმანეთისკენ იყოს მიმართული. მსგავსი განლაგება ფუტკრის ოჯახებში არეულობას გამოიწვევს. შესაძლოა, ოჯახები ერთმანეთს თავს დაესხან, რასაც დედა ფუტკრის დაღუპვა მოჰყვება.
ჯარას სკების განლაგება საფუტკრის ფართობზეა დამოკიდებული. თუ ფართობი საკმარისია, მაშინ ჯარებს შორის დაშორება შესაძლოა რამდენიმე მეტრი იყოს. ასეთ შემთხვევაში თითოეულ ჯარას ინდივიდუალურად უკეთდება ხის სადგამი და ხის/მეტალის საფარი ჯარას წვიმისა და თოვლისგან დასაცავად. ხოლო, თუ საფუტკრე მცირე ფართობს მოიცავს, სკებს ერთმანეთის მიყოლებით, გვერდიგვერდ ათავსებენ. ასეთ შემთხვევაში ჯარების განთავსება ხდება სპეციალურად მოწყობილ საფარში. საფარი დამზადებული უნდა იყოს ხის მასალისგან. აღნიშნული საფარი ჯარას სკებს იცავს მკაცრი კლიმატური პირობებისგან. ჯარები მიწიდან დაშორებული უნდა იყოს 70-90 სმ-ით.6 ჯარას სკების ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში, ჯარები უნდა დაილუქოს თიხით და ფიჭის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გადატანა უნდა მოხდეს ამოყირავებულ მდგომარეობაში.
საფუტკრის მოვლა და ჩანაწერების წარმოება
იმისთვის, რომ მეფუტკრემ ყოველწლიურად მიიღოს კარგი მოსავალი და მაქსიმალურად იქნეს პროდუქტიულობა მიღწეული თითოეულ ჯარას სკაზე, აუცილებელია გაითვალისწინოს მოვლის შემდეგი პრინციპები:
ჯარას სკის გახსნა: ჯარას სკები უნდა გაიხსნას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა ფუტკრის ოჯახების დათვალიერება/მკურნალობა და თაფლის ამოღება. საფუტკრის საგაზაფხულო შემოწმება იწყება მარტის თვიდან. ჯარები უნდა გაიხსნას კარგ ამინდში, როდესაც გარემო ტემპერატურა 10 °C აღემატება. მეფუტკრემ უნდა გაასუფთაოს სკის ძირი ჩამოცვენილი ფიჭისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან. ასევე, აღნიშნულ პერიოდში მეფუტკრემ უნდა მოახდინოს ჯარაში დარჩენილი საკვების რაოდენობის შეფასება, ზამთრის გასვლის შემდეგ დარჩა თუ არა ფუტკრის ოჯახს საკმარისი რაოდენობის საკვები.
დამატებითი კვება: ჯარაში ფუტკრის ოჯახების დამატებითი კვება აკრძალულია. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევები, როგორიცაა, მკაცრი კლიმატური პირობები, როდესაც საკვების ნაკლებობამ შესაძლოა ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს, ან თუ ფუტკრის ოჯახი ახალია (გასული წელს მოხდა ოჯახის მოთავსება ჯარაში) და ღალიანობის სიმცირის გამო ფუტკარმა ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის თაფლის შეგროვება. მსგავს შემთხვევებში, საგაზაფხულო დათვალიერებისას დაშვებულია ფუტკრის ოჯახის კვება მხოლოდ ჯარას თაფლით.
საგაზაფხულო მკურნალობა იწყება აპრილის დასაწყისიდან. ფუტკრის ოჯახები მუშავდება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატით. აპრილის ბოლოდან (დამოკიდებულია ამინდზე და გარემო პირობებზე) მაისის ბოლომდე მეფუტკრე განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს. აღნიშნულ პერიოდში ხდება ნაყარის გამოსვლა. მეფუტკრეს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული ცარიელი ჯარები, რომლებშიც მოათავსებს გამოსულ ნაყარს. აუცილებელია, ჯარების წინასწარი მექანიკური დასუფთავება და ცხელი წყლითა და ცეცხლის ალით დეზინფექცია.
საშემოდგომო მკურნალობა: თაფლის ამოღების შემდგომ, გვიან შემოდგომით, უბარტყობის პერიოდში ხდება ვაროას ტკიპის საწინააღმდეგო დამუშავება მჟავებით (მჟაუნმჟავა, ჭიანჭველამჟავა). მჟავების გამოყენებამდე რეკომენდებულია კვალიფიციურ სპეციალისტთან10 კონსულტაციის მიღება მჟავების დოზებსა და გამოყენების წესებთან დაკავშირებით. აუცილებელია, უსაფრთხოების ნორმების დაცვაც. მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს დამცავი ხელთათმანი, სათვალე და რესპირატორი.
ჩანაწერების წარმოება: საფუტკრის ეფექტური მართვისთვის რეკომენდირებულია საფუტკრეში განხორციელებული ყველა აქტივობის შესაბამისი დოკუმენტირება/ჩანაწერების11 წარმოება. ჩანაწერებზე დაყრდნობით მეფუტკრეს საშუალება აქვს მოახდინოს ფინანსური ანალიზი, შეადაროს გასული წლების შედეგები და მეტი პროდუქტიულობის თუ ფინანსური მოგების თვალსაზრისით შესაბამისად დაგეგმოს სამომავლო აქტივობები. ჩანაწერები უნდა მოიცავდეს როგორც ზოგად სურათს, როგორიცაა ჯარების რაოდენობები წლების მიხედვით, მოწეული თაფლის რაოდენობა, გამოყენებული პრეპარატები და გამოყენების თარიღები, საგაზაფხულო და საშემოდგომო დათვალიერებები, ასევე, ფინანსური ჩანაწერები, როგორიცაა შესყიდული პრეპარატის, ჯარების, გამოყენებული მუშახელის თუ სხვა ფინანსური ხარჯები და გაყიდული თაფლით მიღებული შემოსავლები.
ნაყარის მოთავსება ჯარაში
მეფუტკრეს, რომელსაც სურს ჯარას ოჯახების გამრავლება ან ახალი საფუტკრის მოწყობა შეუძლია ეს მოახდინოს როგორც ბუნებრივი ნაყარის, ასევე შეძენილი ოჯახების მეშვეობით. ფუტკრის ოჯახებიდან ბუნებრივი ნაყარის გამოსვლა განსხვავდება რეგიონების მიხედვით და დამოკიდებულია გარემო ტემპერატურაზე. მეფუტკრეების დაკვირვებით, ვაშლის ხის აყვავება ახალი ნაყარის გამოსვლის მიმანიშნებელია. ვინაიდან ჯარას სკების დათბუნება შეუძლებელია და მასში ფუტკარს საკმაო სივრცე აქვს, ნაყარი ჯარას სკიდან დაახლოებით ერთი კვირით დაგვიანებით გამოდის, ვიდრე ჩარჩოიანი სკიდან. ბუნებრივად გამოსულ ნაყარს ჯარას სკაში ათავსებენ წინა (საფრენის) მხრიდან. ფუტკრის ოჯახის შეძენის შემთხვევაში კი მისი ჯარაში მოთავსება ხდება შემდეგნაირად: სპეციალურ გალიას, რომელშიც მოთავსებულია დედა ფუტკარი, მიამაგრებენ სკის შიდა ზედა ნაწილზე (იხ.სურათი 2: დედა ფუტკრის გალია), შემდეგ კი შეუშვებენ ფუტკრის ოჯახს. გალია ჯარას ზედა ნაწილზე მიმაგრებულია სტეპლერის მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე საათით, რათა ოჯახი შეეგუოს სკას და დაიწყოს ფიჭის ჩამოშენება. რამდენიმე საათის შემდეგ კი დედა ფუტკარს გამოუშვებენ გალიიდან და გალიას მოხსნიან ჯარას.
ჯარას თაფლის ამოღება
ჯარადან თაფლის ამოღება ხდება ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე. გვიანი შემოდგომიდან სკებში ფუტკრის რაოდენობა იკლებს, რის შედეგადაც მათ ურთულდებათ ჯარაში შემოსული მწერებისგან თავის დაცვა. ყველაზე მეტად პრობლემურ მწერს წარმოადგენს ცვილის ჩრჩილი (Galleria mellonella.).
ჩრჩილის კვერცხი ფიჭაში ჩნდება ჭეოიანი (ყვავილის მტვერი) უჯრედებისგან, რომლებიც რჩება ჯარაში თაფლის ამოღების შემდგომ და კვერცხს საშუალება ეძლევა გაიაროს განვითარების ყველა ეტაპი. შესაბამისად, რეკომედებულია ჯარადან თაფლის დროული ამოღება, ზედმეტი ჭეოიანი უჯრედებისა და ფიჭის მოშორება, სათანადო მკურნალობის დროული ჩატარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ფუტკრის ოჯახები იქნება ძლიერი და მათ შეეძლებთ თავის დაცვა მწერებისგან. ყოველივე ეს შეამცირებს ფიჭებში ჩრჩილის გაჩენის საშიშროებას.
ჯარას სკიდან ფიჭიანი თაფლის ამოღებისას, მეფუტკრემ აუცილებელად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
– ფიჭის ამოღება სკიდან უნდა მოხდეს სკის შიდა ზედა ნაწილში არსებულ „გამყოფამდე“ .
♦ თაფლის ამოღებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს ფიჭების დათვალიერება, შეფასება. ფიჭები უნდა იყოს გადაბეჭდილი, არ უნდა შეიმჩნეოდეს ჩრჩილი, მატლი ან სხვა მწერი.
♦ თაფლის ამოღება უნდა მოხდეს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნების დაცვით, რაც გულისხმობს: მეფუტკრეს უნდა ჰქონდეს სუფთა ხელები, ეკეთოს ხელთათმანი, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ბუნებრივი შესაბოლებელი საშუალებები (მაგ: გამხმარი სიმინდის ტარო), ფიჭების ამოღება უნდა მოხდეს უჟანგავი დანით, ამოღებული ფიჭები უნდა მოთავსდეს მხოლოდ სურსათთან შეხებაში დასაშვებ ჭურჭელში.
♦ თაფლის ამოღების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ჯარების მექანიკური დასუფთავება, ჯარაში ჩამოცვენილი ფიჭის ნარჩენების ამოღება. დაუშვებელია ჯარას თაფლის გაფილტრვა, პასტერიზება ან ჰომოგენიზება;
♦ მისი რეალიზება შეიძლება როგორც ფიჭიანი თაფლის სახით, ასევე გამოწურული. ჯარას თაფლის ერთ-ერთი უპირატესობა ფუტკრის მიერ ბუნებრივად დამზადებული ფიჭაა.
♦ თაფლის გარდა ჯარა იძლევა დინდგელსა და ცვილს. ჯარას სკიდან ფუტკრის რძის ამოღება შეუძლებელია.
ჯარას თაფლი
ჯარას თაფლი განსხვავდება ჩვეულებრივი ჩარჩოიანი სკებიდან მიღებული თაფლისგან. მისი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში არ არის ჩარჩოები ხელოვნური ცვილით და ფიჭა სრულად ბუნებრივად არის ჩამოშენებული ფუტკრის მიერ. ხელოვნური ცვილის მქონე ჩარჩოიანი სკების ფუტკარს შესაძლებლობა აქვს დაიწყოს ნექტარის შეგროვება ღალიანობის დაწყებისთანავე, მაშინ როდესაც ჯარას სკების ფუტკარს თავდაპირველად უწევს ფიჭის მომზადება და შემდეგ იწყებს ნექტარის შეგროვებას. თუმცა, ხელოვნური ცვილი შესაძლოა შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებებს და გახდეს თაფლის დაბინძურების წყარო; ხოლო, ფუტკრების მიერ ბუნებრივად დამზადებული ფიჭა ამარტივებს ჯარას თაფლის გადასვლას ორგანულ წარმოებაზე. ვინაიდან ჯარას თაფლის ამოღება ხდება ღალიანობის დასასრულს, ის ძირითადად შერეული ყვავილებისაა. თაფლს განსაკუთრებულობას ჰმატებს ჯარების ამჟამინდელი გავრცელების არეალი. ისინი გვხდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, შორეულ მაღალმთიან სოფლებში, ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ტყეებთან ახლოს. დაშორება პოტენციური დამაბინძურებლებისგან, როგორიცაა მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტრიული ზონები და ქარხნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხვილი ნაკვეთები/ფერმები, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები საკმაოდ დიდია. ბიოსერთიფიცირება: ზემოთ მოყვანილი მახასიათებლების გათვალისწინებით, ჯარას თაფლს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ორგანული. ბიო მეფუტკრეობა ეკოლოგიის ზრუნვაზე დაფუძნებული პრაქტიკაა, რაც უზრუნველყოფს მის სიჯანსაღეს, ცხოველთა კეთილდღეობასა და ადამიანთა ჯანმრთელობას სანიმუშო მენეჯმენტის პრაქტიკით. შპს „კავკასსერტი“ საქართველოში ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა, რომლის მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. კომპანია ხელმძღვანელობს „გრინ კაუკასუსი“-ს ხარისხის სისტემით, რომელიც აკრედიტირებულია გერმანიის მიერ. ბიო სერტიფიკატის მოპოვებით დაინტერესებულმა მეფუტკრეებმა უნდა იხელმძღვანელონ შესაბამისი სტანდარტით.
ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები ჯარას მეფუტკრეთა მიმართ
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიო თაფლზე დღითიდღე იზრდება. ევროკავშირთან ღრმა და ოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)15 საქართველოს აძლევს შანსს, შესაბამისი სტანდარტების16 დაკმაყოფილების შემდეგ, მოახდინოს თაფლის ექსპორტი ევროკავშის ბაზარზე. ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს დააკმაყოფილოს ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია აღწერს ბიო სერტიფიცირების ძირითად პირობებს, რომელთა აკმაყოფილებაც აუცილებელია ბიო სერტიფიცირებით დაინტერესებულ მეფუტკრეთა მიერ.
გარემო:
♦ ჯარას სკები უნდა განლაგდეს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ გარემოში ცენტრიდან დაშორებულ, ტყეებით გარშემორტყმულ სოფლებში;
♦ ჯარას სკები უნდა განთავსდეს მინიმუმ 3 კმ-იან დისტანციაზე პოტენციური დამაბინძურებლებისგან, როგორიცაა, მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემო, ინდუსტრიული ზონები და ქარხნები, პესტიციდებით დამუშავებული მსხვილი ნაკვეთები/ფერმები, მაგისტრალები და ხშირად გამოყენებადი მთავარი/ტრანზიტული გზები;
♦ ფუტკრებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით
საკვები და მტკნარი წყალი.
სკები:
♦ ჯარები დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან;
♦ ჯარები უნდა იყოს იდენტიფიცირებული/დანომრილი.
ცვილი:
♦ აკრძალულია ხელოვნური ცვილის და ცვილიანი ჩარჩოების ჯარაში გამოყენება;
♦ ჯარაში ფიჭა ბუნებრივად უნდა იყოს ჩამოშენებული ფუტკრის ოჯახის მიერ.
მკურნალობა:
♦ აკრძალულია ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შემცველი პრეპარატებით
მკურნალობა;
♦ დაშვებულია მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა: ჭიანჭველამჟავა, მჟაუნმჟავა, რძემჟავა, გოგირდი, ბუნებრივი ეთერზეთები, მენთოლი, ევკალიპტი, თიმოლი.
კვება:
♦ ჯარას სკაში ფუტკრის ოჯახის დამატებით საკვებად დაშვებულია მხოლოდ ჯარას თაფლი;
♦ ფუტკრის ოჯახის დამატებითი კვება თაფლით, დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა, მკაცრი კლიმატური პირობები, როდესაც საკვების ნაკლებობამ შესაძლოა ფუტკრის ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს.
ჩანაწერები:
♦ ჩანაწერების წარმოება აუცილებელია;
♦ საფუტკრეში განხორციელებული ყველა აქტივობა დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მეფუტკის ჟურნალში.
მართვა:
♦ თაფლის ამოღებისას აკრძალულია ფუტკრების განადგურება;
♦ აკრძალულია დედა ფუტკრებისთვის ფრთების მოჭრა;
♦ თაფლის ამოღების დროს ქიმიური რეპელენტების (დამაფრთხობლების) გამოყენება აკრძალულია;
♦ შესაბოლებლის გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. შესაბოლებელი საშუალებები უნდა იყოს ბუნებრივი წარმოშობის (მაგ. სიმინდის ტარო);
♦ რეკომენდებულია თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების ამოღება და
დამუშავება დაბალ ტემპერატურაზე;
♦ თაფლის ექსტრაქციისთვის აკრძალულია ბარტყიანი ფიჭის ამოღება.
წყარო: ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო
პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრეობის პროგრამებისთვის