დარგებიმედიამეცხოველეობა

ჯავახური ცხენი, წარმოშობა, მოკლე აღწერა

ჯავახური ცხენის მოშენებას საქართველოში 170- წლიანი ისტორია აქვს და უკავშირდება რუსეთის ტავრიდის გუბერნიიდან სექტანტი დუხობორების გადმოსახლებას; არსებული ცნობით, 1841-1845 წ.წ. საქართველოში მათ თან ჩამოიყვანეს ყირიმისა და დონის ჯიშის ფაშატების რუსული ტვირთმზიდავ და ბიტიუგის ჯიშის ულაყებთან შეჯვარებით მიღებული ცხენი.
შემოყვანიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე პერიოდში ამ ცხენის მოშენების მეთოდებზე ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს მისი ადგილობრივ ცხენთან შეჯვარების შესაძლებლობაც.

1924 წლიდან ზონის მეცხენეობის საზოგადოებრივ ფერმებში, სამუშაო თვისებების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყეს ამ ცხენის მასობრივი შეჯვარება არდენის, პერშერონისა და ბრაბანსონის ტვირთმზიდავი ჯიშების მწარმოებლებთან, მოგვიანებით კი მიღებულ თაობას აშენებდნენ „თავისში“. ასეთი რთული შეჯვარებით ჩამოყალიბდა შესაბმელი ცხენი, რომელიც კარგად არის შეგუებული მაღალი მთის ზონის სამეურნეო და ეკოლოგიურ პირობებს.

გასული საუკუნის 70- ნი წლებიდან სანაშენე მუშაობა მიმდინარეობდა ნინოწმინდის რაიონის სოფ. გორელოვკის მეცხენეობის ფერმის ბაზაზე, რომელსაც „სანაშენეს“ სტატუსი მიენიჭა 1983 წელს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებით.

სანაშენე მუშაობის ძირითადი მიზანი იყო გაუმჯობესებული სამუშაო თვისებების მქონე უნივერსალური გამოყენების ცხენის გამოყვანა; ეს შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, მიზანმიმართულად გადარჩეული საუკეთესო სულადობიდან მიღებული მოზარდის მოვლა-შენახვისა და კვების პირობების ოპტიმიზაციით და, მეორე მხრივ, დოზირებული სამუშაო დატვირთვის პირობებში მათი ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების, აგრეთვე საწარმოო გამოცდის სისტემების დანერგვით.

ულაყის საშუალო სიმაღლე მინდაოში – 146 სმ-ის, ტანის ირიბი სიგრძე- 155 სმ- ის, გულმკერდის ირგვლივა 174 სმ, ნების ირგვლივა 22,0 სმ. ფაშატების შესატყვისი განაზომები: 141, 150, 168 და 20,7 სმ. ჯავახური ცხენი ძირითადად ქურანა ფერისაა, გვხვდება, აგრეთვე, თაფლა და შავრა ინდივიდები; სულადობის უმეტესობას აქვს თეთრი ნიშნები შუბლზე და/ან კიდურებზე. ჯავახური შესაბმელი ცხენი ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით, ჰარმონიული აგებულებით, ენერგიული ტემპერამენტითა და განვითარებული კუნთოვანი სისტემით. აქვს მსუბუქი ნაბიჯი და კარგი ჩორთი, აგრეთვე, თვინიერია და ადვილად იტანს მძიმე მუშაობას; გამოიყენება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად: ხვნა-თესვაში, სათიბების დასამუშავებლად, მოსავლის გადასატანად და სხვა სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის.

ამჟამად ჯავახური ცხენი ძირითადად გავრცელებულია ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბოლო 20 წელია ამ ჯიშის ცხენის სულადობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, ხოლო 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყველა ჯიშის, ასაკისა და სქესის ცხენების საერთო რაოდენობა იყო 708 სული.

ლიტ:  რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; ა. ჩუბინიძე, ჯავახური შესაბმელი ცხენი. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სამეცნიერო შრომათა კრებული, ტ. LX,თბილისი, 2002; Чубинидзе А.Б., Местные породы лошадей в Грузии: Тушинская лошадь, джавахетская упряжная лошадь. «Коневодство и конный спорт», 2003, № 2

წყარო: elkana.org.ge